შეცდომა - თავი 1. დაუგეგმავი სიურპრიზი

შეცდომა - თავი 1. დაუგეგმავი სიურპრიზი
ცხოვრება სავსეა შეცდომებით. გააზრებულით, თუ გაუაზრებელით, მტკივნეულით, თუ ნაკლებად მნიშვნელოვანით, მაგრამ მაინც, შეცდომებით. ფაქტებით, რომლებიც ჩვენი ცხოვრების შეცვლას იწვევენ. უშეცდომო რა თქმა უნდა, არავინაა, მაგრამ შეცდომის სიმძიმესაც გააჩნია. შესაძლოა, ისეთი რაღაც ჩავიდინოთ, გამოსწორებაც რომ ვეღარ შევძლოთ ვერასდროს, მაგრამ... იქნებ ეს სულაც არაა ისეთი ცუდი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს?
იქნებ სწორედ ამან დააყენოს ჩვენი ცხოვრება თავდაყირა და მიგვახვედროს, რომ ის კონკრეტული საქციელი კი არა, ამ საქციელამდე განვლილი დრო იყო სინამდვილეში შეცდომა? არასწორი იყო ყველაფერი, რასაც ვაკეთებდით
და იმაშიც კი ვცდებოდით, რომ გვეგონა, თითქოს შეცდომა დავუშვით. ვინ იცის... ვერავინ განსაზღვრავს მომავალს წინასწარ, მაგრამ თუ საკმარისად ძლიერები ვართ, იმას მაინც შევძლებთ, ჩადენილზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღოთ და შევეგუოთ იმას, რასაც ვეღარ შევცვლით. წინასწარ ხომ არ ვიცით, იქნებ სწორედ ეს გამოდგეს ჩვენი ცხოვრების გადამწყვეტი ეტაპი. მომენტი, რომლიდანაც ყველაფერს სხვა თვალით შევხედავთ და გავაცნობიერებთ, რომ სინამდვილეში, სწორედ მაშინ დაიწყო ყველაფერი...

***
გამხდარი, გრძელთმიანი გოგონა ჩაწითლებულ, ცისფერ თვალებს შეშინებული ახამხამებდა და ცდილობდა ტუჩების კანკალი როგორმე შეეჩერებინა, მაგრამ, არ გამოსდიოდა. მხრებიც ისეთი მობუზული ჰქონდა, აშკარა იყო, რაღაც საშინელი დარტყმისთვის ემზადებოდა, მის პირდაპირ მჯდომი, მისივე ასაკის გოგო კი, ისეთი გამეხებული სახით უყურებდა, სიტყვის თქმაც კი არ იყო საჭირო ემოციების გადმოსაცემად.

-ხვდები მაინც, ახლა რა თქვი? -დიდხნიანი ფიქრის შემდეგ, მხოლოდ ამის თქმაღა მოახერხა და ისე ამოიოხრა, თითქოს აქამდე სუნთქვაც კი შეკრული ჰქონდა.
- რატომ ვარ ასეთი სულელი...- ხმამაღლა ამოიტირა გრძელთმიანმა და მეგობარს კალთაში ჩაუდო თავი.
-ნიცა, თავს ძლივს ვიკავებ რომ არ მოგკლა!
-თამო, გეხვეწები, შენ ნუღა დამიმატებ...- სლუკუნებდა ისე, თავიც არ აუწევია. -ისედაც ტვინი ამტკივდა უკვე იმაზე ფიქრით, რა ჯანდაბა უნდა ვქნა...

-ახლა გავგიჟდები! -იფეთქა საბოლოოდ. -გოგო, რას ქვია რა უნდა ქნა? ნორმალური თუ ხარ საერთოდ? არა, მართლა გავგიჟდები! -ფეხზე წამოდგა გაცოფებული და წინ და უკან მოჰყვა სიარულს.
ცოტა ხნის წინ, ნიცამ რომ დაურეკა, ხმაზევე შეატყო, ყველაფერი რიგზე რომ ვერ იყო, მაგრამ ამას როგორ იფიქრებდა? აზრადაც კი არ გაუვლია. ან როგორ ვერ შეამჩნია? ისეთი გაბრაზებული იყო, სიტყვებსაც კი ვერ პოულობდა ატირებული მეგობრის დასამშვიდებლად.

