ზაფხული მოდის და მოკლესახელოიან კაბებსა და ბლუზებს რომ ჩაიცვამთ, სირცხვილია, მოუვლელი, გაუხეშებულკანიანი იდაყვები რომ გამოგიჩნდეთ. ამიტომ მათ მოსავლელად რამდენიმე სასარგებლო რჩევას გთავაზობთ.
თავდაპირველად შევთანხმდეთ, რომ თუ იდაყვები გიუხეშდებათ, ე.ი. ორგანიზმს "ე" და "ა" ვიტამინები აკლია. გაამდიდრეთ რაციონი ბოსტნეულის (სტაფილო, კომბოსტო, წითელი ტკბილი წიწაკა) სალათით, რომელსაც ზეთით შეაზავებთ. მზესუმზირის ზეთი "ე" ვიტამინითაა მდიდარი, ბოსტნეული - "ა" ვიტამინით.
ზაფხულში გაამდიდრეთ ორგანიზმი ახალი ბოსტნეულით, ხილით, განსაკუთრებით - კენკროვანით, მწვანილითა და მწვანე სალათით.
ახლა კი რამდენიმე რეცეპტი გაუხეშებული იდაყვების სამკურნალოდ:
ერთმანეთში გადაურიეთ თანაბარი რაოდენობით ყავის ნალექი და თაფლი. წრიული მოძრაობებით წაისვით იდაყვებზე, გაიჩერეთ 10-15 წუთი და ჩამოიბანეთ. წაისვით მკვებავი კრემი. ნატურალური სკრაბი მოგაცილებთ გარქოვანებულ კანს, კრემი კი სირბილეს დაუბრუნებს მას.
იდაყვებზე ყოველდღიურად წაისვით ნებისმიერი ზეთი (ზეითუნის, მზესუმზირის, სიმინდის და ა.შ.), კარგად შეიზილეთ, გაიჩერეთ 15-29 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
წაისვით გაუხეშებულ იდაყვებზე არაჟანი, გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ.
ჩამუქებულ იდაყვებს ლიმონის წვენის ან ვაშლის ძმრის საშუალებით გაითეთრებთ. დაასველეთ ლიმონის წვენში ბამბის დისკი და მიიდეთ იდაყვებზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და მკვებავი კრემი წაისვით.
ვაშლის ძმარი გააზავეთ წყალში (30 მლ ძმარი, 20 მლ წყალი). მიღებული ნარევით დაიმუშავეთ იდაყვების გამუქებული ადგილები. უმჯობესია, მასში ბამბის დისკები დაასველოთ და იდაყვებზე ნახევარი საათით გაიჩეროთ. ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი.