ლაბირინთი - იდუმალი ვიზიტორი. თავი 6 - Marao

ლაბირინთი - იდუმალი ვიზიტორი. თავი 6

2023-01-14 08:50:32+04:00

"ლაბირინთში" პირველად ექვსი წლის წინ მოვხვდი. იმ პერიოდში ძალიან "თამაშდამოკიდებული" ვიყავი.
მთელ დღეებს კომპიუტერთან ვატარებდი. დეპრესიის გამო ძველ მეგობრებსაც ჩამოვცილდი და საკუთარ თავში ჩავიკეტე, რადგან არავის დანახვა არ მინდოდა. ოთახიდანაც აღარ გამოვდიოდი. მხოლოდ თამაშების ვირტუალურ სამყაროში მინდოდა ყოფნა.

ერთხელ, როდესაც ინტერნეტში ახალ თამაშს ვეძებდი, შემთხვევით განცხადებას გადავაწყდი. კომპიუტერული თამაშების კომპანია "ლაბირინთი" გეიმერებისთვის საინტერესო კონკურსს მართავდა, პირველი ქართული კომპიუტერული თამაშის დასატესტად. ათი მოთამაშიდან ვინც უფრო სწრაფად დახურავდა თამაშს, მას გეიმერების ლეპტოპს - Alienware M11x-ს აჩუქებდნენ, რომელსაც ოთხი გიგაბაიტი რამი და Nvidia Geforce CT335m-ის გრაფიკა ჰქონდა, რაზეც იმ დროისთვის მხოლოდ ოცნება შემეძლო...

რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ დავრეგისტრირდი და დათქმულ დღეს კომპანიაში მივედი. სწორედ მაშინ გავიგე პირველად "ლაბირინთის" შესახებ. თამაში ორსაათნახევარში დავხურე და მთავარი პრიზიც დავიმსახურე. ათი მონაწილიდან ერთადერთი გოგო ვიყავი. სწორედ ამ დღეს გავიცანი მაქსი და ფილიპე. ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ თამაშების სპეციფიკაზე. მეც გავუზიარე ჩემი მოსაზრებები თამაშებთან დაკავშირებით და გულწრფელად გამოვხატე ამ სფეროში მუშაობის სურვილი. რამდენიმე დღის შემდეგ "ლაბირინთიდან" დამირეკეს და სამსახურის დაწყება შემომთავაზეს.

ასე მოვხვდი დობროვსკის კომპანიაში საცდელი ვადით. მას შემდეგ ექვსი წელი გავიდა... ბიჭებს ძალიან დავუმეგობრდი. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ჩემი ერთადერთი მეგობრები არიან...

- მე მოწვეული სტუმრების სია მაქვს, ანიკა. აქედან ვინ მოვიდა და ვინ არა, ეს უკვე აღარ ვიცი. სიაში ის ხალხია, ვის სახელზეც მოსაწვევები გავეცით. ოღონდ ჩატში ჩაგიგდებ, კარგი? საკმაოდ გრძელი სიაა და ერთი ადამიანის ძებნის დრო ახლა ნამდვილად არ მაქვს...

- ჩამიგდე, მე თვითონ მოვძებნი! მოსაწვევების გარეშე შემოვიდოდა ვინმე დარბაზში?

- გამორიცხულია! ვინ არის ეს ლევან კალანდაძე? რატომ გაინტერესებს? რაღაც არ მეცნობა ეგ გვარი...

- სიმართლე გითხრა, არც მე ვიცი. კარნავალზე გავიცანი, ნიღბით იყო... უბრალოდ, მაინტერესებს, სად მუშაობს და ვინ არის...

- რახან შენ ვიღაცამ დაგაინტერესა, ჩხირი კედელს!

- დობროვსკის რა უნდა, ხომ არ იცი? რაზე მიბარებს?

