გოიმი "შკოლნიკი" თუ კაი ტიპი "ოროსანი" – ბავშვის არჩევანი ადრეულ ასაკში

გოიმი "შკოლნიკი" თუ კაი ტიპი "ოროსანი" – ბავშვის არჩევანი ადრეულ ასაკში
ალბათ, ხშირად გაგვჩენია შეკითხვები: რატომ უნდა ისწავლოს ბავშვმა სკოლაში ფრიადებზე, თან ყველა საგანი, რომელთა 70%-ს ვერაფერში გამოიყენებს?

უნდა იცოდეს თუ არა ბავშვმა ქუჩა? როგორც ე.წ. ბირჟავიკი ბიძები გვმოძღვრავენ, ქუჩა მეორე და გაცილებით მნიშვნელოვანი სკოლაა…

რა უნდა აირჩიოს ბავშვმა, სიზარმაცე და "კაი ტიპობა" თუ გოიმი "შკოლნიკის" იმიჯი?

ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ბავშვისთვის სწორი მიმართულების მისაცემად?

იმისთვის, რომ უფრო ნათლად დაინახოთ პროცესის და შედეგიანობის უკუკავშირი, მოკლედ მოგიყვებით ჩემს მაგალითზე:

დიახ, მე ვსწავლობდი და ვიყავი ე.წ. ხუთოსანი შკოლნიკი, ნაკლებად
პოპულარული და არც ჩემთან მეგობრობა ყოფილა პრესტიჟული;

ჩემი ასაკის სხვა ბავშვებთან მქონდა გაცილებით მწირი სასაუბრო თემა, რაკი მე ვსაუბრობდი იმ თემებზე, რითიც ვიყავი დაკავებული: სწავლა, ლიტერატურა, მუსიკა, ვოკალი, ჭადრაკი… და არ შემეძლო დებატები მოზარდებისთვის საინტერესო სტანდარტულ, ბანალურ თემებზე და ა.შ;

არ მყავდა ბევრი მეგობარი და ირონიულ დამოკიდებულებასაც ხშირად ვგრძნობდი "ოროსანი კაი ტიპების" მხრიდან…

არასდროს ვმდგარვარ ქუჩაში, ტრადიციული გაგებით (ეზოში როცა ჩავდიოდით, სტანდარტულად ინტელექტუალურ თემებს განვიხილავდით, მაგ: ფილმებს, მუსიკას და ა.შ. და შესაბამისად, ქუჩური ცხოვრების არაფერი გამეგებოდა და არ გამეგება დღემდე).

დამაინც, ვაგრძელებდი სწავლას, სასკოლო კონკურსებში გამარჯვებას და მჯეროდა… მჯეროდა "ნათელი მომავლის" და იმის, რომ:

ჩემი თანატოლების მსგავსად, მეც მეყოლებოდა საკუთარი მანქანა, სადაც ბოლომდე ავუწევდი მუსიკას, ჩავყრიდი ჩემს – თითზე ჩამოსათვლელ მეგობრებს და ვიხეტიალებდით დაუსრულებლად;

გავიდოდი ოდესმე საქართველოდან და ვნახავდი, როგორია შორეული ევროპა… ამერიკაზე ვერც კი ვიოცნებებდი;

ვიშოვიდი კარგ სამსახურს, ვიყიდიდი კარგ ტელეფონს, კომპიუტერს…

მექნებოდა ჩემი ბინა, რომელსაც ჩემი გემოვნებით მოვაწყობდი…

მექნებოდა იმდენი ტანსაცმელი, რამდენიც მინდა და ვივახშმებდი ძვირად ღირებულ რესტორნებში…

მჯეროდა და ვოცნებობდი სტუდენტობის პერიოდშიც, პირველ კურსზე, მაშინაც, როცა:

ვცხოვრობდი ნაქირავებ სახლში და საკუთარი ხელით შემწვარ კარტოფილს და კვერცხს მივირთმევდი მონაცვლეობით;

დავდიოდი ლილოს ბაზრობაზე, რომ 7 ლარად შემეძინა მაისური და 20 ლარად ფეხსაცმელი;
როცა ვაცხელებდი წყალს რკინის სათლით, შხაპის მისაღებად და არ უნდა გადამეცილებინა 6 საათისთვის, რადგან მერე თმა გაშრობას ვეღარ ასწრებდა…

მაშინაც კი, როცა გართობის მიზნით ვხატავდი, ვწერდი ლექსებს და ვსეირნობდი ქუჩაში მარტო, რაკი ჩემს სახლში ტელევიზორიც კი არ მოიპოვებოდა…

მაშინაც, როცა სანთლის შუქზე კითხვით თვალებს ვითხრიდი და ვცდილობდი, გამორჩეული სტუდენტი ვყოფილიყავი, რომ რომელიმე ლექტორს შევემჩნიე და სადმე სამუშაოდ წავეყვანე… თუმცა ამაოდ, რაკი საშუალო ასაკი 80 წელი იყო და მაქსიმუმ, საკუთარ მომვლელად წავეყვანე, როცა დღე-დღეზე სიარულს ვეღარ შეძლებდნენ სიბერისგან…

ჰო, მე ვიყავი დაბალი ფენის წარმომადგენელი და ამაში არაფერია სამარცხვინო!