ნიცასაც, სიკვდილი ერჩივნა ამის თქმას, მაგრამ ცოტაც რომ მოეთმინა, ნამდვილად გული გაუსკდებოდა. როგორ ვერ იფიქრა ამაზე? რატომ იყო ასეთი მიამიტი? ღმერთო, ახლა რა უნდა ქნას? მეგობარს რომ ასეთი რეაქცია ჰქონდა, თვითონ ის რას ეტყვის?

- ალექსს დავურეკავ. -გადაწყვიტა ბოლოს თამომ და ის იყო მობილური უნდა აეღო, რომ გოგონა ხელებში ჩააფრინდა.

-არა! -შეშინებულმა გაიქნია თავი. -ვერ ვეტყვი...

-რას ნიშნავს ვერ ეტყვი? აბა რა უნდა ქნა, იჯდე ასე და ცრემლები ღვარო? კეთილი ინებოს და მოგხედოს!
-არა, გთხოვ. ისედაც, მას შემდეგ თავს მარიდებს და რა, ალექსი თუ ეტყვის, მოვა და მნახავს?
-ნიცა, მისმინე, თუ არ მოვა, ყურით მოათრევს, გაიგე? ეს ამბავი მარტო შენ არ გეხება!

- გეხვეწები, არ გინდა... ჯერ ისიც კი არ მომიფიქრებია, რა უნდა გავაკეთო... უბრალოდ, შენთვისაც რომ არ მეთქვა, მართლა მოვკვდებოდი...
-მე მოგკლავდი! -წარბები აუწია და გვერდით მიუჯდა. - რისთვის ვართ მეგობრები? მერე რა, რომ სულელურად მოიქეცი, მე მაინც შენ გვერდით ვარ. და დარწმუნებული ვარ, არც ალექსი დაიჭერს იმ იდიოტის მხარეს.
- მისი მეგობარია...

- და ჩემი შეყვარებული! -წარმოთქვა გადაჭრით.
- გოგოებისთვისაც არ მითქვამს ჯერ... - კიდევ ერთხელ ამოისლუკუნა ნიცამ. -პასუხი ვნახე თუ არა, მაშინვე გამოვიქეცი.
- ისე, იქნებ შეცდა?
- სამივე?
- არა, რაზე ფიქრობდი? - თავი გადაიქნია კიდევ ერთხელ და ფეხზე წამოდგა. - ჩავალ, კიდევ ამოვიტან რამდენიმეს, არაფერი დაშავდება თუ გადავამოწმებთ...


* * *
უნივერსიტეტში სწავლა ახალი დაწყებული ჰქონდა, პირველად რომ შენიშნა. ძნელიც იყო თვალი არ მოეკრა, როდესაც ყველასგან გამორჩეული გახლდათ. ზედმეტად სიმპატიური, მხრებამდე სიგრძის, ქერა თმით, მოვლილი წვერით, გემოვნებიანად ჩაცმული, ხელში ჩაფხუტით. ნიცასაც მეტი რა უნდოდა? სულელი პირველკურსელი იყო მაშინ... ჰმ, რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ. მთელ ერთი წელი! და მაინც ვერაფრით ამოიგდო სასიამოვნო უცნობზე ფიქრები თავიდან. არადა, ლექციებზეც კი არ ემთხვეოდნენ. ათასში ერთხელ თუ შენიშნავდა ხოლმე, უნივერსიტეტის დერეფანში და მაშინვე გული ისე სწრაფად უწყებდა ფეთქვას, ასე ეგონა, ყველას ესმოდა მისი ხმა. ხან რომელიმე ჯგუფელისკენ შეტრიალდებოდა და ლაპარაკს გაუბამდა, ხანაც ლიფტს შეაფარებდა თავს. მაქსიმალურად გაურბოდა, თვითონაც არ იცოდა რატომ.


