ლაბირინთი - ვიზუალური რომანი თავი 1 - Marao

ლაბირინთი - ვიზუალური რომანი თავი 1

2023-01-09 12:05:30+04:00

ცხოვრება ლაბირინთს ჰგავს. თუ არასწორ მიმართულებას აირჩევ, უკან დასაბრუნებელი გზის პოვნა ძალიან გაგიჭირდება.

ლაბირინთში მხოლოდ ერთი მიზანი გაქვს - იპოვო გასასვლელი. თუმცა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანები შეგნებულად არ ეძებენ გასასვლელს და ლაბირინთში იკარგებიან...

მე "ლაბირინთში" ვმუშაობ! ასე ჰქვია კომპანიას, რომელიც კომპიუტერულ თამაშებს აწარმოებს. მე მნიშვნელოვანი მისია მაკისრია - ვიზუალურ რომანებს ვწერ. ვიზუალური რომანი - კომპიუტერულ თამაშებში წარმოდგენილი ამბავია, რომლის სიუჟეტურ ხაზს მიჰყვება მოთამაშე. ვიზუალური რომანი პერიოდულად, საკვანძო მომენტებში ჩნდება ეკრანზე ნაწერის ან პატარა ვიდეორგოლების სახით. ის აუცილებლად საინტერესო უნდა იყოს. ჩვენ, ძირითადად, სათავგადასავლო, დეტექტივის და ფანტასტიკის ჟანრის თამაშებს ვქმნით. შეიძლება ითქვას, რომ ვირტუალურ სამყაროში ვცხოვრობ...

ჩვენი კომპანიის მფლობელს კროულის ვეძახი (ოღონდ თვითონ ამის შესახებ არაფერი იცის). სულ დამყვება შეგრძნება, რომ სინამდვილეში საეჭვო საქმეებით არის დაკავებული და "ლაბირინთი", უბრალოდ, თავისი ნამდვილი საქმიანობის შესანიღბად სჭირდება. ალბათ, იმიტომ, რომ ჩაცმის სტილი, სახის გამომეტყველება, მისი კუპრივით შავი მანქანა ზე-დაბურული მინებითა და უცნაური დაცვის სისტემა მის კაბინეტში იმდენად საეჭვოდ გამოიყურება, რომ გამორიცხულია, არ წარმოიდგინო, როგორ მალავს სეიფში ადამიანის ჩონჩხებს.

ჩემი უფროსი ჩემს წარმოსახვაში იმ ოკულტისტი ალისტერ კროულის თანამედროვე პროტოტიპია, რომელიც ცნობილი იყო მეტსახელით "მხეცი", ოღონდ, მისგან განსხვავებით, ამას მამა აბრამის ბატკანივით უწყინარი სახელი აქვს: - აბრამ დობროვსკი.

დობროვსკი პოლონელია. ორმოცდახუთი წლის არის და კომპანიაში საკუთარი "ჯაშუში" ჰყავს, მისი პირადი მდივანი, რომელსაც - მტრისა დავარქვი. მტრისას ოთხი ზომა მკერდი აქვს, შეღებილი ქერაა და ყოველთვის სტარტზეა, ვერაფერს გამოაპარებ.

ცალი ყური სატელიტური ანტენასავით სულ ჩვენი ოთახისკენ აქვს მომართული და გვისმენს, მაშინაც კი, როცა ყავას ადუღებს ან თავისი "შპილკებით"დერეფანში დაკაკუნობს. ასე მგონია, სექსზე უფრო მეტ სიამოვნებას მაშინი იღებს, როცა დობროვსკისთან ჩემი გუნდის რომელიმე წევრს აბეზღებს. მშვენივრად ამართლებს თავის მეტსახელს, ვერაფერს იტყვი... ისე კი, ნატა ჰქვია.

რაც შეეხება ჩვენს გუნდს... გუნდში ერთადერთი გოგო ვარ. ბიჭები სულ მსაყვედურობენ, ამდენ ვიზუალურ რომანს წერ და საკუთარი არასოდეს გქონიაო... საქმე იმაშია, რომ ცხოვრებაში ძალიან იშვიათად მხვდებიან რეალურად საინტერესო ადამიანები. ჩემ მიერ შექმნილი პერსონაჟები იმდენად საინტერესოები არიან, რომ რეალობაში აღარავინ მომწონს. ყველაფერი ისეთი მოსაწყენი და უღიმღამოა, რომ პროტესტის გრძნობა მიჩნდება.