ცხოვრება გრძელდებოდა, უნივერსიტეტშიც უკვე "აღარ ტეხავდა" სწავლა, ნელ-ნელა პირიქით, პრესტიჟულობის ელემენტებიც ჩნდებოდა…

ერთხელაც ამომივიდა ყელში უფულო პრესტიჟი და მშობლებთან შეხვედრისას ვიწუწუნე, რომ ნებისმიერ ანაზღაურებად სამსახურზე თანახმა ვიყავი… ეს იყო პირველი კურსის ბოლოს, როცა ნელ-ნელა გართობასაც გავუსინჯე გემო და ეს სწავლაზეც აისახა, რამდენიმე საგანში ფრიადი ვერ გამომყვა… მამამ ეს იდეა აიტაცა და თავის სამშენებლო კომპანიაში დამასაქმა მუშად, ორი თვით.

დაიწყო მეორე ჯოჯოხეთი:

ჩემი განათლება ყველას ფეხებზე ეკიდა და აწ უკვე გამორჩეულად ცუდი თანამშრომელი აღმოვჩნდი, რომელსაც სიბინძურეზე გართულება ჰქონდა;

დღის ბოლოს ყველა კუნთი მტკიოდა და სადღაც შიგნით "ვერრეალიზებული განათლება" მახრჩობდა;

საათობით ვიდექი წყლის ჭავლის ქვეშ და ამაოდ ვცდილობდი ფრჩხილებიდან ცემენტის გამოდევნას, არაფერი გამოდიოდა.

დილა მძულდა, რაკი ისევ იქ უნდა მივსულიყავი და 6 საათამდე ჯოჯოხეთში მემუშავა…

1 თვის შემდეგ ავიღე დაგროვებული თანხა და გავიქეცი… მამაჩემმა მომაძახა: აუცილებლად დაბრუნდები და შენი ბოლო სწორედ "ლაფათქა" იქნება, თუ ასე გააგრძელებ სწავლას, როგორც ახლაო…

მას შემდეგ, თუ ფრიადი 91 ქულიდან იწყებოდა – მე ყველა საგანში 100 მქონდა. მოვიპოვე პრეზიდენტის სტიპენდიაც, ამიყვანა წარჩინებული ქულებისთვის ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ, მერე ბანკმა. დამიფასდა შრომა და მონდომება, რამდენჯერმე დავწინაურდი…

19 წლის ასაკში უკვე ფინანსურად დამოუკიდებელი ვიყავი და ოჯახს ჩემი ხარჯი ჩამოვაშორე, სწავლით ისედაც გრანტი მქონდა;

21 წლის ასაკში ჩავირიცხე ჯიპას მაგისტრატურაზე და საკმაოდ მოზრდილი თანხა ჩემი დანაზოგით დავფარე.

22 წლის ასაკში პირველად გადავკვეთე საქართველოს საზღვარი და მომდევნო 5 წელიწადში 35 ქვეყანამდე ვნახე;

23 წლის ასაკში, სამსახურის პარალელურად, გავხდი ლექტორიც და დავიწყე მუშაობა მენეჯერულ პოზიციაზე;

24 წლის ასაკში ვიყიდე საკუთარი ბინა ჩემს საყვარელ უბანში და ამიხდა კიდევ ერთი ოცნება.

25 წლის ასაკში შევიძინე მანქანაც…

ახლა კი, დავუბრუნდეთ სწავლის და ქუჩის თემას. შესაძლოა, სკოლა და სახლში გამოკეტვა ლიტერატურის წაკითხვის მიზნით – სამსახურებრივ გზას არ გვიხსნიდეს მომავალში, მაგრამ ე.წ. ხუთოსნობა:

ბავშვობიდან გვაჩვევს თავდაუზოგავ შრომას, რომელიც ბოლომდე მოგვყვება;

გვივითარებს პასუხისმგებლობას და გვაჩვევს მარტივად დამახსოვრებას;

გვივითარებს ერუდიციას, სიტყვათა მარაგს და ვმეტყველებთ გაცილებით უკეთ;

გვაჩვევს მიზანსწრაფულობას და წინააღმდეგობების გადალახვას – ბავშვობიდან;

