სპეცპროექტი: 10 საოცარი ნივთი, რომელიც ქალებმა გამოიგონეს

თეა ინასარიძე
10:06 / 24-07-2019

თუ გკითხავენ, დაასახელოთ ყველაზე ცნობილი გამომგონებლები, სავარაუდოდ თქვენ ისეთი სახელები გაგახსენდებათ, როგორიცაა - ტომას ედისონი, ალექსანდრ ბელი, ან ლეონარდო და ვინჩი.

რა იცით მარიონ დონოვანის, ან გრეის ჰოპერის შესახებ?

  • ამ ქალების სახელები თქვენთვის სავარაუდოდ ცნობილი არ არის, მაგრამ მათი გრანდიოზული აღმოჩენებით, თითქმის ყოველდღე სარგებლობთ.
  • ქალებისთვის გაცილებით რთული იყო პატენტის მიღება და აღიარების მოპოვება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ ბევრი საოცარი რამ შექმნეს, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში დღემდე მოვიხმართ.
  • ფემინიზმის გავრცელების და ქალთა უფლებებისთვის ბრძოლების მიუხედავად, სქესთა შორის თანასწორობა ჯერაც არ არსებობს, საქმე არა მარტო მუსულმანურ სამყაროს ეხება, ცივილურ ქვეყნებში, მეცნიერულ სამყაროში ქალები იშვიათობა უფროა, ვიდრე ნორმა. მიუხედავად ამისა, ქალთა მიღწევები არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი კოლეგა მამაკაცების. უნდა აღვნიშნოთ, რომ ქალი-გამომგონებლები არ გაჩენილან ბოლო ასწლეულში (როდესაც მათი უფლებების მამაკაცთა უფლებებთან შედარება დაიწყეს). ყველა ეპოქაში არსებობდნენ აღიარებული მეცნიერი ქალები!

წარმოგიდგენთ სპეცპროექტს 10 გამოგონებაზე, რომელთა განხორციელებაც ქალი-გამომგონებლების ინოვაციური იდეების დამსახურებაა.


1. ავტომობილის საქარე მინასაწმენდი/ მერი ანდერსონი


1903 წლის ერთ სუსხიან ზამთრის დღეს, ნიუ-იორკში მგზავრობის დროს, მერი ანდერსონმა შეამჩნია, რომ მძღოლს პერიოდულად ფანჯრის გაღება და თავის გაყოფა უწევდა, რომ მანქანის საქარე მინა თოვლისგან გაეწმინდა. ყოველი გაწმენდის დროს, მანქანაში სიცივე დგებოდა.
ანდერსონს იდეა გაუჩნდა, შეემუშავა რეზინის ნიჩბის მსგავსი ნივთი, რომლის მართვაც სალონიდან იქნებოდა შესაძლებელი. მან იმავე წელს მიიღო პატენტი.


მისი გამოგონება არ მოეწონათ საავტომობილო კომპანიებს, რომლებიც თვლიდნენ, რომ მინასაწმენდების მოძრაობა მძღოლებს ყურადღებას გაუფანტავდნენ.

ამ გამოგონებისთვის, რომელიც მოგვიანებით ნებისმიერი ავტომობილის განუყოფელი ნაწილი გახდა, ანდერსონმა ვერანაირი ანაზრაურება ვერ მიიღო.
მძღოლები მინასაწმენდებს სკეპტიკურად უყურებდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ ბევრად უსაფრთხოა მართო მანქანა, როდესაც მინიდან არაფერი ჩანს თოვლისა და წვიმის გამო, ვიდრე, მართვის დროს ხელი აჭირო ბერკეტს, რომ შუშა გაწმინდო.

  • 1920 წელს, როდესაც მერის პატენტს ვადა ამოეწურა, მისმა გამოგონებამ პოპულარობის მოხვეჭა დაიწყო.

"კადილაკი" პირველი კომპანია იყო, რომელმაც საქარე მინასაწმენდები თავისი მანქანების ყველა მოდელზე დააყენა.

"მაუსის" დახმარებით გაამოძრავეთ ღერძი.