ისედაც ცუდად გრძნობდა თავს, ერთი ნაცნობიც კი რომ არ ჰყავდა ამხელა შენობაში და ამ ყველაფერზე კიდევ ახალი თავის ტკივილის დამატება ნამდვილად არ უნდოდა. ფიქრობდა, უბრალოდ ავიკვიატე და მალევე გადამივლისო, მაგრამ, არაფერმაც არ გადაურა! პირიქით, რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მოსწონდა. მოსწონდა ყველაფერი. როგორი სიარულის მანერა ჰქონდა, როგორ იცვამდა, როგორ ესაუბრებოდა კაფეტერიაში გამყიდველს... ერთხელ საკუთარი თავი იმაშიც კი გამოიჭირა, როგორ მიშტერებოდა, როცა წყალს სვამდა.
მან კი... ძალიან დიდი ალბათობით, ნიცას არსებობის შესახებაც არ იცოდა არაფერი. მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ პირისპირ, ისიც მაშინ, ალექსთან ერთად რომ გადაეყარა დერეფანში. მისი გოგოს მეგობარი ყოფილა და მოიკითხა. ზერელედ შეათვალიერა, მაგრამ გზა გააგრძელეს თუ არა, მაშინვე ამოუფრინდა თავიდან მისი სახელი. არ დაინტერესებულა დიდად, მიუხედავად იმისა, რომ ნიცა ძალიან, ძალიან ლამაზი იყო. გრძელი, წაბლისფერი თმით, დიდი, ცისფერი თვალებით, არაჩვეულებრივი ფიგურით და ძალიან თბილი ღიმილით. სიმართლე ითქვას და, არც აკლდა ბიჭს ყურადღება. ყოველ კვირას ახალი გასართობი ჰყავდა და სულაც არ იყო იმ მდგომარეობაში, ლამაზ გოგოს მხოლოდ გარეგნობით რომ გაეკვირვებინა.


რამდენჯერმე კიდევ შენიშნა ლამაზთვალება უცნობი, მაგრამ არც მაშინ მიუქცევია ყურადღება. გამარჯობასაც კი არ ეუბნებოდა, თუმცა ძალიან ართობდა მისი რეაქციები, მოულოდნელად რომ გადაეყრებოდა ხოლმე. ყველაფერს ამჩნევდა, მაგრამ არაფერს იმჩნევდა. ასეთები, ნამდვილად არ ეშლებოდა. მაგრამ მეორე წლის დასაწყისში, „Welcome Party”-ზე ნამდვილად ვერ დამალა აღფრთოვანება...


მთელი დღე ემზადებოდა წასასვლელად. რა არ მოიზომა, მაგრამ ვერაფერი რომ ვერ მოირგო, სტიპენდიის ფულსაც კი მოაკლო ცოტა და მეგობრებს დაურეკა, მაღაზიებში გამყევითო. ისე ელოდებოდა საღამოს მოსვლას, თითქოს დარწმუნებული იყო, რომ რაღაც მოხდებოდა. არადა, შეიძლება მისი იდუმალი პრინცი სულაც არ ყოფილიყო წვეულებაზე. ბოლოს და ბოლოს, უკვე მაგისტრანტი იყო...
-ნიცა, ამოიგდე თავიდან, რა!-თვალები აატრიალა თამომ, ანის შერჩეული კაბა შეათვალიერა და შემდეგ ისე გადაჰკიდა გოგონას ხელზე, შეხედვაც კი არ დააცადა.


-ვერ ვხვდები, არც კი იცნობ, რამ მოგაწონა ასე ძალიან?-ჩაერთო ანიც. -იქნებ, საერთოდაც გეია?
-არაა!-გაეცინა.-თამოს ალექსის ძმაკაცია.

