ზღაპრები ბავშვობის ასაკში გვეხმარებიან სამყაროს უკეთ შეცნობაში, ბოროტებისა და სიკეთის გარჩევაში, ანვითარებენ ფანტაზიას, ინტელექტს და გვაყვარებენ მხატვრულ ლიტერატურას...
როგორც ცნობილია, საზღაპრო ეპოსი მდიდარია მრავალფეროვანი მოთხრობებით, რომლებშიც შედის როგორც ჯადოსნური, ისე ცხოველთა და საყოფიერო-რეალისტური ზღაპრები.
პროფესორ ქეთევან სიხარულიძის აზრით, ზოგ მათგანში შეხვდებით ეროვნულ ხასიათს, მაგრამ ძირითადი რაოდენობა ყველა ტიპის ზღაპრებისა იმეორებს საყოველთაო სიუჟეტებს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ საერთაშორისო ფოლკლორში მიღებულ შვიდ თემატურ ბუდეში საქართველოში 135 სიუჟეტური ტიპია დაფიქსირებული, რომელთა შორის 100 ტიპოლოგიური სიუჟეტია (ანუ ისინი სხვა ხალხთა ზღაპრების მსგავსია), 35 - ორიგინალური (ანუ ეს სიუჟეტები მხოლოდ ავტორის სტილი დაცულია, 74 ქართულ ეპოსშია დადასტურებული)... ყველა ჯადოსნური ზღაპარი ერთმანეთს ჰგავს, მსგავსია სიტუაციები, მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებანი, ყოველ მათგანში წარმოდგენილია სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირება და სიკეთის გამარჯვება (ნოზაძე თ. ინტერვიუ ქ.სიხარულიძესთან: 2013).
ჟანრი, რომელიც ოდესღაც საგანმანათლებლო და ერის ცნობიერების გამაერთიანებელ ფუნქციას ახორციელებდა, დღეს საბავშვო ლიტერატურის კატეგორიაშია მოქცეული. არადა, წერა-კითხვის უცოდინარი ხალხისთვის სწორედ ფოლკლორი ასრულებდა მხატვრული ლიტერატურის ფუნქციას, ამდიდრებდა ადამიანების წარმოსახვას და ეხმარებოდა მათ სამყაროს აღქმაში. ზღაპრის მეშვეობით სწავლობდნენ ისინი, თუ რა არის სიკეთე, სხვათა დახმარება და რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე.
ამერიკელი ბავშვთა ფსიქოლოგი, მწერალი და ფსიქოანალიტიკოსი ბრუნო ბეთელჰაიმი ზღაპრებს ფსიქოანალიტიკური პერსპექტივიდან გამომდინარე იკვლევდა. ის ამტკიცებდა, რომ ზღაპრები აუცილებელი ბავშვის განვითარებისთვის, რადგან ისინი ბავშვებს ღირებულ გაკვეთილებს სთავაზობენ მათთვის გასაგებ და დამარწმუნებელ ენაზე: “ზღაპარი უფრო ფსიქოლოგიურად დამარწმუნებელია ბავშვისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა რეალისტური მოთხრობა, რადგან ის ბავშვს საოცნებო ტრიუმფს ჰპირდება. ვინაიდან ზღაპარი ბავშვს სამეფოს აღუთქვამს, ბავშვი მზადაა დაიჯეროს ყველაფერი, რასაც მას ზღაპარი ასწავლის.”
ჯადოსნურ ზღაპარს, მიუხედავად შინაარსის მრავალფეროვნებისა, მარტივი და თითქმის ერთგვაროვანი კომპოზიცია აქვს. მათი შინაარსი შეიძლება ერთ ფორმამდე დავიყვანოთ: გმირი სხვადასხვა მიზეზით სიყმაწვილიდანვე რაიმე სახიფათო სიტუაციაში ვარდება, შემდეგ მას ძნელი დავალებების შესრულებას სთხოვენ. ჯადოსნური საგნების ან შემწეს მეშვეობით თავს ართმევს ყველა სიძნელეს, მოიპოვებს მზეთუნახავს და სამეფო ტახტს. ზღაპარი თავდება გმირის ქორწინებით და მისი შემდგომი ამბავი ზღაპარს აღარ აინტერესებს. მასში არაფერი უჩვეულო მოსალოდნელი აღარ არის, რადგან აღარ არსებობს მიზანი. ეს არის ჯადოსნური ზღაპრის ძირითადი სქემა. ამბავი მხოლოდ იმ შემთხვევაში გრძელდება, თუ ქორწინება საბოლოო არ არის და გმირი საბედოს კარგავს და მის დასაბრუნებლად მიეშურება.
