ყველაფერი თითქოსდა ჩვეულებრივად დაიწყო ისე, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. ერთ დილასაც ჩვეულებრივ შევიდა "ფეისბუქზე", მთავარ გვერდს გადახედა, თავისი "ფეისბუქელი" მეგობრების აქტივობას გაეცნო, ინდიფერენტული გამომეტყველებით რაღაცები "დაალაიქა" და თავისი მოსაბეზრებელი ცხოვრების 30 წუთიც მოკლა.
ის იყო, ქსელიდან გასვლას აპირებდა, რომ შეტყობინება მოუვიდა. უხალისოდ შეამოწმა შემოსული წერილი და... ამ 30 წუთის მანძილზე პირველად შეეცვალა სახის გამომეტყველება, წელშიც გაიმართა და მონიტორისკენ გადაიხარა.
- გინდა ყველაფერი შეცვალო?
სწორედ ამ ფრაზით დაიწყო ურთიერთობა უცნობთან, რომელსაც ანონიმური პროფილი ჰქონდა შექმნილი და სახელის ნაცვლად, რაღაც უცნაური ინგლისური სიტყვა - trickster-ი ეწერა.
პასუხი სპონტანურად გასცა:
- კი!
ამ ერთი სიტყვის დაწერისას თითქოს მთელი სიცხადით შეიგრძნო, როგორ არაპროდუქტიულად გაფლანგა თავისი ცხოვრების 30 წელი. 18 წლისა გათხოვდა და ცოლად თავისსავე კლასელს გაჰყვა, რომელიც ჯერ მისი ბაღელი იყო...
საფუძვლიანად ვერაფერს დაეუფლა. მეორე კურსზე გაბერილი მუცლის ხათრით უფრო უწერდნენ ნიშნებს. მერე პატარა ეყოლა და ვერც სტუდენტობას გაუგო გემო. ბოლოს არასრულფასოვნების კომპლექსის გამო ვეღარც სამსახური იშოვა და დიასახლისად დარჩა.
ახლა კი, ნათესავების თვალში - "თითით საჩვენებელი წყვილი", სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი წყვილია, რომელთაც ერთმანეთის მიმართ დაახლოებით ისეთივე გრძნობა აქვთ, როგორც, მაგალითად, დედის, მამის ან ოჯახის სხვა წევრების მიმართ - მძაფრ შეგრძნებებს მოკლებული...
მის ქმარს საბა ჰქვია და კარგი ბიჭია. უბრალოდ, ძალიან პატარა იყო ცოლის მოსაყვანად. სწავლის დამთავრების მერე მუშაობა დაიწყო და ბევრი შესაძლებლობა გადაეშალა, მაგრამ ბევრ რამეზეც დაამუხრუჭა თავისი სოციალური სტატუსის გამო.
ოჯახის დანგრევა არ უნდოდა, ან ძალიან უჭირდა... თან, რაც არ უნდა იყოს, სალის თითქმის მთელი ცხოვრებაა, იცნობს...
მიუხედავად ყველაფრისა, სალი ბუნებით მხიარული გოგოა... მას სჯერა ( ან თავს იჯერებს), რომ ბედნიერი ცხოვრება მხოლოდ ჰოლივუდურ ფილმებშია შესაძლებელი... რეალობაში ნებისმიერი ურთიერთობა საბოლოოდ მაინც იქცევა რუტინად.
მას, უბრალოდ, გული სწყდება რაღაცებზე, ყველაზე მეტად კი იმაზე, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია ვერ შეძლო. ამის გამო ქმარიც არ აფასებს სათანადოდ... ამ ბოლო პერიოდში ურთიერთობაც გაუფუჭდათ. ერთმანეთის უმნიშვნელო წვრილმანიც კი აღიზიანებთ.
სწორედ დღეს დილით დაინახა შემთხვევით, როგორ ათვალიერებდა კომპიუტერში მისი ქმარი ვიღაც ნახევრად შიშველი გოგოს სურათებს.
თვითონვე გაუკვირდა, ყოველგვარი სკანდალის გარეშე, გულგრილად რომ ჰკითხა:
- რას აკეთებ? სამსახურში არ უნდა იყო?