-გეი არა, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებული, თვითმაყოფილი იდოტია. -მხრები აიჩეჩა, საკიდიდან იისფერი კაბა ჩამოხსნა და ისიც ნიცას ხელზე დახვავებული კაბების სიას შემატა.
-აუ, არ უთქვამს ალექსს, მოდიან თუ არა?
-აჰა, ელაპარაკე ამას რამე!-თავი გადაიქნია ანიმ.-იქნებ შეყვარებული ჰყავს?-მაქსიმალურად ცდილობდა ყველა შესაძლო ვარიანტის შეთავაზებას, შემდეგ რომ არ სტკენოდა გული, ნიცა კი მაინც ჯიუტად იდგა თავისაზე.
-მაგას სულ ჰყავს შეყვარებული!
-დარწმუნებული ვარ, სულაც არ იქნება მასეთი ცუდი!
-კი, კი, როგორ არა. მიდი ახლა, ბევრს ნუ ლაპარაკობ და შედი, მოიზომე!


მუხლები უკანკალებდა, კლუბში რომ შევიდა. ღმერთო, როგორ უნდოდა რომ მოსულიყო და ამავე დროს, როგორ ეშინოდა მისი აქ დანახვის. ადგილზევე მოკვდებოდა, სხვასთან რომ ენახა, არადა ზუსტად იცოდა, სულაც არ იყო ეს გამორიცხული. ისე უნდოდა შეემჩნია... მართლა არ იყო ცუდი გოგო, უფრო მეტიც, თაყვანისმცემლების ნაკლებობასაც არ უჩიოდა. დღესაც განსაკუთრებულად მოინდომა. წითელი, ღვინისფერი კაბა ეცვა, წელში კარგად გამოყვანილი, მუხლს ზემოთ, ბოლოებში ოდნავ გაშვებული. არც მაკიაჟით დამძიმებულა დიდად, მაგრამ ჩრდილები მაინც გაიკეთა, თვალის ფერისთვის ხაზგასასმელად. სახლიდან გასვლის წინ, მეგობრებს რომ დაურეკა და დაენახა, თამომ ამოიოხრა და ისიც კი უთხრა, რამე რომ მოხდეს, თორნიკეზე შენგან წუწუნი არ გავიგოო.


ისე გაუხარდა... და ისე ელოდა, თითქოს დარწმუნებულიც კი იყო, დღევანდელი დღე მის გარეშე რომ არ ჩაივლიდა. ვერც კი ხვდებოდა, საიდან ჰქონდა ამდენი თავდაჯერებულობა მაშინ, როცა ორი საათის განმავლობაში, თვალიც კი ვერ მოკრა ვერსად. იქნებ, არც მოსულა? ალექსი, ისედაც იცოდა, რომ არ იქნებოდა, მოსულიც არ იყო, თამოსგან რომ მიუვიდა შეტყობინება, ჩემი ბიჭი მოულოდნელად დამადგა თავზე და დაფიქრებაც არ მაცადა, ისე გამიყენა ყვარლის გზასო. გიჟდებოდა მათ წყვილზე! სამი წელი იყო, ერთმანეთს ხვდებოდნენ და ბიჭი შეყვარებულს ყოველთვის ანებივრებდა სიურპრიზებით, მაგრამ ამჯერად პირველად მიდიოდნენ დასასვენებლად მარტონი.


