ლაბირინთი - დეჟა ვუ. თავი 11 - Marao

ლაბირინთი - დეჟა ვუ. თავი 11

2023-01-20 09:19:26+04:00

ჩვენ ყოველდღიურად ბევრ ადამიანს ვხვდებით. ისინი ყველგან არიან: სამსახურში, ქუჩაში, მაღაზიებში, ტრანსპორტში... ასე მგონია, ერთ მთლიანობას ქმნიან და იმ გარემოს ნაწილები არიან, რომელშიც ვიმყოფები...

ალბათ, ყველას გვაქვს შეგრძნება, რომ დედამიწა ჩვენ გარშემო ტრიალებს, მთავარ როლში ჩვენ ვართ, სხვები კი, უბრალოდ, "ჩვენი სპექტაკლის" მასობრივ სცენებში თამაშობენ... ჩვენ იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, რომ მათაც აქვთ ფერი და სუნი... რომ ისინიც მნიშვნელოვანი პერსონაჟები არიან და მათთვის ჩვენც მასის ნაწილი ვართ...

თუ წარმოიდგენ, რომ ბედნიერი ხარ, მართლა შეიგრძნობ ბედნიერებას. თავი უბედურად არ უნდა იგრძნო იმის გამო, რომ სამყარო სრულყოფილი არ არის. ჩემი აზრით, ყველა ადამიანი თვითონ ქმნის თავის სამყაროს. ადამიანზეა დამოკიდებული, საინტერესო იქნება თუ არა მისი სამყარო. მე ყველაზე მეტად სწორედ ეს მინდა!

სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, ოდესმე მეკობრეს თუ ისევ შევხვდებოდი. ეკრანზე მის სახეს რომ ვუყურებდი, ძალიან უცნაური შეგრძნება მქონდა. კარნავალის ღამე გამახსენდა და დაძაბულობა მაშინვე მომეშვა.

- კარნავალზე შენ გამო მოვედი, მაგრამ ისე მოულოდნელად გაიქეცი... ჯერ კიდევ მაშინ მინდოდა შენთან დალაპარაკება, მაგრამ ალბათ შენ თვითონაც ხვდები, რომ ადამიანს შეუმზადებლად ვერ აჯახებ ასეთ რამეს... ჯერ უნდა გაარკვიო, რამდენად მზად არის მისი ფსიქიკა ასეთი ინფორმაციის მისაღებად. მერე, უნდა ამოიცნო, როგორი პიროვნებაა, რა ინტერესები აქვს... ესეც ძალიან საინტერესოა! მხოლოდ ამის მერე გეცოდინება, როგორ მიუდგე სწორად...

- და ჩემი ხასიათი ადვილად შეიცანი?

- იცი, შენს მოფიქრებულ თამაშებს ბევრი რაღაცის თქმა შეუძლია შენზე. ასე მგონია, რომ შენს გმირებს აკეთებინებ იმას, რაც გინდა, რომ შენ გადაგხდეს თავს... შენ იმ ადამიანთა კატეგორიას ეკუთვნი, რომელსაც ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრება მალე ღლის და მუდმივად სიახლეების ძიებაშია. სწორედ ამიტომ მგონია, რომ ჩვენთან თანამშრომლობას დათანხმდები...

- შენი სახელი არ გითქვამს... თუმცა, მგონი, ისედაც ვიცი...

- იცი?

მეკობრეს სახეზე გაკვირვება გამოეხატა.

- ლევან კალანდაძე არ ხარ?

- როგორ გაიგე? სტუმრების სიაში ვერ ნახავდი...

- ის ნიღაბი მაგიტომ არ ჩამიდე?

- არა... ნიღაბი იმიტომ ჩაგიდე, რომ როცა ნახავდი, ჩემზე გეფიქრა... ასე ვთქვათ, პატარა ინტრიგა შემოვიტანე... ეს ერთგვარი ტაქტიკაა! ასეთი დეტალები, როგორც წესი, კარგად მუშაობს ხოლმე... ნამდვილად არ მიფიქრია, თუ საკარნავალო ფორმების გაქირავების სააგენტოს მოძებნიდი და გაიგებდი, ვის სახელზე იყო გატანილი კოსტიუმი...

