მაია ტურაბელიძე, მთარგმნელი, ორი ქალიშვილის დედა - იტალია
- ექსკურსიის ჩატარება სკოლაში, ლიცეუმში თუ ნებისმიერ სასწავლებელში სავალდებულოა, ანუ ყველა სასწავლო დაწესებულებას ევალება ასეთი გასვლის მოწყობა, როგორც შესწავლილის გაღრმავება და პრაქტიკაში განხორციელება. ექსკურსიები ორდღიანებიცაა და ერთკვირიანებიც. გააჩნია ასაკს და სასწავლო მასალას. ჩემი შვილი, როგორც წარჩინებული მოსწავლე, ხუთი დღით წაიყვანეს კუნძულებზე პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად.
- ამისთვის თანხის შეგროვება გიწევთ?
- განათლების სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს აძლევს წლიურ თანხას (ყველას გამოეყოფა ეს), რომელიც უნდა დაიხარჯოს ექსკურსიებსა და სხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში. თუ ეს გამოყოფილი თანხა არ დაიხარჯება ასეთ მიმართულებებში, ხაზინას უკან მიაქვს, ანუ იკარგება. სასწავლებელში მიღებულ თანხას ადმინისტრაცია ავტობუსის დაქირავებაზე, პედაგოგთა ანაზღაურებასა და ექსკურსიის ღირებულების რაღაც ნაწილის გადახდაზე ხარჯავს. დანარჩენს მოსწავლეთა ოჯახები იხდიან.
- მარშრუტის შერჩევაში მშობლებს აქვთ მონაწილეობის უფლება?
- არა, საექსკურსიო მიმართულებას მხოლოდ მასწავლებელთა კოლეგია ირჩევს. სასწავლო წლის დასაწყისში ეწყობა თათბირი და შესასწავლი პროგრამების მიხედვით, ყოველი კლასისთვის შესაბამის საექსკურსიო ადგილს ირჩევენ. წამსვლელ მოსწავლეთა გარკვეული რიცხვი თუ არ შეიკრიბა, ექსკურსია არ შედგება.
- მშობლები დაჰყვებიან ექსკურსიებს?
- მშობლების ექსკურსიაზე გაყოლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მოსწავლე დამოუკიდებლად ყოფნას უნდა მიეჩვიოს; მერე კიდევ, ის ექსკურსია სასწავლოა და არა საოჯახო. მხოლოდ რამდენიმე პედაგოგი მიჰყვება და გზადაგზა ან თვითონ უხსნიან დასათვალიერებელი ადგილების შესახებ, ან სპეციალურად გიდი ჰყავთ აყვანილი, რომელსაც სასწავლებელი უხდის თანხას. ექსკურსიაზე წასვლის წინ სასწავლებელში ეწყობა მშობელთა კრება, სადაც მშობლებს გააცნობენ განსახორციელებელ პროგრამას და შესაბამისად ურიგებენ ფურცლებს, რომლებზეც დეტალებშია დაწერილი, რომელ საათზე და სად იქნება მისი შვილი/კლასი. კვების საკითხიც პროგრამაშია, ანუ წინასწარ არის განსაზღვრული, სად და რომელ საათზე უნდა ჭამონ (საუზმე, სადილი, ვახშამი). გაგრძელება