2. ჭურჭლის სარეცხი მანქანა/ ჯოზეფინა კოკრეინი

ჯოზეფინა კოკრეინს საკუთარ სახლში მდიდრული წვეულებების მოწყობა უყვარდა. ის ოცნებობდა ისეთ მოწყობილობაზე, რომელსაც შეეძლებოდა გაერეცხა ჭურჭელი უფრო სწრაფად და აკურატულად, ვიდრე მის მოახლეს, რომელიც ხშირად ამტვრევდა თეფშებს რეცხვის დროს.

  • კოკრეინმა პირველი ავტომატური ჭურჭლის მანქანა გააკეთა, წყლის წნევის ზეწოლის გამოყენებით. სპილენძის ბაკში ძრავის მეშვეობით ბორბალი ბრუნავდა.
  • ჯოზეფინას მეუღლე ალკოჰოლიკი იყო და გარდაცვალების შემდეგ, ცოლს უამრავი ვალი დაუტოვა.

  • (ჩართეთ ხმა)
  • სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ 1886 წელს, კოკრეინს პატენტი აეღო და ჭურჭლის სარეცხი მანქანების წარმოებისთვის საკუთარი ფაბრიკა გაეხსნა.

3. კევლარი/ სტეფანი კვოლეკი


კევლარი - ბოჭკოვანი მასალისაგან დამზადებული ტყვიაგაუმტარი ქსოვილი, კომპანია DuPont-ში მომუშავე ქიმიკოსმა მეცნიერმა ქალმა, სტეფანი კვოლეკმა 1965 წელს შექმნა. პატენტი კი 1966 წელს მიიღო.

კევლარის ფორმულა

კევლარი ჯავშანჟილეტების და დამცავი აღჭურვილობის დასამზადებლად გამოიყენება.

კევლარის წყალობით, რომელიც ხუთჯერ უფრო მყარია ფოლადზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.

ამ მასალამ ყველაზე ფართო გამოყენება ჰპოვა, სახლის ხელთათმანებიდან და მობილური ტელეფონებიდან დაწყებული, საავიაციო ინდუსტრიით და დაკიდებული ხიდების კონსტრუქციით დამთავრებული.

პირველი დამცავი ჟილეტის გამოცდა

4. ცირკულარული ხერხი/ ტაბიტა ბებიტი


მრავალი გამოგონება საკუთარი, ან სხვების ცხოვრების გაიოლების სურვილის გამო გაჩნდა. ასე მოხდა მრგვალ ხერხთან მიმართებაშიც.

მე-19 საუკუნის დასაწყისში, პროტესტანტული რელიგიური საზოგადოების, შეიკერების მიმდევარი ტაბიტა ბებიტი, ორი მამაკაცის მუშაობას აკვირდებოდა, რომლებიც ხერხით მორებს ჭრიდნენ. ტაბიტა წვრილმანებს დიდ ყურადღებას აქცევდა. მან შეამჩნია, რომ ხე იხერხებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ხერხი ერთი მიმართულებით მოძრაობდა. უკუმოძრაობა - სრულიად უშედეგო იყო, ენერგია ტყუილად იხარჯებოდა.

იმისათვის, რომ თავისიანებს დახმარებოდა, ტაბიტამ მრგვალი ხერხი გამოიგონა, რომელიც განუწყვეტლივ იტრიალებდა ერთი მიმართულებით. მეტალის დისკი, ბასრი კბილებით - ხეს სწრაფად გადახერხავდა.

სამწუხაროდ, პატენტი ამ გამოგონებაზე ვერც ტაბიტამ და ვერც მისი თემის სხვა წევრებმა ვერ მიიღეს.



(ჩართეთ ხმა)

5. თამაში "მონოპოლი"/ ელიზაბეტ მეიჯი

მსოფლიოში ცნობილი სამაგიდო თამაში ელიზაბეტ მეიჯიმ 1904 წელს გამოიგონა. მას თავდაპირველად ერქვა "მემამულეების თამაში".


 

მიზანი კი ჯორჯიზმის ეკონომიკური თეორიის გავრცელება და მოთამაშეებისთვის მიწის დაპყრობის უსამართლობის ჩვენება იყო.