- სპეციალურად არ მიძებნია. შემთხვევითობამაც დიდი როლი ითამაშა... იმ ლექსის ამბავიც შენი ნამოქმედარია? ახლა მესმის, რატომაც "დაჰაკეს" ასე ადვილად დობროვსკის კარგად დაცული სერვერი... როგორც ჩანს, მაგრად მუშაობს შსს... მაგრამ ეს მინიშნებები რა საჭირო იყო? ჩემს IQ-ს ამოწმებდით? გაინტერესებდათ, "გავქაჩავდი" თუ არა?

- დაახლოებით...

- და ჩემი სურათების გამოფენა რა საჭირო იყო აქ? ან ეს "ფოტოშოპი" ვიღაცებთან...

- ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის! თუ გიორგაძე მოულოდნელად შენს სახლში მოსვლის სურვილს გამოთქვამს, აქ უნდა მოიყვანო... ამიტომ შენი ალტერნატიული ბინა მოვაწყეთ...

- რა სისულელეა! გიორგაძეს ჩემს სახლში რა ესაქმება?

- დამიჯერე, ესაქმება! როცა ვინმესთან ურთიერთობას იწყებს, მნიშვნელობა არ აქვს, საქმიანს თუ პირადს, აუცილებლად ინტერესდება მისი ცხოვრებით. ყველაფერს გაარკვევს! შენს ბიოგრაფიას, წარსულს, აწმყოს, გყავს თუ არა "ბოიფრენდი", ვინ არიან შენი მეგობრები, ნათესავები... ჩვენ გვაწყობს, თუ იფიქრებს, რომ მარტო ცხოვრობ...

- ისე მსჯელობ, თითქოს უკვე დაგთანხმდით... ესეც ერთგვარი ტაქტიკაა?

- არა. უბრალოდ, მგონია, რომ დათანხმდები...

- დავუშვათ, დავთანხმდი... "პორტალში" დაცვა უმაღლეს დონეზე რომ არის, ესეც გეცოდინებათ... - რა მოხდება, მიკროფონი რომ მიპოვონ? ფიქრობთ, ის ლაშა დამიცავს?

- ლაშამ ერთხელ უკვე დაგიცვათ შენ და შენი მეგობარი... ასეც რომ არ იყოს, მიკროფონს ვერ იპოვიან!

- რატომ?

- იმიტომ, რომ საყურეში იქნება მოთავსებული.

- თუ ასე მარტივია, ლაშას რატომ ვერ დაამაგრეთ? ის ხომ ყველგან დაჰყვება გიორგაძეს?

- გიორგაძის დაცვის წევრები ყოველდღიურად საფუძვლიან შემოწმებას გადიან. ასეთ რისკზე წასვლა არ გვიღირს, სასწორზე ვერ დავდებთ ყველაფერს. გვირჩევნია, უშუალოდ ლაშასგან მივიღოთ ინფორმაცია. თუმცა, გიორგაძის პირად დაცვასაც აქვს გარკვეული შეზღუდვები. როცა თავის კაბინეტში პირად მოლაპარაკებებს აწარმოებს, დაცვას შიგნით არ უშვებს. ასევეა "პორტალშიც". წითელი ფლიგელის ყველა ოთახში არ აქვთ შესვლის უფლება.

- იქ ოთახებია?

მეკობრემ დასტურის ნიშნად თავი დამიქნია.

- ამ დეტალებზე იმ შემთხვევაში ვისაუბრებთ, თუ პირადად გნახავ. ეს შენს პასუხზეა დამოკიდებული.

- მოკლედ, ყველაფერს ისე აკეთებთ, რომ მე თვითონ მომანდომოთ ამ საქმეში გარევა! იცი, ლევან! ძალიან ბევრი ფილმი მაქვს ნანახი ჯაშუშებზე და დაზვერვის საიდუმლო სამსახურებზე... ჩემი ფსიქიკა ასე ადვილად სამართავი არ გეგონოს!

- შენ მართვას არც ვაპირებთ, ევა! მე უკვე გითხარი, არავინ არაფერს დაგაძალებს! ისიც გითხარი, რატომ აგირჩიეთ...

- უბრალოდ, გულისამრევია ის ფაქტი, რომ სინამდვილეში თქვენი სტრატეგიის ნაწილი ვარ და ის ფლირტიც, კარნავალზე მხოლოდ სტრატეგიის ნაწილი იყო...

