თინეიჯერები

"მშობლები გართობის მეთოდებს მიწუნებენ"

"მშობლები გართობის მეთოდებს მიწუნებენ"
რეპერი: "გამარჯობა. მინდა, დამეხმაროთ. ყველა ამბობს, რომ ძალიან კარგი მოზარდი, კარგად აღზრდილი და ჭკვიანი გოგო ვარ, მაგრამ დედ-მამას ვერაფრით მოვაწონე თავი. ისინი ყოველთვის მაკრიტიკებენ და ცდილობენ, სული გამიმწარონ. მშობლები გართობის მეთოდებს მიწუნებენ.

ამბობენ, რომ გამუდმებით კომპიუტერთან ჯდომა გამომაშტერებს, რომ ღამის კლუბებში სიარული გოგოსთვის არ შეიძლება, რომ იქ ათასი უბედურება ხდება და შეიძლება, ამით ცხოვრება დავიმახინჯო; არ მოსწონთ, რეპს რომ ვუსმენ. მეჩხუბებიან: ეს რა სიმღერაა? არ ჯობია, რომ კლასიკას ან ქართულ სიმღერებს უსმინოო? პატარაობიდანვე მატარებენ ქართულ
ცეკვებზე, მაგრამ რა ვქნა, თუ რეპი უფრო მეტად მიყვარს? შეიძლება მომავალში გემოვნება რადიკალურად შემეცვალოს, მაგრამ ამ წუთას იმას ვუსმენ, რაც მევასება. არ მესმის, მშობლების ხათრით ან ნაძალადევად რაღაც რატომ უნდა გავაკეთო?

ჩემს მშობლებს არც ჩემი ჩაცმულობა მოსწონთ. მეუბნებიან, რომ ძალიან ცუდად მაცვია, რომ ჩემი სტილის გამო ბიჭები, როგორც გოგოს, არასდროს შემომხედავენ. ამით უნდათ, "ამაგდონ", მაგრამ ვერ მივართვი: უამრავი თაყვანისმცემელი მყავს. მეუბნებიან: 24 საათი კომპიუტერთან ჯდომას ის ჯობია, ბავშვური თამაშებით გაერთოო. რა, 16 წლის გოგომ მაინცდამაინც "რეზინობანა" ან "ლახტი" უნდა ვითამაშო, მშობლებს ჩემი საქციელი რომ მოეწონოთ?

დედა ხშირად მეუბნება: შენს ასაკში ჩემთვის სულ სხვა რაღაცები იყო ღირებული და საინტერესოა, შენ ვის ჰგავხარო. კაცო, მაშინ არც კომპიუტერი ჰქონდათ, არც შუქი, არც - გაზი და ამიტომაც იყო, რომ სხვადასხვა გასართობ საშუალებას ეძებდნენ, მთელი დღე ქუჩაში იდგნენ და ხტუნაობდნენ. დედა ახლაც ინახავს მარკებსა და საღეჭი რეზინის "ნაკლეიკებს". ამბობს, დრო მოვა და ამ ფურცლებს ფასი დაედებაო. მგონი, იმ დროში ჩარჩა და ვერ ხვდება, რომ დღეს ასეთი რაღაცები არავის აინტერესებს.

რა ვქნა, მხოლოდ იმის გამო, რომ მშობლები გავახარო, ეზოში ხტუნვასა და ცეკვა-თამაშს ვერ დავიწყებ; ასე რომ მოვიქცე, ვიღაცას გიჟი ვეგონები და დამცინებენ კიდეც. მირჩიეთ, როგორ მივახვედრო მშობლები, რომ ძველი დრო წარსულს ჩაბარდა, რომ თანამედროვე მოზარდს სულ სხვა გატაცებები აქვს, ვიდრე წლების წინ ჰქონდათ?..

ერთხელ კლუბში წასულს დედ-მამამ მომაკითხა და მათ შინ რომ არ გავყევი, შესასვლელთან დიდხანს იდგნენ. მერე დაცვამ ორივე შემოუშვა. ისხდნენ, ახალგაზრდებს გვიყურებდნენ. მართალია, მიხვდნენ, რომ არაფერს ვაშავებდით და რომ მე და ჩემი მეგობრები ცუდი რაღაცების გამკეთებლები არ ვიყავით, მაგრამ მაინც არ მოეწონათ რაღაც. ალბათ, ჩვენი ცეკვა, ხუმრობები დაიწუნეს... მე კი იმდროინდელ ამბებს რომ მიყვებიან, სწორედ მაშინ მეცინება, ისინი ხომ რაღაც უაზრობებით პონტაობდნენ..."

ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)
ბეჭდვა
e87a93