10 წიგნი, რომელიც თინეიჯერმა უნდა წაიკითხოს

10 წიგნი, რომელიც თინეიჯერმა უნდა წაიკითხოს
ჩვენ შევარჩიეთ ათი წიგნი, რომელიც მოზარდებისთვის საინტერესო იქნება.

1. ერიხ მარია რემარკი - „სამი მეგობარი“

ეს ნაწარმოები სწორედ მაშინ დაიწერა (1938), როდესაც მთელი მსოფლიო ჯერ კიდევ დიდი კრიზისიდან გამოსვლას ცდილობდა. ნაწარმოების გმირის, ლოკამპის ცხოვრება ძალიან ჰგავს თავად რემარკისას, ხოლო სიუჟეტი საოცრად ეხმაურება არა მარტო ჩვენს დღევანდელობას, არამედ პასუხობს მრავალ მარადიულ კითხვას: რა არის ნამდვილი მეგობრობა? სიყვარული? ცხოვრების ალღოს უნარი?

2. ერიხ მარია რემარკი - „ტრიუმფალური თაღი“

„სიყვარული! რა არ აფარებს თავს ამ სახელს… ნაზი და
საამოდ ტკბილი სხეულისაკენ მიდრეკილებაც და სულის უნაზესი აფორიაქებაც. არ მინდოდა სიყვარული და არ მწამდა. არ მეგონა, თუ ხელახლა მომევლინებოდა, მაგრამ მოვიდა და მთელი ჩემი გამოცდილება უსარგებლო გახადა. ცოდნა კი მხოლოდ ტკივილს მაყენებს. და რაც იწვის გრძნობის ხანძარში უკეთ, ვიდრე ცინიზმი – საბედისწერო ჟამთა სიავის წლებში დამზადებული საწვავი?" - "ტრიუმფალური თაღი" სიყვარულის ტრაგიკულ ბედზეა, ადამიანის ბედი ფაშისტურ, გულცივ სამყაროში და სიყვარული, როგორც ერთადერთი, თუნდაც დროებითი თავშესაფარი.

3. მიგელ დე სერვანტესი - „დონ კიხოტი“

"დონ კიხოტი" ესპანური და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უბრწყინვალესი ნიმუშია. ნაწარმოების მნიშვნელობა კარგად ჩანს იმ ფაქტიდან, რომ მსოფლიო ბესტსელერია და ტირაჟით მხოლოდ ბიბლიას ჩამორჩება. თავდაპირველად, რომანი ჩაფიქრებული იყო, როგორც პაროდია შუა საუკუნეების სარაინდო რომანებზე, თუმცა საბოლოოდ ნაწარმოებში აისახა სერვანტესის პერიოდის ესპანეთის სრული სურათი, მისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეებით. ნაწარმოების სრული სათაურია "მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტი ლამანჩელი".

4. რეი ბრედბერი - „მარსის ქრონიკა“

„მარსის ქრონიკა” რეი ბრედბერის 1950 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის მოთხრობების კრებულია. წიგნში დედამიწა გამოუსადეგარი ხდება და კაცობრიობა იძულებულია, მარსზე ახალი თავშესაფარი მოძებნოს. ადამიანები მარსისკენ იკვლევენ გზას, მაგრამ მარსელები მათ მოშორებას ცდილობენ. მრავალწლიანი ომის შემდეგ კოლონიზატორი ადამიანები და აბორიგენი მარსელები გადაშენების პირას არიან. სრულ „მარსის ქრონიკაში“, გარდა ძველი თარგმანებისა, შესულია უამრავი მოთხრობა, რომლებიც ქართულ ენაზე პირველად თარგმნეს ინგა კილაძემ, პორფილე იაშვილმა, ანდუყაფარ ჭეიშვილმა, ნანი წერეთელმა, დავით ბალიაშვილმა, ტატა კოტრიკაძემ, აკაკი მოსახლიშვილმა, არჩილ კიკვაძემ და თამარ მესხმა.

5. რიუნოსკე აკუტაგავა (მოთხრობები) - „ქრისტიანის სიკვდილი‘’ 

რიუნოსკე აკუტაგავა გენიალური იაპონელი მწერალია. მის ღრმად ფსიქოლოგიურ და ინტელექტუალურ პროზას მრავალი თაყვანისმცემელი და დამფასებელი ჰყავს. დრამატული და რთული ბიოგრაფიის მქონე ავტორმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სიცოცხლის ბოლო დღეებში კი დაწერა გენიალური ნაწარმოები "ცხოვრება იდიოტისა", რომლის წაკითხვაც, მის სხვა მოთხრობებთან ერთად, ამ კრებულში შეგიძლიათ.