- მესმის შენი... არ ვიცი, დამიჯერებ თუ არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, იმ კარნავალზე აუცილებლად დავინტერესდებოდი შენით... გახსოვს, პირველად რა გკითხე? გამიხარდება, თუ ისეთივე საინტერესო ხარ, ვისი კოსტიუმიც გაცვია-მეთქი... მინდა გითხრა, რომ შენ ნამდვილად ძალიან საინტერესო პერსონაჟი ხარ... კოსტიუმის გარეშეც!

ჩანთას გადავწვდი და ის სურათი ამოვიღე, რომელზეც უცხო ხალხთან ერთად ვარ დამონტაჟებული.

- ეს ადამიანები ვინ არიან? რატომ ჩამსვით მათთან?

სურათი კამერაში დავანახე.

- ეს ისე, უბრალოდ... შემთხვევითი ადამიანები არიან. შენი სურათების პოვნა გაგვიჭირდა. სოციალურ ქსელში არ გიდევს. მარტო "ლაბირინთის" ბიჭებთან გადაღებული სურათები მოვიძიეთ... შენი ასაკის გოგოს, წესით, ბევრი ფოტო უნდა ჰქონდეს მეგობრებთან და ნაცნობებთან გადაღებული... ევა, ახლა უნდა წავიდე. როცა მზად იქნები, ამ ბინაში მოდი და "სკაიპში" შენი გადაწყვეტილება მითხარი.

- კარგი.

- ვიცი, რომ არ დამჭირდება იმის ახსნა, რომ ეს ყველაფერი საიდუმლოდ უნდა დარჩეს...

- არ დაგჭირდება!

- ძალიან კარგი.

- ისე, რატომ მაინცდამაინც "კუპიდონი"?

- ეს ანგარიში მარტო შენთვის გავხსენი. პირველი, რაც გამახსენდა, "მირაჟის" ჭერი იყო. როდესაც პირველად დაგინახე, ზემოთ იყურებოდი, კუპიდონებს აკვირდებოდი...

- და "ანიტა" მე ვარ?

- ესეც ისე, უცებ ჩავწერე. სასურველია, ერთმანეთს ტელეფონსა და ინტერნეტში ალტერნატიული სახელებით მივმართოთ... თუ არ მოგწონს, შეგიძლია შეცვალო.

- მაშინ "აფროდიტედ" გადავაკეთებ!

მეკობრეს გაეცინა.

- მომავალ შეხვედრამდე, აფროდიტე!

"სკაიპი" გავთიშე. ნერვიულობამ საერთოდ გადამიარა. აღარ მეშინოდა. ის ქაოსიც თავისით დალაგდა თავში. გონებაში ფაზლის აწყობა დავიწყე... უშიშროება იძიებს გიორგაძის საქმეს, ძიებამ ჩვენს კომპანიამდე მოიყვანა და მოკავშირე დასჭირდათ. თანამშრომლებიდან მე ამომარჩიეს. გამომძიებელი ლევანი - ღმერთო, ესეც რა უცნაურად დაემთხვა? გამომძიებელი ლეო მოდის კარნავალზე, რომ "შემაბას". მე კიდევ მოულოდნელად გავრბივარ... როგორი ეშმაკური სტრატეგიაა... ყველაფერი ისე გააკეთა, რომ მე თვითონ მომეძებნა და კონტაქტზე გავსულიყავი.

ლეპტოპი გამოვრთე, ბინა დავკეტე და გარეთ გამოვედი. ღამე იყო. ნეტა რა საქმითაა დაკავებული ეს გიორგაძე? სულელიც კი მიხვდება, რომ ამხელა ფულს პატიოსანი გზით ვერ იშოვიდა...

სახლში მივედი, ვივახშმე და ჩემს ოთახში შევიკეტე. იმ ბინიდან წამოღებული ბლოკნოტი ამოვიღე და შიგ ჩაწერილ ნომრებზე დავიწყე რეკვა. არც ერთი ნომერი არ იყო ჩართული. სავარაუდოდ, სახელები და გვარებიც გამოგონილი იქნება...

ძილის წინ ლევანის შემოთავაზებაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე. საკუთარი თავი საიდუმლო აგენტის როლში წარმოვიდგინე. მერე ლეპტოპი ჩავრთე და google-ში "ლევან გიორგაძე" ჩავწერე. რამდენიმე სტატია ამომიგდო, სადაც ძირითადად სასტუმროებსა და კაზინოზე იყო საუბარი და სავარაუდო მფლობელად გიორგაძე იყო დასახელებული. ინტერნეტში არც ერთი მისი ფოტო არ იდო.

