ადამიანის ცხოვრება მარტივი არაა, მაგრამ განსაკუთრებულად რთული თინეიჯერული პერიოდია.
ფსკოველი ბონი და კლაიდი: სიკვდილი ონლაინ
15 წლის ფსკოველი მოსწავლეები კატია და დენისი წელიწად-ნახევარი ხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთხელ 15 წლის გოგონამ მშობლებს დაქალთან დარჩენა სთხოვა. მშობლების უარს ყურადღება არ მიაქცია და მაინც წავიდა. შინდაბრუნებული მშობლებმა მკაცრად დასაჯეს. ამის შემდეგ კატიამ სახლიდან გაქცევა გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, მეგობარ ბიჭთან ერთად.
ბიჭმა დედას საფულიდან საბანკო ბარათი ამოაცალა, ანგარიშიდან ფული მოხსნა და ქალაქგარეთ გასამგზავრებელი ბილეთები იყიდა. გოგონას მშობლებს სოფელში სახლი ახალი ნაყიდი ჰქონდათ. ახალგაზრდები იქ გაემგზავრნენ. რამდენიმე დღით ადრე სოფელში საიდუმლოებებით მოცული მკვლელობა მოხდა.
მეზობელმა იცოდა, რომ კატიას მშობლები სოფელში ზამთარში არ ჩამოდიოდნენ. ამიტომ, როცა მათ სახლში შუქი დაინახა, პოლიცია გამოიძახა.
აღმოჩნდა, რომ ამ სახლში ორი დღის განმავლობაში იმალებოდნენ კატია და დენისი. მათ სახლში გოგონას მამინაცვლის, სამხედრო პირის სამალავს მიაგნეს, სადაც იარაღები და ტყვიები იპოვეს. როცა მათ სახლს პოლიცია მიადგა, მოზარდებმა ცეცხლი გაუხსნეს.
პოლიციელების ზარებს და ხმის გამაძლიერებლებით მოწოდებებს მოზარდები ყურადღებას არ აქცევდნენ. უფრო მეტიც, მათ ინტერნეტით პირდაპირი ტრანსლაცია ჩართეს და მომხდარს სოციალურ ქსელში უჩვენებდნენ. მშობლები და პოლიციელები ახლა სოციალური ქსელებით ცდილობდნენ მათთან დაკავშირებას, მაგრამ არც რჩევებმა და არც დამშვიდებამ შედეგი არ გამოიღო.
მოზარდებმა გადაწყვიტეს, რომ "ძალიან დააშავეს" და გამოსავალი აღარ არსებობდა.
მეორე დილით კატიამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა: "მიყვარდით, მაგრამ თქვენ ვერ ხვდებოდით, როგორ მინგრევდით ფსიქიკას, ცხოვრებას. ნახვამდის, მეგობრებო, ოჯახო, ნაცნობებო. ნუ ნაღვლობთ, ლამაზად წავალ. წარმატება ცხოვრებაში და გთხოვთ, ისე იცხოვრეთ, როგორც მოგესურვებათ. საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრება - ეს საუკეთესო ცხოვრებაა. მიყვარხართ".
სტატუსის გამოქვეყნებიდან ორი საათის შემდეგ სახლში პოლიციელები შეიჭრნენ. ამ დროისთვის ბავშვებს პირდაპირი ჩართვა გამორთული ჰქონდათ. კატიასა და დენისს პოლიციამ ერთ ოთახში მიაგნო. ბიჭს ჯერ გოგონა მოუკლავს, შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაუსრულებია...