არსებობს რამდენიმე პრობლემა, რომლებზეც დაქალებთან და ექიმთან საუბარიც კი გვერიდება და მათი არსებობა საკმაო დისკომფორტს გვიქმნის.
თუ გსურს, იდეალურად გამოიყურებოდე, უნდა იცოდე ამ პრობლემების შესახებ და გადაჭრა ისინი.
გთავაზობთ 9 ყველაზე გავრცელებულ ბიუთი-პრობლემას და მათი გადაჭრის მეთოდებს.
უსიამოვნო სუნი პირიდან
მსგავს საკმაოდ უხერხულ პრობლემაზე საუბარი ძალიან ძნელია, მისი თავად შემჩნევა კი რთული. მაგრამ შეგიძლია შეამოწმო, რა სუნს გრძნობენ გარშემომყოფები, თუკი ჩაის კოვზით ენის ძირიდან აიღებ ნადებს და დაყნოსავ მას.
პრობლემის გადაჭრა:
- ეს პრობლემა შესაძლოა გამოწვეული იყოს პირის სიმშრალით. ამიტომაც ყოველთვის იქონიე თან ბოთლით წყალი. ასევე, აუცილებელია დღეში ორჯერ გაიწმინდო ენა. უსიამოვნო სუნის მიზეზი პირიდან შესაძლოა იყოს სხვადასხვა დაავადებაც: შაქრის დიაბეტი, გასტრიტი ან ცხვირ-ხახის დაავადება. თუკი ხშირად იტკიებ მუცლის არეს, გიჭირს სუნთქვა და გადიდებული გაქვს ნუშურა ჯირკვლები, კონსულტაცია გაიარე ექიმთან.
ჩაზრდილი თმა
ამ პრობლემის მიზეზი შესაძლოა იყოს მკვრივი კანი ან უბრალოდ, თმის არასწორი ზრდა ეპილაციის ან გაპარსვის შემდეგ.
პრობლემის გადაჭრა:
- ეპილაციის წინ აუცილებელია გაიკეთო პილინგი. ასევე, შეგიძლია გამოიყენო კრემი, რომელიც ანელებს თმის ზრდას. არ დაგავიწყდეს კანის დატენიანებაც. თუკი მაინც ვერ აღმოფხვერი ეს პრობლემა, არასოდეს ეცადო ხელით მისი ამოღება! უმჯობესია, კარგად დაიორთქლო კანი და გამოიყენო სკრაბი. თუკი ამანაც ვერ გიშველა, რამდენიმე დღით დაიმუშავე კანი კრემით, რომელიც სალიცილის მჟავას შეიცავს. ის ჩააქრობს ანთებას და თმის ღერს გარეთ გამოსვლის საშუალებას მისცემს.
პიგმენტაციის დარღვევა ინტიმურ ადგილებში
საქმე ეხება ინტიმური ზონის ფერის შეცვლას. ნუ იფიქრებ, რომ ინტიმური ადგილი ყველას ერთი ფერის აქვს, ეს ასე არ არის. ისე კი, ხშირად პიგმენტაციის დარღვევის მიზეზი ზედმეტი წონა, გახეხვა ან ეპილაციისგან მიღებული მიკროტრავმებია.
პრობლემის გადაჭრა:
- შეეცადე, არ ატარო ზედმეტად მჭიდროდ მოტმასნილი სამოსი და დააკვირდი, როგორ იკეთებ ეპილაციას. თუ ეს პრობლემა გაწუხებს, მიმართე კოსმეტოლოგს. ის პრობლემურ ზონებს ლაზერით გაგიღიავებს.
ფეხის სუნი
ფეხის ტერფი ყველა ადამიანს უოფლიანდება, მაგრამ თუკი ეს მოჭარბებულად გაქვს, ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ჰიპერჰიდროზი (მოჭარბებული ოფლიანობა) ან არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი.
პრობლემის გადაჭრა:
- არ დაივიწყო ჰიგიენა. ყოველდღიურად აუცილებელია არა მხოლოდ დაბანა, არამედ ჯაგრისით გახეხვაც, იმისათვის, რომ მკვდარი უჯრედები მოიცილო, რომლებითაც იკვებებიან ბაქტერიები. ყურადღება მიაქციე ფეხსაცმელს – ის ბუნებრივი მასალისგან უნდა იყოს შეკერილი. თუკი საქმე არც ფეხსაცმელშია და არც ჰიგიენაში, შესაძლოა მოჭარბებული ოფლიანობის მიზეზი იყოს – სოკო ან ბრტყელტერფიანობა. ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი – ანტიპერსპირანტები და ორთოპედიული ფეხსაცმელია.
ოფლიანი ხელისგულები
ხშირად ხელები ნერვული დაძაბულობის გამო ოფლიანდება.
პრობლემის გადაჭრა:
- გაესინჯე ენდოკრინოლოგს, რადგან ხელისგულების ოფლიანობის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვალი იყოს. მაგრამ, თუკი სტრესებით არის ეს გამოწვეული, მიაკითხე ფსიქოლოგს. სცადე კონტრასტული აბაზანები და ანტიპერსპირანტებიც.
მეჭეჭები
პაპილომა ვირუსი – გადამდები დაავადებაა, რომელიც გადადის შეხებისას ან სამოსიდან. რისკქვეშ იმყოფებიან ისინი, ვისაც სუსტი იმუნიტეტი აქვს.
პრობლემის გადაჭრა:
- უნდა იცოდე, რომ ვირუსი გადადის კანის დაზიანებული ადგილებიდან. ამიტომაც არ დაივიწყო პრევენციული ზომები: არ ჩაიცვა ვიწრო და უხერხული ფეხსაცმელი, მოირჩინე ოფლიანობა. მეჭეჭებს კურნავს სპეციალური პლასტირები. კარგი იქნება, თუ კონსულტაციას გაივლი ექიმთან, ის მოგიწვავს მეჭეჭებს თხევადი აზოტის ან ლაზერის მეშვეობით.
უსიამოვნო სუნი ინტიმური ადგილებიდან
ეს ბუნებრივია, თუმცა, თუკი ის მძაფრდება, ესე იგი, უკვე მიზეზი არსებობს.
პრობლემის გადაჭრა:
- აქ ერთადერთი გამოსავალია – ჰიგიენა, მაგრამ ნუ გადააჭარბებ, თორემ დაირღვევ მჟავა-ტუტოვან ბალანსს და უფრო დაიმძიმებ პრობლემას. ატარე ბამბის თეთრეული, მოერიდე ტანზე მოტმასნილ სამოსს და აუზის შემდეგ მაშინვე გაიხადე საცურაო კოსტიუმი. სწორი კვებაც დაგეხმარება ინტიმური ადგილებიდან სუნის გაქრობაში.
თმიანობა სახეზე
ეს ყველა ქალის კოშმარული სიზმრიდან არის.
პრობლემის გადაჭრა:
- მხოლოდ და მხოლოდ მისი მოცილება, თუმცა ნუ ეცდები ამის გაკეთებას სახლის პირობებში. ჩაეწერე ელექტროეპილაციაზე და მალე დაივიწყებ სახის თმიანობისგან გამოწვეულ უხერხულობას.
ფცქვნადი ფრჩხილები
ფრჩხილების ფცქვნა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული: გულ-სისხლძარღვთა დაავადებით, ინფექციით ან ავიტამინოზით.
პრობლემის გადაჭრა:
- ჩართე რაციონში A, E, C, B ჯგუფის ვიტამინები, ასევე, კალცი. მანიკიურის გაკეთებისას კი არ დაივიწყო ბაზის წასმა. ჩვეულებრივი ჩაანაცვლე სამკურნალოთი და სამუდამოდ დაივიწყე ეს პრობლემა.