თინეიჯერები

დაოჯახებული მოზარდების პრობლემა

დაოჯახებული მოზარდების პრობლემა
ქორწილის ღამეს დედამთილმა გამომიცხადა,- დღეს ჩემი შვილი ჩემთან უნდა დაწვეს, შენ კი მეჯვარესთან ერთად "ინებივრეო".

რატომ ერევიან მშობლები ახალდაქორწინებული წყვილის ცხოვრებაში? ამბობენ, რომ ნაადრევად შექმნილი ოჯახები მალევე ინგრევა, მაგრამ პირადად მე, ბევრ ისეთ წყვილს ვიცნობ, რომლებმაც დაქორწინება დაახლოებით, 16-17 წლის ასაკში გადაწყვიტეს, ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანეს და დღემდე ბედნიერად ცხოვრობენ.

თუმცა, ადამიანებს ხომ სწორედ იქ გვიყვარს ცხვირის ჩაყოფა, სადაც რაღაც უფრო "საინტერესო" ხდება- შეიძლება ვიღაცის პირადი ცხოვრების დანგრევა არ გაგვიხარდეს, მაგრამ მაინც, ჩვენდა უნებურად ვიწყებთ იმ
წყვილზე ჭორაობას, რომელმაც ოჯახი დასანგრევად გაიმეტა. ჰოდა, ალბათ ამიტომაცაა, რომ "დანგრეული" უფრო ხშირად გვეჩხირება თვალში, ვიდრე "აწყობილ-აშენებული".

ახალდაქორწინებულების პრობლემა უმეტესწილად, უფულობაა; მოზარდს კი არა, სამსახურის შოვნა ხომ ჭკუადამჯდარსაც უჭირს, მაგრამ ისეც ხდება, რომ მათ დაშორებაში დიდ როლს ბიჭის ან გოგოს მშობლები თამაშობენ. დღეს სწორედ ამ პრობლემაზე ვილაპარაკებთ. კიდევ ერთი დანგრეული ოჯახი.

ნია, 18 წლის:

- მე და ნიკოს ერთმანეთი ბავშვობიდანვე გვიყვარს. ჰოდა, ვინაიდან ჩვენი გრძნობა წლების განმავლობაში არ გაცივდა, ვიფიქრეთ, რომ არ იქნებოდა ურიგო, თუ ოჯახს შევქმნიდით. დედამ ყოველთვის იცოდა, მასთან რა ურთიერთობაც მქონდა, მაგრამ როცა ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ ვუთხარი, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა,- სად გეჩქარებათ?

დაქორწინებაში ვერავინ შეგიშლით ხელს, მაგრამ კარგი იქნება, თუ ცოტა ხანს კიდევ მოიცდით. ისწავლეთ, მუშაობა დაიწყეთ და ერთად ყოფნას მერეც მოასწრებთო. შევცდი, რომ არ დავუჯერე და ნიკოს ცოლად გავყევი. დაქორწინებიდან სულ რაღაც, 3 თვისთავზე მივხვდი, რომ მის ოჯახში ცხოვრებას ვერ შევძლებდი. ჰოდა, მეუღლეს ვუთხარი: სანამ ჩვენი ბინა გვექნება, საცხოვრებლად ჩემს მშობლებთან გადავიდეთ-მეთქი. სწორედ იმ დღის შემდეგ დაიწყო კონფლიქტი ჩემსა და ნიკოს შორის.

- ასეთი რამ რატომ შესთავაზე? მის ოჯახში თავს არაკომფორტულად გრძნობდი?

- ქორწილის ღამეს დედამთილმა გამომიცხადა,- დღეს ჩემი შვილი ჩემთან უნდა დაწვეს, შენ კი მეჯვარესთან ერთად "ინებივრეო". ვიფიქრე, ალბათ ასეთია წესი-მეთქი და ხმა არ ამომიღია. მეორე დღეს, როცა უკვე მეჯვარეც წავიდა, ნიკო კი შემოუშვა საძინებელში, მაგრამ თავადაც ლამის, ლოგინში ჩაგვიწვა- ყოველ 5 წუთში შემოდიოდა და:- დედა, რამე ხომ არ გჭირდებაო?- ეკითხებოდა.

