არსებობს მრავალი პოპულარული არასწორი შეხედულება, რომლებზეც უმჯობესია, უარი თქვათ, თუ გსურთ, რომ ჯანმრთელი იყოთ.
მითი #1. დილით ვარჯიში სასარგებლოა
ზამთარში რომ არ იავადმყოფოთ, ნუ ირბენთ ალიონზე სატრენაჟორო კლუბებსა და დარბაზებში. ის, ვინც ვარჯიშს დილით ადრე, ჯერ კიდევ საუზმემდე იწყებს, უფრო იოლად "იჭერს" ინფექციებს.
საქმე ისაა, რომ დილით მაღალია სისხლში ჰორმონ კორტიზოლის დონე, რომელიც იმუნურ სისტემას თრგუნავს, ხოლო იმუნოგლობულინი ა-ს დონე დაბალია, რომელიც ბაქტერიული ინფექციებისგან გვიცავს. ამიტომ უკეთესია, ვივარჯიშოთ საღამოობით, ხოლო დილაობით ჩვეული გაკაჟებით შემოვიფარგლოთ, რომელიც სასიკეთოდ წაგადგებათ.
მითი #2. მრავალი დაავადების, მაგალითად, გრიპის, სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციების, ნაწლავური ინფექციებისა და სხვათა მიმართ შეუძლებელია იმუნიტეტის გამომუშავება.
ასე არ არის. მართალია ის, რომ ზოგიერთი დაავადებით (ჩუტყვავილა, წითელა, წითურა, ყბაყურა) ადამიანი მხოლოდ ერთხელ ავადმყოფობს და მათ მიმართ მყარ იმუნიტეტს, სენშეუვალობას იძენს. სწორედ ამ პრინციპს ემყარება ვაქცინაციაც. ასევე დამტკიცებულია, რომ იმუნოლოგიურ მეხსიერებაში თავის შესახებ ინფორმაციას ტოვებს ნებისმიერი მიკროორგანიზმი.
ამ მიკროორგანიზმების მიმართ გამომუშავებული ანტისხეულები ძალიან დიდხანს, ხშირად მთელი სიცოცხლის განმავლობაში შედის ორგანიზმის დამცავი ძალების შემადგენლობაში. ორგანიზმში მიკრობის განმეორებით მოხვედრის შემთხვევაში დაავადება შეიძლება განვითარდეს, მაგრამ იმუნურმა სისტემამ უკვე კარგად იცის მასთან ბრძოლის "ხერხები" და დაავადებაც შესაბამისად იოლ ფორმებში მიმდინარეობს.
რადგან არსებობს ვირუსთა მრავალსახეობა, ადამიანი ამ პროცესებს ნაწილობრივ ვერც ამჩნევს, თორემ იმუნურ სისტემას ამ მეთოდით ჩვენი დაცვის უნარი არც ექნებოდა. მაშინ ნებისმიერი ბანალური პროცესიც ისე მნიშვნელოვნად გართულდებოდა, რომ ჩვენ მუდმივად ვიავადმყოფებდით.
მითი #3. დაავადებათა უმრავლესობას იმუნური სისტემა თავად მშვენივრად უმკლავდება. ამიტომ არ ღირს ექიმის მიერ დანიშნული წამლების მიღება, რადგან მათ მხოლოდ ვნება მოაქვთ და არ აძლევენ იმუნურ სისტემას მთელი ძალით მუშაობის საშუალებას.
აღმოჩნდა, რომ ზოგჯერ საკმაოდ კარგად ფუნქციონირებადი იმუნური სისტემაც კი უძლურია გაუმკლავდეს ვირუსებს, ბაქტერიებს, უმარტივესებს და ჭიის კვერცხების უმრავლესობას. გარდა ამისა, არსებობს ისეთი გამომწვევებიც, რომელთა სულ უმნიშვნელო რაოდენობაც კი საკმარისია, რომ ადამიანი სერიოზულად დააავადოს.
ესენია ქოლერის, მუცლის ტიფის, დიზენტერიის, ჩუტყვავილას, წითელას და სხვა ინფექციის გამომწვევები. თუ საზიზღარმა მიკროორგანიზმებმა ყველა თავდაცვითი ბარიერის გადალახვა შეძლეს და დაავადება დაიწყო, მკურნალობა აუცილებელია.
მოურჩენელი სოკოვანი ინფექციები, ტუჩებისა და გენიტალიის მიდამოებში ჰერპესის მუდმივი რეციდივი, შარდის ბუშტის ხშირი ანთება, სხვადასხვა ალერგიული მოვლენა, კანის ნებისმიერი სახის პრობლემა, გადატანილი დაავადებების შემდეგ დამტვრეულობის შეგრძნების გახანგრძლივება;
იოლად დაღლა (აუხსნელი), დეპრესიული მდგომარეობა, მუდმივი აპათია - ნებისმიერი ზემოჩამოთვლილის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ალერგოლოგ-იმუნოლოგის კონსულტაცია და იმუნოლოგიური ტესტირება დაახლოებით 40 პარამეტრზე.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)