გზა კოლხი მედეას მაგიიდან თანამედროვე მაკიაჟამდე - კოსმეტიკის ევოლუცია

marao.ge
11:18 / 31-10-2019
როგორ იცვლებოდა მაკიაჟის სტანდარტები საუკუნეების განმავლობაში

კოსმეტიკის ისტორიის დასაწყისი




მედეა - კოლხი ქალის მაგია



მითებმა კოლხი ქალის სამკურნალო და კოსმეტიკურ საშუალებებზე საუკუნეებს გაუძლო. იმასაც ფიქრობენ, რომ მედეა იყო პირველი, ვისაც მთელი ლაბორატორია ჰქონდა, სადაც სხვადასხვა მცენარის შეზავებით ჯადოსნურ საშუალებებს ამზადებდა. სწორედ მედეამ აღმოაჩინა პირველმა ისეთი ყვავილი, რომლისგანაც საღებავს ამზადებდნენ და ჭაღარა თმას შავად იღებავდნენ. მასვე მიაწერენ ბუნებრივი საშუალებებით ადამიანის გაახალგაზრდავების უნარს.

ტაბუდადებული კოსმეტიკა


ადრეულმა ქრიასტიანმა მწერლებმა მაკიაჟი და სიცრუე ერთმანეთს დაუკავშირეს. ისინი ამბობდნენ, რომ მაკიაჟით სახის დაფარვა, ანუ სახისა და ნაკვთების ბუნებრივი ფერის შეცვლა, საკუთარი თავისა და გარშემო მყოფების მოტყუებას ნიშნავდა. ასე გამოცხადდა მაკიაჟის ტარება ცოდვად.

ქალებმა სახის ჯანსაღი იერის შესანარჩუნებლად ნატურალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს. ყოველგვარი ზედმეტი დანამატი, რაც სახის კანის ბუნებრივ ფერსა და ფორმას არ შეესაბამებოდა, წესიდან გადახვევას ნიშნავდა.


XVI საუკუნე - რაც მეტი, მით უკეთესი


მას შემდეგ, რაც ვენეცია მსოფლიო მოდის დედაქალაქი გახდა, „ვენეციურმა სტილმა“, მძიმე, კარგად გამოკვეთილმა მაკიაჟმა, იმდროინდელი ქალების ყურადღება მიიპყრო.
მძიმე მაკიაჟი საკმაოდ ძვირად ღირებულიც იყო და ჯანმრთელობისთვის საშიშიც, რადგან ბევრ ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავდა. ქალებს ლოყები უსკდებოდათ, სახე უმახინჯდებოდათ, რაც საღებავის კიდევ უფრო სქელი ფენის გამოყენებას მოითხოვდა. ფერმკრთალი, ლამის სრულიად გათეთრებული სახე, ვარდისფრად შეღებილი ლოყები - ეს იყო ელისაბედ პირველის ფერუმარილის საუკუნე!

XIX საუკუნე - მაკიაჟი, როგორც ვულგარულობა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ვიქტორიამ განაცხადა, რომ მაკიაჟი ქალს ვულგარულ იერს სძენდა და ნამდვილი ლედისთვის ის შეუსაბამო იყო. ამიტომ მან ღიად გაილაშქრა კოსმეტიკის წინააღმდეგ.
ამის შემდეგ საზოგადოებაში მკვეთრი მაკიაჟის ტარება არა აკრძალული, თუმცა ცუდი ტონი იყო. ერთადერთი, რასაც კოსმეტიკური საშუალებებიდან იყენებდნენ, ფერუმარილი გახლდათ, ისიც ძალიან მცირე დოზით. ლოყებისთვის ფერის მისანიჭებლად მასზე იჩქმეტდნენ ხოლმე, ტუჩების ფერისთვის კი შეღებილ შესაფუთ ქაღალდებს ტუჩებზე მსუბუქად იტარებდნენ.