6. პროსპერ მერიმე - „მატეო ფალკონე“

XIX საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგი რეალისტის, დრამატურგისა და მხატვრული პროზის ოსტატის - პროსპერ მერიმეს ხსენებაზე, პირველ რიგში, ყველას „კარმენი“ ახსენდება. ეს ნოველა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები იყო, რომელშიც კარგად შეძლო კორსიკული წეს-ჩვეულებების აღწერა და ბოშა ქალის - კარმენის დაუვიწყარი სახე შექმნა. როგორც მწერალს, დებიუტი საკმაოდ ადრე ჰქონდა. 19 წლის იყო, როცა ისტორიული დრამა „კრომველი“ დაწერა. მისმა ნაშრომმა მეგობრების დიდი მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებით დასაფასებელი სტენდალის წახალისება იყო, რამაც მერიმეს ბიძგი მისცა, მთლიანად მიეძღვნა თავი ლიტერატურისთვის. თუმცაღა თვითონ თავისი პირველი ნაწარმოებით უკმაყოფილო იყო და ის არც დაუბეჭდავს. მოგვიანებით დაწერა რამდენიმე დრამატული პიესა, ისტორიული რომანი და ცნობილი მოთხრობა „მატეო ფალკონე“.

7. ჰარიეტ ბიჩერ სტოუ - „ბიძია თომას ქოხი“

ბიძია თომა და სხვა უამრავი ადამიანი მონის მძიმე უღელს ატარებენ. თეთრკანიან ბატონთა უმრავლესობა შავკანიან მონას ადამიანად არ თვლის. მათთვის სიყვარულსა და ადამიანურ ბედნიერებაზე ოცნება აკრძალულია. ბევრი მონა ეგუება ასეთ ცხოვრებას, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ბრძოლის გზას ირჩევენ. ბიძია თომა ცხოვრების გზაზე აღმოაჩენს, რომ ადამიანის მთავარი ფასეულობა სულია, რომელსაც ვერავინ იყიდის; ღირსება, რომელსაც ვერავინ წაართმევს; და შინაგანი თავისუფლება, რომელსაც, თუ მოინდომებს, მონობაშიც შეინარჩუნებს.

8. შტეფან ცვაიგი - „უცნობი ქალის წერილი“

ამბავი სიყვარულზე, რომელიც ჩასახვისთანავე სასიკვდილოდ იყო განწირული. ამბავი ქალზე, რომელმაც ყველაფერი დაკარგა სიყვარულთან ერთად. ქალზე, რომელიც დაივიწყეს. ალბათ, გსმენიათ გამოთქმა: ადამიანი მაშინ კვდება, როცა ივიწყებენო. სიყვარულიც სწორედ მაშინ კვდება, როცა მისი არსებობის აღარ სწამთ. ისტორია ქალზე, რომელსაც ბავშვობიდან თავდავიწყებით უყვარს მწერალი მამაკაცი და სამუდამოდ მისი ერთგული რჩება! ერთგული რჩება მამაკაცისა, რომელსაც აღარც კი ახსოვს პატარა გოგონა, რომელიც გაიცნო. სიკვდილის წინ ქალი გადაწყვეტს, მას ყველაფერი გაუმხილოს.

9. მიხაილ ბულგაკოვი - „ოსტატი და მარგარიტა“

"ოსტატი და მარგარიტა" მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული რომანია, რომლის არსის ამოხსნაზე დღემდე მსჯელობენ და კამათობენ კრიტიკოსები, ფილოსოფოსები, მწერლები. ამ ნაწარმოებში ნებისმიერი გემოვნების მკითხველი იპოვის მისთვის საინტერესოს: სახელწოდება იმთავითვე გვაუწყებს, რომ ხელოვნების რაობაზე დაფიქრება და ამაღლებულ სიყვარულთან ზიარება მოგვიწევს; თქვენ წინაშეა მარადიული წიგნი მარადიულ საკითხზე.

10. რეი ბრედბერი - „კალეიდოსკოპი“

წიგნში შესულია შემდეგი მოთხრობები: "ცელი", "კალეიდოსკოპი", "სანაპირო მზის ჩასვლისას", "სიკვდილი და ქალწული", "სარსაპარელის სუნი", "მარწყვისფერი ფანჯარა", "კლდემაც შეჰყვირა", "წყნარ ამინდში", "თანხმობის მომნიჭებელი", "ჟანგი", "და მეხმაც იქუხა..."

ნესტან ცერცვაძე
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
??
სამი მუშკეტერი? მაინ რიდი? ჟიულ ვერნი? დიდოსტატის მარჟვენა? მე, ბებია, ილიკო და ილარიონი? .........
14:41 / 11-03-2019
გამოხმაურება / 1 /
ჰე, ჰე
დავამატებ - მიხეილ ჯავახიშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, სელინჯერი, ჰემინგუეი . . .
17:29 / 02-04-2019
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93