- არ უთქვამს... დილით გიკითხა, მაგრამ არ იყავი... მოიცა, გავაგებინებ, რომ ელოდები!

ნატამ კროულის კაბინეტში სულ რამდენიმე წამით შეყო თავი, ხმაც არ ამოუღია. მაშინვე გამობრუნდა და მანიშნა, შევსულიყავი. მტრისას და კროულის აშკარად ტელეპატიური კავშირი ან საკუთარი ჟესტების ენა აქვთ... რაღაცნაირად აღარ ვღელავდი. პრინციპში, იმდენი ვინერვიულე ამ ერთი ღამის განმავლობაში, რომ ემოციებისაგან მთლიანად დაცლილი და შინაგანად გამოფიტული ვიყავი. საკუთარი თავი ბედს მივანდე (რომლისაც ნაკლებად მჯერა) და კროულის კაბინეტში თამამად შევედი.

- მოდი!

ოთახის სიღრმიდან მისი ბოხი ხმა მომესმა.

- ყავას ხომ არ დალევ?

მკითხა, როდესაც მის მაგიდამდე მივაღწიე.

- არა, გმადლობთ, ბ-ნო აბრამ... ახლახან დავლიე...

ვიზიტორის სკამზე ჩამოვჯექი და შევეცადე, კროულის სახეზე ამომეკითხა, იცოდა თუ არა ბარათების ამბავი... დობროვსკის მშვიდი სახე ჰქონდა და აღელვება არ ემჩნეოდა. პრინციპში, როგორც ყოველთვის... მას ძალიან უემოციო სახე აქვს. ცვილის ფიგურა გეგონება...

- როგორ მიდის სცენარის საქმე?

- კარგად. ვმუშაობთ ყველა...

- ძალიან კარგი. ბიჭებისთვის ხომ არაფერი გითქვამს იმასთან დაკავშირებით, რაზეც მაშინ გელაპარაკე?

- არა, რა თქმა უნდა!

- მშვენიერია! იმ პიროვნებას უნდა, რომ დღეს, საღამოს რვა საათზე შეგხვდეს და დაგელაპარაკოს.

- დღეს საღამოს?..

- კი, დღეს საღამოს... იმედია, სხვა გეგმები არ გაქვს! თუ გაქვს, აჯობებს გადადო, რადგან ამ პიროვნებას დრო ძალიან შეზღუდული აქვს. როგორც უკვე გითხარი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ მისი ინტერესები უმაღლეს დონეზე იქნას დაკმაყოფილებული. შენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს, ანიკა! გარდა იმისა, რომ სოლიდურ ჰონორარს აიღებ, შეიძლება ერთგვარი ტრამპლინიც იყოს ეს საქმე შენს კარიერაში... ერთი სიტყვით, ძალიან ყურადღებით მოუსმინე! ლაპარაკი არავითარ შემთხვევაში არ შეაწყვეტინო! არ უყვარს, როცა აწყვეტინებენ...

მხოლოდ მნიშვნელოვანი კითხვები დაუსვი. საუბრის დროს თვალებში უყურე. ასე იგრძნობს, რომ საქმეს სერიოზულობით ეკიდები და პროფესიონალი ხარ!

- ყველაფერი გასაგებია! ახლა მაინც არ მეტყვით, ვინ არის? ხომ უნდა ვიცოდე, ვის ვხვდები? ან როგორ მივმართო?

- გაგეცნობა თვითონვე...

- უბრალოდ, არ მესმის, რა საჭიროა ასეთი კონფიდენციალურობა... პოლიტიკოსია?

- არა, ანიკა. არ არის პოლიტიკოსი, მაგრამ ძალიან გავლენიანი ფიგურაა და ერთი თავისებურება აქვს - არ ენდობა ადამიანებს! განსაკუთრებით მათ, ვისაც არ იცნობს. ამიტომ ყოველთვის გადამეტებულ სიფრთხილეს იჩენს ხოლმე...

