ლაბირინთი - "მირაჟის" მოჩვენება. თავი 2 - Marao

ლაბირინთი - "მირაჟის" მოჩვენება. თავი 2

2023-01-10 08:28:02+04:00

"მირაჟის" საბანკეტო დარბაზი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია, ისევე, როგორც თავად სასტუმრო. აქ პირველად მოვხვდი, მაგრამ მის შესახებ ბევრი მსმენია.

ლაბირინთი - ვიზუალური რომანი (ეპიზოდი I)

ადრე "მირაჟის" ადგილზე ძველი, უსახური შენობა იდგა, რომელმაც რადიკალური ცვლილება განიცადა. როგორც ჩემთვის ცნობილია, სპეციალურად ჩამოიყვანეს სხვადასხვა ქვეყნიდან საუკეთესო დიზაინერები, რომლებმაც ნამდვილი სასწაული მოახდინეს...

"მირაჟის" მფლობელის ზუსტი ვინაობა დღემდე არავინ იცის. როგორც ჩანს, ისიც თავისი სასტუმროს სახელივითაა, რადგან აქამდე არ მოჰფინა ნათელი სასტუმროს ირგვლივ შექმნილ ლეგენდებს...

მდიდრულ, ფერად და ბრჭყვიალა საკარნავალო კოსტიუმებში გამოწყობილი სტუმრები განსაკუთრებით ამშვენებდნენ ამ დარბაზს. მაგიდებზე საჭმელი თავზე საყრელად იყო. ირაკლი კი არსად ჩანდა. მარტო ყოფნა ძალიან მალე მომბეზრდა და გადავწყვიტე, ერთადერთ ნაცნობს გამოვლაპარაკებოდი, რომელიც საქმიანად მიდი-მოდიოდა დარბაზში სტუმრების სიით ხელში.

- ნატა, ირაკლი არ გინახავს? აქეთ წამოვიდა წეღან...

- ის ჯამბაზი? მაიმუნობს ალბათ სადმე, თავის ჭიას ახარებს!

- და კრ... დობროვსკი უკვე მოვიდა?

- ჯერ არ მოსულა, მაგრამ წუთი-წუთზე მოვა. მე როგორ გამოვიყურები? რამე ხომ არ მიჩანს უშნოდ? აბა, შემხედე!

ნატამ ჩემ წინ გაიარ-გამოიარა.

- არა, არაფერი გიჩანს... "ძუძუების გარდა" - დავასრულე ფიქრებში.

- იცი, ვინ მოვა დღეს აქ? აბა, თუ გამოიცნობ!

- პრემიერ-მინისტრი?

- არა, გოგო!

- აზრზე არა ვარ! - მითხარი!

მტრისა ჩემკენ გადმოიხარა და წამჩურჩულა:

- ლევან გიორგაძე!

- ეგ ვინღა ოხერია?

მტრისამ ისეთი სახით შემომხედა, თითქოს კაცი მოვკალი.

- არ გამაგიჟო, გოგო! საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანია, ძალიან მაგარი ვინმეა! ეგ როგორ არ იცი?

- რატოა მაგარი? მდიდარი როა?

- უბრალოდ მდიდარი არა, ძალიან მდიდარი! მილიონერი... ძალიან უცნაური ტიპია. კაცი-ლეგენდაა! მართლა არ გაგიგია?

- არა...

- ამბობენ, რომ "მირაჟიც" მაგისია... სავარაუდოდ, ნიღბით იქნება და ალბათ, მარტო აბრამს ეცოდინება, რომელია.

- მარტო აბრამს რატო? იმალება?

- აბა! დაცვის გარეშე არსად დადის. სად დადის, ეგეც არავინ იცის... იმდენ რამეს ამბობენ მასზე... რეალში ძალიან ცოტას უნახავს. პრესას და მედიას ხომ საერთოდ არ იკარებს. "მოჩვენებას" ეძახიან... გოგო, დავიჯერო არაფერი გაგიგია, მართლა? ვაიმე, ისეთი იდუმალიაა... ვგიჟდები, ისე მაინტერესებს, როგორია! ყველაფერს მივცემდი, ეგ რომ გამეგო...

