ტკბილეულზე დამოკიდებულება 21-ე საუკუნის სენია. რთულია, უარი თქვა გემრიელ სასუსნავებზე, ტკბილეულზე, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი პროდუქტების სისტემატური მიღებით არამარტო არა სასურველი წონა შეგვაწუხებს, არამედ მნიშვნელოვნად დავიზიანებთ ორგანიზმს. იმატებს დიაბეტისა და გულის დაავადებების საფრთხე. სწორედ ამიტომ, მაშინ, როდესაც ტკბილეული მოგვინდება, შეგვიძლია რამდენიმე ცალი ფინიკი მივირთვათ ყავასთან ან ჩაისთან ერთად. ის არა მარტო დაგიკმაყოფილებთ ტკბილის მირთმევის სურვილს, არამედ თქვენს ორგანიზმს აავსებს მთელი რიგი სასარგებლო ნივთიერებებით, მოგიწესრიგებთ ძილის რეჟიმს და ერთიორად გამოგიკეთებთ გუნება-განწყობილებას. 1 ცალი ფინიკი ხომ სულ რაღაც 30 კალორიაა.
თუ ფინიკს ყოველდღე მიიღებთ:
- ფინიკი თქვენს ორგანიზმს შეავსებს მაგნიუმით, კალიუმით, თუთიით, სპილენძით, ფოსფორით. ფინიკი მდიდარია A, B, C,E, B6 ვიტამინებითაც.
- ფინიკი დიდი რაოდენობით შეიცავს ფენოლურ ანტიოქსიდანტებს. სწორედ ისინი იცავენ თქვენს ორგანიზმს კიბოსა და გულის დაავადებებისაგან.
- უჯრედისით მდიდარი ფინიკი დაგეხმარებათ წონის კორექციაში. საკვები ბოჭკო ეხმარება ორგანიზმს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციაში. ამასთანავე, მცირდება ქოლესტერინის დონე. უჯრედისის დახმარებით საკვები მარტივად გადის კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და იწმინდება ორგანიზმი. საკვების მიღების შემდეგ კი უჯრედისი უზრუნველყოფს დანაყრების ხანგრძლივ შეგრძნებას. ფინიკის რეგულარულად მიღებით საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ თმის, სახის კანის სტრუქტურა. ორგანიზმიდან გამოიდევნება მავნე ნივთიერებები, დაგირეგულირდებათ ძილის რეჟიმი, ასევე, გაგიქრებათ თავის ტკივილი. განსაკუთრებით სასარგებლოა კურკიანი ფინიკი. ის უნდა იყოს მშრალი, მუქი ფერის. მიიღეთ ფინიკი, შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა და იყავით საუკეთესო ფორმაში.
მარიამ ყაველაშვილი