- როგორც ჩანს, კარგად იცნობთ... თქვენ თუ გენდობათ?

კროულის გაქვავებულ სახეზე ძლივს შესამჩნევად, წამიერად ღიმილის მსგავსი მიმიკა გაუკრთა, მაგრამ არაფერი მიპასუხა.

- შეხვედრიხართ პირადად ოდესმე?

აღარც მე მოვეშვი.

- იმედია, ამდენ კითხვას მას არ დაუსვამ!

- ვეცდები... ალბათ, ამიტომაც არის ის კაცი ასეთი გავლენიანი...

- რატომ?

- იმიტომ, რომ არავის ენდობა!

- შეიძლება... კარგი, ანიკა. თუ ყველაფერი გასაგებია შენთვის, მაშინ შეხვედრის დეტალებზე გადავიდეთ...

- გადავიდეთ...

- საღამოს რვა საათზე სასტუმრო "მირაჟში" მიხვალ...

- "მირაჟში"?

თავისით აღმომხდა და გაკვირვება ვერ დავმალე.

- რატომ მაინცდამაინც "მირაჟში"?

- იმიტომ, რომ ყველაზე პრესტიჟული დაწესებულებაა ქალაქში. ყველაზე კარგად დაცული, ყველანაირი კომფორტით... "მირაჟის" ვერანდა იდეალურია საქმიანი, რომანტიკული და თუნდაც კონფიდენციალური შეხვედრებისთვის... იქ რომ მიხვალ, ადმინისტრატორს უთხარი, რომ "ლაბირინთიდან" ხარ და შეხვედრა გაქვს დანიშნული რვა საათზე. ათი წუთით ადრე რომ მიხვიდე, ძალიან კარგი იქნება! დანარჩენს ადმინისტრატორი მიხედავს. დღეს შეგიძლია ადრე წახვიდე და მოემზადო. ლამაზად ჩაიცვი! კარგად უნდა გამოიყურებოდე. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია! შენ მიდიხარ, როგორც ჩვენი კომპანიის სახე. ჩვენ უნდა წარგვადგინო...

- საინტერესოა!

- რა არის საინტერესო?

- როდესაც შეხვედრაზე მიდიხარ ვიღაც ძალიან მნიშვნელოვან პერსონასთან და აზრზე არა ხარ, ვინ არის...

- მესმის, რომ ყველაფერი უცნაურად გამოიყურება, მაგრამ ჩათვალე, რომ ესეც ერთგვარი სტრატეგიაა... დამკვეთის სტრატეგია. ჩვენ კი პატივი უნდა ვცეთ...

- ყველაფერი კარგად გავიგე! რვას რომ ათი წუთი დააკლდება, სასტუმრო "მირაჟის" ფოიეში ვიქნები!

- ხვალ დილით მოხვალ თუ არა, პირდაპირ ჩემთან შემოდი! აბა, წარმატებულ საღამოს გისურვებ!

კროულის კაბინეტიდან დაინტრიგებული გამოვედი. დაკვირვებული ვარ, ცხოვრებაში ან არაფერი ხდება, ან ყველაფერი ერთად დაგატყდება თავს. უცნაური მოვლენები ჯაჭვივით გადაებმება ხოლმე. თანაც, ისეთი საინტერესო ამბები, როგორიც ამ რამდენიმე დღის მანძილზე განვითარდა, ადამიანების ცხოვრებაში ძალიან იშვიათად ხდება. მე არ მჯერა იმ მოსაზრების, რომ ადამიანების ცხოვრებაში ყველაფერი წინასწარაა გადაწყვეტილი "ზემოდან".

თუმცა, მჯერა იმის, რომ რაზეც ხშირად ვფიქრობთ, ვიზიდავთ... შეიძლება ეს სამყაროს ერთგვარი კანონიცაა, როცა რაღაცის გეშინია, სწორედ ის გემართება.

