მარიამ კახელიშვილი პირდაპირ, ”ევროვიზიისკენ”...

მარიამ კახელიშვილი პირდაპირ, ”ევროვიზიისკენ”...
ბავშვობაში დედაჩემი ”იავნანას” რომ მიმღეროდა ხოლმე, თურმე, მეც მასთან ერთად ვღიღინებდი. რომ გავიზარდე, აღმოჩნდა, რომ სიმღერის ნიჭი მქონდა, ამიტომ წყნეთში, ხელოვნების სკოლაში მასწავლებელთან - ქალბატონ ჩიორა ჩიქოვანთან მიმიყვანეს. ის ამბობდა, ამ ბავშვს დიდი ნიჭი აქვს და თუ ბოლომდე გაჰყვება, კარგი მომღერალი დადგებაო.

ამის შემდეგ სხვადასხვა კონკურსში ვმონაწილეობდი და ხშირად მაჯილდოებდნენ. პირველი იყო ”გაზაფხულის ზარები” - სადაც, ჯერ კიდევ ძალიან პატარამ, სიმღერა ”შავი კატა” შევასრულე და დიპლომი გადმომცეს.

2008 წელს საბავშვო ”ევროვიზიის” შიდა შესარჩევ ტურში გავედი.
შევასრულე სიმღერა დედაზე და მეორე ადგილი დავიკავე.

თუმცა, მანამდე ტელეეკრანებზე პროექტი ”ნიჭიერი” გამოჩნდა. ოჯახის წევრების თხოვნით, მასშიც გადავწყვიტე მონაწილეობა. ”ნიჭიერმა” ძალიან ბევრი რამ მომცა... ბავშვობიდან მქონდა ეს ოცნება - სცენაზე ვმდგარიყავი და პოპულარული მომღერალი ვყოფილიყავი. ჩემი ოცნებები ნახევრად ახდა (იღიმება), იმედი მაქვს მომავალში ბოლომდე ასრულდება.

მესამე ადგილზე გავედი, რაც ჩემთვის დიდი გამარჯვება იყო და რაც მთავარია, ამით ხალხის სიყვარული მოვიპოვე, ეს ყველაზე მეტად მიხარია. ქუჩაში ყველა მეგებება და კარგად მხვდება, ავტოგრაფებიც უთხოვიათ. ერთხელ გაჩერებაზე ვიდექი და ვიღაც ბიჭი მოვიდა. მობილური გამომიწოდა. მე შემეშინდა - რა ხდება-მეთქი? - ვკითხე.

”გთხოვ, ცოტა ხნით გამომართვი და მერე ჩემს მეგობრებს ვეტყვი, რომ მარიამ კახელიშვილს ეჭირა”. მეც შევუსრულე თხოვნა.

9 ოქტომბერს თხუთმეტი წლის გავხდი. თაყვანიმცემლებიც მყავს, ხანდახან ისე მაწუხებენ, მობილურსაც ვთიშავ. ინტერნეტში - ”ფეისბუქსა” და ”ოდნოკლასნიკზე” ძალიან ბევრი მწერს და მიმეგობრდება. პოპულარობა სასიამოვნოა, ეს მომწონს და არ მღლის.

თავიდან, როცა კასტინგზე გავედი, ძალიან მინდოდა მასში მოვხვედრილიყავი და შევეცადე, სიმღერა კარგად მიმეტანა მსმენელამდე. ახლაც არ მავიწყდება ნიკა მემანიშვილის ემოციები, თუ როგორ გამოხატავდა ჩემდამი სიყვარულსა და მოწონებას.

ხანდახან ვფიქრობ, რომ მეტი შემეძლო და ვერ გავაკეთე, თუმცა შემდეგში ვახერხებ ამ ყველაფრის გამოსწორებას. უკეთესად მღერის სურვილი მიჩნდება.

სცენაზე რომ გამოვდივარ, ყველაფერი მავიწყდება, მთლიანად სიმღერაზე ვარ გადართული, ბგერების შესრულებას ვაკვირდები, მანერას. სხვა არაფერზე ვფიქრობ.

საყვარელი მომღერლები უიტნი ჰიუსტონი, ბიონსე, ჯენიფერ ჰადსონი და ჯენიფერ ჰოლიდეი არიან... ბევრი მომღერალი მიყვარს და არა მარტო ამ ჟანრის, სხვებიც, თუმცა მიბაძვით არავის ვბაძავ, უბრალოდ, ვმღერი ჩემს სტილში - სოული და ბლუზი. ვაპირებ, ამას გავყვე, თუმცა ვნახოთ, რა იქნება მომავალში.

”ევროვიზიაზე” წასვლა ძალიან მინდოდა, ამიტომ 2010 წელს ისევ მივიღე მონაწილეობა კონკურსში. ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნებაც ახდა.

ჩემი პირველი კლიპი ”კაპაროლის” ქარხანაში გადავიღეთ, თუმცა მანამდე სტუდია ”ბზიკების” კლიპებშიც ვარ გადაღებული. სიმღერას ჰქვია ”მარი-დარი”, რომელიც ჩემმა პროდიუსერმა, გიგა კუხიანიძემ დამიწერა.

