იმისათვის, რომ ახალგაზრდობა შევინარჩუნოთ, ბევრ რამეზე ვართ წამსვლელები, მაგრამ არის თუ არა ჩვენი ყველა მონდომება გამართლებული? აღმოჩნდა, რომ შესაძლოა, სარგებლის მაგივრად, ამ მონდომებისას ზიანი მივაყენოთ ჩვენს გარეგნობას.
მაშ ასე, რა არ შეიძლება გავუკეთოთ ჩვენს სახეს?
1. ხშირი პილინგები და სკრაბები
სკრაბი (ასუფთავებს კანს უხეში ნაწილაკების მეშვეობით, რომლებიც მექანიკურად აცილებენ კანს მკვდარ უჯრედებს, კოსმეტიკის ნარჩენებსა და მტვერს) და პილინგ-კოსმეტიკა (მოქმედი ნივთიერება – ხილის მჟავები ან ენზიმები, რომლებიც აცილებენ ყველაფერ ზედმეტს სახიდან) ნამდვილად უბრუნებენ კანს სიგლუვეს და ჯანმრთელ იერს. რა თქმა უნდა, თუკი მას სწორად გავიკეთებთ.
რატომ არის მავნებელი?
სკრაბისა და პილინგის ხშირი გაკეთება, პირველ რიგში, ტრავმას აყენებს ეპიდერმისის უჯრედებს. მეორე, ურევს საოფლე ჯირკვლების მუშაობას – ისინი გაძლიერებული რეჟიმით იწყებენ მუშაობას (სწორედ ამიტომაც ქალებს კომბინირებული ან ცხიმიანი კანით ხშირად არასწორი მოვლისას უმძაფრდებათ პრობლემები). მესამეც, ჩქარდება გარქოვანების პროცესი: კანი ვერ ხვდება, რომ ჩვენ გვინდა უკეთესი მისთვის და თავს იცავს. ის ხდება უფრო უხეში. მოკლედ, ვიღებთ საწინააღმდეგო შედეგს.
როგორ მოვიქცეთ სწორად?
ცხიმიანი და კომბინირებული კანი უნდა გავიწმინდოთ კვირაში მხოლოდ ერთხელ; მშრალი – თვეში 2-3-ჯერ. მნიშვნელოვანია ავირჩიოთ სწორად საშუალებები. სკრაბები, უმჯობესია, ავირჩიოთ ხელოვნური და არა ბუნებრივი ნაწილაკებით: პირველი უფრო ფაქიზად ეპყრობა კანს. რაც შეეხება პილინგს – უპირატესობა მიანიჭერთ ენზიმურს, ის უფრო ბუნებრივია, რადგანაც შეიცავს ფერმენტებს (ენზიმებს), რომლებიც კანში ბუნებრივად არსებობდა.
2. ასაქაფებელი კოსმეტიკის გადაჭარბებულად მოხმარება
ბევრი ქალი თვლის, რომ რაც უფრო ქაფდება დასაბანი საშუალება, მით უკეთესად გაასუფთავებს კანს! გასუფთავებით კი გაასუფთვებს, მაგრამ რის ფასად?
რატომ არის მავნებელი?
გადაჭარბებული ქაფი – იმის ნიშანია, რომ კოსმეტიკურ საშუალებაში ზედმეტად ბევრი ზედაპირულად აქტიური ისეთი ნივთიერებაა, რომლის ხარჯზეც ხდება კანის გასუფთავება, რაც თავის მხრივ, კანს აცილებს სასიცოცხლოდ აუცილებელ ლიპიდებს. ეს კი ხშირად იწვევს გამონაყარს და არღვევს პიგმენტაციას.
როგორ მოვიქცეთ სწორად?
უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ საშუალებებს, რომლებიც მინიმალურად ქაფდება. სხვათა შორის, კოსმეტოლოგების რეკომენდაციით, მგრძნობიარე და მშრალი კანისთვის უმჯობესია გამოვიყენოთ კოსმეტიკური რძე და არა გელი ან საპონი.
3. ღამის გადაჭარბებული მოვლა
ჩვენს კანს მთელი დღე ესაჭიროება მოვლა: დილით, დღისით და ღამითაც. ღამით მთავარია, არ გადავაჭარბოთ.
რატომ არის ეს მავნებელი?
თუ ღამით ბევრ კოსმეტიკურ საშუალებას გამოვიყენებთ, ის ვერ მოასწრებს შეწოვას, შეერევა მთელი ღამის განმავლობაში ოფლს, წარმოქმნის გარსს, რომელიც სათბურისებრ ეფექტს შექმნის. კანი ვერ ისუნთქებს, რის გამოც დილით აუცილებლად შეშუპება გექნებათ.
როგორ მოვიქცეთ სწორად?
