ხელების მოვლა ზედმეტი არასოდეს არის: რაც უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ, მით უკეთესი! მით უმეტეს, რომ დღის განმავლობაში ხელებს მუდმივად უხდებათ ქლორირებულ წყალსა და გამომშრალ ჰაერთან კონტაქტი.
თანამედროვე კოსმეტიკურ ნაწარმს ნებისმიერი მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლია, თუმცა დროის მიერ გამოცდილ ხალხურ რეცეპტებზეც ფართო მოთხოვნილებაა.
აღმდგენი ნიღაბი ხელებისთვის
100 მლ აბუსალათინის ზეთი
100 მლ ზეითუნის ზეთი
1 ლიმონის წვენი
აბუსალათინისა და ზეითუნის ზეთი ოდნავ შეათბეთ, დაუმატეთ ლიმონის წვენი და აურიეთ. მიღებულ მასაში ხელები 10-15 წუთით ჩაყავით, შემდეგ დაიბანეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით.
ხელები გეყინებათ?
თუ ხელები სიცხეშიც კი ცივი გაქვთ, ეს შეიძლება, ვეგეტოსისხლძარღვოვან დისტონიაზე ან ენდოკრინულ დაავადებებზე მიუთითებდეს. ამ შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს. თუ პრობლემას სეზონური ხასიათი აქვს, მის მოგვარებაში მარტივი ვარჯიშებიც დაგეხმარებათ:
აფთიაქში შეიძინეთ ბურთი-ზღარბი და საყვარელი სერიალის ყურებისას ბურთს ხან ერთი ხელი მოუჭირეთ, ხან მეორე - ეს გააძლიერებს ხელის მტევნებში სისხლის მიწოდებას და შესაბამისად, ენერგიასაც შეგმატებთ.
ხელის მტევნები მაგიდაზე დააწყვეთ, შემდეგ ხელისგულები ოდნავ წამოსწიეთ, თითები გაშალეთ და ოდნავ დააწექით, თითქოს გინდათ, მაგიდას დაეყრდნოთ. ამ მდგომარეობაში 5-7 წუთი გაჩერდით. გაიმეორეთ რამდენჯერმე. ეს გააუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას და მთელ სხეულში სასიამოვნო სითბოს იგრძნობთ.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)