- ჰკითხე მერე დობროვსკის და გეტყვის!

- აი, შანსი არაა, არ მეტყვის! ეგ არასოდეს ლაპარაკობს იმ ადამიანებზე, ვისთანაც საქმიანი კავშირი აქვს...

- დობროვსკის რა საქმიანი კავშირი აქვს მაგ ტიპთან?

- კაი, წავედი, სტუმრებს უნდა მივხედო...

მტრისას ძალიან არ ეხერხება ემოციების შენიღბვა. აშკარად შევატყვე, რომ ზედმეტი წამოროშა და ამაზე ძალიან ინერვიულა... მე კი ისევ მარტო დავრჩი... საინტერესოა, რა სახის კავშირი უნდა ჰქონდეს დობროვსკის იმ გიორგაძესთან? როგორც ჩანს, ჩემი ეჭვები არც ისე უსაფუძვლოა...

სუში ძალიან მიმზიდველად გამოიყურებოდა, ამიტომ გადავწყვიტე, გამესინჯა. რატომღაც იმ მეკობრისკენ გავიხედე, მაგრამ შადრევანთან აღარ იჯდა. მისი გამორჩევა ბრბოში ძალიან გამიჭირდებოდა, რადგან ძალიან ბევრს ეცვა მეკობრის ფორმა.

- აი, თურმე სად ყოფილხარ, სუშის ღეჭავ! მე კიდევ გეძებდი.

- მეც გეძებდი, ირაკლი. სად გაქრი? ნატასაც ვკითხე და არ დამინახავსო...

- ნატა რას დამინახავდა? ვერ ხედავ, თვალზე მკერდი აქვს გადაკრული...

ირაკლიმ ჩხირები ხელიდან გამომართვა და თეფშიდან სუში ისე სწრაფად ამაცალა, რეაგირებაც ვერ მოვასწარი.

- აკი საჭმელად წამოხვედი?

- ფელიქსა შემხვდა და მივბრუნდი.

- სად არის?

- აგერ, იქ, სულთნის ფორმაშია. ვიღაცებს ელაპარაკება.

- ნატამ თქვა, კროული მალე მოვაო. გინდა დავნაძლევდეთ, რომ ვამპირი იქნება?

- რა იცი?

- დარწმუნებული ვარ. უი, მართლა! რა უნდა გკითხო... ლევან გიორგაძე ხომ არ იცი, ვინ არის?

- მილიონერი როა?

- ჰო...

- ეგ ეშმაკმაც არ იცის, გოგო! მაგარი ბუნდოვანი ფიგურაა...

- რატო?

- რავი, ბევრი ლეგენდა დადის მაგაზე. ტიპი ღამურასავითაა. დღე სძინავს, ღამე იღვიძებს. სად დადის, კაცმა არ იცის. ერთადერთი, რაც მაგ კაცზეა ცნობილი, ქალები ევასება მაგრად. ძალიან ბევრი საყვარელი ჰყავსო, ამბობენ. თან, სპეციალურად ეძებს ახალ-ახალ გოგოებსო. ცოტა ხანი ჰყავს, მერე შორდება და რაღაც ხელშეკრულებას ადებინებს...

- ხელშეკრულებას?

გულწრფელად გამიკვირდა.

- ჰო რა! დუმილში დიდ თანხას უხდის. ამიტომ არც ერთი მაგისი ყოფილი ნაშა უკმაყოფილო არ დარჩენილა... რამდენად მართალია, არ ვიცი ოღონდ...

- შენ გჯერა ამ ყველაფრის?

- მილიონერები რო უცნაურები არიან, არ იცი? ისე, შენ რატო დაინტერესდი მაგ ტიპით?

