ლაბირინთი - პორტალი. თავი 4 - Marao

ლაბირინთი - პორტალი. თავი 4

2023-01-12 08:38:03+04:00

ყოველთვის, როდესაც თამაშების ლოკაციებზე ვფიქრობ, ვცდილობ, რაც შეიძლება უცნაური და საინტერესო ადგილები წარმოვიდგინო.

მთავარი გმირის ადგილას ჩემს თავს ვაყენებ და ყველაზე წარმოუდგენელ გარემოში ვიწყებ მოგზაურობას... განსაკუთრებით, პოსტ-აპოკალიფსური თემა მომწონს, როდესაც მთელი ქალაქი გაპარტახებულია, არ არის ელექტროენერგია და ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ გადარჩე.

სწორედ პოსტ-აპოკალიფსური შეგრძნება დამეუფლა, როდესაც მე და ფილი კლუბ "პორტალში" შევედით... ეს სახელი ნამდვილად ზედგამოჭრილია ამ ადგილისთვის, რადგან სრულიად მოულოდნელად, ჩვეულებრივი მდგომარეობიდან რაღაც მისტიკურ ადგილას ხვდები, სადაც ყველაფერი ისე უცნაურად გამოიყურება, რომ თავი ფანტასტიკური ჟანრის ფილმში გგონია...

დაცვის თანამშრომელმა, პირველ რიგში, ბარათები მოგვთხოვა, აპარატში გაატარა და გახვრეტილი დაგვიბრუნა. მერე მეტალო-დეტექტორით შეგვამოწმა და რაც ყველაზე უცნაურია, მობილურების დატოვება მოგვთხოვა. თავიდან წინააღმდეგობის გაწევა ვცადეთ, მაგრამ გასაგებად აგვიხსნა, რომ ტელეფონით ვერ შეგვიშვებდა.

გვითხრა, რომ ვერ დავრეკავთ, რადგან კლუბში არც ერთი სატელეფონო ქსელი არ იჭერს. არ შეიძლება ფოტოების და ვიდეოს გადაღება და დიქტოფონის გამოყენება. ასე რომ, მობილურები გამოგვართვა და სპეციალური შესანახის მეცამეტე უჯრაში ჩაკეტა. მხოლოდ ამის მერე შეგვიშვა შიგნით.

მე და ფილი გვირაბივით ვიწრო გასასვლელში აღმოვჩნდით, რომელიც მილივით მრგვალი იყო. დერეფანი იასამნისფრად იყო განათებული და კლუბის დარბაზს უერთდებოდა. დარბაზში შესვლისთანავე იფიქრებდით, გამოსახულებას ეფექტი დაადესო, რადგან ყველაფერი არარეალურს ჰგავდა. აი, ფანტასტიკურ ფილმებში მომავალი როგორც არის ხოლმე წარმოდგენილი, დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო. ელექტრონული მუსიკა უკრავდა და ყველაფერი ბურუსში იყო გახვეული. სპეციფიკური სუნიც იდგა. სასიამოვნო და თითქოს ძალიან ნაცნობი...

მუსიკა სხეულის ყველა უჯრედში აღწევდა და ცეკვისკენ გიბიძგებდა. სულ რომ ხე ყოფილიყავი, მაინც აცეკვდებოდი... შეიძლება ის კვამლიც გარკვეულ ზემოქმედებას ახდენდა ცნობიერებაზე, რადგან ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ კლუბში მყოფი ადამიანები თითქოს ერთგვარ ტრანსში იმყოფებოდნენ. სისხლში ადრენალინის მოზღვავება ვიგრძენი...

მთლიანობაში, კლუბში არ იყო ბევრი ხალხი. ნაწილი ცეკვავდა, ზოგიც რბილ სავარძლებზე იჯდა და საუბრობდა. სპეციფიკური განათების გამო ყველა ძალიან ლამაზი ჩანდა. აქ არ იყვნენ მხოლოდ ახალგაზრდები. ხანშიშესული მამაკაცებიც მშვენიერ დროს ატარებდნენ, ჩილიმს აბოლებდნენ და პატარა სცენას მისჩერებოდნენ, რომელზეც მშვენიერი სტრიპტიზის მოცეკვავე იკლაკნებოდა.