მობილურიდან იმ ბინაში გადაღებული სურათებიც "ლეპტოპში" გადავიტანე და ყურადღებით დავათვალიერე. ისეთი ვერაფერი აღმოვაჩინე, რაც ბინაში ყოფნისას არ მენახა.

ღამე კარგად მეძინა. სიზმარიც კი არ მინახავს... დილითაც სხვანაირი განწყობით გამეღვიძა. ახლა მომეცა შანსი, რომ ჩემი ცხოვრება საინტერესო გავხადო. მიუხედავად იმ რისკისა, რაზეც ალბათ წასვლა მომიწევს...

მოტოციკლი რომ დავაყენე, კროულის მანქანის ადგილს გავხედე. მისი მანქანა უკვე ადგილზე ეყენა. როგორც ჩანს, სამსახურში ადრე მოვიდა. მანქანასთან მივედი და შიგნით შევიხედე. სავარძელზე ფაილში ჩასმული თაბახის ფურცელი იდო. აქეთ-იქით გავიხედ-გამოვიხედე და რომ დავრწმუნდი, ვერავინ მხედავდა, იმ ფაილს ფანჯრიდან მობილურით სურათი გადავუღე...

როცა შენობაში შევედი, გავაცნობიერე, რომ როლში ვიყავი შესული. ახლა ყველაფერს მუშტრის თვალით ვუყურებდი. დერეფანი ბოლომდე გავიარე და ყავის აპარატთან მივედი. სანამ ყავა ჩამოისხმებოდა, მტრისას მივესალმე. ძალიან დაკავებული ჩანდა, რაღაცას წერდა... გავიგონე, როგორ დარეკა ტელეფონმა. მტრისას ლაპარაკიდან მივხვდი, რომ ვიღაც კროულისთან რანდევუს ითხოვდა... ნატა ჩვენი კორუმპირებული უფროსის ოთახში შევიდა და ორ წუთში უკან გამობრუნდა. ყურმილი ისევ აიღო და ვიღაცას უთხრა, რომ პირველი საათისთვის მოსულიყო...

მე ჩემი ყავა ავიღე და ჩვენს ოთახში წავედი. მარტო ირაკლი დამხვდა.

- შენ ხარ, ირაკლი?

უაზროდ ვკითხე...

- არა, გეჩვენება! გოგო, შენთან საქმე მაქვს...

- რა საქმე?

ირაკლი მომიახლოვდა და ჩემს მაგიდაზე ჩამოჯდა.

- გუშინ რომ შევთანხმდით, იქ რო უნდა გამომყვე, ხომ გახსოვს?

- არა, დამავიწყდა!

- ოღონდ კაფეში აღარ იკრიბებიან.

- აბა?

- გვანცასთან სახლში. ხომ წამოხვალ, ფისო?

- რომელ საათზე?

- ეგრევე რა, სამსახურის მერე...

- კი მეზარება, მაგრამ რადგან დაგპირდი, წამოვალ!

- ბიჭებს არ უთხრა, თორე დაიწყებენ მერე...

- არც ვაპირებდი...

- ჩემი ბრილიანტი ხარ შენ!

- ნუ მელაქუცები ერთი, რა...

ორივეს გაგვეცინა. დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა. პირველი რომ ხდებოდა, ისევ ყავაზე გავედი და თან მაქსი წავიყოლე. კროულისთან ვიღაც ხმელ-ხმელი ახალგაზრდა კაცი მოვიდა. ხელში დიპლომატი ეჭირა. მისაღებში ზუსტად შვიდი წუთი იჯდა. დროდადრო საათს შეჰყურებდა. ერთი-ორჯერ ჩვენკენაც გამოიხედა. მე მობილური ამოვიღე და მაქსს მოულოდნელად ფოტო გადავუღე, როცა ყავის აპარატში ფულს აგდებდა. ოღონდ ეს ისე გავაკეთე, რომ უკანა ფონზე ის ხმელი კაციც გამოჩენილიყო...

მაქსი გაკვირვებული დარჩა, რადგან კარგად იცის, რომ არ ვეკუთვნი იმ გოგოების კატეგორიას, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე ფოტოაპარატს აჩხაკუნებენ...

