სალი თავის საწოლში იყო წამომჯდარი და ხელში მანუსკრიპტი ეჭირა. უკვე საკმაოდ გვიანი იყო, - ღამის სამი საათი.
მედალიონი ტუმბოზე იდო. მან სახლში მისვლისთანავე მისწერა ტრიქსტერს, მაგრამ პასუხი არ მოსვლია.
მანუსკრიპტი ძველებურს ჰგავდა. ზედ შავი ფერის სხვადასხვა სიმბოლო იყო გამოსახული: სამი გოგო, მზე, კიბე, ცეცხლი, ნალი, რაინდი, ფოთოლზე ჭია, მონეტა და ხელის ანაბეჭდი. სულ ცხრა სიმბოლო იყო. ფურცელი ხაზით იყო გაყოფილი და მარჯვნივ რუკის პატარა ნაწილი ეხატა...
სალი სიმბოლოებს აკვირდებოდა, მაგრამ ვერაფრით მიხვდა, რა უნდა გაეგო აქედან. ვერც ერთმანეთთან აკავშირებდა მათ...
რუკა, სავარაუდოდ, რაღაც ადგილზე მიანიშნებდა, ხოლო ეს სიმბოლოები, შესაძლებელია, მისი ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ყოფილიყო...
მაგალითად, მზე შეიძლება დღეს ნიშნავდეს, ნალი, დავუშვათ, იპოდრომს... კიბე - სადღაც ასასვლელს, მაგრამ დანარჩენი სიმბოლოები არ აღუძრავდა სალის ისეთ ასოციაციებს, რომ რაიმე აზრი გამოეტანა.
ამ ფიქრებში ჩაეძინა და დილით თერთმეტ საათზე გაახილა თვალი. როგორც ჩანს, მაღვიძარას ხმაც ვერ გაიგო და ლუკას სკოლა გააცდენინა.
აბრეშუმის ხალათი მოიცვა და ბავშვის ოთახს მიაშურა. ლუკას ჯერ კიდევ ეძინა. სალი სამზარეულოში გავიდა, რომ ყავა აედუღებინა. მეორე ღამეა, რაც საბა სახლში არ ათევს ღამეს, მაგრამ სალის ნაკლებად ანაღვლებდა მისი ადგილსამყოფელი. მას ახლა უფრო მნიშვნელოვანი საფიქრალი ჰქონდა, - მანუსკრიპტის გაშიფვრა.
ის იყო, ყავა უნდა დაელია, რომ კარზე ზარი დარეკეს. - საბა იყო.
- სალ, საქმე მაქვს შენთან!
- მოდი...
ორივენი ოთახში შევიდნენ.
- ხმადაბლა ილაპარაკე, ბავშვს სძინავს!
- სკოლაში არ უნდა იყოს ახლა?
- ჰო, მაგრამ დამეძინა და...
- როდის აქეთ? შენ "ბუძილნიკიც" არ გჭირდებოდა არასოდეს, ისე იღვიძებდი.
- როდის აქეთ და ამას იქით აქეთ! - რა დროს ეგ არის, მითხარი, რაც უნდა მითხრა. ყავა თუ გინდა დაისხი, - ცხელია!
- მისმინე! გუშინ მეგიმ დამირეკა...
- და მე უნდა ჩამაბარო მოხსენება? ბილიარდსაც ითამაშებდით თქვენ... ეჭვი მაქვს! ჯიბისას თუ რასაც ეძახიან...
- არა გოგო, ჯიბის ბილიარდს სხვა რაღაცას ეძახიან... არსად არ თქვა ეგ! სირცხვილია... თან, არაა ეგრე საქმე, შენ რო წარმოიდგინე რაღაცეები...
- თავბრუ უნდა დამახვიო ახლა ტყუილებით?
- მათქმევინე!
- ვინ გაჩუმებს?
- მეგი საშინელ დღეშია!
- საბრალო! ხომ არ მივიდე და დავუყვავო?
- ტიროდა...
- ჩემი სიკვდილი...
- სალომე! მისმინე... ირონია ბოლოსთვის შემოინახე, თორე ამევსო მოთმინების ფიალა!
- ფიალა შენ ჩემი იკითხე...
- ვიცი... მერე მითხარი, მოკლედ... მთხოვა, რომ მის ქმარს შევხვდე და ავუხსნა, რომ...