ძალიან მომწონს და რაც მთავარია, ორიგინალურია. ჩაცმულობის სტილიც სიმღერის შინაარსს შევუხამეთ. გადაღებებზე ძალიან გავერთე და ძალიანაც დავიღალე. დილით დავიწყეთ და ღამით, ორ საათზე დავამთავრეთ.

დრო მეგობრებისთვის ნაკლებად მრჩება. რაც ”ევროვიზიაზე” გავედი, და თან ახალ პროექტ ”ბრავოშიც” ვმონაწილეობ, სკოლაშიც ვეღარ დავდივარ, მხოლოდ დილით მივდივარ ინგლისურზე სამეცადინოდ. თუმცა, სკოლაში რომ მივდივარ, ყურადღებას ვიქცევ, მთხოვენ, ვიმღერო. ”ნიჭიერის” დროს ბავშვები ჩემს კლასში შემოდიოდნენ და ხუმრობით მთხოვდნენ, ინტერვიუ ჩავწეროთო.

ჩემი თანაკლასელები როცა მთხოვენ, ვმღერი. პრეზიდენტის მიერ ამერიკიდან ჩამოყვანილი ინგლისურის მასწავლებელი ჩვენთანაც არის და მანაც მთხოვა, მემღერა. მას ბიონსეს ”ლისტენ” შევუსრულე, ძალიან მოეწონა.

მომავალში უცხოეთში წასვლაზეც ვფიქრობ, მინდა იქ გავაგრძელო კარიერა, თუმცა არ ვიცი, ამას როგორ გავაკეთებ, დრო გვიჩვენებს. ჩემი ოცნების ქვეყანა ინგლისი და ამერიკის შეერთებული შტატებია. ქართველი მსმენელი თბილია, თუმცა ჩემი ასაკის ბავშვები, თინეიჯერები ხშირად კრიტიკულები არიან.

ეს ჩემზე სრულებით არ მოქმედებს, რადგან ვიცი, როგორიც ვარ და როგორ შემიძლია სიმღერა, ამიტომ ეს არ მაწუხებს. ბევრი ცდილობს გამამწაროს და გამომიწვიოს. მე არ ვყვები. პოპულარობას ეს ყველაფერი თან სდევს, ალბათ.

”ევროვიზიისთვის” ძალიან ბევრს ვმუშაობთ, მთელი სტუდია, ”ვერნისაჟის” მოცეკვავეები, თითქმის ყოველდღიურად ვემზადებით და დიდი შემართებით ვართ. საქართველოს აუცილებლად ვასახელებ. ჩვენ მხიარული, ენერგიული სიმღერით უნდა გამოვიდეთ. ჩემი ვიდეოები ”იუთუბიზე” და სხვა საიტებზეც დევს.

უცხოელები წერენ - საქართველო პირველ ადგილზე გავაო. ეს ყველაფერი ძალიან მახარებს და მეტ სტიმულს მაძლევს, უფრო დიდი სურვილი მიჩნდება, კარგად ვიმღერო. კონკურსს 20 ნოემბერს, ”პირველი არხი” პირდაპირ ეთერში გააშუქებს.

ბავშვობაში ვხატავდი, სიმღერის გამო თავი დავანებე, დრო აღარ მრჩებოდა და ფიზიკურად ვერ ვასწრებდი. ხატვა - არ ვიცი ვისგან, სიმღერის ნიჭი კი, დიდი პაპასგან გამომყვა - ჯერ ის მღეროდა, მერე - მამაჩემი, დედაც მღერის. ჯერ არ ვიცი, რა უნდა გამოვიდე, ამაზე ჯერ ვერ ვფიქრობ.

ხატვა დღემდე მიყვარს, ადრე მოდელებს ვხატავდი, დიზაინი მაინტერესებს. როცა ვხატავდი, სულ ვცდილობდი, მოდელებისთვის ლამაზი სამოსი და შეხამებული ფერები შემერჩია.

ფოტოების გადაღება მომწონს, თუ ხასიათზე არ ვარ, მაშინ - არა. ძალიან მიყვარს ძაღლები. მინდა, კოკერსპანიელის ლეკვი მყავდეს, თუმცა.. აქამდე მყავდა და ორჯერ დამკბინა, ამიტომ ჯერჯერობით აღარ მყავს ძაღლი. ფერებიც მიყვარს, ოღონდ არამყვირალა - თეთრი, რუხი, ნაცრისფერი, შაბიამნისფერი, შავი და ვარდისფერი.

არ მიყვარს ბოროტი ადამიანები, ვინც სხვას ზედმეტად აკრიტიკებენ, როცა იციან, რომ ის სინამდვილეში მაგარია. მიყვარს ისინი, ვინც სითბოსა და ყურადღებას გამოხატავენ და რაც მთავარია - ჩემი ესმით.

იხილეთ ფოტოგალერეა

ჟურნალი ”ბომონდი”
თამუნა თოდუა

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93