არ არის აუცილებელი, თქვენი ხელფასის მესამედი დახარჯოთ კოსმეტიკურ მომსახურებაზე, ეგზოტიკურ ნიღბებსა და კრემებზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეინარჩუნოთ თქვენი კანი კარგ მდგომარეობაში ბიუჯეტური ფარმაცევტული საშუალებების დახმარებით. მათი ეფექტურობა წლების განმავლობაში დადასტურდა.
სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. და ყველაზე ხშირად - ფინანსურ მსხვერპლს. გვთავაზობენ ძვირად ღირებულ პრეპარატებს, რომლებმაც კანი უნდა გახადონ სუფთა და ბზინვარე. კოსმეტიკური პროცედურების რაოდენობა, რომლებიც სახეს ახალგაზრდობას უბრუნებს, ყოველდღიურად იზრდება. რთულია, გაუძლო ცდუნებას, როცა ბილბორდებიდან ულამაზესი ქალები გვიცქერენ.
იმისთვის, რომ მათსავით იდეალური კანი გვქონდეს, აფთიაქში შეძენილი არც ისე ძვირად ღირებული პროდუქტების გამოყენებაც საკმარისია.
ზოგიერთი იაფფასიანი პრეპარატი, რომელიც ყველა აფთიაქში იყიდება, ადვილად ცვლის ძვირად ღირებულ კოსმეტიკას. ჩვენ მიჩვეულნი ვართ, ვიფიქროთ, რომ იაფი ცუდია, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ფასების ზრდა განპირობებულია რეკლამით და გაზრდილი მოთხოვნით.
წყალბადის ზეჟანგი
ამ ანტისეპტიკს ხშირად გამოიყენებენ სახის მოვლის ხალხურ პროცედურებში. ლოსიონის დასამზადებლად შეურიეთ პეროქსიდი და წყალი თანაბარი პროპორციით. გაიწმინდეთ კანი მიღებული სითხით. პეროქსიდს აქვს კიდევ ერთი ნაკლებად ცნობილი თვისება. მისი გამოყენება შესაძლებელია დეოდორანტის ნაცვლად ან მასთან ერთად. პრეპარატი დაგიცავთ უსიამოვნო სუნისაგან. ამასთან, ის საერთოდ არ უშლის ხელს ოფლის გამოყოფას და ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.
„ბოდიაგა“
მცირე ნაოჭების მოსაშორებლად და მსხვილი ნაოჭების გასაფერმკრთალებლად, ასევე, კანის გასამკვრივებლად, შეურიეთ ერთმანეთს 1 ჭიქა წყალი, 2 ჩ.კ. წყალბადის ზეჟანგი და 1 შეკვრა "ბოდიაგა". წაისვით მიღებული მასა პრობლემურ ადგილებზე და 5 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
კალენდულას ნაყენი
თუ თქვენ გაქვთ აკნე, მაშინ ეს არის თქვენთვის საუკეთესო საშუალება. აუცილებელია პრობლემური ადგილების დამუშავება ნაყენის მცირე რაოდენობით 3-4-ჯერ დღეში. კალენდულას აქვს ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ამიტომ სწრაფად გაასუფთავებს კანს.
სალიცილის მალამო
სალიცილი ითვლება სებორეის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ წამლად. მალამო ეფექტურად ებრძვის კანის კოსმეტიკურ პრობლემებს. ის ნაზად ასუფთავებს კანის მკვდარ უჯრედებს, ანიჭებს კანს უფრო მოვლილ და ჯანსაღ იერს.
თუთიის მალამო
გამოიკვლიეთ მრავალი ძვირად ღირებული კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობა, რომლებიც რეკომენდებულია პრობლემური კანისთვის და იქ აუცილებლად ნახავთ თუთიას. მას აქვს ანტისეპტიკური მოქმედება და კარგად უმკლავდება ანთებას.
ეფსომის მარილი
კარგია ფსორიაზითა და კანის სხვა პრობლემებით დაავადებული ადამიანებისთვის. პრობლემის მოსაგვარებლად თვეში ერთხელ უნდა მიიღოთ აბაზანები მაგნეზიით, ანუ ეფსომის მარილით.
კოსმეტიკური თიხა
აფთიაქებში შეგიძლიათ იპოვოთ სხვადასხვა სახის თიხა. იგი გამოიყენება როგორც სახეზე ნიღბის სახით, ასევე მთელ სხეულზე. ამ პროდუქტს შეუძლია გამონაყარის გაქრობა, კანის მკვდარი უჯრედების აქერცვლა და სახის კანისთვის ერთგვაროვანი იერის მინიჭება. თითოეულ ფერს აქვს თავისი თვისებები. თიხის არჩევისას ყურადღება გაამახვილეთ თქვენი კანის ტიპზე.
სულსენას პასტა
ის შედის თმის მოვლის საუკეთესო პროდუქტების სიაში. შემადგენლობაში შედის გოგირდი, რომელიც ამაგრებს თმას შიგნიდან. გარდა ამისა, პასტა დადებითად მოქმედებს სკალპზეც.
ხსნარი "რომაზულანი"
გვირილაზე დაყენებულ ამ ხსნარს აქვს ძლიერი ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. მისი გამოყენება შესაძლებელია მთელი სხეულის სამკურნალოდ. საკმარისია, პროდუქტის მცირე რაოდენობა შეურიოთ შამპუნს, შხაპის გელს ან დაუმატოთ სახის ნიღაბს. განსაკუთრებით ეფექტურია ცხიმიანი კანისთვის.
რიცინის ზეთი
რიცინის ზეთი ხელს უწყობს თმის ზრდის დაჩქარებას. წაისვით ის იმ ადგილებში, რომელთა სტიმულირება გსურთ და დაიტოვეთ მთელი ღამით. ზეთი განსაკუთრებით კარგად მოქმედებს წამწამებზე, ერთ თვეში თქვენ გასაოცარ შედეგს მიიღებთ.
კალციუმის ქლორიდი
გინახავთ, რა ღირს სახის პილინგი სალონებში? მისი მომზადება სახლში ძალიან მარტივია! გაიწმინდეთ კანი და დაიმუშავეთ კალციუმის ქლორიდით. ის იდეალურად აშორებს მკვდარ უჯრედებსა და ჭუჭყს, თქვენს კანს კი სირბილეს ანიჭებს. კალციუმის ქლორიდის დატანისას, ეცადეთ, კანი არ დაიზიანოთ უხეში მოძრაობით, თითის ბალიშებით ნაზად შეიზილეთ ის.