დიდად არც ის აღელვებულა. დაბნეულად დახურა ფანჯარა და ჩაიბუტბუტა:
- უი... რაღაცნაირად მეგონა, რომ უკვე იქ ვიყავი...
მერე სწრაფად წავიდა სახლიდან.
ხანდახან სალის ძალიან უნდება, რომ წერტილი დაუსვას ყველაფერს. - რა აზრი აქვს ასეთ "გაფუჭებულ" ურთიერთობას?.. უსასრულოდ მარაზმში ცხოვრებას ლამაზი დასასრული ჯობია! - ეს მან მშვენივრად იცის, მაგრამ ჩაკეტილი წრიდან ვერ გამოდის.
ფიქრობს, რომ არ აქვს იმდენი ძალა, რომ ეს ნაბიჯი გადადგას. თან, წასასვლელიც არსად აქვს... მისი მშობლების ბინაში თავისი ძმა ცხოვრობს ოჯახით. ცალკე ბინის ყიდვის შესაძლებლობა კიდევ არა აქვთ...
ფიქრებში გართულმა სალიმ ამასობაში უცნობის პროფილიც დაათვალიერა. ინკოგნიტოს ავატარად შავი სურათი ეყენა, რომელზეც "ჩეშირელი" კატის თეთრი თვალები და კბილები მაცდურად ელავდა და ინგლისურად ეწერა: - I am not crazy. My reality is just different than yours...
შემდეგი შეტყობინებაც მოვიდა:
- სწორედ ასეთ პასუხს ველოდი შენგან...
იმ წუთებში, როდესაც უცნობს სწერდა, სალის მხოლოდ მოწყენილობის დამარცხება სურდა და ვერც კი წარმოიდგენდა, თუ როგორ შეიცვლებოდა მისი ცხოვრება უახლოეს მომავალში...
- ვინ ხარ?
- არ მიცნობ
- ჩემი გაცნობა გინდა, არა?
- არა!
- ??
- სხვა ინტერესი მაქვს... საინტერესო ადამიანებს ვეძებ!
- და მე რითი დაგაინტერესე?
- ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, შენ უნდა გადაწყვიტო, დამაინტერესებ თუ არა!
- და რაში მჭირდება მე შენი დაინტერესება? ან რატომ მომწერე, გინდა ყველაფერი შეცვალოო?
- იმიტომ, რომ შენ ეს შეგიძლია! ყველა ადამიანი თავადვე ცვლის თავის მდგომარეობას, თუ, რა თქმა უნდა, მოინდომებს...
- და საიდან მოიტანე, რომ რაღაცის შეცვლა მინდა?
- იქიდან, რომ cover-ზე იდუმალი კუნძულის სურათი გიყენია, შენი პროფილის სურათი კი, სავარაუდოდ, გათხოვებამდეა გადაღებული...
- მერე რა?
- ვირტუალური სამყარო ჩვენი დაფარული სურვილების სარკეა! შეიძლება გაუცნობიერებლად აირჩიე კუნძულის სურათი, რომელსაც ალბათ დიდხანს ეძებდი "გუგლში"... შენ ძალიან გინდა ასეთ კუნძულზე წასვლა და რეალობისაგან მოწყვეტა, გადაკარგვა...
შენი პროფილის სურათი კი იმას ნიშნავს, რომ გული გწყდება იმ დროზე, როდესაც 18 წლის იყავი და ყველაფერი წინ გქონდა... ძალიან გინდა, რომ ახლაც მაგხელა იყო... შენ ხომ მაშინ თავისუფალი იყავი?.. - სალ, შენ სიამოვნებით შეცვლიდი ყველაფერს...
სალის მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. მიუხედავად იმისა, რომ 16 წლის გოგო აღარ არის, რომ ინტრიგას წამოეგოს და ავარდეს, რაღაცნაირად ინტერესი გაუჩნდა უცნობის მიმართ. ასე ზუსტად როგორ "გაშიფრა" სალი???
- მაინც რას მთავაზობ?