წაისვით კრემი ან დამატენიანებელი კრემი მშრალ, გასუფთავებულ კანზე თხელ ფენად დაძინებამდე 2-3 საათით ადრე. ნახევარ საათში შეიმშრალეთ სახე ხელსახოცით, რათა ჩამოიშოროთ კრემის ნარჩენები.
4. ბავშვის კრემების გამოყენება
საბავშვო კოსმეტიკის ზოგიერთი მწარმოებელი ამტკიცებს, რომ კრემები, რომლებიც ჩვილებისთვის იქმნება, შესანიშნავად ატენიანებს დიდი ადამიანის მშრალ კანს. ეს სხვა არაფერია, თუ არა საკითხისადმი მარკეტინგული მიდგომა.
რატომ არის ეს მავნებელი?
საქმე ისაა, რომ ბავშვებში წყლოვან-ლიპიდუური მანტია არასაკმარისად არის განვითარებული და ბავშვის კანი კარგ დატენიანებას საჭიროებს. ამისათვის საბავშვო კრემებში უმატებენ დიდი რაოდენობით ცხიმოვან კომპონენტებს. მაგრამ პატარებისგან განსხვავებით, უფროსების კანი საკმარისი რაოდენობის ცხიმოვან სუბსტანციებს გამოიმუშავებს. ამიტომაც ბავშვის ზედმეტად ცხიმიანი კრემები უფროსების კანის ფორებს აცობს და შესაძლოა ანთებითი პროცესები გამოიწვიოს.
როგორ მოვიქცეთ სწორად?
ბავშვის კრემები მართლაც ეფექტურია, მაგრამ მხოლოდ კანის განსაკუთრებულად გაუხეშებული ადგილებისთვის, მაგალითად, ქუსლებისთვის, მუხლებისა და იდაყვებისთვის.
5. მუცელზე წოლის ჩვევა
ბევრი ქალისთვის – ეს ყველაზე მოსახერხებელი ძილის პოზაა. რით არის ის საშიში? და საერთოდ – რა საერთო აქვს ძილის პოზას სილამაზესა და კანის მოვლასთან?
რატომ არის ეს მავნებელი?
პირველ რიგში, ამ პოზაში სახე იჭყლიტება, ეს კი ნაადრევი ნაოჭების გაჩენას შეუწყობს ხელს. მეორეც, კანს არ აქვს საშუალება, ისუნთქოს, ის ვერ თავისუფლდება შლაკებისა და ზედმეტი სითხისგან – დილით კი შეშუპებით გაიღვიძებთ და კანის ფერიც არ გაგახარებთ.
როგორ მოვიქცეთ სწორად?
კანის სილამაზის გათვალისწინებით, ძილის იდეალური პოზა ზურგზე წოლაა. ასევე მნიშვნელოვანია ბალიშის ზომაც – თუ მაღალ ბალიშზე გძინავთ, ყელზე ნაოჭების გაჩენის შანსი გაქვთ. ოპტიმალური ვარიანტია – ორთოპედიული ბალიში.
6. სპონჟებისა და ფუნჯების არარეგულარული წმენდა
სად და როგორ ინახავთ სახის მოსავლელ ინსტუმენტებს? აბაზანის ნესტიან ოთახში? და რა სიხშირით რეცხავთ მათ? თვეში ერთხელ? მაშინ ნუ გიკვირთ, რომ მაკიაჟი არამდგრადი გამოგდით, ხოლო სახეზე წამდაუწუმ გამონაყარი გაქვთ.
რატომ არის ეს მავნებელი?
საუკეთესო შემთხვევაში, ჭუჭყიანი ფუნჯები და სპონჟები, უბრალოდ, ცუდად უმკლავდება თავის ფუნქციებს: ტონი არათანაბრად ნაწილდება სახეზე; უარეს შემთხვევაში – ჭუჭყიანი ინსტრუმენტები ტრავმას აყენებს კანს და ბექტერიებით ამარაგებს მას. ნესტიანი აბაზანა ხომ იდეალური ადგილია მიკრობების გასამრავლებლად, ხოლო ზეთოვანი ნარჩენები კოსმეტიკაზე – ნამდვილი მაგნიტი მტვრისთვის.
როგორ მოვიქცეთ სწორად?
გარეცხეთ ფუნჯები და სპონჟები 7-10 დღეში ერთხელ გამდინარე წყალში ანტიბაქტერიული საპნის გამოყენებით. გააშრეთ ბუნებრივ პირობებში და არა გამათბობლებთან ახლოს დადებით.
7. ტონიკების უგულებელყოფა
კოსმეტოლოგები გვიმტკიცებენ, რომ ტონიკის გამოყენება – კანის მოვლის პროგრამაში უმნიშვნელოვანესი პუნქტია, მაგრამ ჩვენ რატომღაც სულ გვავიწყდება მის შესახებ.
რატომ არის მავნებელი?