- სტრიპტიზ-ბარში დამპატიჟე, გოგო?

ფელიქსს მოულოდნელობისაგან ყბა ჩამოუვარდა და გაოგნებულმა შემომხედა.

- რა, არ მოგწონს?

იხტიბარი არ გავიტეხე და თავი ისე დავიჭირე, თითქოს ვიცოდი, სადაც მოვდიოდი. ფილი გაოცებული იყურებოდა. ძალიან სასაცილო სანახავი იყო ამ წუთებში.

- წამო, წამო, დავლიოთ რამე.

ვუთხარი და ბართან წავათრიე.

- თქვენი ბარათები მაჩვენეთ!

გვითხრა ბარმენმა, სანამ პირის გაღებას მოვასწრებდით.

- ბარათები?.. აქ რა, ყოველი ფეხის გადადგმაზე ბარათები უნდა გვიმოწმონ?

ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. ბარმენმა ბარათებს დახედა და უკან გამოგვიბრუნა.

- თქვენ საფირმო კოქტეილი გეკუთვნით!

ჭიქები გადმოიღო და კოქტეილის გაკეთებას შეუდგა. ისე სწრაფად ატრიალებდა ხელში ბოთლებს, თვალის მიდევნებას ძლივს ვასწრებდი. კოქტეილი ოთხფერიანი გამოვიდა. მწვანე, ლურჯი, წითელი და იასამნისფერი ფენები ჰქონდა.

- აქ პირველად ხართ, ხომ?

გვკითხა და ჭიქები დახლზე დაგვიდგა.

- კი... როგორ მიხვდით?

- ადვილად. - მოგწონთ?

- რა უცნაურ ადგილზეა? თუ არ იცი, ვერასოდეს იპოვი...

გულუბრყვილოდ უპასუხა ფილმა.

- ასეც უნდა იყოს!

ცოტა გაკვირვებული ტონით თქვა ბარმენმა. როგორც ჩანს, კლუბი რომ ინტერნეტში არ იძებნება, ეს სულაც არ არის შემთხვევითი.

- და რა პონტშია ეგრე? არც ერთი ბანერი არ იყო გარეთ!

არ ჩერდებოდა ფილი.

- იმ პონტში, რომ დახურული კლუბია... მაგრამ თქვენ ეს უნდა გცოდნოდათ, აქ რომ მოდიოდით... საიდან გაქვთ ეს ბარათები?

ბარმენმა დაეჭვებული სახით შეგვათვალიერა. მე მაშინვე მთელი ძალით ვუჩქმიტე ბარძაყზე ფილს, რომ ენაზე კბილი დაეჭირა.

- ვიცით, რომ დახურული კლუბია! უბრალოდ, ვიხუმრეთ...

ჩემი პასუხი არცთუ ისე დამაჯერებლად გაისმა. ბარმენმა კითხვა გაგვიმეორა.

- ბარათები საიდან გაქვთ, ესე იგი?

- გვაჩუქეს!

ვუთხარი და მაშინვე მივხვდი, რომ ასე იოლად არ მოგვეშვებოდა.

- ვინ გაჩუქათ?

ზედმეტი ყურადღების მიქცევა ნამდვილად არ მაწყობდა. სასწრაფოდ რაღაც უნდა მომეფიქრებინა... ფილიპე გაშტერებული მოგვჩერებოდა ხან ერთს, ხან მეორეს და ვერ მიმხვდარიყო, რა უნდა ეთქვა ან გაეკეთებინა.

- გაინტერესებს, ვინ გვაჩუქა? ვინ და მოჩვენებამ! იმედია, მიხვდი, ვისაც ვგულისხმობ!

მიმტან ბიჭს თვალი გავუსწორე და ძალიან დამაჯერებელი გამომეტყველება მივიღე. მანაც უხმოდ დამიქნია თავი.

- ყველაფერი გასაგებია! კარგი დრო ატარეთ!