რატომღაც პირიქით უფრო იშვიათად ხდება. შეიძლება იმიტომ, რომ ადამიანები უარყოფით თემებზე უფრო ბევრს ვფიქრობთ, ვიდრე კარგ რაღაცებზე ვოცნებობთ... რატომღაც ბევრი ოცნებას დროის ფუჭად გაფლანგვად მიიჩნევს. არადა, ოცნება აუცილებელია! სწორედ ჩვენს ოცნებებში იკვეთება ჩვენი პიროვნების საინტერესო შტრიხები, სურვილები, ხასიათი... ისე, მგონი, გადავრჩი... კროულიმ კლუბში მომხდარი ამბების შესახებ, როგორც ჩანს, ვერაფერი გაიგო. ძალიანაც კარგი...

- როგორც იქნა, მოაღწიე!

ოთახში ფეხი შევდგი თუ არა, ირაკლი ჩემ შესახვედრად გამოემართა.

- რას შვრებით? - მაქს, როგორ ხარ?

მაქსი კომპიუტერში იყო შემძვრალი და ჩემი მოსვლა არც გაუგია.

- კარგად... ევა, რო მოიცლი, მოდი, მერის პერსონაჟი უნდა გაჩვენო!

- მერი კი არა, მოდი ერთი აქ, გოგო! გამარკვიე, რა მოხდა...

ირაკლიმ ხელი მომკიდა და ჩემს მაგიდასთან მიმიყვანა.

- არაფერი... პირადი პრობლემა მქონდა!

- მოაგვარე?

- იმედია.

- გადაღლილი სახე გაქვს...

- ცუდად მეძინა. შენ რა ქენი, შეხვდი იმ გოგოს?

- შევხვდი და როგორც მირჩიე, ისე მოვიქეცი. ბილიარდი ვითამაშეთ, ერთი სურვილი წააგო. მერე გავისეირნეთ, ტირამისუ ვჭამეთ და ეგ იყო... მგონი, ვევასები იმასაც, მარა ბიჭო, მიმტანი ხოა? და ენის მიმტანიც ყოფილა! ყველაფერი თავის დაქალებს ჩაუკაკლა...

გულიანად გამეცინა.

- შენ რა იცი?

- მითხრა კაცო თვითონ... მთელი ღამე ჩატში მწერდა. შენ გგონია, მე გამოვიძინე?.. ორი დაქალი ჰყავს, ორივე გათხოვილია და დაგრუზეს... რაღაც ნოტაციები წაუკითხეს...

- ისე, ჭორაობა ჰქვია მაგ "ენის მიმტანობას" ქალებში....

- არა, კი კაი გოგოა, მარა ურთიერთობის ასე უცებ გასერიოზულება ნაღდად არ მაწყობდა! ჯერ ხო უნდა გაიცნო ადამიანი?

- აბსოლუტურად გეთანხმები! შენც დაანახე, რომ არსად გეჩქარება! მიხვდეს, რომ სერიოზული ტიპი ხარ! არა, სინამდვილეში კი არ ხარ, მაგრამ ნუ, ვითომ ხარ რაა...

- ჰო!

- კიდე როდის უნდა ნახო?

- რავი. რამდენიმე დღე არ ვნახავ. თავი რო არ მოვაბეზრო...

- როცა ნახავ, შეგიძლია სასხვათაშორისოდ ჰკითხო, თუ იცის, ვინ არის "მირაჟის" მფლობელი?

- რა პრობლემაა... და რაში გაინტერესებს? არ მითხრა, იმ ტიპზე ვქექავ რამესო...

- ვინ ტიპზე?

- აი, იმ დაქნეულ მილიონერზე...

- არ შეიძლება უბრალოდ მაინტერესებდეს? დღეს მივდივარ მანდ, რაღაც შეხვედრა მაქვს...

- ვაჰ... "პეროც" უნდა გაირჭო?