როგორც წესი, ყოველთვის წინასწარ ვხვდები მოვლენების შესაძლო განვითარებას. ვიცი, რას მეტყვის ბიჭი, რომლის გონებამაც გადაწყვიტა, რომ უნდა მოვეწონო და ყავაზე დამპატიჟოს. კიდევ, წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ განვითარდება კონკრეტული მოვლენები ან ადამიანებს ალტერნატიულ ისტორიებს ვუფიქრებ. ეს გონების ვარჯიშია.

ევა ჩემი ზედმეტსახელია, რომელიც უფრო ხშირად მესმის, ვიდრე ის, რაც მშობლებმა დამარქვეს. ალბათ, იმიტომ, რომ სამსახურში უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე სახლში. იქ - ანიკა ვარ, სამსახურში - ევა. ასე ერქვა ჩემს პირველ პერსონაჟს და მშვენივრად ესადაგება იმ მოცემულობას, რომ გუნდში პირველი და ერთადერთი გოგო ვარ.

ჩემს გარეგნობას რაც შეეხება, გამორჩეული სტილი მაქვს. მომწონს უცნაური ტატუები და ასეთი ბევრი მაქვს. ყველა რაღაცას ნიშნავს. არასოდეს ვიხატავ ადვილად ამოსაცნობ ფიგურებს. მიყვარს ექსპერიმენტები. მწვანე თვალები მამისგან გამომყვა. მგონი, ყველანაირი ფერის თმა მქონდა: ლურჯი, მწვანე, იისფერი, ვარდისფერი... ახლა ნარინჯისფერს ვატარებ. ჩემს თმას ჭკუა რომ ჰქონდეს, აუცილებლად მიჩივლებდა.

შარვალი ჩემი განუყრელი თანამგზავრია. განსაკუთრებით კი, მას შემდეგ, რაც მოტოციკლი მყავს. ვიცვამ იმას, რაშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ და არ მესმის, რატომ იტანჯავენ თავს ქალები, მთელი დღე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით რომ დადიან, ან რატომ იცვამენ ძალიან მოკლე კაბას და მერე გამუდმებით ქაჩავენ მას ქვემოთ, რომ დაიგრძელონ...

რაც თავი მახსოვს, სულ ფანტაზიაში ვცხოვრობ... ძალიან, ძალიან ბევრს ვოცნებობდი ბავშვობაში. ერთი სული მქონდა, როდის დაღამდებოდა, რომ დავწოლილიყავი და ჩემი წარმოსახვითი მოგზაურობა გამეგრძელებინა. ღამით ხელს არავინ მიშლიდა... სკოლაში, როგორც წესი, გამოუძინებელი მივდიოდი.

ერთი უცნაური უნარიც მაქვს: ჩემი გონება ნებისმიერ ლაქას, ჩრდილს, შპალერის ორნამენტებს, მოკლედ, ნებისმიერ ფაქტურას ფიგურებად აღიქვამს და ყველაფერს ფორმებს აძლევს, რაც თავიდან ძალიან მიშლიდა ხელს, მერე მივეჩვიე. ახლა ხანდახან შიში შემიპყრობს ხოლმე... ზოგჯერ მგონია, რომ რეალობასა და ფანტაზიას შორის საზღვარი იმდენად შემცირდა, რომ შეიძლება ერთხელაც გაქრეს. საინტერესოა, რა მოხდება მერე?

გუშინ, მთელი ღამე ახალი თამაშის ფაბულაზე ვფიქრობდი და სამსახურში მისვლისთანავე გავაცანი ბიჭებს:

- ახალგაზრდა გამომძიებელი, სახელად - ლეო, ღამის სამ საათზე შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს. ოცდაოთხი წლის მერი საკუთარი ბინიდან გაუჩინარდა. პოლიციას კარის შემტვრევა მოუხდა, რადგან შიგნიდან იყო დაკეტილი. ბინაში ძარცვის და ძალადობის ნიშნები არ აღინიშნება. კორიდორში, სარკის წინ მერის მობილური დევს, ჩვიდმეტი უპასუხო ზარით. მისაღები ოთახიდან ტელევიზორის ხმა ისმის.

