რამდენიმე დღეა, საქართველოს სკოლებში მე-12 კლასელთათვის ბოლო ზარი დაირეკა და ქუჩები, ტრანსპორტი თუ სოციალური ქსელი ბედნიერღიმილიანი და მხიარული მოსწავლეებით აჭრელდა, რომელთაც ხელით მოხატული პერანგები აცვიათ.
ბოლო ზარის შემდეგ მე-12 კლასელებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებამდე რამდენიმე გამოცდა და ბანკეტი აშორებთ.
სკოლის ბანკეტი... ვინ იცის, რამდენჯერ უოცნებიათ ამ დღის დადგომაზე მოსწავლეებს, გონებაში მოურგიათ ყველაზე განუმეორებელი, ორიგინალური და განსაკუთრებული კაბები თუ კოსტიუმები. ამ დღის მოახლოებასთან ერთად მშობლებს, შვილებისგან განსხვავებით, სხვა საზრუნავი უჩნდებათ - როგორ მოიძიონ ან ამყოფინონ შვილის ბანკეტის ხარჯებს ფინანსები, რომელიც ხშირად საკმაოდ ძვირი ჯდება.
AMBEBI.GE შეეცადა, გაერკვია, რა თანხებთანაა დაკავშირებული ბანკეტის გადახდა. ინფორმაციის მოსაპოვებლად რამდენიმე მშობელს გავესაუბრეთ, როგორც დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც.
ირმა არახამია, საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთი სკოლის მოსწავლის მშობელი:
"გააჩნია, ვის რა გეგმები აქვს ბანკეტთან დაკავშირებით, რომელ რესტორანში აკეთებს, რას იცვამს, კლიპს იღებენ თუ არა, ანიმატორი, წამყვანი და დიჯეი მოჰყავთ თუ არა... ბანკეტთან დაკავშირებული ხარჯები სწორედ ამ საკითხებზეა დამოკიდებული. ვხუმრობ ხოლმე - მე, მშობელი ირმა, ვაბარებ თირკმელს! რომ მივიხედ-მოვიხედები და თანხის შოვნასთან დაკავშირებით დიდ პერსპექტივებს ვერ ვხედავ, ხუმრობის მეტი აღარა მრჩება რა. ჩემი გოგონას კლასი ფუნიკულიორზე იხდის ბანკეტს. 500 ლარს ვიხდით რესტორანში 2 ადამიანი (ანუ მე და ბავშვი) - ამაში შედის მენიუ და ტორტი. ბანკეტზე იქნება კლიპის პრეზენტაცია, რომლის ჩაწერაც სასწავლო წლის განმავლობაში დაიწყო. 65 ლარი დასჭირდა თითოეული მოსწავლის წილად. პლუს, ფოტო-ვიდეოგადაღება, თავისი მონტაჟიანად, ანიმატორიან-დიჯეიანად - ყოველი ბავშვი 150 ლარს იხდის.
ჩემი გოგონას კლასში სულ 23 ბავშვი სწავლობს და მათ გარდა, კლასიდან გადასულმა ხუთმა მოსწავლემ გამოთქვა ბანკეტზე დასწრების სურვილი. შესაბამისად, ჩამონათვალი თანხები 28-ზე უნდა გამრავლდეს და გავიგებთ, მთლიანობაში რა დაჯდება ჩემი შვილის კლასის ბანკეტი. თავის დროზე, მე ვარკეთილში, "ბონდოს დუქანში” რომ მქონდა ბანკეტი, მსგავს ადგილას კაცი 50 ლარი დაჯდება. თუ უკეთესი გინდა, ჯიბეც უკეთ უნდა მოიქექო და შესაბამისად დაიხარჯო.
ახლა, რაც შეეხება სამოსს. ჩემს გოგონას ერთ-ერთი დიზაინერი უკერავს კაბას, თავისივე ნაჭრით, 300 ლარად. ფეხსაცმელიც - 150 ლარი, პლუს, ვარცხნილობა და მაკიაჟი ერთად - 80 ლარი, 20 ლარი ფრჩხილები, 10 ლარი წარბები. გაუთვალისწინებელ ხარჯებს აღარ ვგულისხმობ. ჩემი შვილის ორმა პარალელურმა კლასმა საერთოდ არ გადაიხადა ბანკეტი და მთელი კლასით წავიდნენ თურქეთში, ზღვის კურორტზე დასასვენებლად, რაშიც თითოეულს 250 დოლარის გადახდა დასჭირდა. დედაჩემი ლილოს სკოლაში მუშაობს პედაგოგად და ჩვენს ხარჯებს რომ გადახედა - გვითხრა, ლილოელების ბანკეტი გაცილებით ძვირი ჯდებაო. მათ ხარჯებს ემატება - ხელოვნური წვიმები, შუშხუნები, ფოიერვერკები, დრონს ქირაობენ, მანქანებს, ბანკეტს ისინიც ფუნიკულიორზე იხდიან... ” - გვეუბნება მეთორმეტეკლასელი გოგონას მშობელი. წაიკითხეთ სრულად