- თუ საჭირო გახდა, გავირჭობ კიდეც!

- ვის ხვდები? შენ ახლა ისე არ მოგივიდეს, ქაჩალი თავს არ მოიფხანს და თუ მოიფხანა - დაიგლიჯავსო... აქამდე ყველა გეკიდა და ახლა მილიონერს უმიზნებ!

- რა სასაცილო ბიჭი ხარ, ირაკლი! არ ვუმიზნებ არავის...

ირაკლიმ ხასიათზე მომიყვანა. მხოლოდ მას შეუძლია ადამიანი კარგ ხასიათზე დააყენოს მაშინაც კი, როცა თავს უბედურად გრძნობს...

- დამიზნებას წინ რაღა უდგას? ღმერთმა ქნას, გაარტყა! ბავშვს მე მოგინათლავთ! საჭმელად არ წამოხვალ? მე უკვე მივდივარ. დილით ვერ მოვასწარი ჭამა.

- ახლა არ მოვედი? ცოტა ხანი მაინც დავჯდე კომპიუტერთან, ზრდილობის გულისთვის...

- თუ გინდა, წამოგიღებ რამეს.

- არა, შენ წადი!

ირაკლი გავიდა. მე მაქსთან მივედი, რომ მერის პერსონაჟი მენახა.

- აი, ნახე! ორი ვარიანტი გავაკეთე...

- ორივე კარგია!

- თმა და ჩაცმულობა რომლის ჯობია? ვერაფრით ავარჩიე...

- და იყოს ორივე! ორი მერი არ გვეყოლება? ერთი ერთ რეალობაში, მეორე მეორეში...

- ხედავ შენ... მაგაზე კი აღარ მიფიქრია!

- ლეოზე რას ფიქრობ?

- კლასიკურად ჩავაცმევ. ვფიქრობ, "პლაში" ან პალტო მოუხდება...

- გეთანხმები... მაქს, ისე ჩემს პერსონაჟს რომ ქმნიდე, რა ფერის თმას გაუკეთებდი?

- პერსონაჟს გააჩნია და ჟანრს. ფანტასტიკა თუ იქნება, არ შევცვლიდი არაფერს. სხვა შემთხვევაში შოკოლადისფერს ან შავს. თმის ფერის შეცვლა გადაწყვიტე? გინდა გაჩვეულებრივდე?

- არ მიფიქრია მაგაზე... ისე გკითხე, უბრალოდ...

- მე მომწონხარ ასეთი. ნატურალური ფერის თმით ვეღარ წარმომიდგენიხარ.

- ჰო... ვერც მე... კარგი, მიხედე მერის... აღარ მოგაცდენ!

ჩემს მაგიდას დავუბრუნდი და კომპიუტერი ჩავრთე. შიდა ქსელში შევედი და კორპორატიული ჩატი გავხსენი. "ვორდის" ფაილი ჰქონდა გამოგზავნილი. მოწვეული სტუმრების სია საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა. ასთხუთმეტი ადამიანი იყო. სულ ცხრა ლევანი შემხვდა, მაგრამ ამათგან კალანდაძე არც ერთი არ იყო. თუმცა, გიორგაძე ნამდვილად ფიგურირებდა.

ნატამ თქვა, რომ მოსაწვევის გარეშე კარნავალზე ვერავინ მოხვდებოდა. ლევან კალანდაძის სახელით გატანილი ფორმა სავსებით შესაძლებელია, სულაც სხვისთვის ყოფილიყო განკუთვნილი, ან კიდევ, იმან, ვინც ფორმა იქირავა, რატომღაც სხვა სახელი და გვარი ჩააწერინა. თუმცა, ეს ვერსია ნაკლებსავარაუდოა, რადგან როცა მე ვქირაობდი ლილუს კოსტიუმს, იმ ბიჭმა პირადობა მომთხოვა. ესე იგი, გამოდის, რომ ფორმა ვიღაც ლევან კალანდაძემ გაიტანა გარდერობიდან. ოღონდ მას მოსაწვევი არ ჰქონია...

