შხაპის გელის სახლში დამზადება ეკონომიურიცაა (ერთ ლიტრამდე გელს მიიღებთ) და სასარგებლოც.
თავდაპირველად ჩვენი რეცეპტით მოამზადეთ, შემდეგ კი ფანტაზიის მიხედვით შეგიძლიათ, სხვადასხვა არომატული ზეთი და ნატურალური საღებავებიც კი დაუმატოთ.
დაგჭირდებათ: 125 გრამი საპონი (თქვენი სურვილისამებრ), 1 ლიტრი წყალი, 1 სადილის კოვზი კარიტეს ზეთი (მას შის ხის ზეთსაც უწოდებენ) და სურვილისამებრ, შეგიძლიათ თქვენი საყვარელი არომატული ზეთის რამდენიმე წვეთის დამატება.
საპონი წვრილ სახეხზე გახეხეთ, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე. მუდმივად ურიეთ, მასა დუღილამდე უნდა მივიდეს. გამორთეთ და დაუმატეთ ზეთი.
კარგად მოურიეთ, რომ ზეთი თანაბრად გაიხსნას. მასამ არაჟნის კონსისტენცია უნდა მიიღოს. 24 საათის შემდეგ იგი გელისებურ მასად იქცევა. გადაასხით შამპუნის ფორმებში და გამოიყენეთ.