-ჩემი მეგობრის შეყვარებულის მეგობარი, არა?-მოესმა ზურგიდან და ღმერთმა უწყის, რის ფასად დაუჯდა, ხველება რომ არ აეტეხა, როცა შოკირებულს კოქტეილი გადასცდა. მაქსიმალურად აიძულა თავი, ტუჩებისთვის თავი მოეყარა და მხოლოდ მაშინ შეტრიალდა, როდესაც დარწმუნდა, რომ ყურებამდე გაღიმებული არ იქნებოდა.
-საინტერესო ინტერპრეტაციაა!-გაუღიმა თავშეკავებულად. არა, ნამდვილად კარგად შეეძლო თამაში!
-ვინ იცის, ჩვენი მეგობრები რით არიან ახლა დაკავებული! სწავლის პირველსავე კვირას დასასვენებლად წასვლა, ვერაფერს იტყვი, მაგარია!-ჩაეცინა ცალყბად. აშკარა იყო, საუბრის წამოწყებას ცდილობდა.

-თამოს უფრო ადრე დაეწყო სწავლა.-მხრები აიჩეჩა. ვერც კი ხვდებოდა, რატომ იყო ასეთი თავდაჭერილი, როცა, გადავაჭარბოთ და ვთქვათ, ოცნების მამაკაცს ესაუბრებოდა!
-ანუ, ჩვენ დაღლილები არ ვართ?
-პირადად მე, ნამდვილად არა...
-მაშინ რას იტყვი, ვიცეკვოთ?-გაუცინა და ნიცამაც ვეღარ შეიკავა თავი.

ჭკუაზე არ იყო. მთელი ღამე თორნიკეს გარემოცვაში გაატარა. ცეკვავდნენ, სვამდნენ, იცინოდნენ, ისე ერთობოდნენ, როგორც ძველი მეგობრები. წარმოდგენა არ ჰქონდა, რით დაიმსახურა ეს ყველაფერი, მაგრამ ნამდვილად არ აპირებდა შანსის ხელიდან გაშვებას. ეს ბიჭი ისე ჰყავდა აკვიატებული, ყველაფერს გააკეთებდა მასთან დასაახლოვებლად.
და მართლაც, ყველაფერზე მეტიც კი გააკეთა. საკუთარ თავსაც გადააბიჯა, პრინციპებსაც და სასტუმროს ნომრის ზღურბლსაც. ვერ ხვდებოდა, ალკოჰოლის ბრალი იყო ეს თუ იმის, ოცნების პირისპირ რომ აღმოჩნდა, მაგრამ ფაქტია, თავი დაკარგა, თორნიკეს ტუჩების შეხება რომ იგრძნო საკუთარზე... და სწორედ ამის შედეგი იყო ისიც, ერთი თვის შემდეგ, ატირებული რომ მიადგა მეგობარს.

* * *
- ყველა დადებითია... -ამოიოხრა სააბაზანოდან გამოსულმა და ცრემლების ახალი ტალღა უნდა გადმოეშვა, თამოს გაბრაზებული სახე რომ დაინახა და კბილის კბილზე დაჭერით შეიკავა თავი.
- დაუმესიჯე და შეხვდი. ნომერი მე მაქვს.
- ჰო, არა? იმ დღის შემდეგ ისე მარიდებს თავს, თითქოს ვერც კი მამჩნევს, შენი აზრით, შეხვედრაზე დამთანხმდება?
- ნიცა, ნერვებს ნუ მიშლი უარესად! აბა, რას აპირებ?
- საერთოდ რომ არ ვუთხრა და...
- არც კი გაბედო!-შეყვირა თვალებანთებულმა და ფეხზე წამოხტა.-დედას გეფიცები, ეგ რომ გააკეთო, ჩემი ხელით მოგკლავ!
-და აბა რა ვქნა? მამიდაჩემმა რომ გაიგოს, ხომ იცი რაც მოხდება?
- მამიდაშენმა კი არა, მამამისმა უნდა გაიგოს!-დაუბრიალა თვალები და მზერით მუცელზე ანიშნა.-მერე რა, რომ დეგენერატია, იქნებ სულაც არ ჰქონდეს ცუდი რეაქცია?
- ექნება.
- ექნება და ჰქონდეს! ახლა იმაზე ინერვიულე კიდე, გაუხარდება თუ არა. ფაქტია, მხოლოდ შენი ბრალი არ არის რაც მოხდა, მარტო ვერაფერს გააკეთებდი! ასე რომ, შეიმშრალე ცრემლები და წავიდეთ.
-სად?
- მამასთან!-თვალი ჩაუკრა, მისი შეშინებული მზერა არც კი შეიმჩნია და ხელჩაკიდებული გაიყვანა სახლიდან. ნიცა თუ არაფრის გაკეთებას არ აპირებდა, დრო იყო, თვითონ ემოქმედა. არ დაუშვებდა, რომ ამ ორი უპასუხისმგებლო არსების გამო მესამე და სრულიად დაუცველი დაზარალებულიყო...