- ბილიარდს რომ ეთამაშებოდი მის საცოლეს აგზნებული და უკანალზე ხელსაც უცაცუნებდი, ეს ის არ იყო, რაც მან იფიქრა?..
- შეუძლებელია შენთან ლაპარაკი!
- რაც გინდა, ის ქენი, მე რას მითანხმებ? ვერ გავიგე...
- რას და მეგი თანახმაა, შეგხვდეს და დაგელაპარაკოს... ყველაფერს პირადად აგიხსნის...
- რა პატივია! ყელამდე ვარ მისი პატივისცემით... მაგრამ ეს არაფერში არ მჭირდება, რომეო!
- მშორდები?
- რა ვიცი მე...
- ლუკა?
- ლუკაზე მაშინ გეფიქრა, საღალატოდ რო მიდიოდი... ახლა არ შემიძლია ამ თემის განხილვა, თავზე მაყრია სამუშაო!
- ტორტები?
- არა, ტორტებში აღარ ვარ...
- აბა, სადა ხარ?
- ახლა უკვე ინტელექტუალური სამუშაო მაქვს!
- ვაა, ვაა... ქაჩალი თავს არ მოიფხანს და თუ მოიფხანს, სულ დაიგლიჯავსო, - ეგრეა შენი საქმე!
- შენს ქაჩალ თავს მიხედე, გირჩევნია!
- გამოცოცხლება დაგეტყო, რაშია საქმე?..
- მკვდარი როდის ვიყავი?
- ჯობია წავიდე... რო დაწყნარდები, მერე მოვალ, ჯობია!
საბა წავიდა. სალიმ ლუკა ასაუზმა და კომპიუტერი ჩართო. ტრიქსტერს მოუწერია.
- დილა მშვიდობისა, ქერა თავს როგორ გრძნობ?
- ნაღალატევი ცოლივით... იმ მანუსკრიპტს ვერაფერი გავუგე! გუშინ იქამდე ვფიქრობდი, სანამ ჩემმა ტვინმა პროტესტი არ გამომიცხადა და თავისით არ გააკეთა "shut down"-ი...
- ვერ დამელოდე? ეგრე ვერაფერს ვერ გაიგებდი
- რა უნდა გავაკეთო?
- წიგნების მაღაზიაში უნდა მიხვიდე და ნოველა იპოვო. ეგ ნოველა მანუსკრიპტის გასაღებია. მის გარეშე ვერ გაშიფრავ!
- რა ნოველაა?
-
- ამხელა წიგნების მაღაზიაში ერთი ნოველა უნდა ვეძებო? დამცინი?
- სრულებითაც არა! ვიცი, იპოვი!
- ერთი მინიშნება მაინც მომეცი...
- ერთს მოგცემ, - ნოველა არ დევს თაროზე... არსად არ დევს...
- დამცინი!
- არა
- არ დევს რას ნიშნავს, აბა, ჩამოკიდებულია?
- არ ვიცი
- რომელი მაღაზიაა?
- მოგწერ!
სალიმ ტრიქსტერის მიერ მოწერილი მისამართი ამოიწერა და აღნიშნულ მისამართზე ლუკასთან ერთად წავიდა.
წიგნების მაღაზია ვიწრო და გრძელი იყო, იქაურობა ერთიანად გადაწიგნებული, დახლები და თაროები სავსე.
- ხომ არ დაგეხმაროთ? - ჰკითხა კონსულტანტმა გოგონამ და გაღიმებული სალის მიუახლოვდა.
- რაღაც ნოველას ვეძებ...
- ავტორი?
- არ ვიცი... არც ავტორი ვიცი და არც სათაური... მხოლოდ ის ვიცი, რომ არსად არ დევს!
კონსულტანტს უცებ სახეზე ღიმილი გაუქრა და ნირწამხდარი შეტრიალდა.
სალიმ ძებნა განაგრძო. ყველაფერს ათვალიერებდა... ლუკა უკან დაყვებოდა დედას...
- ლუკა, ეძებე ისეთი რაღაცა, რაც არ დევს!
საბოლოოდ, ნოველა ლუკამ იპოვა. სალიმ ნოველა ვერ წამოიღო, რადგან არ იყიდებოდა. გადაწერაში დრო რომ არ დაეკარგა, თავისი ახალი ციფრული ფოტოაპარატით სურათი გადაუღო და წამოვიდა.