- ვითამაშოთ? :)
იყო პასუხი. სალი რამოდენიმე წუთით ჩაფიქრდა. ბოლოს, როგორც იქნა, გამოერკვა ფიქრებიდან და მისწერა:
- სამწუხაროდ, თამაშის დრო არ მაქვს!
იდუმალი "იუზერი" ქსელიდან გასულიყო...
მთელი დღის განმავლობაში სალი მის სიტყვებზე ფიქრობდა. ის ვერსიაც კი დაუშვა, - ჩემი ქმარი ხომ არ მაიმუნობს რაღაცასო, მაგრამ ეს ნაკლებსავარაუდო იყო. ის თავის ქმარს საკუთარი ხუთი თითივით იცნობს და იცის, რისი გამკეთებელია და რისი არა.
საჭმელიც უღიმღამოდ გააკეთა. გული ვერც ტელევიზორს დაუდო. რაღაცნაირად ცუდ ხასიათზე დადგა. - ვინ უნდა იყოს?.. - მოულოდნელად გამოჩნდა, თავისი ტკივილი გაახსენა, იმედი ჩაუსახა და გაქრა...
მოიცა, მოიცა... - ეს რა გაიფიქრა სალიმ?.. - იმედი ჩაუსახაო?..
საკუთარ ფიქრებს უფრო ჩაუღრმავდა და მიხვდა, რომ ჩეშირელი კატის სურათიანმა უცნობმა სწორედ ეს გააკეთა...
- "რა სახელი ერქვა?" - ის უცნაური სიტყვა გაიხსენა სალიმ და ყოვლისმომცველი "გუგლის" საძიებო გვერდი გახსნა.
– მგონი, გვარი უნდა იყოს, რაღაც ისე ჟღერს - ტრიქსტერი... თუმცა, სიტყვა "ტრიცკ" ხომ ხრიკს ნიშნავს? ვინმე ნაცნობი ხომ არ მეკაიფება?..
"გუგლის" საძიებო სისტემის მეშვეობით ისეთი რამ წაიკითხა, რამაც მოსვენება სულ დაუკარგა...
- "ტრიქსტერი" - ინგლისურად მატყუარას, თაღლითს, ხუმრობის მოყვარულს ნიშნავს. იგი ბევრად მეტ სიავეს სჩადის, ვიდრე უბრალოდ გარშემომყოფთა დაცინვაა. ამ პერსონაჟს ყოველთვის ერთი აზრი აწუხებს - თავისუფლება მისცეს საკუთარ მოქმედებას, როცა საზოგადოებრივი თუ ჯგუფური ქცევითი შეზღუდვები სახეზეა.
ერთსა და იმავე დროს, ტრიქსტერი არის შემქმნელიც და დამანგრეველიც, სიკეთის მომტანიც და უარმყოფელიც, რომელიც ხან სხვას ასულელებს, ხან თავსაც ისულელებს.
როგორც გარდამსახველი, ტრიქსტერი ხანდახან კარგ საქმეებსაც სჩადის - ზოგჯერ ახირებით, ზოგჯერ შემთხვევით, მაგრამ უფრო ბევრს აფუჭებს და ხალხისთვის პრობლემები მოაქვს.
ტრიქსტერი დახასიათებულია, როგორც ყველა ჩვენგანის ბნელი მხარე, რომელიც გათავისუფლებულია საზოგადოებრივი და პიროვნული წესებისაგან, ანუ იმისგან, რაც წარმართავს ჩვენს ნორმალურ ქცევას.
ის აცდუნებს ქალებს და ყველა თავის ხარბ სურვილს იკმაყოფილებს. მის ერთ თვალშისაცემ თვისებას მორალის ნაკლებობა წარმოადგენს. მის სურვილებს არაფერი აქვს საერთო მის გონებასთან.
იგი მუდამ იმპულსებით მოქმედებს, რომელთაც ვერ აკონტროლებს. მას არ გააჩნია ღირებულებები და მორალი. უწესრიგობის სული და გულია - საზღვრების მტერი.
მისი ძირითადი თვისებები: - ჯიუტი, შარიანი, ორპირი, ხარბი...
