თინეიჯერებისთვის: 6 ნაბიჯი სიზარმაცის დასაძლევად (გიფები) - Marao

თინეიჯერებისთვის: 6 ნაბიჯი სიზარმაცის დასაძლევად (გიფები)

2019-02-13 11:24:37+04:00

რამდენჯერ გიოცნებია გაკვეთილის გაცდენაზე? რამდენჯერ დაგზარებია გაკვეთილის სწავლა და სკოლაში უსწავლელი წასულხარ? იცოდე, რომ მარტო არ ხარ და სიზარმაცე ჩვეულებრივი ადამიანის ჩვეულებრივი თვისებაა, მაგრამ...

თუკი სიზარმაცემ უკვე ბევრი პრობლემა გაგიჩინა და მისი დაძლევა გადაწყვიტე, ჩვენს რჩევებს გადახედე:

1. შეადგინე გეგმა

გეგმების გაწერა სიზარმაცის დასაძლევად პირველი ნაბიჯია. აიღე ბლოკნოტი, რვეული, ფურცელი, მობილურის აპლიკაცია - ნებისმიერი რამ, სადაც გეგმის ჩაწერას შეძლებ. გეგმა საშუალებას მოგცემს, გაუკეთებელი არაფერი დაგრჩეს. თანაც, ძალიან სასიამოვნოა უკვე შესრულებული დავალების გადახაზვა და იმის შეგრძნება, რომ რაც გასაკეთებელი იყო, უკვე გაკეთდა.

გეგმაში არა მხოლოდ დიდი და სერიოზული, არამედ მარტივი დავალებებიც ჩაწერე. მაგალითად, მათემატიკის დავალების ქვევით შეიძლება დაწერო სადილობა, ხილის ჭამა, ჭურჭლის გარეცხვა, კომპიუტერის გადატვირთვა და ა.შ. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ რაც უფრო მეტ მარტივ დავალებას ასრულებ, მით მეტი მოტივაცია გეძლევა უფრო რთული დავალებების შესასრულებლად.

2. დრო გაანაწილე

Time Management Graphic animated gif image cut-out graphic design graphic by hand paper animation

რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, რაც უფრო მეტი გეგმა აქვს ადამიანს დღის განმავლობაში, მით უფრო ნაყოფიერად ატარებს დროს. დაიკავე გეგმა და დააკვირდი, რა დრო გჭირდება თითოეული დავალების შესასრულებლად.

3. გამოყავი დრო განტვირთვისთვის

Scrabble Introduces 5,000 New Words! So ‘Chillax’ & Check Some Of Them Out HERE! http://goo.gl/rNzNUR

გეგმაში ერთ-ერთ დავალებად აუცილებლად ჩაწერე განტვირთვა და ეს შენთვის ყველაზე სასიამოვნოდ შესასრულებელი პუნქტი იქნება. მოუსმინე საყვარელ მუსიკას, ნახე საყვარელი სერიალის ახალი სერია, წაიკითხე წიგნი ან უბრალოდ, დაიძინე. მნიშვნელოვანია, რომ დასვენებისთვისაც წინასწარ განსაზღვრო დრო ისე, რომ დანარჩენი დავალებების შესრულებაც მოასწრო.

4. შეიქმენი განწყობა

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას. დავალების შესრულების წინ შენს თავს დაუსვი შეკითხვა: რატომ უნდა გავაკეთო მე ეს და რა მოხდება, თუ არ გავაკეთებ? იფიქრე შენს მიზანზე და დავალებები კი ამ მიზნისკენ მისასვლელ საფეხურებად წარმოიდგინე. ვინ არის შენთვის ავტორიტეტი? ვის მსგავს ცხოვრებაზე ოცნებობ? გადადგი ახალი ნაბიჯი შენი საოცნებო ცხოვრებისკენ!

5. დააწესე ჯილდო

ალბათ, არ გაგიკვირდება, რომ შრომის ნაყოფიერება იმატებს, როცა სანაცვლოდ რაღაც ჯილდოს ელოდები. ჯილდოს დაწესება ჩვენი თავისთვისაც შეგვიძლია. მაგალითად, ქართულის ხუთი გვერდის სწავლის შემდეგ ჯილდოდ დააწესე შოკოლადი, ხილი, თხილეული ან ნებისმიერი შენთვის საყვარელი სასუსნავი. ჯილდო შეიძლება იყოს ფილმის ყურებაც („თუკი ამ დღის გეგმას რვა საათამდე შევასრულებ, საღამოს ფილმს ვუყურებ“), მეგობრებთან ერთად გასეირნება და ა.შ. როცა თავს ამგვარ საჩუქარს უკეთებ, დროს ფასს ადებ, გეგმასაც უფრო ხალისით და სწრაფად ასრულებ.

6. ესაუბრე მეგობარს

ილაპარაკე შენს თავზე, გეგმებსა და ოცნებებზე. გაუზიარე შენი გეგმა ოჯახის წევრს ან მეგობარს და დღის ბოლოს უთხარი, რა შეასრულე, რა დაგრჩა შეუსრულებელი, რა დაბრკოლებები გაჩნდა და ა.შ. ერთმანეთში რჩევების გაცვლა, დახმარება, მოტივაციის ამაღლება ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ნებაყოფლობითი პასუხისმგებლობაა.

მაშინაც კი, თუკი მოსაუბრე დახმარებას ვერ შეძლებს, შენ საკუთარ თავს თავად დაეხმარები, როცა მიღწევებსა და პრობლემებს ხმამაღლა გააჟღერებ.

სიზარმაცის დაძლევა ჩვენი ყოველდღიური გამოწვევაა და ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ დაზარებია რამის გაკეთება. ასე რომ, ყურები არ ჩამოყარო და თუკი იცი ისეთი ხრიკი, რაც ჩვენ არ გაგვახსენდა, კომენტარებში გაგვიზიარე.

მარიამ ტურძილაძე