მოკლედ, ერთი დიდი თავსატეხია იმ მეკობრის ვინაობა! მე კიდე ახლა უფრო მაინტერესებს მაგ იდუმალი ვიზიტორის ვინაობა...

ფაქტია, რომ სწორედ იმ კარნავალის მერე განვითარდა მოვლენები ძალიან სწრაფად და უცნაურად. ყველაფერი ჩაიხლართა და დაშლილ ფაზლს დაემსგავსა, რომელიც უნდა დავალაგო. თუ ერთ ნაწილს მაინც არასწორად დავდებ, მთლიან სურათს ვერ დავინახავ...

შევეცადე, საღამოს შეხვედრაზე აღარ მეფიქრა, რადგან თავი უკვე გახეთქვაზე მქონდა ფიქრისგან და ყურადღება სხვა რამეზე რომ გადამეტანა, თამაშის სცენარს მივუბრუნდი.

ახლაღა შევამჩნიე, რომ გამომძიებლის პერსონაჟის სახელიც უცნაურად დაემთხვა. რატომ დავარქვი მაინცდამაინც ლეო? ეს დღეებია სულ იმ მოჩვენების ირგვლივ განვითარებული ამბები მესმის, ან ჩემი მდიდარი წარმოსახვა უკავშირებს ყველაფერს მას...

ფიქრი გამომძიებელ ლეოზე დავიწყე. წარმოსახვაში უკვე გამოიკვეთა მისი ფიგურა. წაბლისფერი თმა, პატარა ცხვირი და თაფლისფერი თვალები...

პირველი ლოკაცია - მერის სახლია. ჩაი ისევ თბილია, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ხანი არ არის, რაც მერი გაუჩინარდა. მობილურში უპასუხო ზარები ვის ეკუთვნის? ვინ ურეკავდა გოგოს, რომელიც მარტო ცხოვრობს და სავარაუდოდ, მეგობრებიც არ ჰყავს? რამდენიმე ზარი იყოს მეზობლის, რომელმაც ხმაური გაიგონა და შეშინებული კარზე უკაკუნებდა... დანარჩენი?

"ვორდი" გავხსენი და ვერსიები ჩამოვწერე: 1. პარაფსიქოლოგი, რომელთანაც დადიოდა მერი. ლეო ნახავს პარაფსიქოლოგს და გაიგებს, რისი ეშინოდა მერის. 2. მერის სამსახურის უფროსი. ლეო იგებს, რომ მერი ერთი კვირა არ გამოჩენილა სამსახურში. 3. ნომერი, რომლიდანაც ზარები შემოვიდა მერის ტელეფონში, რეგისტრირებული არ არის...

ინვენტარი: ლეო პოულობს მერის დღიურს და ამულეტებს, რომლებიც ვერცხლის ლურსმნებზე ჰკიდია. ერთ-ერთი ამულეტი იქნება ურბოროსი. უძველესი სიმბოლო. გველი, რომელიც საკუთარ კუდს ჭამს. ურბოროსი სამყაროს მარადიულობას, გარკვეულ ციკლს განასახიერებს, რომელიც მეორდება და მეორდება. ეს აღწერილობები ეკრანზე ნაწერის სახით გამოვა და ყველაფერი მერის დღიურში შეინახება...

სამსახურში ექვსის ნახევრამდე დავრჩი. ჭამაზე დრო აღარ დავხარჯე და პირდაპირ სახლში წავედი. დედამ ცხელი სადილი დამახვედრა. მიყვარს, როცა მოვდივარ და სახლში მხვდება. ხანდახან ისე მინდება პატარა ვიყო, რომ იმაზეც თანახმა ვარ, ავად გავხდე, ლოგინში ჩავწვე და დედამ მომიაროს...