სამზარეულოს მაგიდაზე ფინჯანში ჩაი ასხია, რომელიც ჯერ კიდევ თბილია. ყველა ფანჯარა საგულდაგულოდაა ჩარაზული. ფარდები ყველგან ჩამოფარებულია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მერი ვიღაცას ემალებოდა.

ფანჯრიდან გაპარვა გამორიცხულია, რადგან ბინა მეათე სართულზეა და ფანჯრის სიახლოვეს არ არის სახანძრო კიბე. ერთადერთი მოწმე, რომელმაც პოლიცია გამოიძახა, გაუჩინარებულის კარის მეზობელია. მას მერის ბინიდან ყურისწამღები წუილის ხმა მოესმა, რომელიც დაახლოებით ერთი წუთი გაგრძელდა და თვალისმომჭრელი ნათება მოჰყვა. თითქოს მერის სახლში გაიელვა და სინათლემ სქელი, გაუმჭვირვალე ფარდებიდანაც კი გამოაღწია.

მეზობელი ამბობს, რომ მერი უკანასკნელად სადარბაზოში ნახა. აღელვებული და დაბნეული ეჩვენა. კარი სწრაფად გააღო და სახლში შევიდა. შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა...

- როგორი დასაწყისია, მაქს?

- საინტერესო!

მაქსისგან მეტს არც ველოდი. ის ყოველთვის მხოლოდ იმას ამბობს, რაც აუცილებელია. არავითარი ზედმეტი სიტყვები. მაქსი ჩემი თანამშრომელია. სინამდვილეში - ანდრეი ჰქვია. მაქსი, 3ds-Max პროგრამის გამო დავარქვი, რომელშიც თითქმის მთელი დღეებია შემძვრალი. ანდრეი კიევში დაიბადა და ათ წელზე მეტია, რაც საქართველოში ცხოვრობს.

- იყო ერთი ლეო... ჰქონდა...

- მოკეტე, ირაკლი!

ჩვენს გუნდში თუ ვინმე ხუმრობს, მნიშვნელობა არ აქვს, წარმატებულად თუ უკბილოდ, ეს ირაკლია. ის მუსიკას წერს და ყველაზე მხიარული ადამიანია, რაც კი ოდესმე მინახავს. ირაკლი ვერ იტანს, როცა ვინმე უხასიათოდაა. მას სჯერა, რომ უჟმურობა გრიპივით გადამდებია. მას ასევე სჯერა, რომ თუ ადამიანი ბევრს იცინებს და სულ პოზიტიურ ხასიათზე იქნება, კიბოსაც დაამარცხებს...

- მშვენიერი სახელია, რას ერჩი?

ფილიპე ყოველთვის მიცავს, როცა ვინმე მერჩის... ის ჩვენი გუნდის უფროსია. უფროსი სამსახურებრივი მოვალეობით, თორემ რეალურად, ფილიპე ყველაზე უმცროსია ჩვენ შორის... მას ფილს და ზოგჯერ ფელიქსს ვეძახით. იმიტომ არა, რომ ფილიპე ჰქვია, უბრალოდ, ძალიან ჰგავს ანიმაციურ პერსონაჟ - კატა ფელიქსს, თავისი სიურრეალისტური ხედვით.

- მოფიქრებული გაქვს უკვე, როგორ გააქრობ მერის?

მკითხა ფილიპემ.

- ისე რა...

- როდის იყო, ეს წინასწარ გეგმავდა სიუჟეტის განვითარებას, ფელიქს? რეებს ეკითხები?

- არა, დაწყება მართლა საინტერესოა! მე რო ვთამაშობდე ამ თამაშს, დიდი სიამოვნებით შევისწავლიდი მერის სახლს. უკვე ვხედავ კიდეც, როგორი უნდა იყოს ოთახები...

- პირველ რიგში, რას ნახავდი, ფილ?

- მობილურში გამოტოვებულ ზარებს...

- ყველაზე საინტერესო საძინებელი ოთახია! გავაგრძელო კითხვა?

- მიდი!

ირაკლიმ ჩემ გვერდით გადმოინაცვლა. დანარჩენები თავიანთ ადგილებზე დარჩნენ.