- მტრისამ მითხრა, დღეს უნდა მოვიდესო...

- სად, აქ? - მეეჭვება! რა უნდა აქ? ვითომ კროულიმ დაპატიჟა?

- როგორც ჩანს. ნატას წამოსცდა, რომ დობროვსკის მასთან რაღაც კავშირი აქვს და როგორც კი გააცნობიერა, რომ წამოსცდა, მაშინვე გაიქცა...

- საინტერესოა!

- ჰაჰაა! ჯეკ პოტ! მარჯვნივ გაიხედე!

დარბაზში გრაფი დრაკულა შემოვიდა, თეთრი ჟაბოიანი პერანგით და შავი მოსასხამით.

- არ არსებოობს!!! კროულია, ტო?

ირაკლიმ გაოცებისგან პირი დააღო.

- როგორ მიხვდი? უეჭველი ნატა გეტყოდა...

- არ უთქვამს, უბრალოდ, მივხვდი...

- შენ "ვედმას" კოსტიუმი უნდა ჩაგეცვა! მისმინე, ცოტა ხნით რომ დაგტოვო, ძაან გაბრაზდები?

- რა სისულელეა! რა ვალდებული ხარ, მთელი დღე ჩემთან იდგე. წადი, სადაც გინდა.

- ის გოგო უნდა გავიცნო! ვგიჟდები, როცა ქალს უნიფორმა აცვია! ძალიან სექსუალურია...

- რომელი გოგო?

- აი, ის, მიმტანის კოსტიუმში როა...

- ეგ მართლა მიმტანია, დებილო!

- იყოს მერე, ეგ უფრო ასწორებს!

- აბა, შენ იცი! იქნებ მიეხმარო კიდევაც...

ირაკლი ხალხს შეერია. კროული პატარა სცენაზე ავიდა და დამსწრე საზოგადოებას იქიდან მიესალმა. მტრისა გვერდით ედგა და ისე იღრიჭებოდა, სიბრძნის კბილებიც კი უჩანდა. კროულიმ ჩვენი კომპანიის საქმიანობაზე ისაუბრა. მე მომენტით ვისარგებლე და სანამ ფურშეტის მაგიდებთან ხალხის ნაკადი შემცირდა, თეფშზე კიდევ გადავიღე სუში.

- გყვარებია სუში!

ნაცნობი მეკობრე გამომეცხადა. საშინლად ვერ ვიტან, როცა ვინმე მელაპარაკება და მე პირში ლუკმა მაქვს გაჩხერილი.

- პირველად რომ გადავიღე, ის შემიჭამეს!

- საინტერესოა! თავზე საყრელადაა სუში და შენ თეფშიდან შეგიჭამეს... - გაეცინა მეკობრეს.

- ეგეთებიც ხდება.

- მე სასმელზე გეპატიჟები!

- სასმელი ისედაც უფასოა...

- მერე? მეკობრეები ხომ უფასოდ იღებენ იმას, რაც უნდათ?

როგორც იქნა, სუში გადავყლაპე.

- კარგი. მაშინ მე წითელი!

მეკობრემ წითელი ღვინის ბოკალი მომაწოდა.

- და მაინც... რომელ კომპანიაში მუშაობ?

- ხომ გითხარი, გრძელი ისტორიაა...

- მე არსად მეჩქარება!

- მაშინ წამოდი, დავსხდეთ... დაიწყე თეფშზე, რაც გინდა. მე ხილს წამოვიღებ!

- შეგეძლო მარტივადაც გეთქვა კომპანიის სახელი...

- ჩემს ცხოვრებაში მარტივი არაფერია.

- მიკვირს, აქამდე სახელი რომ არ მკითხე. როგორც წესი, უცხო კაცები პირველ რიგში სახელს მეკითხებიან.

- სახელი არაფერს წყვეტს. თუ მომინდება, ლილუს დაგიძახებ და შენც მიხვდები.