მეიჯიმ თამაში დააპატენტა და 1906 წელს ბაზარზე გამოუშვა. თითქმის 30 წლის შემდეგ, ვინმე ჩარლზ დეროუმ გადააკეთა თამაშის დიზაინი და ის კომპანია Parker Brothers-ს, "მონოპოლის" სახელით მიჰყიდა.

თამაში "მონოპოლი"


6. ერთჯერადი საფენები/ მარიონ დონოვანი

როდესაც 1951 წელს მარიონ დონოვანმა დააპატენტა სითხეგაუმტარი საფენები სახელად - Boater, ბავშვებისთვის ტანსაცმლის გამოცვლა იდეალურად "სუფთა" არ გამხდარა, მაგრამ მშობლებისა და ბავშვების ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა.


საფენის სითხეგაუმტარი საფარი თავდაპირველად შხაპის ფარდისგან მზადდებოდა და ცნობილ უნივერმაღში - "საქსი მეხუთე ავენიუზე" იყიდებოდა.
დონოვანმა პატენტი კორპორაცია Keko -ს 1 მლნ დოლარად მიჰყიდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი ერთჯერადი მოდელიც შექმნა.


("დააკლიკეთ" ფოტოზე გამოსახულ ღილაკს)

7. პროგრამული უზრუნველყოფა/ გრეის ჰოპერი

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტში მსახურების დაწყების შემდეგ, გრეისი სამუშაოდ ახალი კომპიუტერის - Mark I-ის შესაქმნელად გაუშვეს.

  • საკმაოდ მალე, ჰოპერი კომპიუტერულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული კვლევის უფროსი გახდა. მან შეიმუშავა პირველი კომპილატორი, პროგრამირების ენისთვის, რომლის დახმარებით, შესაძლებელი გახდა სიტყვიერი ინსტრუქციების ციფრულ კოდად გარდაქმნა, რასაც კომპიუტერის პროცესორი წაიკითხავდა. ეს დაეხმარა პროგრამირების პროცესის დაჩქარებას და ძირეულად შეცვალა კომპიუტერების მუშაობის პრინციპი.

  • ამერიკელ მეცნიერს ასევე მიაწერენ ტერმინის - debugging (შეცდომების აღმოფხვრა)   პოპულარიზაციას, რომელიც დღესაც გამოიყენება კომპიუტერულ პროგრამებში   კოდის შეცდომების აღმოსაფხვრელად.

ეს სიტყვა ჰოპერს მას შემდეგ მოაფიქრდა, როცა კომპიუტერში ჩავარდნილი მწერი, ფარვანა (bug) ამოიყვანა.


8. ტექსტის წასაშლელი საკანცელარიო სითხე/ ბეტი გრემი

1950-იან წლებში ბეტი გრემი მორიგი ოჯახური სკანდალის შემდეგ ქმრის ოჯახიდან წამოვიდა. თან წამოიყვანა პატარა შვილი, ვაჟი მაიკლი და ერთი ჩემოდანი ნივთებიც გამოიყოლა. მას არც სახლი ჰქონდა და არც სამსახური. მცირე თანხა ჰქონდა დაგროვილი, მაგრამ ის დიდხანს არ ეყოფოდა. ბეტიმ საბეჭდ მანქანაზე იცოდა ასოების აკრეფა.

დედა-შვილი დალასში გაემგზავრა, სადაც დროებით ნათესავებმა შეიფარეს და Texas Bank & Trust-ის ოფისში დაიწყო სამსახური.

ბეტიმ მუშაობა დაიწყო - IBM-ზე, ელექტროსაბეჭდ მანქანაზე ტექსტები უნდა აეკრიფა. დაშვებულ შეცდომას ვერც საშლელით წაშლიდა, ვერც მოჭრიდა, მთელი ტექსტი თავიდან უნდა აეკრიფა. შეცდომებს კი რეგულარულად უშვებდა, რის გამოც მუდამ საყვედურობდა უფროსი.