- მოკლედ, მერის საძინებლის კარიც შიგნიდან იქნება დაკეტილი. ყველაზე უცნაური ამბავი კი სწორედ იქ ხდება. საწოლის თავზე, კედელზე უცნაური პენტაგრამა ხატია ცარცით. ეს პენტაგრამა შეიძლება ჩვენი "ლაბირინთის" ლოგოც იყოს... ოთხივე კედელზე ოთხი ლურსმანია მიჭედებული, რომელზეც ძალიან წვრილი სიმებია გაბმული. ერთ-ერთი ლურსმანი პენტაგრამის ცენტრშია. სიმებზე ოთხი ამულეტი ჰკიდია. ტუმბოს ქვეშ, იატაკს ნაკაწრი ემჩნევა.

- ნაკაწრი იატაკზე ტუმბოს ფეხებისგანაა? მერი ტუმბოს გაასრიალებდა ხოლმე პერიოდულად?

- ჰო...

- ე.ი. მოთამაშეც გასწევს და რას იპოვის?

- სამალავს, პარკეტში... იქ დევს მერის დღიური. ოღონდ ფურცლები აკლია...

- კარგი ხარ, ჩიტო! რას წერს მერი?

- თავის ჰალუცინაციებს, რომლებიც მხოლოდ კონკრეტულ ადგილებზე მისვლისას ემართებოდა. კიდე, ინსტრუქციას, როგორ უნდა გააკეთო "ვერცხლით დამიწება", რომელიც პარალელურ სამყაროში ხსნის პორტალს და გეხმარება, რომ ასტრალის ლაბირინთში არ დაიკარგო...

- ოჰო! შენ აღარ ხუმრობ, ბეიბი! მოიცა, ეგ მერი ასტრალში გაიჭრა? - აღფრთოვანდა ფილი.

- ჰო და სექსი აქვს ასტრალურ არსებებთან, ჩემო ფელიქს.

- ზუსტად ვიცი, კროულის მოეწონება! ხვალ შევალ და კონცეფციას გავაცნობ!

- რა დროს კონცეფციაა ჯერ? კარგად უნდა მოვიფიქრო ყველაფერი...

- მოიფიქრებ გზადაგზა. სულ ასე არ აკეთებ? შენ ის მითხარი, ლურსმნები და ის კვერცხობები რას გვაძლევს?

- ყველაფერი ვერცხლისაა. კერძო შეკვეთით დამზადებული. პენტაგრამასაც აქვს დანიშნულება. მერე ლეო ნახავს იმ ადგილებს, სადაც ჰალუცინაციები ჰქონდა მერის და იქაც პოულობს პენტაგრამებს და დღიურის ფურცლებს.

- გენიალურია, ევა. ყავა ჩემზეა! დღეს უნდა გაგანებივრო.

ფილი ყავისთვის დერეფანში გავარდა. თან რაღაც სიმღერის მელოდია წაიმღერა.

- ხუთამდე დავითვლი და მტრისა შემოიხედავს! ხუთი, ოთხი, სამი, ორი...

ხუთამდე დათვლაც არ დამჭირდა. ნატას ცნობისმოყვარე სახის დანახვაზე სამივეს გაგვეცინა.

- ასე აგვიხდეს ნეტა ყველაფერი!

წამოიძახა ირაკლიმ.

- მშვიდობა გაქვთ? რაღაც ძალიან ბედნიერები ხართ დღეს!

- მართალი ხარ, ნატა! ჩვენმა გოგომ ისეთი მაგარი ფაბულა მოიტანა, რომ დღეს ხელისგულზე უნდა ვატაროთ.

- თითქოს ისე არ ატარებდეთ რაა... სამი კაცი სულ თავს დასტრიალებთ.

- კორპორატიულ კარნავალზე მოდიხარ დღეს, ნატაჩკა?

- რასაკვირველია!

- რას იცვამ?

- რაში გაინტერესებს, რას ვიცმევ, ირაკლი?

გაუკვირდა ნატას.

- ჩემი აზრით, გველი დაგაკვდებოდა ზედ! ფორმას ვგულისხმობ... გველის ტყავის კაბა... თავზე, ქუდის ნაცვლად, პირდაღებული კობრას ფიტული რომ დაიხურო...