სახეზე ისევ გაუკრთა ღიმილი და როგორც იქნა, შეგვეშვა.

- რა იყო ახლა ეს?

მკითხა ფილიპემ, როგორც კი ბარს მოვშორდით და მოყუჩებულ ადგილას დავსხედით.

- ფელიქს... რაღაცაში უნდა გამოგიტყდე...

- ჰო, მეც ეგეთი შეგრძნება მაქვს...

- როგორც ჩანს, აქ მოხვედრა არც ისეთი ადვილია, როგორიც მეგონა... მოკლედ, ეს ორი ბარათი არავის არ უჩუქებია... - ვიპოვე!

- იპოვე? მეღადავები?..

- არა! მართლა... შაბათს მე და თეო კინოში ვიყავით და დარბაზში ვიპოვე. ეტყობა ვიღაცას შემთხვევით ამოუვარდა... ამ კლუბზე რომ "დავგუგლე" სამსახურში, ვერაფერი ვიპოვე და ძალიან დამაინტერესა... ხომ იცი, მიყვარს უცნაური ადგილები... თან, ვიფიქრე, რომ იქნებ სცენარისთვის გამომადგეს, ინსპირაცია მომცეს...

- და "მოჩვენება" რატო უხსენე იმ ბარმენს? ვინ არის "მოჩვენება"?

- იმიტომ, რომ შემეშინდა. ხომ ნახე, როგორ ჩაგვაცივდა? აშკარად რაღაც იეჭვა. ხოდა, უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე. რამე დამაჯერებელი უნდა მეთქვა! მილიონერ ლევან გიორგაძეზე გსმენია რამე?

- ისეთ პონტში...

- მაგის ზედმეტსახელია. "მოჩვენებას" ეძახიან. ეს ბარმენი კიდე ასი წელი ვერ გაიგებს სიმართლეს.

- და დამაჯერებელია ეგ? რომ მილიონერმა გიორგაძემ ამ კლუბის ბარათები გაჩუქა?

- ფელიქს, გაიხედ-გამოიხედე! ხედავ, რა კატეგორია დადის აქ? როგორი ჩაცმულები არიან?.. აშკარაა, რომ ძალიან მდიდარი ხალხის რაღაც გასაიდუმლოებული თავშეყრის ადგილია...

- მოკლედ რაა... არა ხარ შენ ნორმალური გოგო! მარა რაღა გაეწყობა? მაშინ ჩილიმიც მოვწიოთ...

- მე რომ არ ვეწევი?

- ვიცი, მაგრამ ჩილიმი უნდა გასინჯო!

- ნაფაზს ვერ ვარტყამ.

- რა უნდა? მე გასწავლი მაგას!

ფილი ძალიან ცდილობდა, ჩემთვის ნაფაზის დარტყმა ესწავლებინა, მაგრამ ვერაფრით გავუშვი ბოლი იქ, სადაც საჭირო იყო. თან კოქტეილს ვწრუპავდი და მალე გავბრუვდი.

სიმართლე გითხრათ, კლუბში პირველად ვიყავი და სტრიპტიზიც პირველად ვნახე "ლაივში". სიამოვნებით ვიჯდებოდი მთელი ღამე მარტო და კლუბის თითოეულ სტუმარს შევისწავლიდი. ძალიან მაინტერესებს ყველა, ვინც აქ დადის...

- საოცრად გიხდება ეს კაბა! სულ სხვანაირი ხარ! ასე სამსახურში რომ დადიოდე, მე, მაქსი და ირაკლი შენზე ყურებამდე შეყვარებულები ვიქნებოდით!

როგორც იქნა, მოსწყვიტა თვალი ფილმა სტრიპტიზის მოცეკვავეს.

- ხოდა გიფრთხილდებით, რა გინდა?

- იმ მოდელებს ხომ ხედავ? ალბათ სპეციალურად დადიან, ვინმე მდიდარი ბიჭი რომ ააგდონ. ახლა აქ ყველა ელიტის წარმომადგენელია ვითომ? როგორ ფიქრობ შენ?