ნიკოს ვკითხე: მთელი ღამე ასე უნდა იაროს-მეთქი? არაფერი მიპასუხა, ზურგი მაქცია და დაიძინა. გავიფიქრე,- ეტყობა, ესეც ვერაა-მეთქი და შეშფოთებულმა, მთელი ღამე ნერვიულობაში გავატარე. ვფიქრობდი,- ეს რა შარში გავეხვიე, როგორ ოჯახში ამოვყავი თავი-მეთქი. მესამე დღეს თითქოს სიტუაცია გამოსწორდა- ნიკომ დედამისს უთხრა (ეგონა, მე არ მესმოდა): იცოდე, ამ საღამოს თუ არ შემეშვები, თავს მოვიკლავო!- რა იყო, დედა, ასე შეგაწუხე? კარგი, გყავდეს ის შენი ჩალასავით გამოფიტული გოგო და ვნახოთ, ჩემი კალთა თუ არ მოგენატრებაო.

- ნიკო დედისერთა იყო?

- არა და, სწორედ ეს მიკვირს: დედას სხვა შვილებისგან გამორჩეული ჰყავდა; მას თავს ევლებოდა, დანარჩენების ბედი კი არ ანაღვლებდა. ეთო- ნიკოს და იმას წუწუნებდა, დედას ყველაფერი კარგი ჩემი ძამიკოსთვის ემეტება, მე კი საჭმელი თვეების განმავლობაში რომ არ ვჭამო, არც იდარდებსო.


უმცროსი იყო და ალბათ, ამიტომაც უყვარდა გამორჩეულად... ქორწინებიდან 1 თვე ისე გავიდა (იმ ორ დღეს თუ არ ჩავთვლით, როცა ნიკოს ახლოსაც არ მაკარებდა), თავს მშვენივრად ვგრძნობდი და ვფიქრობდი, რომ თავიდან რაღაც მომეჩვენა. დედამთილი ისე იქცეოდა, ვითომ ძალიან ვუყვარდი და თავს მევლებოდა. ჩემი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა, 1 თვის შემდეგ კუდი ისევ გამოაჩინა: შუაღამეს საძინებელში გვივარდებოდა.

ბევრჯერ წაგვასწრო იმ დროს, როცა ერთმანეთს ვეალერსებოდით და ერთხელ გვიყვირა კიდეც:- თქვე უნამუსოებო, ვიდრე ოჯახის წევრები არ დავიძინებთ, ვერ მოითმენთ? იქნებ რამეში გვჭირდებითო... მერე აღარც მელაპარაკებოდა და მამამთილიც ამიმხედრა, ჩემზე ათასგვარ სიბილწეს უყვებოდა.

მხოლოდ ეთომ იცოდა, რაც ხდებოდა სინამდვილეში, მაგრამ მისი სიტყვა ბევრს არაფერს ნიშნავდა. ასე იყო თუ ისე, 3 თვის შემდეგ ნიკოს ვუთხარი,- ამ სახლიდან წავიდეთ. არ მინდა, დედაშენთან უსიამოვნება მომივიდეს-მეთქი. თავიდან დამეთანხმა, მაგრამ როცა ეს ამბავი მისმა მშობლებმა გაიგეს, ჯერ მე მლანძღეს, სულ უზნეო მეძახეს, მერე ნიკოს ჩემზე რაღაც სისულელეები უთხრეს; დედამთილმა წაიმსახიობა, ვითომ გული წაუვიდა და...

ნიკოსაც მეტი რა უნდოდა?- სახლიდან წასვლა გადაიფიქრა. იმ სახლში რაღა გამაჩერებდა? მეუღლეს ვუთხარი,- კარგი, მე წავალ და შენ თუ ოდესმე მოგენატრები, მოდი; მე აქ წუთითაც ვეღარ გავჩერდები-მეთქი.

- მაინც, მშობლებმა ნიკოს შენ შესახებ რა უთხრეს?