- არ გამოგდის შენ ეს ფანტაზია, ირაკლი და რაც გეხერხება, იმას მიხედო, ჯობია! აკაკუნე კლავიშებზე... და ხო იცით, როგორ არ უყვარს დობროვსკის, როცა მაგიდებზე სხედხართ?

ირაკლიმ თვალი ჩამიკრა და მაგიდიდან ჩამოხტა. ნატა სახეზე ოდნავ წამოწითლებული გავიდა ოთახიდან. როცა ბრაზდება, მისი ფეხსაცმელების კაკუნი ძალიან ხმამაღლა ისმის ხოლმე. მე კი, მისგან განსხვავებით, კარგ ხასიათზე დავდექი.

- შენ მიდიხარ კორპორატიულზე? - მკითხა მაქსმა.

- სიმართლე გითხრა, საერთოდ ამომივარდა თავიდან. აზრზე არ ვარ, რა ჩავიცვა...

- მაგის მოფიქრებას რა უნდა, გოგო? რისთვის იმტვრევთ ხოლმე თავს ეს ქალები - რა ჩავიცვა-რა ჩავიცვა... აიფარე ლეღვის ფოთოლი... ევა არა ხარ?

- გენიოსი ხარ, ირაკლი! ისე, ხო აქირავებენ ფორმებს სადღაც?

- კი. ყველაზე საკაიფოს გეტყვი და გაიარე სამსახურიდან! მთელი თბილისი მანდ ქირაობს!

ფილმა ყავა მომიტანა. ქაფს დავხედე და უცებ წვერიანი კაცის სახე დავინახე. ცალი თვალი არ ჰქონდა. სასწრაფოდ სული შევუბერე. დობროვსკიმ დღეს უფლება მოგვცა, ადრე წავსულიყავით, კორპორატიული კარნავალის გამო.

სამსახურში მოტოციკლით დავდივარ. მოტო ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ ავიხდინე. ყვითელი Suzuki GSX-R600 მყავს, 2008 წლის. კრედიტს დღემდე ვიხდი, მაგრამ ამად ღირდა.

საცობში მოხერხებულად გავძვერი. ჩაფხუტიდან ნარინჯისფერი ნაწნავი მიჩანს ხოლმე და მანქანებიდან ვიღაცეები მისიგნალებენ. ასეთ რეაქციას უკვე მივეჩვიე. ზოგჯერ ვიღაც გამომყვება მანქანით და ცდილობს, რბოლა მომიწყოს. მე კიდე, სადაც ვიწრო ქუჩას დავინახავ, იქ შევაჭრი ხოლმე მოულოდნელად და ვეღარ მეწევიან...

საკარნავალო ფორმების გაქირავების სააგენტოში შევიარე. უფრო გარდერობი იყო, ვიდრე მაღაზია. კარი დაახლოებით 17-18 წლის ბიჭმა გამიღო და უფანჯრო ოთახში შემიძღვა, სადაც ნაფტალინის სუნი იდგა. გრძელ კარნიზებზე ალაგ-ალაგ ჩამოკიდებული კოსტიუმები მოჩვენებებივით კონწიალობდნენ.

- რას ეძებთ?

- რამე არაბანალური და არაძველებური მინდა.

- შუა საუკუნეების კაბები გვაქვს, ნეფერტიტი გვაქვს, ფერია, წითელქუდა, მოახლე, მედდა, ქალი-კატა, ჯამბაზი, ფიფქია, პეპი... აქედან არც ერთი არ მოგწონთ?

- არაა...

- პრინციპში...

ბიჭი ჩაფიქრდა და შემათვალიერა.

- პრინციპში - რა?

- გამხდარი ხართ... კარგი ტანი გაქვთ თუ მეჩვენება?

მექანიკურად ტანზე დავიხედე. მოტოციკლის სპეციალურ ქურთუკში ძნელად გაარჩევდი სხეულის ფორმას...

- თუ კომპლექსები  არ გაქვთ, ლილუს კოსტიუმი ძალიან მოგიხდებათ!

- ლილუს?

- ფილმი "მეხუთე ელემენტი," მილა იოვოვიჩის როლი... პარიკიც არ დაგჭირდებათ!

- მაჩვენე აბა!

ბიჭი ცოტა ხნით კაბებში შეძვრა და მალევე დაბრუნდა. ლილუს კოსტიუმი მოჰქონდა. თუმცა, კოსტიუმიც არ ერქვა. საკიდზე თეთრი "ტოპი" და კოლგოტივით შარვალი კონწიალობდა.