შესაძლოა, ამგვარი სვლა სამჯერაც გამეორდეს ერთ ზღაპარში, მაგრამ ყველა ერთნაირია და არაფრით განსხვავდება დანარჩენებისგან. ზღაპრის სიუჟეტის განვითარებისთვის აუცილებელია გმირის სახლიდან (საკუთარი მიწიდან) გასვლა. ყველა ჯადოსნურ ზღაპარში გმირი გადის „გარეთ”, წუთისოფელში, სადაც მას ხვდებიან მტრები, მაგრამ ასევე პოულობს მეგობრებს, შემწეებს, მოიპოვებს ჯადოსნურ საგნებს და რაც მთავარია, ამარცხებს ბოროტებას.
ზღაპრის დასასრულს გმირი ქორწინდება მეფის ასულზე, მზეთუნახავზე, რაც მისი გამეფების აუცილებელი პირობაა. შინიდან წასვლა და დაქორწინება, აი, ის ორი მიჯნა, რომელთა შორისაც ავტორის სტილი დაცულია 79 მოძრაობს ჯადოსნური ზღაპრის სიუჟეტური ხაზი. როგორც ვხედავთ, ჯადოსნური ზღაპრის გმირი სიკეთეს განასახიერებს. ის თითქოს საკუთარი ბედის მაძიებელია, მაგრამ მისი მონაპოვარი სიკეთე საყოველთაოა, რადგან ბოროტების წარმომადგენელი მარტო მისი კი არა, საზოგადოდ ხალხის მტერია და მისი დამარცხებით საზოგადოებისთვის მოაქვს შვება.
ჯადოსნური ზღაპრის იდეოლოგია ეხმიანება ქრისტიანობას. დანამდვილებით რომ არ ვიცოდეთ, რომ ზღაპარი უძველესი ქმნილებაა, ვიფიქრებდით, რომ იგი ქრისტიანული კულტურის წარმონაქმნია. თუმცა, რასაკვირველია, დროთა განმავლობაში ქრისტიანულმა იდეოლოგიამაც შეიტანა თავისი წვლილი ზღაპრის ამ სახით ჩამოყალიბებაში. განსაკუთრებით ეს ითქმის ქართული ჯადოსნური ზღაპრების შესახებ. თითქმის ყველა მათგანს აქვს ტრადიციული დასაწყისი: „იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი”. მართალია, თავად ღმერთი პერსონაჟად არ მონაწილეობს, მაგრამ მისი წყალობა მუდამ ახლავს მთავარ გმირსაც და ზღაპრის მთქმელსაც.
ზღაპარი მითოლოგიის ნაშიერია და სიმბოლოების ენით მეტყველებს. ეს ენა კი ბავშვებს შესანიშნავად ესმით.
- ქართული ზღაპრები (ჯადოსნური ზღაპრები მაქვს მხედველობაში), ისევე, როგორც ყველა სხვა ხალხის ზღაპრები, მითოლოგიური წარმომავლობისაა, ანუ კაცობრიობის უშორეს წარსულში აქვს ფესვი გადგმული. ბევრ მათგანში შეიძლება ამოვიცნოთ ესა თუ ის მითოლოგიური სიუჟეტი ან მითოლოგიური წარმოდგენები საგნებსა თუ მოვლენებზე.
იმავე საგნებსა თუ მოვლენებზე თანამედროვე ადამიანს უკვე სულ სხვაგვარი, ანუ მეცნიერული შეხედულებები აქვს შემუშავებული. თუ ასეა, რა განაპირობებს ზღაპრებისადმი იმ ინტერესს, რაც დღემდე შემოგვრჩა? თუკი ადრეულ ასაკში ზღაპრების სიყვარული იმით შეიძლება აიხსნას, რომ ბავშვი სამყაროს მითოლოგიური თვალთახედვით აღიქვამს, რისი გამოხატულებაც თუნდაც ის არის, რომ უსულო საგნებსაც სულიერ არსებებად მიიჩნევს, ზრდასრულთ რატომღა უნდა იტაცებდეთ ეს ჟანრი, - მაინცდამაინც ხალხური ზღაპარი თუ არა, მის ყაიდაზე შექმნილი ლიტერატურული ზღაპრები ხომ დიდების საყვარელი საკითხავიც არის, ვთქვათ, ანდერსენისა, ოსკარ უაილდისა თუ ჰოფმანისა?
საქმე ის გახლავთ, რომ მითოლოგიური წარმოდგენებისგან მთლიანად როდი გათავისუფლდა ადამიანი (მთლიანად ამისგან ვერც ვერასოდეს გათავისუფლდება მოკვდავი), - მითოლოგია განაგრძობს არსებობას ჩვენს არაცნობიერში, - როგორც პიროვნულ, ასევე კოლექტიურ არაცნობიერში; განაგრძობს ე. წ. არქეტიპების სახით (კარლ გუსტავ იუნგის მიერ დამკვიდრებული ტერმინია). აი, ეს არქეტიპები საზრდოობენ ზღაპრებით და ზღაპრებსაც თავის მხრივ ამ არქეტიპებით უდგათ სული.