- ეგ გოგო შენამდე ვიღაც ბიჭებთან "დაძვრებოდა", მაგრამ არაფერს გეუბნებოდით, რადგან არ გვინდოდა, გული გტკენოდა. ჰოდა, თუ წასვლა უნდა, გაუშვი, ნუ აკავებ, ჭირსაც წაუღიაო. როცა ნიკომ იკითხა,- რას ბოდავთო? უპასუხეს: იმ ექიმმა, რომელმაც ქალიშვილობა აღუდგინა, ნია თქვენს ქორწილში ნახა და გადაირია, ოჯახში ეს ვინ შემოგიშვიათო?!

ცხადია, სიცრუეს ამბობდნენ და ნიკოც მიხვდა, რომ მისი მშობლები ბოდავდნენ. ამიტომ მითხრა: ნუ ნერვიულობ. მე ვიცი, სინამდვილეში ვინც ხარო, მერე კი მშობლებს მიუბრუნდა: ასეთი ტყუილი რამ მოგაფიქრებინათ? თუ ჩემი აქ დარჩენა გინდათ, მეორედ ასეთი სიცრუე არ თქვათ, თორემ სამუდამოდ დამკარგავთო.

ჰოდა, სწორედ მაშინ იყო, იმ ქალბატონს გული რომ "წაუვიდა". ყოველთვის ვიცოდი, ნიკოს დედა ძალიან რომ უყვარდა, მის გამო საკუთარ სიცოცხლესაც გაწირავდა, მაგრამ ამ სიყვარულს "დაჩმორებულიც" თუ ჰყავდა, ნამდვილად არ მეგონა.

- რას გულისხმობ?

- დედასთან დარჩა. შეეშინდა, მართლა არ მომიკვდესო და არჩევანი მის სასარგებლოდ გააკეთა. დარწმუნებული ვარ, დღემდე ვუყვარვარ, მაგრამ ჩემთან მოახლოებას ვერ გაბედავს- ცხადია, დედის შიშით, თორემ მე მას ისევ ველოდები.

- რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც მათი ოჯახიდან წამოხვედი?


- უკვე 6 თვე გავიდა. ცნობისათვის, ახლა ფეხმძიმედ ვარ- მეშვიდე თვეში გახლავართ და ექიმმა გამაფრთხილა: შეიძლება მშობიარობა ნაადრევად დაგეწყოსო.

- ამის მიზეზი რა არის?

- ნერვიულობა, სტრესი... ახალდაორსულებული ვიყავი, როცა მათი სახლიდან წამოვედი და თან, ორი უზარმაზარი ჩანთა წამოვიღე. ნიკომ ის ტაქსიმდეც არ მიმატანინა- აი, ამის გამო კი გული მართლა ძალიან მწყდება, მაგრამ ჩემთვის არ ეცალა, დედისთვის უნდა მიეხედა.

- და ასეთ კაცზე ამბობ,- ისევ ველოდებიო?

- არ მინდა, ჩემი შვილი მამის გარეშე გაიზარდოს, თანაც ის ისევ ძალიან მიყვარს. ხუმრობა ხომ არაა, ერთმანეთი 12 წელი გვიყვარდა... იმედი მაქვს, ამ სტატიას ნიკოს და, ძმა ან რომელიმე ნათესავი, მეგობარი წაიკითხავს და ვინმე მაინც ეტყვის, რომ მალე შვილი ეყოლება.

ჰოდა, იქნებ ბავშვისა და ჩემმა ერთობლივმა სიყვარულმა მაინც გადაწონოს დედის სიყვარული.

-ბოლოს, კიდევ ერთ კითხვას დაგისვამ: მას შემდეგ, რაც იმ ოჯახიდან წამოხვედი, მეუღლეს შენი ნახვის სურვილი არ გამოუთქვამს?


- არა და ვიცი, ამას შეგნებულად აკეთებს. იცის, რომ ცამდე მართალი ვარ და ერთხელ რომ მნახოს, მერე ჩემგან ვერ წავა. არც მე მინდა, რაიმე დავაძალო და ამიტომაც, არ ვურეკავ. მჯერა, ადრე თუ გვიან, ის ჩემთან მოვა და პატიებას მთხოვს.

ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)
ბეჭდვა
e87a93