დედაჩემი ძალიან ლამაზი ქალია და თითქმის ყოველთვის ფორმაშია. მიუხედავად იმისა, რომ მამას სიკვდილი ძლივს გადაიტანა, ცხოვრების ხალისი მაინც არ დაუკარგავს... შეიძლება არ უნდოდა, ჩემთვის და თეოსთვის თავისი განცდები ეჩვენებინა. დედა ცოცხალი მაგალითია იმისა, რომ წარმოუდგენელი იმედგაცრუების და ტკივილის მერეც არ უნდა მოეშვა. არ უნდა დანებდე და ცხოვრება გააგრძელო...

- თეო სად არის?

- თეო ინგლისურზეა! შენ როგორ ხარ?

- კარგად. დე, შენი რჩევა მჭირდება!

- აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის მკითხე რჩევა...

- ერთ საათში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს! საქმიანი... სასტუმრო "მირაჟში" და წარმოდგენაც კი არ მაქვს, რა უნდა ჩავიცვა!

- როდის მე გეუბნებოდი, ერთი ხელი კლასიკური ტანსაცმელი უნდა გეკიდოს გარდერობში-მეთქი? ის კი არა, გამიკვირდა, გუშინ იმ კაბით რომ დაგინახე...

- მაგ კაბით იქ ვერ წავალ!

- რა თქმა უნდა! რამე სერიოზული, სადა და დახვეწილი გინდა... ჩემი გარდერობიდან ავარჩიოთ რამე!

დედას თავის ოთახში გავყევი. ჩემგან განსხვავებით, მისი კარადა იდეალურადაა დალაგებული. ყველაფერი დახარისხებული აქვს. პერანგები ერთად, კაბები ერთად... დედას ყველაფერი უხდება. სხეულის აგებულებით მას ვგავარ.

- აბა, ეს ნახე!

დედამ სპილოსძვლისფერი, ნახევრად გამჭვირვალე აბრეშუმის პერანგი ჩამოიღო საკიდიდან და მომაწოდა.

- მაგას სწორი, კლასიკური ქვედაბოლო უნდა! ესეც ჩაიცვი. წესით, კარგად უნდა გქონდეს! იმედია, კოლგოტი მაინც გექნება...

- კი. კოლგოტი მაქვს.

გამეცინა და ტანსაცმელი მოვიზომე. ყველაფერი მომერგო.

- ფეხზე რა ჩავიცვა, დე?

- ოხ, ანიკა! რანაირი ქალი ხარ, არ ვიცი...

- შენი დიდი მომივა?

- ერთი ზომით დიდი გექნება ჩემი... მოიცა, დახურულ ფეხსაცმელს მოგცემ, შესაკრავიანს, რომ არ გაგძვრეს... ოღონდ ხელფასს როგორც კი აიღებ, წაბრძანდები და იყიდი წესიერ ტანსაცმელს! ხო ხედავ, კაცებსაც არ მოსწონთ სულ ჯინსებამოცმული გოგოები!..

ჩემი თავი დედას მივანდე. თმაზეც მან იზრუნა. მაღლა ამიწია ლამაზად. მაკიაჟიც თავისი ხელით გამიკეთა. ჩანთაც მათხოვა და პალტოც. რვის ოც წუთზე ტაქსი გამოვიძახე. კიბეზე რომ ჩავდიოდი, თავს ისე უცნაურად ვგრძნობდი, თითქოს მე მე კი არა, დედაჩემი ვიყავი...

მაღალქუსლიანებზე სიარული გამიჭირდა, მაგრამ შევეცადე, ძალიან არ მეყანყალა და "მირაჟის" ფოიეში თავდაჯერებული გამომეტყველებით შევედი. ადმინისტრატორი კოხტად გამოწყობილი ახალგაზრდა, სიმპათიური ბიჭი იყო. განუწყვეტლივ იღიმოდა. "ლაბირინთი" ვახსენე თუ არა, მაშინვე ლიფტისკენ წამიძღვა. როდესაც ლიფტის კარი დაიხურა და ზემოთ აგვიყვანა, მუცელში პეპლები ამიფუთფუთდა.