- ცნობადი სახე აქ არ დამინახავს. იქნებ ეს ხალხი ქურდული სამყაროს წარმომადგენლები არიან?

- დღეს მაინც მოეშვი ამ ზღაპრების გამოგონებას და გაერთე!

- აშკარად ეს კორპუსი კომუფლაჟის როლს ასრულებს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ კომუნისტების დროს აქ თავშესაფარი იყო. ეს ვიწრო გასასვლელები, მასიური კარი, აშკარად ეგრე იქნება! იდეალური ადგილია დახურული კლუბისთვის. ამ ადგილის რეკლამირება ეტყობა არ სჭირდება მეპატრონეს. მობილურებიც რო დაგვატოვებინეს, არ არის უცნაური? ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პოსტ-აპოკალიფსურ სამყაროში ვართ და აქედან რომ გავალთ, ზომბები გამოგვეკიდებიან.

- ჰო, მეც ეგეთი შეგრძნება მაქვს! როგორც ჩანს, ესენი ყველა "პასტაიანცები" არიან...

- ჰო... რაღაც საკულტო ადგილივითაა...

- ზუსტად! იმედია ვერ მიხვდებიან, საიდან გაქვს ბარათები, არ დაგვიჭერენ და მსხვერპლშეწირვის რიტუალს არ ჩაგვიტარებენ.

- ჰოო, იმედია!

ორივე კარგ ხასიათზე დავდექით. უცებ დარბაზში კარგად ჩაცმული და სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა, ორი კაცის თანხლებით, რომლებიც უკან მოჰყვებოდნენ. ძალიან ცოტა ხნით გაჩერდა, დარბაზს თვალი მოავლო, რამდენიმე წუთით მზერა სცენაზე შეაჩერა, მერე იმ ორს ხელით რაღაც ანიშნა და ბარისკენ გაემართა.

როგორც ჩანს, ის ორი მისი პირადი დაცვა იყო, რადგან ერთი სწრაფად დაწინაურდა და პირველი მივიდა ბართან. მეორე უკან მიჰყვებოდა და თან სიტუაციას აკონტროლებდა.

წითელქოჩრიანი ბარმენი აშკარად იცნობდა მოსულს, რეაქციაზე შევატყვე. მის მიმიკებს დავაკვირდი. მაინტერესებდა, მნიშვნელოვან რამეზე ლაპარაკობდნენ თუ არა. უცებ ისეთი რაღაც მოხდა, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი... ბარმენმა რაღაც უთხრა ახალმოსულს და ჩემი და ფილიპეს მაგიდისკენ გამოახედა.

მართალია, საკმაოდ დიდი მანძილი გვაშორებდა, მაგრამ მისი სახის გამომეტყველება კარგად ჩანდა, რადგან ჩვენი ადგილი ნახევრად ჩაბნელებული იყო, ხოლო ბარი კარგად განათებული. აი, ის კი ნამდვილად ვერ დაგვინახავდა კარგად.

სიმართლე გითხრათ, ცოტათი შემეშინდა. მღელვარებისგან გული კინაღამ საგულედან ამომივარდა. ცხოვრებაში პირველად მოვხვდი ისეთ უცნაურ და დაძაბულ სიტუაციაში, როგორზედაც სულ ვოცნებობდი.

"მისტერ იდუმალებამ" მალევე დატოვა დარბაზი და ბარის გვერდითა გასასვლელში გაუჩინარდა, რომელიც წითლად იყო განათებული. როგორც შევამჩნიე, დარბაზს რამდენიმე დერეფანი უერთდებოდა, რომლებიც სხვადასხვაფრად იყო განათებული. ზუსტად იმ ფერებში, როგორც ჩემი საფირმო კოქტეილი...

სტრიპტიზის მოცეკვავე სხვამ შეცვალა. მას მაღალი გეტრები და კოლეჯის მოსწავლის ფორმა ეცვა, მოკლე, კუბოკრული ქვედაბოლო, თეთრი პერანგი და ჰალსტუხი, რომელიც მალევე მოიძრო და დარბაზში გადმოისროლა.