- ჩაცმული ძალიან ეფექტურია! უბრალოდ, უკომპლექსო უნდა იყოთ... ამას ნარინჯისფერი აჭიმები და იარაღი მოყვება. ის ცალკე მაქვს შენახული და გამოვიტან ახლავე...

სარკის წინ თხუთმეტი წუთი დავყავი. ასე მინიმალისტურად არასოდეს მცმია. კომპლექსები, რომელიც ისედაც არ მაწუხებდა დიდად, ფეხზე დავიკიდე და კოსტიუმი ვიქირავე.

კორპორატიული კარნავალისთვის დობროვსკიმ ქალაქის ყველაზე პრესტიჟული სასტუმრო "მირაჟის" საბანკეტო დარბაზი დაიქირავა. ასე ხელგაშლილად იმიტომ მოიქცა, რომ სხვადასხვა კომპანიის მფლობელები, უცხოელი პარტნიორები და რამდენიმე ბიზნესმენი დაპატიჟა.

დარბაზში შესვლისთანავე პირველად "მირაჟის" განთქმულ ჭერს ავხედე, რომელიც ანგელოზებით მოეხატათ. უფრო სწორად, პატარა, ჩაპუტკუნებული შიშველი ბავშვი-კუპიდონებით, რომლებსაც ხელში მშვილდი ეკავათ და ქვემოთ უმიზნებდნენ გულის ფორმის წვერიან ისრებს. დავფიქრდი. თუ პატარა ბავშვები წყვეტდნენ, ვის ვინ შეყვარებოდა, იქნებ მითოლოგიაშიც ის აზრი იყო გატარებული, რომ სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ბავშვური თამაში?

- მოგწონს? - მკითხა ირაკლიმ და სანამ ვუპასუხებდი, განცვიფრებისაგან ხმამაღლა წამოიძახა.

- ოჰო! ლეღვის ფოთლის რეკომენდაციამ იმოქმედა?

- ჯამბაზის კოსტიუმი? ღადაობ?

- აბა რა!

- ცხოვრებაშიც ეგ ხარ და კარნავალზე რამე განსხვავებული ვერ ჩაიცვი?

- ერთი ეგ პისტოლეტი მანახე, ისვრის?

- შენ როგორ გგონია?

- თუ გინდა, ვცდი. აგერ, მტრისას ძუძუები მშვენივრად გამოდგება სამიზნედ! ნახე, რა აცვია? ჯერ მკერდი მოდის, უკან თვითონ მოყვება.

- ჭადრაკის ცხენს ჰგავს!

ორივეს სიცილი აგვიტყდა. ნატას ამორძალის კოსტიუმი ეცვა და მეტალით მოჭედილი ლიფი მის მკერდს კიდევ ერთი-ორი ზომით უფრო დიდს აჩენდა. მართლა ძალიან ჰგავდა ჭადრაკის ცხენის ფიგურას.

- არ გშია? ფურშეტი იქითაა.

- მიდი, ჭამე შენ და წითელი ღვინო წამომიყოლე. მე მანამდე შადრევანს ვნახავ...

ძალიან ბევრი ადამიანი ირეოდა დარბაზში. სასიამოვნო მუსიკა უკრავდა. პატარა, მრგვალი მაგიდები ლამაზად გაეწყოთ. შადრევანიც ულამაზესი იყო. ორი მარმარილოს ქალთევზა ლოდზე ჩამომჯდარიყო და თმას ივარცხნიდა. მეც ჩამოვჯექი და ჩემმა ფანტაზიამაც არ დააყოვნა. მაშინვე წარმოსახვითი კუდი გამომაბა წელქვემოთ და ოკეანეში გადამისროლა. სწორედ ამ დროს, ყურთან მამაკაცის ოდნავ ხრინწიანი ხმა ჩამესმა.

- საინტერესო პერსონაჟია! გამიხარდება, თუ ჰგავხართ.

მზერა ქალთევზას კუდიდან მეკობრეზე გადავიტანე, რომელსაც სახე გრძელ, გაბურძგნულ წვერსა და მეკობრის ქუდში დაემალა. ცალი თვალი ახვეული ჰქონდა.

