როდის მივიყვანოთ გოგონა გინეკოლოგთან

როდის მივიყვანოთ გოგონა გინეკოლოგთან
როდის უნდა მივიყვანოთ გოგონა გინეკოლოგთან? არ დაიჯერებთ და, თურმე რეგულარულად უნდა ვატაროთ, განურჩევლად იმისა, გვაქვს საამისო მიზეზი თუ არა. პედიატრი მანანა უბილავა სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება.


- ხალხში ჯერ კიდევ ღრმად უდგას ფესვი აზრს, რომ ბავშვთა გინეკოლოგი მხოლოდ "ცუდი ყოფაქცევის" გოგონებს სჭირდებათ - მათ, ვინც ნაადრევად დაიწყო სქესობრივი ცხოვრება და სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია სჭირს ან ვისაც არასასურველი ნაყოფისგან თავის დაღწევა უნდა. საბედნიეროდ, არსებობენ მშობლები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ. მათ მიაჩნიათ, რომ ზრდასრულ ასაკში გინეკოლოგიური პრობლემები თავიდან
რომ ავიცილოთ, პატარაობიდანვე უნდა დავიჭიროთ თადარიგი.

- რას გულისხმობთ?

- ახალშობილი გოგონას რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, უწინარეს ყოვლისა, ჰიგიენური პროცედურების სწორად ჩატარებას გულისხმობს. ყურადღება მიაქციეთ კანის მდგომარეობას, განსაკუთრებით - ნაკეცებში, რათა სასქესო ორგანოების ახლოს ინფექციის კერები არ აღმოცენდეს. მნიშვნელოვანია, დროულად გამოუცვალოთ პატარას დაბინძურებული პამპერსი, ხშირად მიაღებინოთ ჰაერის აბაზანა, დღისით დროდადრო პამპერსის გარეშე დატოვოთ, რომ კანმა ისუნთქოს. პამპერსი ასაკისა და წონის მიხედვით შეარჩიეთ. როგორც ზომაზე პატარა, ასევე მეტისმეტად დიდი ერთნაირად საზიანოა. გოგონა ყოველდღე ჩაბანეთ სუფთა, გამდინარე თბილი წყლით წინიდან უკან, რათა უკანა გასავლიდან ბაქტერიები საშოში არ მოხვდნენ, 2-3 წლიდან კი დამოუკიდებლად ჩაბანას მიაჩვიეთ. თუ კანი განავლით არის დაბინძურებული, ხელით და გამდინარე წყლის ჭავლით უნდა მოაშოროთ და არა ღრუბლით. საპონს ხშირად ნუ გამოიყენებთ, რათა კანი და ლორწოვანი გარსები (საშოსი, საშვილოსნოსი) არ გამოშრეს (პატარების საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლები პრაქტიკულად არ ფუნქციობს, ამიტომ არც სასქესო გზებიდან გამონადენი არსებობს). გამოშრობა ხელს უწყობს ლორწოვანი გარსების პათოლოგიური და პირობითპათოგენური მიკროორგანიზმებით ინფიცირებას. არც ის დაივიწყოთ, რომ პატარები მეტად არიან მიდრეკილნი ალერგიული რეაქციებისკენ, ამიტომ ინტიმური ადგილების ჰიგიენისთვის არომატიზატორების შემცველ საშუალებებს ნუ გამოიყენებთ. უმჯობესია ისარგებლოთ საბავშვო საშუალებებით, რომლებიც ჰიპოალერგიულია და რომელთა გამოყენება ახალშობილობის ასაკიდანვეა ნებადართული. ერიდეთ ასეპტიკური და ანტისეპტიკური საშუალებებით ჰიგიენური პროცედურების ჩატარებას - შესაძლოა, ამას მცირე სასირცხო ბაგეების შეხორცება (სინექია) და ატოპიური დერმატიტის გამწვავება მოჰყვეს. დაბანისას მშობელმა უნდა მოიხსნას სამკაული, ფრჩხილებიც დაჭრილი უნდა ჰქონდეს, რათა პატარას უნებლიეთ კანი არ დაუზიანოს. თუ გსურთ, ჰიგიენური პროცედურებისთვის სამკურნალო ბალახების ნაყენი გამოიყენოთ, წინასწარ შეუთანხმდით ექიმს. დაბანისა და ჩაბანის შემდეგ გოგონას სასქესო ორგანოებს ნუ გაუმშრალებთ - სუფთა, რბილი ქსოვილის საფენი ან პირსახოცი ნაზად მიადეთ და ასე შეაშრეთ წყალი. პირსახოცი გოგონას საკუთარი უნდა ჰქონდეს. ასევე, ყოველდღე უნდა გამოიცვალოს ქვედა საცვალი.


- როდის უნდა მივიყვანოთ ბავშვი ექიმთან?

- პამპერსის გამოცვლის, დაბანის დროს პატარას ყურადღებით დაუთვალიერეთ შორისის მიდამო. ექიმთან მიიყვანეთ, თუ:

  • შეამჩნიეთ კანის, გარეთა სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის სიწითლე;
  • შეამჩნიეთ გამონადენი, მეტადრე - უხვი, მოყვითალო, მომწვანო, მოყავისფრო;
  • გოგონა ტირის მოშარდვამდე ან მოშარდვის შემდეგ;
  • გარეთა სასქესო ორგანოებს უჩვეულო შესახედაობა აქვს;
  • მშობლებს აქვთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია (ქლამიდია, ურეა და მიკოპლაზმა, ტრიქომონა და სხვა).

წაიკითხეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93