ქალთა უფლებები და პროსტიტუცია

მე-20 საუკუნის ადრეულ წლებში, თუკი ქალი მაკიაჟს ატარებდა, მისი მორალურობა და „პატიოსნება“ კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა.
საშუალო კლასის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ საზოგადოებაში მაკიაჟით სიარული ამორალური იყო და მათ მხოლოდ მეძავები და მსახიობები ატარებდნენ. შეხედულებათა გადახედვა 1913 წლიდან დაიწყო, როდესაც არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოპოვების მოთხოვნით ქალთა მოძრაობა დაიწყო. აქტივისტებს მკვეთრი წითელი ტუჩსაცხი ესვათ. ეს იყო იმ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი, როცა ქალებმა ღიად აჩვენეს, რომ მათ ჰქონდათ მაკიაჟის ტარების უფლება და ამაში ამორალური არაფერი იყო. მკვეთრი წითელი ფერის ტუჩსაცხი იქცა ქალთა მოძრაობის და ზოგადად, ძალისა და თავისუფლების სიმბოლოდ.


1920-იანი წლები - სცენა და ჰოლივუდი

მუნჯი კინოს ვარსკვლავების, თეატრისა და კინოს მსახიობების დამსახურებით, მაკიაჟი ფართოდ გავრცელდა. ვარსკვლავები მაკიაჟის სამყაროში ჩვეულებრივი ქალებისთვის გიდებად და ეტალონებად იქცნენ. კოსმეტიკის მაღაზიებში მათ საყვარელი მსახიობის დასახელებას სთხოვდნენ და შესაბამის კოსმეტიკას სთავაზობდნენ.
გაფართოვდა ფასების დიაპაზონიც. მაგალითად, ტუჩსაცხის ფასი 10 ცენტიდან იწყებოდა. ნელ-ნელა კოსმეტიკის საშუალებები ყველა ქალისთვის ხელმისაწვდომი და მიმზიდველი ხდებოდა. თუმცა ბოლომდე ჯერ კიდევ არ იყო დაძლეული ის სტერეოტიპი, რომ „პატიოსან ქალს“ კოსმეტიკა არ უნდა გამოეყენებინა.


დიდი გადატრიალება - ელენა რუბენშტეინი - „გურიელების რძალი“

„ქალი, რომელმაც შექმნა სილამაზე“ - ასე მოიხსენიებენ კოსმეტიკის დედოფლად წოდებულ ელენა რუბენშტეინს, რომლის მეორე მეუღლე ქართველი არჩილ გურიელი-ჭყონია გახლდათ.
1902 წელს ელენა რუბენშტეინმა კოსმეტიკის სფეროში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. ეს იყო ქალი, რომელმაც მუშაობა ნულიდან დაიწყო და კოსმეტიკის იმპერია შექმნა: მან გამოიგონა პირველი დამატენიანებელი კრემი, პირველი წყალგაუმტარი ტუში, ანტიალერგიული პროცედურები, სახის ნიღბები და მრავალი სხვა. 1929 წელს ელენა ამერიკის ყველაზე მდიდარ ქალად დასახელდა.
ელენას კოსმეტიკური საშუალებების დიზაინზე თავად სალვადორ დალი მუშაობდა, რომელზეც რუბენშტეინ-გურიელის ოჯახი მუდმივად ზრუნავდა.


მოდა არის აქ და ახლა!!!

ციფრულმა სამყარომ ყველაფერი გაამარტივა, მათ შორის, კოსმეტიკის არჩევაც. makeup-არტისტები, ვლოგერები და ბლოგერები მთელ მსოფლიოში არიან პოპულარულები. თანაც, არა მხოლოდ ქალები, არამედ მამაკაცებიც აქტიურად იკეთებენ მაკიაჟს. ბიუჯეტური თუ ძვირად ღირებული პროდუქცია, ათიათასობით ბრენდი - ყველაფერი ონლაინსივრცეშია ხელმისაწვდომი.

კოსმეტიკის ისტორია გრძელდება. სანამ თქვენი კოსმეტიკის განახლებას გადაწყვეტთ, კიდევ ერთხელ გადახედეთ საუკუნეებისწინანდელ ტენდენციებს. იქნებ იქაც იპოვოთ შთაგონება.



მარიამ ტურძილაძე
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
e87a93