ხმელი კაცის წასვლის დროც ჩავინიშნე. კროულის კაბინეტში ნახევარი საათი დაჰყო, მერე წავიდა. ძალიან სპეციფიკური სიარულის მანერა ჰქონდა. ბრბოშიც კი ადვილად გამოვარჩევდი. დიდ ნაბიჯებს ადგამდა და ხელებს ნორმაზე მეტად აქნევდა. რაღაცნაირი, მოუხერხებელი მოძრაობები ჰქონდა.

საკუთარი თავი ისევ გამოვიჭირე იმაში, რომ ამ თვალთვალში ძალიან გავერთე. ფოტოები სამსახურის კომპიუტერში არ გადავიტანე, რადგან არ იყო უსაფრთხო. დღის ბოლოს მე და ირაკლი ერთად გამოვედით გარეთ. მოტო "პარკინგზე" დავტოვე და ირაკლის მანქანაში ჩავჯექი.

- ნერვიულობ?

ვკითხე ირაკლის, რადგან აღელვებული მეჩვენა.

- არა, რავი... შეიძლება სულ ოდნავ...

- რაც უფრო "დაიკიდებ", მით უფრო ბუნებრივად გამოვა ყველაფერი. იცის, რომ უნდა მივიდეთ?

- შენზე არ დამიკონკრეტებია. ვუთხარი, მეგობარს წამოვიყვან-მეთქი. უეჭველი ბიჭი ჰგონია.

- ჰოდა, ეგონოს!

- არადა, არ ჩანს, ტო, ეგეთი კდემა და მოსილება... საკმაოდ სექსუალურადაც იცვამს... რატომ ჩაიცვამდა ეგრე, თუ "მონაზონა" როჟაა? მაზოხისტია?

- მე უფრო მგონია, რომ გაწვალებს... ან შეიძლება ვიღაც სხვაც მოსწონს და ვერ გადაუწყვეტია, ვისკენ გადაიხაროს... ხდება ხოლმე ასეთი რაღაცები ქალებში.

- აბა, დააკვირდი შენც, შენი ქალური ინტუიციით უფრო მიხვდები.

- არ უნდა მაგას ინტუიცია. ისედაც მივხვდები...

ირაკლიმ ჯერ სუპერმარკეტში შეიარა, მარტინი და შოკოლადები იყიდა, მერე ნუცუბიძეზე წავედით. მანქანა თექვსმეტსართულიანი კორპუსის ეზოში გააჩერა. გვანცა მეშვიდე სართულზე ცხოვრობდა. ირაკლიმ შოკოლადები მე დამაჭერინა, თვითონ მარტინის ბოთლი დაიკავა ხელში და კარზე ზარი დარეკა. კარი მალევე გააღეს...

- ირაკლი?

- დიახ! გამარჯობა...

- გამარჯობა, შემოდი...

კარი ფერფლისფერთმიანმა გოგომ გაგვიღო. როგორც მივხვდი, გვანცას ერთ-ერთი დაქალი იქნებოდა. მე ქალური ინტერესით შემათვალიერა, ქურთუკები გამოგვართვა და საკიდზე ჩამოჰკიდა. მერე სასტუმრო ოთახისკენ წაგვიძღვა.

- გვანცა სად არის?

ჰკითხა ირაკლიმ.

- გვანცა სააბაზანოშია და გამოვა ახლავე!

ოთახში შევედით. სამეულის წინ დაბალი მაგიდა იყო გაშლილი, რომელზეც ხილი და ნამცხვრები ელაგა. ირაკლიმ ბოთლი მაგიდაზე დადგა. მეც დავდე შოკოლადები და დივანზე დავსხედით.

- შენი სახელი?

- დიანა...

გვითხრა ფერფლისფერთმიანმა.

- მე რომ ირაკლი ვარ, კი იცი! - ეს ევაა!

- სასიამოვნოა...

რაღაც უსიამოვნოდ მითხრა. მე, უბრალოდ, გავუღიმე.

- გოგოებს ვეტყვი, რომ მოხვედით!

დიანა ოთახიდან გავიდა.

- ნაღდად ყველა ერთადაა შესული იმ სააბაზანოში. ეტყობა "იკრასკებიან"... ისე, რა იციან ამ გოგოებმა ჯგუფურად ტუალეტებში სიარული...

- ადრე ხომ არ მოვედით?

- შეიძლება. დამავიწყდა, რვის ნახევარი მითხრა თუ რვა...

- სავარაუდოდ, რვას გეტყოდა!

