"ძმაკაცის გამო ლამის საყვარელი ადამიანი დავკარგე..."

"ძმაკაცის გამო ლამის საყვარელი ადამიანი დავკარგე..."
კაკი, 19 წლის: "გამარჯობა. დიდხანს ვფიქრობდი, თქვენთვის საკუთარი პრობლემის შესახებ მომეწერა თუ არა, ჰოდა, გავბედე და ახლა იმას ვაკეთებ, რაც ამ ჟურნალში ყველაზე მეტად არ მომწონდა; ჰო, არ მომწონდა, ხალხი საკუთარ პრობლემას რომ გიზიარებდათ და მათ "დარტყმულებად" მივიჩნევდი, ახლა კი ვხვდები, რომ მწარედ ვცდებოდი. მეც მჭირდება უცხო ადამიანების რჩევა-დარიგება...

უამრავი მეგობარი მყავს და პრობლემების მოგვარებაში სწორედ ისინი მეხმარებიან ხოლმე, მაგრამ
ამ შემთხვევაში, მათ ვერაფერს ვკითხავ. საქმე ის არის, რომ ჩვენს დიდ სამეგობროში ერთ-ერთმა
ვირეშმაკობა გამოიჩინა
და ცდილობს, შეყვარებულზე გული ამიცრუოს, ჩემს მშობლებს მათზე
ცუდი ათქმევინოს და საყვარელი ადამიანი დამაკარგვინოს... მას მერე, რაც ქეთა გავიცანი, გიგიმ (ალბათ ხვდებით, რომ არა მარტო მათი, არამედ საკუთარი სახელის შეცვლილ ვარიანტს გათავაზობთ) სულ სხვა სახე მიჩვენა და გული მატკინა. არადა, ის საუკეთესო მეგობრად მიმაჩნდა.

მართალია, სულ რაღაც 3 წელია, ვძმაკაცობთ, მაგრამ თითქოს,
ბევრ რამეში გამოვცადე და აქამდე არასდროს არაფერში ჩაჭრილა. ქეთას შემთხვევაში კი არ ვიცი, რა ბზიკმა უკბინა. გამუდმებით ცდილობდა, ჩემს შეყვარებულზე ხალხის ცუდი ნათქვამი, ცხელ-ცხელი ჭორი მოეტანა. როცა საყვარელ ადამიანთან ერთად ვიყავი, მიზეზი არ დაელეოდა, რომ დაერეკა და საათობით გამიბამდა ლაპარაკს. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს გვიან მივხვდი, მანამდე კი შეყვარებულთანაც დამეძაბა ურთიერთობა - ამის მიზეზი ის ეჭვის მარცვალი იყო, რომელიც გიგიმ გამიღვივა.

მოკლედ, ერთხელ დამირეკა და მითხრა: მართალია, არ მიჯერებ, ხალხის ნათქვამი "გკიდია", მაგრამ ახლა ამა და ამ ადგილას უნდა გამოხვიდე; ნახავ, რომ შენი გოგო გღალატობს, სხვას ეკურკურებაო. ლამის ტვინში სისხლი ჩამექცა, მაგრამ პირველი, რაც ძმაკაცს ვკითხე, იყო: შენ იმ ადგილას საიდან აღმოჩნდი-მეთქი? - შემთხვევით გამოვიარეო, - თავი იმართლა. - შემთხვევით და თანაც, ასე დილაადრიანად გარეთ ან რამ გაგიყვანა, ან სახლიდან ასე შორს როგორ ამოყავი თავი-მეთქი? - შენთვის კარგი რომ არ მინდოდეს, ყველაფერს "დავიკიდებდი" და შენი "ბედნიერებით" სხვების მსგავსად, მეც შორიდან დავტკბებოდი. თუ მენდობი, მოდი, თუ არა და, მომავალში აღარაფერს გეტყვიო.

მოკლედ, ეჭვიანობამ ლამის გამაგიჟა და მართლა წავედი იქ,
სადაც მეგობარმა დამიბარა. ლამის მოვკვდი, როცა ქეთა ვიღაც ბიჭთან ერთად, ხელიხელგაყრილი, ბაღში მოსეირნე დავინახე. გიჟივით მივვარდი, გავლანძღე, არაფრის ახსნა არ ვაცალე, მერე კი მე და იმ ბიჭს ერთმანეთი შემოგველახა. ჩხუბის დროს გიგიც მოვარდა, ძლივს აგვწაპნა ერთმანეთისგან, სასწრაფოდ ტაქსი გააჩერა, მანქანაში ჩამტენა და სახლში წამომიყვანა. ძალიან ცუდად ვიყავი.