- შეიძლება ვგავარ კიდეც! - თქვენ იცით რამე მეკობრეებზე?

- რაღაცეები ვიცი.

გაეღიმა მეკობრეს და ჩემ გვერდით ჩამოჯდა.

- აბა, რატომ ეკეთათ ცალ თვალზე ეს?

საჩვენებელი თითი ახვეულ თვალში ვატაკე. მე თვითონაც არ ვიცი, ასე რატომ მოვიქეცი...

- ალბათ, იმიტომ, რომ ცალთვალები იყვნენ. ან, უფრო საშიშებად რომ გამოჩენილიყვნენ.

- არაფერიც! ცალ თვალს იმიტომ იხვევდნენ, რომ მზის სინათლით განათებული ოკეანე თვალებს სჭრიდათ. ისინი კი წარამარა ტრიუმში ჩადიოდნენ, სადაც სიბნელე იყო. დრო რომ არ დაეკარგათ, ვიდრე თვალი სიბნელეს შეეჩვეოდა, უბრალოდ, საფარი ერთი თვალიდან მეორეზე გადაჰქონდათ.

- ჭკვიანურია!

- აბა, რომი რატომ იყო მათი საყვარელი სასმელი, იცი?

- ალბათ, იაფი იყო...

- აქაც დამარცხდი! იმიტომ, რომ სიცხეში ყველა სასმელი ფუჭდებოდა. წყალიც კი ყროლდებოდა. მხოლოდ რომი ძლებდა და არ იცვლიდა გემოს. ამიტომ მას წყალშიც აზავებდნენ, რომ უსიამოვნო გემო არ ეგრძნოთ. ეს ნაზავი შეიძლება კოქტეილის პირველ ვერსიადაც ჩაითვალოს… ამიტომაც იყვნენ მეკობრეები ლოთები.

- დავმარცხდი? არ ვიცოდი, თუ ვეპაექრებოდით ერთმანეთს... მსიამოვნებს, როდესაც განათლებულ ქალს ვესაუბრები...

- განათლებული ქალიც იმავეს უნდა გრძნობდეს, როდესაც გესაუბრება. ასე რომ, მაპატიე. უნდა წავიდე!

ფეხზე წამოვდექი.

- მგონი, მართლა ჰგავხარ ლილუს, მაგრამ ლილუ არასოდეს გარბის.

- არ გავრბივარ! უბრალოდ, მივდივარ...

- მე გთხოვ, რომ დარჩე.

- ნამდვილი მეკობრე ქალს არასოდეს სთხოვდა დარჩენას...

- აბა, რას იზამდა?

- აიძულებდა!

- მე არ ვარ ნამდვილი მეკობრე და არც შენ ხარ სამყაროს მხსნელი.

გაეღიმა მეკობრეს.

- სამწუხაროა! კარგი, ბოლო შანსს მოგცემ. ათი წამი გაქვს, რომ რაღაც მომიყვე შენზე! დამაინტერესო.

- ათ წამში ვერ ჩავეტევი. ჩემი ისტორიები გაცილებით გრძელია.

- აქ როგორ მოხვდი?

- გრძელი ისტორიაა!

- სად მუშაობ?

- ეგეც გრძელი ისტორიაა!

- ყველაზე საინტერესო რა გადაგხდენია ცხოვრებაში?

- ეგ ძალიან, ძალიან გრძელი ისტორიაა!

- და მოკლე გაქვს რამე?

- როგორ არა! - ცხვირი!

- ათი წამი უკვე გავიდა. მითხარი, რატომ უნდა დავრჩე, კაპიტანო?..

- ჯეიმს! - იმიტომ, რომ მე სწორედ ის ვარ, ვისაც ეძებდი...

- შენი პასუხი ისეთივე ბანალურია, როგორიც შენი საკარნავალო კოსტიუმი. კარგად ბრძანდებოდე, კაპიტანო ჯეიმს!

ფურშეტის მაგიდებისკენ წავედი. თან ირაკლის ვეძებდი. უცებ ყავის ჭიქაში დანახული ცალთვალა წვერიანი კაცი წარმომიდგა თვალწინ და გამაჟრიალა. როგორ უცნაურად დაემთხვევა ხოლმე რაღაცეები ზოგჯერ...

პირველი თავის დასასრული.

გაგრძელება იქნება

ავტორი თეა ინასარიძე