- სად არ არის ირაკლი?

გადავულაპარაკე ფილს, რომელიც მოდუნებული და გაბრუებული სავარძლის საზურგეზე გადაწოლილიყო.

- აბაა!

- ფილ, ცოტა ხნით დაგტოვებ! საპირფარეშოს მოვძებნი.

- კარგი. მიდი...

ტუალეტის საძებნელად წავედი. ბარმენმა თვალი გამომაყოლა. წითელი დერეფნის წინ კიდევ ერთი დაცვის თანამშრომელი იდგა, ისეთივე ფორმაში, როგორიც შემოსასვლელში მყოფს ეცვა.

- უკაცრავად, ტუალეტი სად არის?

- პირდაპირ! მწვანე პორტალში უნდა შეხვიდეთ...

მხოლოდ ახლა მივხვდი, ეს ოვალური გვირაბები პორტალების ასოციაციას იწვევს. კლუბს ხომ "პორტალი" ჰქვია? შემოსასვლელი პორტალი იასამნისფრადაა განათებული. ქალების ტუალეტისკენ მიმავალი - მწვანედ. ლურჯში ალბათ კაცების საპირფარეშოა. საინტერესოა, წითელში რა არის?..

მწვანე დერეფანი გავიარე და ტუალეტში შევედი. კაბინებში ორი გოგო იყო შესული და ერთმანეთს ელაპარაკებოდა. მეც შემთხვევით გავიგონე, რაზე ლაპარაკობდნენ. უფრო სწორად, ერთი მეორეს რაღაც ამბავს უყვებოდა...

- ხოდა, ასე მოულოდნელად, ქუჩაშივე მიუგზავნა დაცვა. ეგრევე აჯახა, ამა და ამ დროს, ამა და ამ ადგილას მოდიო.

- მერე იმან რა ქნა? არ მითხრა, მივიდაო...

- ასე უთქვამს, ჯერ გამიკვირდაო, მარა რო გავიხედე, ისეთი მაგარი მანქანით იყვნენ, მარტო ფილმებში რომ მაქვს ნანახიო... თან, იმ ტიპმა ხელში წითელი კონვერტი მომაჩეჩა და წავიდაო. კონვერტში 500$ იდოო... აზრზე ხარ, გოგო? კაბა რო ეყიდა...

- შოკში ვარ! მერე?

- რა მერე? წავედიო... სასტუმრო "მირაჟში", ხო იცი? აი იქ! ლუქსში ვახშმით გაწყობილი მაგიდა დამხვდა და კიდევ უცნაური წერილიო...

უცებ კაბინა გაიღო და გოგო, რომელიც ამ ყველაფერს უყვებოდა თავის დაქალს, გამოვიდა. დამინახა თუ არა, მაშინვე გაჩუმდა. მე ჩანთიდან პომადა ამოვიღე და სარკის წინ წასმა დავიწყე. იმან ხელები დაიბანა. მეორეც მალევე მოჰყვა უკან. მე ისეთი სახე მივიღე, თითქოს საკუთარი გარეგნობის გარდა არაფერი მაინტერესებდა. მათაც შეისწორეს მაკიაჟი და გავიდნენ. ისე, რომ იმ ისტორიის დასასრული ვეღარ მოვისმინე.

უცნაური დამთხვევაა, რომ "მირაჟი" ახსენეს. სავსებით შესაძლებელია, ლევან გიორგაძეზე ლაპარაკობდნენ.

უკან რომ დავბრუნდი, ფილი ადგილზე არ დამხვდა. ვიფიქრე, რომ ისიც საპირფარეშოში წავიდა და ჩემს ადგილზე დავჯექი. ლოდინი დიდხანს მომიწია. ცოტა არ იყოს, ავღელდი. ფილის საძებნელად ლურჯი დერეფნისკენ წავედი. თან დარბაზს ვათვალიერებდი. ლურჯ დერეფანში ვიღაც კაცი შემეფეთა. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს კაიფში იყო.

- ქალების ტუალეტი მოპირდაპირე მხარესაა!

მითხრა და თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა.