შინ მისული ოთახში ჩავიკეტე დ გიგის გარდა, არავის ველაპარაკებოდი, სხვა
მეგობრებს ოთახშიც არ ვუშვებდი: თქვენ ვინ ყოფილხართ? იცოდით, შეყვარებული რომ დამცინოდა, მაგრამ ხმას არ იღებდით-მეთქი. კი მეუბნებოდნენ: ხომ არ გაგიჟდი, რა გჭირს, რას ლაპარაკობო? მაგრამ არც მათი მოსმენა ვიკადრე და ქეთასაც, რამდენჯერაც დამირეკა, უხეშად ვუთხარი: აღარც დამირეკო და აღარც დამენახვო-მეთქი!

რამდენიმე დღის შემდეგ ქეთას დედა
მოგვადგა სახლში. მან დედაჩემს უამბო, რომ მისი შვილი და მე შეყვარებულები ვიყავით (თუმცა ეს დედამაც იცოდა). მერე ისიც უთხრა, ჩვენ შორის რა მოხდა და სთხოვა, - თქვენ შვილთან მალაპარაკეთ. უნდა ვკითხო, ქეთამ ისეთი რა დააშავა, რომ მასაც ხელით შეეხო და ჩემს ძმისშვილს, რომელსაც არც კი იცნობდა, კბილები დაუმტვრიაო?..

დედამისის სტუმრობის ამბავი
რომ გავიგე, ლამის ტანსაცმლიანად გავგიჟდი, - აქ როგორ მოვიდა-მეთქი? მისი სახლიდან გაგდება ვერ გავბედე, მაგრამ ოთახიდან გამოსულმა მყრალი სიტყვები არ დავიშურე. ვუთხარი, რომ მისი ქალიშვილი მოღალატე ნაძირალაა, რომ მხოლოდ მე კი არა, უამრავ ბიჭს ხვდებოდა, პაემანზე უარს არავის ეუბნებოდა და კიდევ ათასი საშინელება მოვუყევი, - ანუ ის ყველაფერი მივახალე, რაც გიგისგან მქონდა გაგებული. ქალი ცუდად გახდა, ლამის ხელში ჩააკვდა დედას.

მშობლებმა ჩხუბი დამიწყეს: გონს მოდი, რა დღეში ხარო?! ჩემი მომავალი სასიდედროს ცუდად გახდომამ ჩემზე იმოქმედა და დავწყნარდი. როცა ქალი გონს მოვიდა, თქვა: ჩემი შვილის ცოდვით არ გაიხარო. კაცი მეგონე, ლაჩარი და ნაძირალა, ჭორებს აყოლილი ყოფილხარ. ის ბიჭი, ვისზეც ასე ძალიან იეჭვიანე, ჩემი ძმისშვილია; ის არის, ვისზეც ქეთა ყოველთვის გელეპარაკებოდა, ვინც ძმასავით უყვარს და ვინც წლების განმავლობაში არ ჰყავდა ნანახი. დილით კი ქეთას სავარჯიშოდ გაჰყვა და სწორედ მაშინ დაადექი თავსო...

გონება გამეხსნა: ქეთამ რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ეს ამბავი მოხდებოდა, მახარა: ჩემს ძმას ველოდები (ის ლონდონში იყო, სასწავლებლად). ამ დღეებში ჩამოვა და აუცილებლად გაგაცნობო. მერე მისი ფოტოც მაჩვენა... მაგრამ იმ დღეს ისე ვიყავი გაბოროტებული, ვერ მივხვდი, რომ ის ტიპი, ვისაც ასე გამეტებით ვურტყამდი, რამდენიმე დღის წინ, ქეთამ ფოტოზე მიჩვენა...
ალბათ მიხვდით, რომ საბოდიშოდ გამიხდა საქმე. ქეთამ რის ვაი-ვაგლახით, ყველაფერი მაპატია.