ლიფტის სარკის კედლებში საკუთარი თავი შევათვალიერე და გული დამწყდა, რომ მარტო არ ვიყავი, რადგან აუცილებლად გამოვუყოფდი საკუთარ თავს ენას. ეს ხრიკი მამამ მასწავლა, როცა პატარა ვიყავი. როცა რაღაცაზე ვნერვიულობდი, მეშინოდა ან უბრალოდ, ცუდ ხასიათზე ვიქნებოდი, სარკეში საკუთარი თავისთვის ენა უნდა გამომეყო. მომენტალურად მოგეხსნებოდა ყველანაირი დაძაბულობა და კარგ ხასიათზე დადგებოდი...

ლიფტი ბოლო, მეათე სართულზე გაჩერდა და გრძელ კორიდორში გამოვედით. ადმინისტრატორმა კორიდორი ბოლომდე გაიარა, მეც უკან მივყვებოდი. დედას ფეხსაცმელები ისე პაკუნობდა, რომ მტრისა გამახსენდა...

- აქეთ მობრძანდით!

ადმინისტრატორმა დიდი კარი გამოაღო და წინ მე გამიშვა. კიბესთან აღმოვჩნდი.

- ზემოთ უნდა ავიდეთ!

ოცი საფეხური ავიარეთ და ვერანდაზე მოვხვდით. სემირამიდას დაკიდებული ბაღები ამაზე

ლამაზი ნამდვილად ვერ იქნებოდა... ვერანდიდან ულამაზესი ხედი იშლებოდა. მთელი თბილისი ხელისგულივით ჩანდა. დიზაინი სპარსულ სტილს ჰგავდა ძალიან... ვერანდაზე რამდენიმე ფანჩატურების მსგავსი ოთახი იყო, ფირუზისფერი მოზაიკით მოპირკეთებული კედლებითა და ლამაზი ფარდებით... შიგნით ლამაზი, მრგვალი მაგიდა და ფუმფულა დივნები იდგა, რომლებზეც მოქარგული ბალიშები ელაგა.

მუსიკა უკრავდა და საერთოდ არ ციოდა. ადმინისტრატორმა ერთ-ერთ ასეთ ფანჩატურთან მიმიყვანა და სასიამოვნო საღამო მისურვა. საათზე დავიხედე. რვას ხუთი წუთი აკლდა... ფარდები გადაწეული იყო და ვერანდა კარგად ჩანდა. ოღონდ სხვა ფანჩატურებში მსხდომებს ვერ ვხედავდი, ფარდების გამო.

რვა საათი შესრულდა თუ არა, ვერანდაზე შემოსასვლელი კარი გაიღო და შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი გამოვიდა. კართან დადგა და ვერანდა მოათვალიერა. მას უკან კიდევ ორი ტიპი მოჰყვა. ისინიც კლასიკურად იყვნენ ჩაცმულნი. ამ სამიდან ყველაზე დაბალი რომელიც იყო, ფანჩატურისკენ გამოიხედა და დამინახა თუ არა, ჩემკენ წამოვიდა.

ისევ ამიფუთფუთდა მუცელში პეპლები და ფეხზე წამოვდექი, რადგან ვინც ახლა ჩემთან შესახვედრად მოემართებოდა, სწორედ ის "მისტერ იდუმალება" იყო, რომელიც კლუბ "პორტალში" ვნახე... ამაში ეჭვი არ მეპარებოდა...

გაგრძელება იქნება

ავტორი თეა ინასარიძე

იხილეთ ასევე: ლაბირინთი - გაუჩინარებული (ეპიზოდი V)