სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მოსწავლეები 15 სექტემბერს შეძლებენ საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ.
"იმის გამო, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის უმნიშვნელოვანესი, განათლების სამინისტრომ აქტიურად ითანამშრომლა ჯანდაცვის სამინისტროსთან და მათი რეგულაციების საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები სკოლებისთვის", - განაცხადა დგებუაძემ.
განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:
მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა;
შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა;
შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა;
პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა;
სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ;
ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება;
სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;
ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე;
ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება;
სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის, დასვენებების პერიოდში და სხვა.
ზემოაღნიშნულ რეგულაციებზე დაყრდნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, თითოეული სკოლის სპეციფიკისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც ყველა სკოლას საშუალებას მისცემს, ინდივიდუალური შესაძლებლობების, მოსწავლეთა რაოდენობისა და სასკოლო ფართს შორის თანაფარდობის გათვალისწინებით, დაგეგმოს სასწავლო პროცესი. სკოლებს სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს, შესაძლებლობა ექნებათ:
თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა (მინ. 30-წუთიანი გაკვეთილები);
განსაზღვრონ საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით (08:30 სთ; 08:45 სთ; 09:00 სთ);
განსაზღვრონ და მოქნილად დააორგანიზონ ცვლები;
საჭიროების შემთხვევაში ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ რამდენიმეცვლიან მოდელზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით;
სკოლებს, მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შეუძლიათ დანერგონ შერეული (ე.წ. ჰიბრიდული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად) სწავლების საკუთარი მოდელი;
სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სასწავლო დღედ გამოყენებულ იქნეს შაბათი დღე; გაგრძელება