მისმა ბიძაშვილმაც ხელი კაცურად გამომიწოდა: ქეთას ბედნიერებისთვის ყველაფერს გაპატიებ.
ჩემი დაიკო კარგად იყოს და ყველა კბილს დავიძრობ... ოღონდ, მეც მანახე ისინი, ვისაც შენ გარდა, ქეთა ხვდება და ის ტიპები მერე ერთად ვცემოთო. მოეწონა, ბოდიშის მოხდა რომ არ მეთაკილა და უდიდესი შეცდომა მაპატია.

მხოლოდ ქეთას დედის გული ვერაფრით მოვიგე. ეს
მითხრა, რა მაკადრაო? იმედია, ოდესმე ისიც მიხვდება, რომ მე ძმაკაცის მსხვერპლი ვიყავი და სიმართლე თუ გინდათ, ამ წერილსაც იმიტომ გწერთ, რომ ქალბატონმა ნანამ (მისი სახელი არ შემიცვლია) წაიკითხოს და მიხვდეს, რომ მეც დაბრმავებული ვიყავი და რომ ბოდიშს ვუხდი იმ ტკივილისთვის, რაც მას და მის ქალიშვილს მივაყენე. რა ვქნა, ვაღიარებ, ძმაკაცის სიტყვებს დიდხანს არ ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ ბოლოს, მახეში მეც გავები. იმედია, ეს დანაშაული ოდესმე მომეტევება...

მეგობრებსაც მოვუხადე ბოდიში, რადგან მათაც უსაფუძვლოდ მივაყენე შეურცხყოფა და ვუსაყვედურე - ისინი ამას ნამდვილად არ იმსახურებდნენ... ახლა არ ვიცი, გიგის რა უნდა ვუყო. ის მოურჯულებელი ადამიანია. იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოიხადოს ყველაფრისთვის, ცდილობს, სიტუაციიდან თავი სუფთად დაიძვრინოს. მეუბნება: მე მხოლოდ სიკეთე მინდოდა შენთვის; იმას გეუბნებოდი, რასაც ხალხი ამბობდა. როცა შენი შეყვარებული უცხო ტიპთან დავინახე, გული მეც მეტკინა და ამის გამო უნდა დამსაჯოო? ამას ისე მეუბნება, ლამის არის, კიდევ ერთხელ ვენდო.

არ მინდა, ვეჩხუბო, ვცემო, მაგრამ სხვანაირად ვერ ჩამოვიშორე. მეუბნება: ხალხი ჭორაობდა და ხომ იცი, ჭორი უსაფუძვლოდ არ ჩნდება, ჰოდა, მეც შემეშინდა, რაიმე შარში არ გაგეყო თავიო. მითხარით, ასეთი "მზრუნველი" მეგობარი სანაგვეზე უნდა მოვისროლო? თუ კი, ეს როგორ მოვახერხო? თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას? ის ისევ ცდილობს, მეძმაკაცოს; ველაპარაკები, მაგრამ ვერ ვენდობი. ასეთი ურთიერთობა კი ჩემთვის მიუღებელია. ძმაკაცობაში ისევე, როგორც საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში, მთავარი ხომ ნდობაა!

მოკლედ, ველოდები
თქვენს რჩევებს, რადგანაც ამ შემთხვევაში, მეგობრები მრჩეველებად არ გამომადგებიან - ისინიც ისე არიან გიგიზე გაბრაზებულები, როგორც მე... წინასწარ გიხდით მადლობას!"

ჟურნალი "გზა" (გამოდის ხუთშაბათობით)

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 39 /
სალომე
შენი სიტვებიდან მხოლოდ ის დასკვნა გავაკეთ რომ შენს ძმაკაცს შენი შეყვარებული უყვარს და იმიტომ ცდილობს დაგაშოროთ და ნუ მისცემ უფლებას თავის საწადელს მიაღწიოს ... ვაფშე ჩამოიშორე ეგ ტიპი ვიცი ცოტა დზნელია მარა შენი საყვარელ ადმიანთან ყოფნა ტუ გინდა ეგ უნდა გააკეთო სიყვარულს მხვერპლის გაგება სჭირდება
00:13 / 17-07-2014
გამოხმაურება / 0 /
კონკია
ამ სიტოაციიდან გამომდინარე,შენს ძმაკაცს თქვენი ურთიერთობა არ აწყობს და დიდი ალბათობაა რომ მას შენი შეყვარებული უყვარს,და მაგ გზით ცდილობდა მის ხელში ჩაგდებას
00:27 / 28-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93