- ვიცი. მეგობარს ვეძებ... ახალგაზრდა ქერათმიანი ბიჭი ხომ არ დაგინახავთ შიგნით? ნაცრისფერი ზამშის პიჯაკი აცვია...

- ტუალეტში არავინ არ არის! შენ ახალი ხარ?..

თვალები მოჭუტა და დამაკვირდა.

- გააჩნია რას გულისხმობთ "ახალში".

ტუალეტთან მაინც მივედი, კარი ოდნავ გამოვაღე და ფილს დავუძახე, მაგრამ არავინ გამომეპასუხა. უკან რომ შემოვბრუნდი, ის მუტრუკი წინ გადამეღობა.

- მიყვარს ახლები...

არაფერი ვუპასუხე, უბრალოდ წასვლა დავაპირე, მაგრამ ისევ შემაჩერა.

- წითელი კოდი გაქვს?

- რა წითელი კოდი? - გამატარე!

- უკარებას თამაშობ?

მკითხა და უცებ კედელზე მიმანარცხა.

- სად მირბიხარ?

ისე ძალიან გავბრაზდი, რომ მზად ვიყავი, იქვე მომეკლა.

- რეებს ბედავ? გამატარე, სანამ დაცვას არ დავუძახე და არ გაგათრიეს აქედან ცემით!

- მომწონს, როცა მეწინააღმდეგეებიან... ვიგზნები!

- ხოდა, ბებიაშენმა დაგაკმაყოფილოს!

გავიბრძოლე, მაგრამ ხელები ისე მაგრად მომიჭირა, რომ მისგან თავის დაძვრენა ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მაინც შევძელი. მუხლი ამოვარტყი და დარბაზში გავიქეცი. ყველგან ვეძებე ფილი, ბარმენსაც ვკითხე, მაგრამ მის კვალსაც კი ვერ მივაგენი. ბოლოს წითელი პორტალისკენ წავედი, მაგრამ დაცვამ შემაჩერა.

- ბარათი მაჩვენეთ, თუ შეიძლება!

ჩანთიდან ბარათი ამოვიღე და გავუწოდე. დაცვამ დახედა და უკან გამომიბრუნა.

- თქვენ ლურჯი კოდი გაქვთ, ამიტომ ვერ შეგიშვებთ, უკაცრავად...

- მეგობარს ვეძებ... ტუალეტში ვიყავი და რომ დავბრუნდი, აღარ დამხვდა...

- თქვენს მეგობარს წითელი კოდი აქვს?

- და რას ნიშნავს წითელი კოდი?..

- თქვენ ლურჯი კოდი გაქვთ! თუ საშვს ლურჯი ლოგო აქვს, ესე იგი, ერთჯერადია. წითელი ლოგო უვადოა. წითელი კოდის მფლობელები კლუბის მუდმივი კლიენტები არიან და ყველგან შეუძლიათ შესვლა. თქვენს მეგობარს აქვს წითელი კოდი?

- არა, არა მგონია...

- მაშინ გამორიცხულია აქ იყოს! სხვაგან მოძებნეთ...

- უკვე ყველგან ვეძებე!

- ესე იგი, წავიდა!

- უჩემოდ არ წავიდოდა, გამორიცხულია! კიდევ სად შეიძლება მოვძებნო?

- რა გითხრათ... შეიძლება რამე პრობლემა შეექმნა და გარეთ გაუშვეს...

- პრობლემა?

უცებ გამახსენდა, რომ ბარმენმა ის უცნობი ჩვენკენ გამოახედა. იქნებ მიხვდნენ, რომ ბარათები ჩვენ არ გვეკუთვნის და სანამ ტუალეტში ვიყავი, მართლა გაუშვეს გარეთ?

სასწრაფოდ იასამნისფერი დერეფნისკენ გავიქეცი, ქურთუკი ავიღე და გასასვლელთან მდგარ დაცვას მივაჭერი, რომელმაც კლუბში შემოგვიშვა. თუ ფილს გარეთ გაუშვებდნენ, აუცილებლად დამელოდებოდა მანქანასთან...