- და მე ჯეიმსი დაგიძახო?

- არ ვიქნები წინააღმდეგი.

მხრები ავიჩეჩე და მაგიდასთან გავყევი. პრინციპში, ჩემთვის სულერთი იყო, რა ერქვა. უაზროდ დგომას უაზროდ ლაპარაკი მერჩივნა. თანაც, მიყვარს უცნობ ადამიანებზე დაკვირვება. არასოდეს იცი, ვინ ვინ აღმოჩნდება. პერსონაჟების შესაქმნელად ეს აუცილებელიც კია.

მაგიდასთან დავსხედით თუ არა, დაბნელდა და ეკრანზე ჩვენი კომპანიის პრომო ჩაირთო. ისე ხმამაღლა ისმოდა, რომ ლაპარაკის დაწყებას აზრი არ ჰქონდა. ფიქრებში გადავვარდი. წარმოვიდგინე, რომ დარბაზში უცებ ნიღბიანი ტერორისტები შემოცვივდნენ, ყველა მძევლებად აიყვანეს და ლევან გიორგაძეს დაუწყეს ძებნა. მე მაგიდის ქვეშ დავიმალე, ერთ-ერთ ტერორისტს დანა ფეხში ჩავარჭე, როცა მაგიდასთან გამოიარა, მერე წაქცეულს ავტომატი წავართვი და მაგიდის ქვემოდან დანარჩენებს მუხლები დავუცხრილე. აი, ასეთი სასტიკი ვარ ზოგჯერ ფიქრებში...

- მე ძალიან მნიშვნელოვანი მისია მაკისრია და ძალიანაც რომ მინდოდეს, მაინც ვერ გეტყვი, სად ვმუშაობ!

- რა მითხარიი?

- ჩემი სამსახური საიდუმლოა-მეთქიი!

რაც შეიძლება ხმამაღლა ჩამძახა ყურში მეკობრე ჯეიმსმა.

- საიდუმლოა? - ჯაშუში ხარ?

- რა მკითხე?

- ჯაშუში ხარ-მეთქი?

- არ მესმის, რაა?

- ჯაააშუუუშიიი ხააარ?

მთელი ძალით დავიყვირე და სწორედ ამ მომენტში შეწყდა მუსიკა. მთელ დარბაზში გაისმა ჩემი ღრიალი. ყველამ ჩვენ გამოგვხედა. უცებ მეკობრემ ხელი მომკიდა, მაგიდიდან წამომაყენა და აივნისკენ წამიყვანა. რაღაცნაირად ვეღარც შევეწინააღმდეგე. პატარა ბავშვს რომ მიათრევს მშობელი, ისე მივყვებოდი უკან. დარბაზი ისევ ახმაურდა.

- აქ სიწყნარეა!

აივნიდან დახვეული კიბე სასტუმროს უკანა ეზოში ჩადიოდა. საოცარი სილამაზე იყო. გარეთ ბნელოდა. ბაღი ჩირაღდნებით იყო განათებული და ზღაპრულ განწყობას ქმნიდა.

- იქით ძალიან ლამაზი შადრევანია! იტალიელი მოქანდაკის ნამუშევარია.

- ისევ ქალთევზები?

- არა, აფროდიტე... აბა, შენ თუ იცი, რატომ არ აქვს არავითარი საერთო გულის სიმბოლოს ნამდვილ გულთან?

- იმიტომ, რომ ნამდვილი გული უშნოა და რთული დასახატი?

- არა.

გაეღიმა მეკობრეს. ამასობაში შადრევანიც გამოჩნდა. ნიჟარაზე შიშველი აფროდიტე იდგა.

- გული ქალის უკანალის გამოსახულებაა!

- უკაცრავად?

- ბერძნები თაყვანს სცემდნენ სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტე კალიპიგუს, რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც "აფროდიტე მშვენიერუკანალიანი". აი, დააკვირდი!

