რა ცვლილებები გველის წონის დაკლების დროს
მსოფლიოში არსებობს უამრავი დიეტა და წონის დაკლების მრავალი საშუალება.
თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და ამიტომ საჭიროებს თავისებურ მიდგომას. მე ბევრჯერ ვცადე წონის დაკლება, მაგრამ შედეგი ხანმოკლე იყო. ერთი ან ორი თვის შემდეგ წონა თანდათან უბრუნდებოდა თავის პირვანდელ მაჩვენებელს, ზოგჯერ კი მეტსაც.
გამიჩნდა კითხვა: არსებობს თუ არა რაიმე ხერხი, რომელიც წონასთან ბრძოლას მოუღებს ბოლოს?
მოდით, გავაანალიზოთ, რა ცვლილებები მიმდინარეობს ჩვენს ორგანიზმში, როდესაც წონაში ვიკლებთ: რეგულირდება სითხის რაოდენობა, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ქოშინი აღარ გაწუხებთ, ხასიათი და მობილურობა უმჯობესდება, ენერგიის დონეც იმატებს. ეს იმ პოზიტიური ცვლილებების სრული სია არ არის, რომელსაც ორგანიზმი განიცდის.
წონის დაკლების დროს აბსოლუტურად ყველაფერი იცვლება. თქვენ უფრო თავდაჯერებული და ლამაზი ხდებით, იზრდება თვითშეფასება, არ ხართ საჭმელზე დამოკიდებული, იღვიძებს უზარმაზარი ენერგია, სიცოცხლის, შემოქმედების, სიყვარულის, თვითშემეცნების უდიდესი სურვილი.
თუ ფიქრობთ, რომ ერთკვირიანი, თუნდაც ერთთვიანი დიეტა თქვენი წონის პრობლემას გადაწყვეტს, ძალიან ცდებით. ეს თავის მოტყუებაა. მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ, რომ წონის დაკლება სინამდვილეში თქვენი ცხოვრების მოწესრიგებაა.
რა ხდება, როდესაც წონაში ვიმატებთ?
ჩვენი სხეული ყველა შესაძლო საშუალებით "გველაპარაკება", გვანიშნებს, რომ დაიღალა ასეთი უდიერი მოპყრობით, რაც ხშირად გამოიხატება სხვადასხვა დაავადებით. ეს ჩვენი სხეულის ერთგვარი პროტესტია.
დიეტებით მასიურ გატაცებას მივყავართ ჯანმრთელობის დაზიანებამდე. ჩვენ, ადამიანები, არ ვაფასებთ ჩვენს ჯანმრთელობას და პატივს არ ვცემთ ორგანიზმს, რომელიც შეუჩერებლად მუშაობს და ზრუნავს ჩვენზე. ექსპერიმენტებს ვატარებთ და არც კი ვფიქრობთ შედეგებზე. დროის შემდეგ ზოგჯერ კუჭი გვაწუხებს, ზოგჯერ ნაღველი და ასე შემდეგ (არ შევუდგები დაავადებათა ჩამოთვლას).
რამოდენიმე წლის წინ მე უარი ვთქვი ყველანაირ დიეტაზე და დავიწყე წონის შემცირება, ოღონდ უარს არ ვამბობდი საყვარელ საჭმელზე. 4 თვის განმავლობაში მე დავიკელი 16 კილოგრამი. მნიშვნელოვანი იყო არა დაკლებული წონის რაოდენობა, არამედ ამ წონის შენარჩუნება 3 წლის განმავლობაში.
რა მოხდა 3 წლის შემდეგ?
მარტივად რომ ვთქვათ: თავში ამივარდა. მე ვიფიქრე, რომ მიზანი მიღწეული იყო და ყურადღება არ მივაქციე ორგანიზმის მცირე მინიშნებებსაც კი. იცით, რა მოხდა? წონა იზრდებოდა ელვის სისწრაფით და ბოლოს განა მარტო დაუბრუნდა, არამედ ბევრჯერ გაასწრო პირვანდელ მაჩვენებელს.
იცით, რა ხდება, როდესაც ჩვენ უდიერად ვექცევით და ყურადღებას არ ვაქცევთ ორგანიზმს? ის შურისძიებას იწყებს ჩვენზე.
საერთოდ, ადამიანის ორგანიზმი ძალიან ბრძენია. ის მთელი სამყაროა.
წონის მომატების მიზეზი მხოლოდ არასწორი კვება არ არის.
ჩვენი შიშები, სტრესი, ეჭვები ზემოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე.
თუ უეცრად შიმშილის გრძნობა გაგიჩნდათ, თქვენს თავს დაუსვით კითხვა: რომელმა ემოციამ გიბიძგათ, გაგეწიათ ხელი საჭმლისკენ?
წონის დაკლებისთვის ადამიანს სჭირდება ძლიერი მოტივაცია, სწორი კვების წესი, ძველი ცხოვრების წესის შეცვლა. მცირე ფიზიკური აქტივობაც კი სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს. ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია: აზროვნება, ფიზიკური აქტივობა, ჩვენი ჩვევები, განწყობა და პიროვნული განვითარება.
როდესაც ჭარბწონიანი ადამიანი წონაში იკლებს, ის სულ სხვა ფერებში ხედავს ცხოვრებას, უამრავი სასიამოვნო შეგრძნება ეუფლება, თავისუფლდება უზარმაზარი შემოქმედებითი ენერგია.
დაკვირვებების და კვლევების, უამრავი მასალისა და დიეტის ანალიზის, ცდის შედეგად მე მივაღწიე იმას, რომ 4 წელია, რაც 40 კილოგრამი ჩავაბარე წარსულს. ჩემმა მეგობრებმა გაიარეს ასეთივე გზა და მიაღწიეს სასურველ მაჩვენებელს.
წონის დაკლება - ეს არის კომპლექსური მუშაობა საკუთარ თავთან.
ჩვენ ცხოვრებაში ყოველთვის ვდგავართ არჩევანის წინაშე.
მე ავირჩიე ჩემი გზა და კმაყოფილი ვარ.
მჯერა, რომ ადამიანს ყველაფერი შეუძლია, თუ მოინდომებს.
თქვენი მომავალი ცხოვრება დამოკიდებულია თქვენს დღევანდელ არჩევანსა და გადაწყვეტილებაზე. ყოველ წამს და ყოველ წუთს, აქ და ამჟამად ჩვენ ვქმნით ჩვენს ცხოვრებას.
შემდეგ სტატიებში მე ვეცდები თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ გაგაცნოთ ეს მეთოდი. იქნებ დროა, საოცრების კარი გავაღოთ?
გაგრძელება იქნება...