* * *
-აუ, ისეთი გადაღება მქონდა გუშინ, თავი სამოთხეში მეგონა!-სიცილით ჩაილაპარაკა სკამის საზურგეზე გადაწოლილმა, ფეხი ფეხზე გადადებულმა ბიჭმა და ყავა მოსვა. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის კაფეტერიაში იყო, თავს მაინც ძალიან კარგად გრძნობდა.
-ვერ ვხვდები აქ რაღა გინდა, ქვეყნის ყველაზე პოპულარულ მოდურ ჟურნალში მუშაობ, ანგელოზივით გოგოებს უღებ ფოტოებს და სასწავლებლად დადიხარ სად? მაღლივში!-დასცინა მეგობარმა და ბურგერის მოზრდილი ნაწილი ჩაკბიჩა.
-ბიზნესი სულ სხვაა, ბატონო დემეტრე!-თვალი ჩაუკრა თორნიკემ და კაფეტერიას თვალი მოავლო.-მაღლივი ეძახე და ხედავ რა ბიზნესი ააწყვეს?
-მიბაძე!-ჩაერთო ირაკლიც.-დღისით ფოტოები იღე, ღამით ბიზნეს-გეგმები წერე.


-უფრო საინტერესო საქმეები მაქვს ღამით!-ჩაეცინა კმაყოფილს და ჯიბიდან აზანზარებული მობილური ამოაძვრინა.-ვაჰ, ალექსიც გამოჩნდა!
დიდხანს არ ულაპარაკიათ. თორნიკემ მაშინვე თვალები აატრიალა, აშკარად არასასიამოვნო ინფორმაციის მიღებისას და აჯიჯღინდა, ერთხელ ნიორი უნდა ვჭამო და ისე შევხვდე მაგ გოგოს, იქნებ მასე მაინც მოვიშოროო. ვერ იტანდა ასეთ რაღაცებს. ზედმეტ ვალდებულებებს და ურთიერთობის გაოფიციალურებას. ერთხელ გაერთო და მას შემდეგ ვეღარ იცილებს. სერიოზული ურთიერთობა რომ ნდომებოდა, პირველივე დღეს ჩაუხტებოდა ლოგინში? ნუ, პრინციპში ძალიან რთული კია ასეთი მომხიბლავი და დამაბრმავებლად სექსუალური მამაკაცისთვის უარის თქმა, მაგრამ ამაში თვითონ ხომ არაა დამნაშავე? მშობლებმა და გენეტიკამ იზრუნეს ყველაფერზე.


-რაო, მოდის? -ჰკითხა დემემ, საუბარი რომ დაასრულა.
-თვითონაც მოდის და საჩუქრად ის გოგოც მოჰყვება, თამოს დაქალი.
-რომელი? - წარბები აათამაშა ირაკლიმ.-ცისფერთვალება?
-რაღაც ქალაქის სახელი რომ ჰქვია...-წარბები შეჭმუხნა, მაგრამ მაინც ვერაფრით გაიხსენა და ბიჭებს მის სიტყვებზე სიცილი აუტყდათ.


-ალექსს რატომ მოჰყავს?
- რა ვიცი, გზაზე შეხვდა ალბათ და გამოიყოლა ბარემ, არ იცი როგორი ჯენტლმენი ბიჭი გვყავს?
- მე მგონი ეგ სამოთხეს უფრო უმიზნებს, გოგო მაღლივში მანქანით მოჰყავს!-აროხროხდა დემეტრე და როგორც იქნა, ჭამა დაამთავრა.
ნახევარი საათია უკვე, რაც კაფეტერიაში ისხდნენ. ირაკლი და დემეტრე მესამე კურსზე სწავლობდნენ, თორნიკე და ალექსი კი უკვე მაგისტრატურის სტუდენტები იყვნენ, მაგრამ მაინც მოახერხეს ლექციების ისეთ დროს ჩასმა, შუალედები რომ დამთხვეოდათ. ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად განსხვავებული ხასიათები ჰქონდათ. მას შემდეგ კი, რაც თორნიკეს მშობლები საზღვარგარეთ წავიდნენ და სახლი მათ მფლობელობაში დარჩა, თითქმის არც ერთი საღამო არ გაუტარებიათ ცალ-ცალკე.


-გვიკადრა ვაჟბატონმა!-შესძახა ირაკლიმ, კაფეტერიაში ნაცნობი ფიგურა რომ დალანდა და ისე დაუქნია ხელი, თითქოს ბაღში დატოვებული ბავშვი იყო, რომელსაც დედამ მიაკითხა დაგვიანებით.
-უსაქმურობთ, ხო?-გაეცინა ალექსს და ნიცასთან ერთად მიუახლოვდა ბიჭების მაგიდას.
-რაო, კარგია გვიანობამდე ძილი, ძმა? -გაეცინა დემეტრეს. არც ერთი არ იმჩნევდა ძმაკაცის გვერდით აწურული გოგონას არსებობას, განსაკუთრებთ კი, თორნიკე.
-გადასარევი! ბიჭო, მანქანას რაღაცა უცნაური ხმა აქვს და არ გინდათ გამომყვეთ? ოც წუთში იწყება ლექცია მაინც.


-ამჯერად რაღა მოუხერხე?-როგორც იქნა, ხმა ამოიღო თორნიკემაც.- წამო, წამო, ვუშველო შენს ჯართს!
-დარჩი შენ, ბიჭები მომეხმარებიან.- ისეთი ხმა ჰქონდა ალექსს, ყველა მაშინვე მიხვდა, რატომაც „გააფუჭა“ მანქანა.
-წამო, გვაჩვენე!-წამოდგა დემეტრეც, დადიანი კი ისეთი თვალებით იყურებოდა, თითქოს ბრძოლის ველზე ტოვებდნენ მარტოს.
-ირუშ, ერთი წუთი...-მოშორებით გაიყვანა მეგობარი. -საფრანგეთსა და იტალიას შორის რომაა, რა ჰქვია იმას? -ჰკითხა უსერიოზულესი ხმით, ირაკლიმ კი ვერაფრით შეიკავა ხარხარი.


-რა დეგენერატი ხარ! -ძლივს ამოთქვა სიცილით. -ნიცა!
-აუ, ჯიგარი ხარ! -გაეცინა თვითონაც და ისევ მაგიდასთან დაბრუნდა.
-საქმე მაქვს...- როგორც იქნა, ხმა ამოიღო გოგონამაც, თორნიკემ კი მზერით ანიშნა, დაჯექიო და თვითონ ისევ სკამის საზურგეზე გადაწვა. ღმერთო, როგორ სძულდა ასეთი საუბრები...

ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი

P.S. marao.ge წარმოგიდგენთ ნათია ჯაგოდნიშვილის ნოველას "შეცდომა", რომლის ეპიზოდებსაც შემოგთავაზებთ ყოველდღე.

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 6 /
თამო
მესამედდდ თუ მეოთხედ ვკითხულობ , საოცაარიაა , მიყვარსს
11:06 / 03-08-2019
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
გამარჯობათ დღეს დავიწყე კითხვა თუ შეგიძლიათ მითხრათ 1-13თავი სად ვნახო.
14:22 / 16-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93