გადაწყვიტა, თავისი შეცდომები საღებავით დაემალა, როგორც ამას მხატვრები აკეთებდნენ. მდივანმა ოფისში თეთრი ფერის საღებავი მიიტანა და შეცდომების გადაღებვას შეუდგა. თავიდან არაფერი გამოუვიდა. საღებავი იდღაბნებოდა ან ქაღალდზე სქლად რჩებოდა. საღებავს ხან წყლით, ხან მარილითა და წებოთი აზავებდა და ნელ-ნელა შეცდომების გადაფარვა სულ ადვილად და შეუმჩნევლად შეძლო.

სითხეს Mistake Out დაარქვა, რომელსაც ღამღამობით სამზარეულოში ხარშავდა და ბოთლებში ასხამდა.

რაც უფრო მეტი შეკვეთა ჰქონდა ბეტის სითხეზე, მით ნაკლები დრო რჩებოდა ტექსტების ასაკრეფად. "ორ ფრონტზე" მუშაობა რომ ვეღარ შეძლო, ბანკიდან გაეთავისუფლა. დააარსა Mistake Out Company და თანამშრომლებიც აიყვანა: ქიმიის მასწავლებელი, საღებავების სპეციალისტი და საკანცელარიო ნივთების გამყიდველი. ერთად შეცდომების წასაშლელი სითხე სრულყოფილებამდე მიიყვანეს და შეკვეთებს უკვე მთელი ქვეყნიდან იღებდნენ.

ახალ კომპანიას ბეტიმ Liquid Paper - "თხევადი ქაღალდი" უწოდა. მას სოლიდური კლიენტიც გამოუჩნდა, General Electric-ის სახით.

9. სახლის დაცვის სისტემა/ მერი ვან ბრიტან ბრაუნი

მედდას, რომელსაც ხშირად უწევდა სახლში მარტო დარჩენა, მოუვიდა იდეა, მოეფიქრებინა შენობის დაცვის მოწყობილობა, რომ თავი მშვიდად და უსაფრთხოდ ეგრძნო

1960-იანი წლების ამერიკაში, კრიმინალის დონის გაზრდის და პოლიციის გამოძახებებზე დაგვიანებით მისვლის პასუხად, მერიმ და მისმა ქმარმა, ალბერტმა სახლის დაცვის პირველი მოწყობილობა შეიმუშავეს.

ეს იყო რთული და დეტალებით დატვირთული მექანიზმი: კამერა ძრავის დახმარებით მოძრაობდა ზევით-ქვევით, კარის მიმართულებით, რომ კარის "საჭვრიტინოში" გაეხედა.

გამოსახულება კი საძინებელ ოთახში, მონიტორის ეკრანზე ჩანდა. იქვე იყო განგაშის ღილაკიც.



("დააკლიკეთ" ფოტოზე გამოსახულ ღილაკებს)

10. აბონენტის ნომრის განსაზღვრა და შემომავალი ზარი მეორე ხაზზე / დოქტორი შირლი ენ ჯექსონი

დოქტორი შირლი ენ ჯექსონი პირველი აფრიკელი ქალია, რომელმაც ფიზიკის თეორიულ ელემენტარულ ნაწილაკების დარგში დოქტორის ხარისხი მიიღო და ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერულ-კვლევითი უნივერსიტეტის ხელმძღვანელი გახდა.

სწორედ მისი დამსახურებაა, რომ თანამედროვე ტელეფონებზე შეგვიძლია წავიკითხოთ შემოსული ზარის ავტორის ნომერი. ასევე, 1970-იან წლებში, მან ე.წ. "მეორე ხაზი" გამოიგონა, რომლის საშუალებითაც, თუ თქვენ ტელეფონის მეშვეობით ვინმეს ესაუბრებით, მესამე პირს მაინც შეუძლია თქვენთან კონტაქტზე გამოსვლა. თქვენ კი გადაწყვეტთ რომელთან გააგრძელოთ საუბარი.

მისმა ინოვაციურმა აღმოჩენამ ტელეკომუნიკაციის სფეროში, პორტატული ფაქს-მოდელის, ოპტიკური ბოჭკოსა და მზის ელემენტების შემუშავებას შეუწყო ხელი.

კომენტარები / 1 /
მე
საინტერესო სტატიაა. სიამოვნებით წავიკითხე.დიდი მადლობა
19:59 / 24-07-2019
გამოხმაურება / 0 /
e87a93