გვივითარებს ამბიციებს და ზრდასრულ ასაკში უკვე ვეღარც დავუშვებთ ჩრდილში ყოფნას ან რამე საქმის უხარისხოდ გაკეთებას…

და რას გვასწავლის ქუჩა? ჩემი გადმოსახედიდან, ისეთს არაფერს, რადგან:

"შკოლნიკიც" შეიძლება იყოს საკმაოდ ძლიერი, რომ ფიზიკურად თავი დაიცვას საჭიროების შემთხვევაში;

შეგიძლიათ გაეცნოთ ადამიანის უფლებებს და იურიდიულად იყოთ მზად, აგებინოთ პასუხი ყველას, ვისთანაც ამის საჭიროება გექნებათ;

ლოგიკურადაც შესაძლებელია ნებისმიერი საკითხის მოგვარება ქუჩაშიც და ა.შ.

იმ ფაქტს კი, რომ საზოგადოება ჭრელია და "კაცი კაცისთვის მგელია" – შეგვიძლია გადავაწყდეთ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, სამსახურში, სასწავლებელშიც და ა.შ. და მთავარი, როცა ვსაუბრობთ ქუჩის გამოცდილებაზე, უნდა დავაკონკრეტოთ, რას შეიძლება ეს გულისხმობდეს.

თუ ქუჩაში იღებ ცხოვრებისეულ, პრაქტიკულ გამოცდილებას, ეს ძალიან კარგია, მაგრამ როცა "ბირჟების" დიდი ნაწილი სხვების ცხოვრების განხილვითაა დაკავებული, ვინ როგორი ტიპია, რომ საქართველოში ცხოვრებას აზრი არ აქვს და სადღაც უნდა გაიქცე, რომ ვინც წარმატებას მიაღწია – ყველამ პატრონაჟით – ასეთი ქუჩის ინსტიტუტი, ჩემი სუბიექტური აზრით – უნდა გაუქმდეს.

დაბოლოს – თუ ბავშვს აქვს შესაძლებლობა, გამონახოს დრო ყველაფრისთვის, იდგეს ქუჩაშიც და ასევე, იზრუნოს თვითგანვითარებაზე – მშვენიერია, მაგრამ უდროობის დროს არჩევანის სწავლის სასარგებლოდ გაკეთება გაცილებით ეფექტიანი იქნება, განსაკუთრებით, გრძელვადიან პერიოდში.

ზოგჯერ რაღაც უნდა დათმო და აიტანო კიდეც, გაცილებით მეტის მოლოდინში და რაც მთავარია – გვჯეროდეს…

გვჯეროდეს, რომ:

გზა ურმის გადაბრუნებამდეც შეიძლება გამოჩნდეს;

ორი კურდღლის მადევარმა შეიძლება 4 კურდღელი დაიჭიროს;

მწყერსაც შეუძლია ხეზე შეჯდომა და გვარი არაფერ შუაშია;

ყორანიც გათეთრდება ოდესმე, თუ მის ხეხვას არ შევწყვეტთ…

ობლის კვერი შეიძლება ყველაზე ადრე გამოცხვეს, თუ ცეცხლს კარგად შეუკეთებთ…

გისურვებთ ყველა მიზნის მიღწევას!

გურამ შეროზია

ავტორის სხვა მასალები იხილეთ ბმულზე
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
მია
აბსოლიტური სიმართლეა მეგონა საკუთარ ისტორიას ვკითხულობდი ერთი განსხვავებით,რომ მე ქალი ვარ.ვიყავი გოგო რომელიც არაფრით გამოირჩეოდა, არავის ვაინტერესებდი. ჩემი კარგი სწავლა და თავდადება აგრესიას და ცინიზმს იწვევდა,სამაგიეროდ ახლა ის გოგოები რომლებიც გატუტუცებულები იყვნენ მამიკოს ფულებით სახლის მსუქანი ქალები არიან და ინტელექტითაც ვერ დაიკვეხიან.სამაგიეროდ ჩემმა მეცადინეობამ შედეგი გამოიღო დღეს მაგარი სამსახური მაქვს,ბიზნესი და უბედნიერესი ვარ ხოო ქმარიც მყავს საოცარი.ასე რომ ანმ ცხოვრებაში არაფერი არ იკარგება და თუ ასეა სჯობია კარგი არ დაიკარგოოს.
13:43 / 26-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ai ia
Eeeh,chemo guram,sachiro dros unda agmochnde sachiro adgilze,,,,,arc uwignuroba varga da arc mxolod wignebidan gamoxedva,,,,,saxli saocnebo ubanshi da avto bolo gamoshvebis ar aris sakmarisi ,,,, Bednierebaa,rodesac shegizlia aketo sikete uangarod da chumad,,,,,
21:48 / 27-07-2014
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93