მისი ნიღაბი ბრიყვის, მიამიტი ადამიანის ნიღაბს წარმოადგენს."
ყოველივე ამის წაკითხვის შემდეგ სალის ინტერესი გაუასმაგდა უცნობის მიმართ, რომელმაც გაცნობის საკმაოდ უცნაური ფორმა აირჩა. სალის უცებ ძალიან მოუნდა საზოგადოებრივი და პიროვნული წესებისაგან განთავისუფლება და რაღაცის გაკეთება! ჯერ თვითონაც ვერ მიხვდა რისი,
- უბრალოდ "რაღაცის..."
სასწრაფოდ გახსნა შემომავალი შეტყობინება და თავის ბოლო პოსტს ახალიც მიაყოლა:
- ვითამაშოთ!!! - მე მინდა, რომ ყველაფერი შევცვალო...
მეორე დილამდე უცნობი აღარ გამოჩენილა. სალი სულ ეკლებზე იჯდა, ადგილს ვერ პოულობდა. ხან ნანობდა, ასე რატომ მივწერეო, ხან კი პირიქით... მასში ახლა ორი "მე" იბრძოდა: - პირველი ახსენებდა, რომ ის გათხოვილი ქალია, ქმარ-შვილი ჰყავს მისახედი და თამაშის და მაიმუნობის დრო არა აქვს... მეორე "მე"-მ კი ქალიშვილობისდროინდელი აუხდენელი სურვილები და ოცნებები გაახსენა, ხან რა ამოუტივტივა გონებაში და ხან რა...
სალის ეგონა, რომ მოჩვენებები დაეწყო, რადგან თითქოს უკვე მისტიკურად ჩაესმოდა: - "შენ გაცილებით ბევრი შეგიძლია, სალ! როდემდე უნდა იყო ასე?.. მთელი ცხოვრება სამზარეულოში უნდა გაატარო?.. ნუთუ ამას იმსახურებ? ასეთ ცხოვრებას არავინ არ იმსახურებს... დროა, რაღაცები შეცვალო!"
ღამე ძლივს დაეძინა. შეეშინდა, ჭკუიდან ხომ არ ვიშლებიო... დილით ქმარი სამსახურში გაისტუმრა, შვილი კი სკოლაში. ლუკა უკვე დიდი ბიჭია, 11 წლის, სკოლაში თვითონ მიდის...
მარტო დარჩა თუ არა, მაშინვე კომპიუტერს მივარდა, გულისფანცქალით გახსნა "ფეისბუქის" გვერდი და შემოსული შეტყობინება წაიკითხა:
- ეს უბრალო თამაში არ იქნება, ქერა . მას თავისი სპეციფიკური წესები აქვს. შეიძლება ისეთი რაღაცების გაკეთება მოგიწიოს, რასაც სხვა დროს არ გააკეთებდი... ხანდახან გარისკვაც მოგიწევს.
ფინალამდე მისაღწევად დიდი მოთმინების უნარი უნდა გამოიჩინო! თამაშში მარტო არ იქნები... მაგრამ ფინალამდე არ გეცოდინება შენი კონკურენტების ვინაობა. დავალებებს პერიოდულად მიიღებ. თამაშიდან გასვლა ნებისმიერ დროს შეგეძლება... მაგრამ, თუ ფინალამდე მიაღწევ...
- რა? რა იქნება ფინალში???
- მოუთმენელი ხარ, სალ , ყველაფერი ერთდროულად გინდა გაიგო... მოდი, ასე მოვიქცეთ! - შენ კიდევ იფიქრე... თუ ინტერესი და სიახლის სურვილი გადაწონის იმ ათასნაირ ბარიერს, რომელსაც შენში ღრმად აქვს ფესვები გადგმული, მაშინ ხვალ, დილის 11 საათზე სკაიპში მომძებნე... trickster-ით მიპოვი. საუბარი იქ გავაგრძელოთ!
და კიდევ... თუ სკაიპით ჩვენი დიალოგი შედგება, მინდა, რომ კამერით დაგინახო...
ნახვამდის, ქერა
გაგრძელება იქნება ოთხშაბათს