გამწმენდი კოსმეტიკური საშუალებები ქერცლავს კანის ზედაპირს, ეს კი არა მხოლოდ საშიშია უჯრედებისთვის, არამედ ხელს უშლის კრემის ეპიდერმისში შესვლას. ტონიკი კი იმისათვის არის მოგონილი, რომ აღადგინოს მჟავა-ბალანსი. ამასთან, ის ავიწროებს ფორებს და ხელს უწყობს კოსმეტიკის შეწოვას. თუკი უგულებელყოფთ მატონიზირებელ საშუალებებს, შემდგომი მოვლის საშუალებების ეფექტურობა 30%-ით იკლებს.
როგორ მოვიქცეთ სწორად?
ყოველთვის გაიწმინდეთ დაბანის შემდეგ სახე ტონიკით – დილას და საღამოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამის გაკეთება იმ შემთხვევაში, თუკი კანი პრობლემურია.
8. ტონის ან პუდრის წასმა მაშინვე, როგორც კი დღის კრემს წავისვამთ
ეს, რა თქმა უნდა, დიდ დროს ზოგავს დილაობით, მაგრამ არცერთი პროფესიონალი ვიზაჟისტი არ იქცევა ასე.
რატომ არის ეს მავნებელი?
ახსნა მარტივია: კრემი ვერ ასწრებს შეწოვას, ამიტომაც ტონალური და პუდრი არასწორად ნაწილდება, რის გამოც კანის ფერიც ფუჭდება, ხოლო მაკიაჟი სულ მალე "ჩამოირეცხება".
როგორ მოვიქცეთ სწორად?
დამატენიანებელი კრემის წასმის შემდეგ მოიცადეთ თუნდაც რამდენიმე წუთი, რათა კანმა შეიწოვოს კრემი. თუ ძალიან გეჩქარებათ, კრემის წასმის შემდეგ შეიმშრალეთ სახე ხელსახოცით და მხოლოდ შემდეგ გადაისვით ფუძე.
9. სწრაფი დიეტების ხშირი დაცვა
მოწოდება, დაიკლოთ 3 დღეში 10 კილოგრამი, არაფერს მოგცემთ, გარდა იმისა, რომ დაირღვევთ ნივთიერებათა ცვლას, ჰორმონალურ სისტემას და ავნებთ კანს.
რატომ არის ეს მავნებელი?
კანისთვის წონის მსგავსი ცვლილებები – უდიდესი სტრესია. ის კარგავს ელასტიკურობას და სიმკვრივეს, ხდება ჩამოკიდებული და მოშვებული. ხოლო შიმშილის გამო, რომელიც მოყვება ექსპრეს-დიეტებს, უჯრედები ვერ მარაგდება აუცილებელი ნივთიერებებით, რის გამოც კანის ზედაპირის განახლება ფერხდება.
როგორ მოვიქცეთ სწორად?
იცოდეთ, რომ კანისთვის მავნებელია ნებისმიერი დიეტა – თუნდაც ყველაზე დამნდობი. მაგრამ თუკი აუცილებლად დასაკლები გაქვთ წონა, გახსოვდეთ, რომ ოპტიმალური ვარიანტია – კვირაში მინუს 1-1,5 კგ და ამ შემთხვევაშიც აუცილებელია კანის ინტენსიური მოვლა.
10. სახის ხელით შეხების ჩვევა
ეს ჩვევა ბევრს აქვს, ამასთან, მექანიკური, ისე, რომ ვერც ამჩნევს, რა დროს ეხება ხელით სახეს. "რა უნდა იყოს ამაში საშიში?" – იკითხავთ.
რატომ არის ეს მავნებელი?
პირველ რიგში, გედღაბნებათ მაკიაჟი. მაგრამ ეს არ არის უბედურება. როცა გამუდმებით ხელს ვიკიდებთ სახეზე, კანი იჭიმება, რაც ნაოჭების ნაადრევად გაჩენას უწყობს ხელს. მაგრამ ყველაზე მთავარი უბედურება აქ ის არის, რომ ხელები ხომ ყოველთვის არ გვაქვს ზედმიწევნით სუფთა, ჭუჭყიანი თითებით კი კანში სხვადასხვა ინფექცია შეგვაქვს.
როგორ მოვიქცეთ სწორად?
რა თქმა უნდა, უნდა გავუშვათ ხელი სახეს. უკიდურეს შემთხვევაში, შევეცადოთ, რაც შეიძლება იშვიათად შევეხოთ. პლუს – მუდმივად თან ვატაროთ ანტისეპტიკური ხელსახოცები, რომლებითაც ხელებს სისტემატურად გავიწმენდთ. სხვათა შორის, აუცილებლად უნდა გაწმინდოთ ხშირად ანტისეპტიკური ხელსახოცით მობილური ტელეფონიც.