თუკი აქამდე ჯერ არაფერი გსმენიათ ჯადოსნური BB კრემის შესახებ, მაშინ ამას ჩვენგან გაიგებთ. მაშ, რა არის ეს? BB - არის შემოკლებული აბრევიატურა, რომლის გაშლილი სახელწოდებაცაა Beauty Balm an Blemish Balm. ეს ჯადოსნური კრემი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა, წარმოადგენს მკვებავსა და ტონალურს შორის გარდამავალ კრემს SPF-ის დამატებით, რომელიც აზიური კოსმეტიკური ბაზრის დიდი მონაპოვარია.
თუმცა იქ ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ეს კრემი თავად არ გამოუგონიათ და იდეას გერმანელ დერმატოლოგ კრისტინ შრამეკს დაესესხნენ, რომელმაც გასული საუკუნის 60-იან წლებში, სპეციალურად თავისი პაციენტებისთვის, შექმნა ოპერაციის შემდგომ კანის აღმდგენი და ნაწიბურების შემნიღბავი საშუალება. 1985 წელს ეს კრემი სამხრეთ კორეასა და იაპონიაში წარადგინეს, სადაც დიდი აღიარება მოიპოვა.
მოგეხსენებათ, ამ ქვეყნებში სხვებზე მეტად აფასებენ ფაიფურის მსგავს სახესა და ჯანმრთელ, უნაკლო კანს, რადგან, სტატისტიკის მიხედვით, აზიელი ქალბატონები დღის განმავლობაში სახეზე 7 სხვადასხვა საშუალებას ისვამენ მაქსიმალური სითეთრისა და სისუფთავის მისაღწევად. ალბათ, ყველა თქვენგანს უნახავს იაპონელი და კორეელი გოგონების ფოტოები და ცოტათი შეგშურებიათ კიდეც მათი იდეალური, ბავშვისებური სახის კანის. არადა, როგორც აღმოჩნდა, ეს "თოჯინის ეფექტი" სულაც არ ყოფილა ფოტოშოპის დამსახურება და მთელი სამუშაო თავის თავზე BB კრემმა აიღო, რომელიც 5 სხვადასხვა ეფექტს აერთიანებს:
- მკვებავი;
- მზის სხივებისგან დამცავი;
- საფუძველი მაკიაჟის ქვეშ;
- კორექტორ/შემნიღბავი;
- აკნესა და ნაოჭების საწინააღმდეგო.
დარწმუნებული ვარ, ეს ჩამონათვალი ცოტათი გეზედმეტათ კიდეც ერთი კრემისთვის, მაგრამ თუკი შეადარებთ ჩვეულებრივი ტონალური თუ მკვებავი კრემისა და BB-ის შემადგენლობას, მიხვდებით, რომ ამ უკანასკნელის შემადგენლობის სია იმდენად დიდია, წაკითხვაც კი დაგეზარებათ. და მეორეც: აღიარებული ფაქტია, რომ იაპონელი და კორეელი მედიკოსები ყოველთვის ცდილობენ, შეიტანონ კოსმეტიკურ საშუალებებში რაც შეიძლება დიდი რაოდენობის ბუნებრივი და, რაც მთავარია, სასარგებლო კომპონენტი.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც ამ კრემის უნიკალურობაზე მიუთითებს. არსებობს BB კრემის სულ 2–3 ტონალობა, თუმცა, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, მას აქვს ნებისმიერ სახის კანთან მისადაგების უნარი; მარტივად რომ ვთქვათ, ის ერგება ნებისმიერი ტიპისა და ტონალობის კანს და იღებს მასთან მიახლოებულ ფერს.
ამასთან, ეს ჯადოსნური კრემი, რომელიც საკმაოდ სქელია ჩვეულებრივ ტონალურ კრემებთან შედარებით, სახის კანზე საკმაოდ მსუბუქად ჯდება და შესანიშნავად ნიღბავს ჭორფლს, ფორებს, გამონაყარსა და მცირე ნაწიბურებს. თუმცა, იმაზეც გვაფრთხილებენ, რომ თავდაპირველად BB კრემი გამოიყენებოდა მსახიობებისა და მოდელებისათვის სასცენო მაკიაჟის გასაკეთებლად და როგორც უნდა ვაქოთ, მაინც ღრმად ავსებს და ჯდება კანის ფორებში, რის გამოც დერმატოლოგები მის ყოველდღიურ გამოყენებას არ გვირჩევენ.
ია ბერიაშვილი