ყველასთვის კარგად ცნობილი და საყვარელი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი წლებია, რაც გერმანიაში მეუღლესთან, ხათუნა ჩაგელიშვილთან და შვილებთან, ალექსანდრე და ლევან ჩხიკვიშვილებთან ერთად ცხოვრობს. „ჩემს მეუღლეს, ხათუნა ჩაგელიშვილს, უდიდესი წვლილი აქვს ჩემს წარმატებაში. მე ემოციური ვარ, რომანტიკული. ხათუნა ოპტიმისტია. 35 წელია, ერთად ვართ. ჩვენს სიყვარულს სიბრძნე მოემატა, გამყარდა. ოჯახის დანგრევა ძალიან მარტივია, ქალსაც შეუძლია და კაცსაც. მთავარი შენარჩუნებაა...“ - ამბობდა რეზო ჩხიკვიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ამჯერად მსახიობი მეუღლესთან ერთად ნოე სულაბერიძის გადაცემას, „ნოესთან“ ესტუმრა, სადაც პირად ურთიერთობასა და ოჯახზე ისაუბრა.
„მე თუ რამეს მივაღწიე, დღეს ეს ბინა მაქვს და ბავშვებს ასეთი განათლება აქვთ, ეს ყველაფერი ხათუნას დამსახურებაა. სიყვარულში ქცევებით გამოვუტყდი. არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი და მე შენ მიყვარხარ. ახლა რომ დავითვალო, შესაძლოა რამდენიმეჯერ მქონდეს ნათქვამი”, – ამბობს რეზო ჩხიკვიშვილი.
პირად ურთიერთობაზე საუბრობს რეზოს მეუღლე, მსახიობი ხათუნა ჩაგელიშვილი:
„რეზო ძალიან მზრუნველი ადამიანია. ყველანაირად ხელს მიწყობს და არ არსებობს, რომ რაიმე გამოეპაროს. კარგი მამაა და ბავშვები ძალიან უყვარს. ჩემთან ურთიერთობაში ძალიან მეგობრულად შემოვიდა და ხრიკი იხმარა. გადაღებაზე ერთად ვიყავით და რაღაც დამრჩა. რეზომ წამოიღო, დამირეკა და მკითხა, როგორ მოგაწოდოო. მე ვუთხარი, რომ უნივერსიტეტში მოეტანა და დამავიწყდა. მეორე დღეს მივდივარ და ჩემი ჯგუფელები ჩურჩულებენ, აქ იცი, ვინ იყოო. რეზო იმდენად ეშმაკი იყო, ჩემს მეგობრებს დაუახლოვდა და სწორედ მათგან მომიდგა. შემდეგ უკვე სიყვარულში გადაიზარდა”, – იხსენებს ხათუნა ჩაგელიშვილი.