გოგოების სიცილ-კისკისი გაისმა და ოთახში ერთდროულად ექვსი გოგო შემოლაგდა. ირაკლი ფეხზე ადგა და ოთხს სათითაოდ ჩამოართვა ხელი, მეხუთე გადაკოცნა. მივხვდი, რომ გვანცა ის იქნებოდა... დავინახე თუ არა, "დეჟავუ" დამემართა. დარწმუნებული ვიყავი, რომ სადღაც მყავდა ნანახი.

- ეს ჩემი მეგობარია, ევა!

მეც ავდექი ფეხზე და გოგოებს მივესალმე. ყველა ისე მათვალიერებდა, თითქოს გონებაში ქულებს მიწერდნენ... ალბათ ასეც იყო...

- არ ვიცოდი, გოგო მეგობარი თუ გყავდა!

თქვა გვანცამ ირონიანარევი ტონით... მისი ხმა გავიგე თუ არა, მაშინვე მივხვდი, საიდანაც მეცნობოდა... ეს სრული შოკი იყო ჩემთვისაც კი... დარწმუნებული ვიყავი, რომ გვანცა ის გოგო იყო, რომელიც "პორტალის" ტუალეტში ვნახე... ჩემი ფოტოგრაფიული მეხსიერება არასოდეს მღალატობს! საკმარისია, ერთხელ ვნახო ადამიანი, რომ წლების მერეც ვიცნობ...

როგორც ჩანს, გვანცამ ვერ მიცნო. ან რას მიცნობდა, არც კი შემოუხედავს ჩემთვის მაშინ წესიერად...

გოგოებმა სასმელი გახსნეს და ჭიქები გამოიტანეს. მუსიკაც ჩართეს... ირაკლი რაღაც ამბავს უყვებოდა და აცინებდა. მისი სიტყვები საერთოდ არ შემდიოდა ყურებში. გონებით "პორტალის" ტუალეტში ვიყავი და ვფიქრობდი, როგორ დავლაპარაკებოდი გვანცას ისე, რომ ირაკლის და მის დაქალებს ვერაფერი გაეგოთ...

გვანცა "მირაჟში" მიმტანად მუშაობს. სავარაუდოდ, იქიდან ექნებოდა ბარათი... ის მეორე გოგო, ვისაც იმ ისტორიას უყვებოდა, აქ არ იყო...

- ისეთი "გავუჩალიჩეთ", ერთი კვირა არ გველაპარაკებოდა! გახსოვს, ევა?

ირაკლიმ მუჯლუგუნი გამკრა.

- რა დამავიწყებს!

ვთქვი და გავიღიმე. არადა, წარმოდგენაც კი არ მქონდა, რაზე ლაპარაკობდა ირაკლი. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ გოგოებს ცოტა სასმელი მოეკიდათ და უაზრო სიცილი დაიწყეს. მე ხელში წვენის ჭიქა ავიღე. ხუთივე ირაკლის ეპრანჭებოდა. მაინც რა უცნაურია ქალის ფსიქოლოგია. მიუხედავად იმისა, რომ იციან, მათ დაქალს ირაკლი მოსწონს, მაინც ცდილობენ, თავი მოაწონონ... ყველა ადამიანს აქვს პაექრობის განცდა და თითქმის ყოველთვის ცდილობს სხვებზე მაღლა დადგეს, ყურადღება მიიქციოს.

ეს ინსტინქტის დონეზეა ჩადებული ყველა ადამიანში. პარტნიორი "გადარჩევის გზით" უნდა მოიპოვო. ყველა ადამიანი ცდილობს გარშემომყოფებში საუკეთესოს ყურადღება მიიქციოს...

ყველას ისევ სიცილის მორიგმა ტალღამ გადაუარა. ირაკლიც იცინოდა... უცებ ჩემკენ გადმოიხარა და ხელი გადამხვია. მეც მომენტით ვისარგებლე და წვენი გადავისხი...

გვანცა სააბაზანოში გამომყვა, რომ პერანგი ამომერეცხა. ამაზე უკეთესი მომენტი აღარ ჩამივარდებოდა ხელში. ამიტომ კარი მივხურე, ონკანი მოვუშვი და გვანცას ძალიან სერიოზული სახით შევხედე. ვცდილობდი, რაც შეიძლებოდა დამაჯერებელი ვყოფილიყავი.

- გვანცა, მე შენ რამდენიმე დღის წინ კლუბ "პორტალში" გნახე...

გაგრძელება იქნება

ავტორი თეა ინასარიძე

ლაბირინთი - ქაოსი თავი 10