- ჩემთან ერთად რომ ბიჭი იყო, გარეთ გავიდა?

- თქვენთან ერთად? თქვენ ხომ მარტო მოხვედით?

- არა... მარტო როგორ მოვედი? მეგობართან ერთად მოვედი. თქვენ არ შემოგვიშვით? ქერათმიანი, საშუალო სიმაღლის ბიჭი... ნაცრისფერი პიჯაკი აცვია...

- აქედან ჯერ არავინ გასულა!

- ჩვენი ტელეფონები და იქნებ ნახოთ?..

- უკვე მიდიხართ? შოუ ჯერ არ დაწყებულა!

- შოუ?

- შოუს გამო არ მოხვედით?

- ახლა მხოლოდ ჩემი მეგობრის პოვნა მინდა, რომელიც კლუბში რატომღაც აღარ არის... ასე რომ, ტელეფონი დამიბრუნეთ, თუ შეიძლება!

დაცვამ მეცამეტე უჯრა გააღო და მობილური დამიბრუნა.

- ჩემი მეგობრისაც მომეცით!

- აქ მარტო ერთი ტელეფონია!

- როგორ? სალათისფერი აიფონიც უნდა იყოს... ერთად არ შეინახეთ? ორივე მეცამეტე უჯრაში ჩადეთ, კარგად მახსოვს!

- არ არის! თუ არ გჯერათ, თქვენ თვითონ ნახეთ!

კარადასთან მივედი და უჯრა მე თვითონ შევამოწმე. ფილის ტელეფონი იქ არ იყო.

- ესე იგი, აიღო და წავიდა!

- ან არც მოსულა საერთოდ... გეუბნებით, რომ არავინ გასულა აქედან!

- კარგით, გარეთ რომ გავიდე და ვერ ვნახო იქაც ჩემი მეგობარი, უკან შემომიშვებთ?

- თქვენ ერთჯერადი საშვი გაქვთ და ერთხელ უკვე შემოხვედით... როგორც კი გახვალთ, ბარათი ძალას დაკარგავს. გახვრეტილი ბარათით უკან ვეღარ შემოგიშვებთ...

მობილურით ფილიპეს ნომერი ავკრიფე, მაგრამ ქსელი არ იჭერდა...

- მიდიხართ თუ არა, ბოლოს და ბოლოს?

- კარგით, გამიღეთ კარი...

ქუჩაში გამოვედი და ფილის მანქანისკენ გავიქეცი. პოსტ-აპოკალიფსური განწყობა აქაც გამომყვა... ქუჩა ცარიელი იყო და სამარისებური სიჩუმე იდგა. ასე მეგონა, დედამიწაზე მხოლოდ მე დავრჩი...

ფილის მანქანა იქ აღარ იყო. მობილური ამოვიღე და ისევ ვცადე მასთან დარეკვა.

- "ნომერი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან"

გაისმა ტელეფონში. ასე არასოდეს შემშინებია. პანიკამ მომიცვა. თანაც, ჯერ არ ვიყავი ბოლომდე გამოფხიზლებული. თავში ათასი აზრი მიტრიალებდა და წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მექნა... ასეთი დაბნეული ცხოვრებაში არ ვყოფილვარ...

უცებ მოვისაზრე, რომ შემეძლო პატრული გამომეძახა, მაგრამ მოულოდნელად ზურგსუკან ვიღაცის ფეხის ხმა გავიგე. შემოვბრუნდი. შენობის უკანა მხრიდან ვიღაც სწრაფი ნაბიჯით მოდიოდა. მხოლოდ მის სილუეტს ვხედავდი, რადგან მოსახვევში საკმაოდ ბნელოდა.

- ფელიქს!

დავუძახე და მეც მის შესახვედრად გავიქეცი, მაგრამ უცებ გავჩერდი... მამაკაცი, რომელიც მიახლოვდებოდა, სულაც არ იყო ფილი...

გაგრძელება იქნება

ავტორი თეა ინასარიძე

იხილეთ ასევე: ლაბირინთი - სახიფათო გადაწყვეტილება (ეპიზოდი III)