ორივემ აფროდიტეს შემოვუარეთ და მის უკანალს მივაჩერდით.

- მართლა ჰგავს, ვერაფერს იტყვი...

- ერთით ერთია!

- რა?

- ანგარიში გათანაბრდა. ხედავ, მეც მცოდნია რაღაც...

- ეგ ალბათ იმიტომ, რომ ქალის უკანალს უკავშირდება!

შადრევანთან ჩამოვჯექი. მეკობრეც გვერდით მომიჯდა გაღიმებული სახით. წყალი ისე სასიამოვნოდ ჩქაფუნობდა, რომ უცებ ძირს დაწოლა და ძილი მომინდა...

- შენ სად მუშაობ, არ მეტყვი?

- "ლაბირინთში".

- ვაჰ, დობროვსკისთან? და რას აკეთებ იქ?

- ვიზუალურ რომანებს ვწერ...

- საინტერესოა! დაგინახე თუ არა, ეგრევე გავიფიქრე, რომ საინტერესო სფეროდან იქნებოდი...

- ამიტომ გამომელაპარაკე?

მეკობრემ აღარაფერი მიპასუხა. უბრალოდ, ჩემკენ შემობრუნდა და უცბად ნიღაბი მოიხსნა. თაფლისფერი თვალები ჰქონდა. სრულიად მოულოდნელად გადმოიხარა და მაკოცა. მისი ხელოვნური წვერი ნიკაპში შემერჭო, მაგრამ რატომღაც არ შევეწინააღმდეგე. შეიძლება იმიტომ, რომ დიდი ხანია არავისთვის მიკოცნია...

თვალები დავხუჭე. წყლის ხმამ და ყვავილების სურნელმა, რომელიც ბაღში ტრიალებდა, სხვაგან გადამისროლა და ვიგრძენი, როგორ გამეხსნა გონება. უეცრად ფეხზე წამოვხტი.

- მერი... ვიცი, სადაც გაქრა მერი...

მეკობრე დაბნეული მომაჩერდა. რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გავაწყვეტინე.

- მშვიდობით!

ისე სწრაფად გადავჭერი ბილიკი და ისე სწრაფად ავირბინე კიბეები, მეკობრე კი არა, ფორესტ გამპი ვერ დამეწეოდა. "მირაჟის" დარბაზში რომ დავბრუნდი, მაშინვე სულთანი მოვძებნე.

- ფელიქს... მაგარი რაღაც მოვიფიქრე!

- ვაუუ... ევა! თმის ფერი რომ არა, ვერც გიცნობდი! რა ვიდზე ხარ?!

- ის ალტერნატიულ რეალობაშია! თავიდან მხოლოდ კონკრეტულ ადგილებში ხდებოდა ანომალიები... წუილის ხმა, ნათება და უცებ წკაპ და რაღაც იცვლება! ადგილი იგივეა, მაგრამ სხვანაირი...

- რას ამბობ? ვერ გავიგე... ვინ არის ალტერნატიულ რეალობაში?

- მერი! რამდენიმე წამით ჩნდება პორტალი, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას... თვითონაც ვერ ხვდება, რა ხდება. ჰგონია, რომ გაგიჟდა და დღიურის წერას იწყებს. ბოლოს მის საძინებელშიც ჩნდება პორტალი... მერი ინტერნეტში ეძებს ანომალიურ და პარანორმალურ მოვლენებს და "ვერცხლით დამიწებას" აკეთებს, რომ შეაჩეროს ეს ყველაფერი... ხოდა, ყველაზე ძლიერი ნათება სწორედ მაშინ გაჩნდება და მერის გადაისვრის პარალელურ სამყაროში, სადაც მისი ალტერნატიული "მე" მოკლეს... წარმოიდგინე? წარმოიდგინე ეს ყველაფერი თამაშში?

