დამტკიცებულია, რომ სწორად შერჩეული რაციონი და ჯანსაღი ცხოვრების წესი ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და ახალგაზრდობის გახანგრძლივების საშუალებას იძლევა.
ექიმების, ფსიქოლოგებისა და დიეტოლოგების საერთაშორისო ჯგუფმა სიცოცხლისა და ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად რამდენიმე რჩევა ჩამოაყალიბა.
ნუ შეჭამთ ზედმეტს
ჩვეული 2500 კალორიის ნაცვლად, დღეში 1500 კალორია მიიღეთ. ამით განტვირთავთ ორგანიზმს და შეძლებთ უჯრედების აქტიურობის შენარჩუნებას. ასეთ შემთხვევაში უჯრედები გაცილებით სწრაფად მრავლდება და ახლდება, რაც, თავის მხრივ, მრავალი დაავადების რისკს ამცირებს. იკვებეთ ნორმალურად - არც ცოტა და არც ძალიან ბევრი.
რაციონი ასაკს უნდა შეესაბამებოდეს
30 წელს გადაცილებულ ქალებს პირველი ნაოჭები გაცილებით გვიან გაუჩნდებათ, თუ რეგულარულად შეიტანენ საკვებ რაციონში საქონლის ღვიძლსა და ნიგოზს. 40 წელზე უფროსებისთვის რეკომენდებულია ბეტა-კაროტინი, 50 წლის ზევით კი - კალციუმი ძვლებისთვის და მაგნიუმი - გულისთვის. 40 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებისთვის საჭიროა სელენი, რომელსაც შეიცავს ყველი და საქონლის თირკმელები. სელენი სტრესს აგაშორებთ. თუ 50 წლის შემდეგ რაციონს თევზით გაამდიდრებთ, დაიცავთ გულსა და სისხლძარღვებს.
ეცადეთ, თქვენთვის შესაფერისი სამუშაო იშოვოთ
ფრანგები ამტკიცებენ, რომ სწორად შერჩეული სამუშაო ახალგაზრდობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. უმუშევარი ადამიანი თავის ასაკთან შედარებით 5 წლით უფროსად გამოიყურება. სოციოლოგების აზრით, ზოგი პროფესია ახალგაზრდობის შენარჩუნებაში გვეხმარება. მათ რიცხვს მიეკუთვნება დირიჟორის, ფილოსოფოსის, მხატვრისა და მღვდლის პროფესიები.
იპოვეთ ცხოვრების მეგობარი
სიყვარული და სინაზე არაჩვეულებრივი საშუალებაა სიბერის წინააღმდეგ. სექსუალურად აქტიური ადამიანი საკუთარ ასაკზე 14 წლით ახალგაზრდად გამოიყურება. სქესობრივი აქტის დროს ორგანიზმში გამომუშავდება ჰორმონი ენდორფინი, რომელსაც ბედნიერების ჰორმონს უწოდებენ. იგი აძლიერებს იმუნურ სისტემას.
იმოძრავეთ
დღეში მხოლოდ 8 წუთითაც კი სპორტული ვარჯიშების ჩატარება სიცოცხლეს ახანგრძლივებს. მოძრაობის პროცესში გამოთავისუფლდება ზრდის ჰორმონი, რომლის გამომუშავებაც მნიშვნელოვნად მცირდება 30 წლის შემდეგ.
იძინეთ გრილ ოთახში
დამტკიცებულია, რომ ვისაც 17-18 გრადუსი ტემპერატურის ოთახში სძინავს, გაცილებით დიდხანს ინარჩუნებს ახალგაზრდობას. მიზეზი ისაა, რომ დაბალ ტემპერატურაზე ორგანიზმი ნელა ბერდება.
გაავარჯიშეთ გონება
დროდადრო კროსვორდები ამოხსენით, ითამაშეთ კოლექტიური თამაშობები, რომლებიც სწრაფ აზროვნებას მოითხოვს, შეისწავლეთ უცხო ენები. ხანდახან გონებაში დაითვალეთ. ტვინის ვარჯიშით ანელებთ გონებრივი შესაძლებლობების ასაკობრივი დეგრადაციის პროცესს. იმავდროულად, ააქტიურებთ გულის მუშაობას, სისხლის მიმოქცევის სისტემას და ნივთიერებათა ცვლის პროცესს.
ჟურნალი ”რეიტინგი”
(გამოდის ორშაბათობით)