ზამთრის პერიოდში სუსტი და მტვრევადი თმა ბევრისთვის პრობლემაა. ამ დროს თმა განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. ვიტამინების ნაკლებობა ჩვენს ორგანიზმში, ტემპერატურის ცვლილება და ყინვა თმაზე უარყოფითად მოქმედებს. ჰაერის ტენიანობა ასუსტებს თმის სიძლიერეს და მას მტვრევადს ხდის.
ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები დიდ ყურადღებას უთმობდნენ თმის მოვლას, ზრუნავდნენ მასზე და უამრავ საშუალებას ხმარობდნენ მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად. მაგალითად, გვირილის ნაყენი, დაფნის ფოთლის ნახარში, ძმრიანი წყლის სავლები და თაფლის ნიღბები. დღეს ეს საშუალებები აქტუალობით აღარ სარგებლობს, რადგან უამრავი ახალი პროდუქტი გაჩნდა, რომლებიც იცავს ჩვენს თმას და უფრო ჯანსაღს ხდის მას.
იმისათვის, რომ ჩვენი თმა გამოიყურებოდეს ლამაზად, ბუნებრივად და ჯანსაღად, ამისათვის საჭიროა საკვები პროდუქტების სწორად შერჩევა, რაც პირდაპირაა დაკავშირებული თმის სილამაზესთან. პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ ვიტამინების მიღებით, კერძოდ, A ვიტამინის, რომელიც თმის გაზრდას უწყობს ხელს; C ვიტამინი, რომელიც ამაგრებს თმას და E ვიტამინი, რომელიც ბზინვარებას ანიჭებს მას, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. თუ გვინდა, რომ ჩვენი თმა იყოს ჯანსაღი და ძლიერი, ამისათვის საჭიროა კალციუმის მიღება. კალციუმში იგულისხმება რძის ნაწარმი, რომელიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისათვის. თმის მოვლისთვის ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება თუთიას, რომელიც აჯანსაღებს თმას. თუთიის მიღება შეგიძლიათ შემდეგი პროდუქტებით: თევზი, თხილი, ნიგოზი, წაბლი და სტაფილო.
დერმატოლოგები გვირჩევენ:
1. ზამთარში მოვერიდოთ თმის დაბანას ცხელი წყლით. უმჯობესია, წყალი იყოს თბილი, რათა თმა კიდევ უფრო არ გამოშრეს;
2. სასურველია თმის დაბანის შუალედის გაზრდა. თუ ზაფხულში იბანდით თავს ორ დღეში ერთხელ, ზამთარში ეცადეთ დაიბანოთ სამ ან ოთხ დღეში ერთხელ;
3. გარეთ გასვლის დროს ასევე მისაღებია თმა დაფაროთ აბრეშუმის თავშლით ან ქუდით, რათა თავიდან აიცილოთ მისი დაზიანება;
4. არ გამოიყენოთ თმის საშრობი საშუალებები და ხშირად გამოიყენეთ თმის გამაჯანსაღებელი ნიღბები.
ვაშლის ძმრის ნიღაბი თმის ხარისხის გასაუმჯობესებლად:
დაგჭირდებათ:
1 ჩაის კოვზი ძმარი
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
3 კვერცხის ცილა
ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთს და შეიზილეთ თმაში. შეიფუთეთ თმა ნახევარი საათის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ავტორი: მარიამ ჭანტურია