ფილიპე პირდაღებული მისმენდა.

- აუ... აუუ... ევა... ძალიან მაგარია! ფანტასტიკის დედა ხარ!

- მორჩა, სახლში მივდივარ! ახლავე რომ არ დავწერო ყველაფერი, მერე დამავიწყდება... ირაკლის შენ დაემშვიდობე ჩემ მაგივრად! ორშაბათს სამსახურში შევხვდებით...

გასახდელში ქურთუკი ავიღე, მოვიცვი და ქუჩაში გამოვვარდი. პირველივე შემხვედრი ტაქსი გავაჩერე და სახლში დავბრუნდი. დედას და ჩემს დას ეძინათ. მამა ათი წლის წინ გარდამეცვალა...

შხაპი მივიღე და საწოლში ჩავწექი. ლეპტოპი მუხლებზე დავიდე და გათენებამდე ვწერდი. არ მახსოვს, როგორ ჩამეძინა. სიზმარი ვნახე:

"მირაჟის" ბაღის კიბეზე ჩავდივარ. ისეთი ბურუსია, რომ ერთი მეტრის იქით არაფერი ჩანს. ყვავილების სურნელს ვგრძნობ... აი, აფროდიტეს უკანალიც გამოჩნდა. შადრევანთან ძირს დაგდებულ მეკობრის ნიღაბს ვხედავ. ხელში ვიღებ და წერილად გადაიქცევა. ვცდილობ წავიკითხო, მაგრამ ასოები ძალიან სწრაფად იცვლება...

გამეღვიძა. მეგონა ყვავილების სუნი ჩემს ოთახშიც იდგა. გამიხარდა, რომ შაბათი იყო. უცებ კარი გაიღო და ჩემი და შემოვიდა ყავით ხელში. ჩემს დას თეო ჰქვია. 15 წლისაა და მომღერლობაზე ოცნებობს...

- გღვიძავს, ანიკა? ძალიან გვიან მოხვედი?

- არა, არც ისე.

- რა გეცვაა?

თეომ ყავა ტუმბოზე დამიდგა და სკამიდან ლილუს კოსტიუმი აიღო.

- მადლობა, ბაჭი, ყავისთვის!

- აუუ... რა მაგარია! ამით იყავი?

- ჰო...

- გავისინჯავ რაა!

- გაისინჯე!

გამეღიმა და დავფიქრდი. ვეცადე, გამეხსენებინა, რა ინტერესები მქონდა მე, როცა თეოსხელა ვიყავი... მახსოვს, ჩემი მეზობელი მომწონდა და ველოსიპედით მის სახლს სულ წრეებს ვუვლიდი... თეომ ხალათი გაიხადა და ლილუს კოსტიუმი ჩაიცვა. როდესაც კაბურა აიღო, იქიდან რაღაც გადმოვარდა.

- ეს რა არის, ანიკა?

საწოლში წამოვჯექი. თეოს ხელში შავი რაღაცა ეჭირა.

- მანახე!

მოულოდნელობისგან კინაღამ სუნთქვა შემეკრა, როდესაც თეომ ხელში მეკობრის ნიღაბი მომაწოდა. კი მაგრამ, კაბურაში როგორ აღმოჩნდა? როცა მაკოცა, მაშინ ჩამიდო? ასე რატომ მოიქცა?

თავში ათასი კითხვა დამიტრიალდა. უცებ მომეჩვენა, რომ ნიღაბს შიგნითა მხარეს რაღაც ეწერა. ფეხშიშველა წამოვხტი, საწერ მაგიდასთან მივირბინე, გამადიდებელი შუშა ამოვიღე და ნაწერს დავაკვირდი.

რაღაც კოდის მსგავსი ეწერა:

- A02 002 215

გაგრძელება იქნება.

ავტორი თეა ინასარიძე

იხილეთ ასევე: ლაბირინთი - ვიზუალური რომანი (ეპიზოდი I)