ყელის მოვლა ისევე აუცილებელია, როგორც სახის. რასაკვირველია, პირველ რიგში, საჭიროა ვარჯიში, როგორც მთლიანად სხეულის, ასევე კონკრეტულად ყელის.
არსებობს ყელისა და ორმაგი ნიკაპის (ღაბაბი) ეფექტური ვარჯიშები. ერთ-ერთი მათგანია დამჯდარ მდგომარეობაში (სასურველია, იდაყვები მაგიდას დააყრდნოთ) ორივე ცერის ღაბაბზე ქვევიდან მიჭერა, ისე, რომ პარალელურად ნიკაპქვეშა კუნთი შიგნიდან დაიჭიმოს. ეს ვარჯიში რამდენჯერმე მეორდება.
რასაკვირველია, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ გძინავთ. შეეცადეთ, ჩაძინებამდე დააკვირდეთ, როგორ გიდევთ თავი. ყელი ამ დროს ჩაკეცილი არ უნდა იყოს. ყველა ეს ვარჯიში სისტემატური უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგს ვერ მიიღებთ.
ყელის მოვლისთვის ასეთი პროცედურები საკმარისი არ არის. აუცილებელია თვით ყელის კანის კვება და მისი გამკვრივება. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
1. გადაიხარეთ აბაზანაში და რამდენიმე წუთის განმავლობაში ყელსა და ე.წ. დეკოლტეზე მონაცვლეობით შეისხით ცივი, შემდეგ კი ცხელი წყალი. შეგიძლიათ ამისთვის რბილი ღრუბელი გამოიყენოთ. შემდეგ წაისვით მკვებავი;
2. გადაიხარეთ აბაზანაში და რამდენიმე წუთის განმავლობაში ისხით ზღვის მარილიანი წყალი (23 ლ-ზე 1 ს.კ.). მლაშე წყალს ნუ მოიწმენდთ, არამედ შეიშრეთ, შემდეგ კი წაისვით მკვებავი;
3. დაასველეთ პატარა პირსახოცი მარილიან წყალში, გაწურეთ, გაჭიმეთ და ქვევიდან ღაბაბზე იტყაპუნეთ, შემდეგ კი 12 წუთით ყელზე შემოიხვიეთ. მარილიან სისველეს ნუ ჩამოიბანთ. კანის გაშრობის შემდეგ წაისვით მკვებავი;
4. კარგია კონტრასტული კომპრესიც. პირსახოცი ჯერ ცხელ წყალში დაასველეთ, გაწურეთ და 12 წთ ყელზე შემოიხვიეთ. ასევე გააკეთეთ ცივ წყალში დასველებული გაწურული პირსახოცით. შემდეგ წაისვით მკვებავი კრემი;
5. წაისვით ყელზე ზეითუნის ზეთი. შემდეგ ცხელ წყალში დაასველეთ პირსახოცი, გაწურეთ და ყელზე შემოიხვიეთ. გაიჩერეთ 15-20 წთ. ამის შემდეგ ქაღალდის ხელსახოცით კარგად შეიმშრალეთ. ზეთის კომპრესის შემდეგ მკვებავი კრემი აღარ არის საჭირო. ეს პროცედურა კვირაში ერთხელ ჩაიტარეთ;
6. დაბანისა და მკვებავის წასმის შემდეგ სასარგებლოა ყელის გაწმენდა ყინულის კუბებით. შეგიძლიათ წყალში გვირილის ან სხვა მცენარის ნაყენი გაურიოთ, სასარგებლოა ლიმონიც. შეეცადეთ, დარჩენილი სისველე კრემთან ერთად კანმა შეიწოვოს.
ნუ იზარმაცებთ და ნუ დაკარგავთ სურვილს, გახდეთ, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის და შემდეგ სხვებისთვის მიმზიდველი. გაიხანგრძლივეთ ახალგაზრდობა.
თამარ გეგეჭკორი
ჟურნალი ”...და ქალი” (აპრილის ნომერი)