იქვე ახლოს სალის ერთადერთი დაქალი ცხოვრობდა და გადაწყვიტა, მასთან შეევლო. თიკომ ჯერ არ იცოდა მისი და საბას ამბავი... სალი მოუყვა, რომ საბას საყვარელი ჰყავს, მაგრამ დავალება და იდუმალი უცნობი, რომელიც ინტერნეტში გაიცნო, არ უხსენებია.
- ეგრე გითხრა? შენთან ლაპარაკი უნდაო?.. ნეტა რა ნამუსით უნდა შემოგხედოს თვალებში! - გაბრაზდა თიკო.
სალი ჩაფიქრდა. ტრიქსტერმა ტყუილად არ გააგზავნა იმ ქორწილში... ის გოგო ალბათ რაღაცას წარმოადგენს მისთვის, რომ ამხელა ქორწილის ჩაშლა გაბედა... აქ მხოლოდ სალი არ არის შუაში... მას ხომ შეეძლო, ისე ენახებინა სალისთვის ის კადრები, რომ ქორწილი არ ჩაეშალა? - რა ხელს აძლევს სალის, იმ გოგოს ქორწილი შედგებოდა თუ არა...
სალი მიხვდა, რომ ქორწილის ჩაშლა იყო ტრიქსტერის მთავარი მიზანი და არა სალი...
- თიკ, ცოტა ხნით დაიტოვებ ლუკას? იმ გოგოს უნდა შევხვდე!
- გაგიჟდი? თავი არ დაიმცირო!
- არა, არა... სხვა რაღაც უნდა გავარკვიო...
- ლუკას დავიტოვებ, აბა, რას ვიზამ, მაგრამ არ მგონია, ეს კარგი აზრი იყოს...
სალიმ მაშინვე მობილურზე გადაურეკა საბას და მეგისთან შეხვედრის დრო და ადგილი შეათანხმებინა... ის კაფე დაუსახელა, სადაც ტორტი აარჩევინა.
ამჯერად მეგი მივიდა პირველი. ყავა შეუკვეთა და სალის დაუწყო ლოდინი. მალევე კაფეში ნაცნობი ტორტების კომპანიის მენეჯერი შემოვიდა და პირდაპირ მისკენ გამოემართა.
- მოკლედ, შენი ახსნა-განმარტების მოსმენა ნაკლებად მაინტერესებს... ახლა სხვა რაღაც უნდა გკითხო... - მტრები გყაავს? - შესავლის გარეშე დაიწყო სალიმ. მეგი გაოგნებული მისჩერებოდა. როგორც იქნა სიტყვის დაძვრა მოახერხა.
- შენ?.. შენ ხარ საბას ცოლი?..
- უი, სულ დამავიწყდა, რომ არ იცი... კი, მე ვარ!
- ანუ შენ და ჩემი ქმრის ყოფილი ცოლი შეკრულები ხართ?.. შენ ტორტზე იზრუნე, იმან ბუს კვერცხებზე...
- არ მესმის, რაზე ლაპარაკობ...
- შენ ხომ მოხვედი ჩემს ქორწილში? დაგინახე... ტორტიც ძალიან კარგად მახსოვს... თქვენი კომპანიის სახელი კი გაამართლა, - კრეატიული იყო, მაგრამ... როდის ყოფილა, მენეჯერები ტორტებს უკან დაჰყვებოდნენ და ვიდეოებს იღებდნენ? - შენ და ნინიმ ერთად დაგეგმეთ ყველაფერი... როგორ ვერ მივხვდი...
- ვინ არის ნინი? მართლა არ მესმის, რაზე ლაპარაკობ! შენ რომ შეგხვდი, ის ჩემი პირველი დღე იყო სამსახურში... - შენ ვისთან გგონივარ შეკრული?
- ვინც ბუს კვერცხები მომართვა ქორწილის ღამეს... ჩემი ქმრის ყოფილ ცოლთან...
სალი დაფიქრდა. შეიძლება ტრიქსტერმა სალის მსგავსად დაავალა ვიღაცას პატარძლისთვის ბუს კვერცხების მიტანა... თუ ასეა, მაშინ მეგის ქმრის ყოფილი ცოლიც მოთამაშე გამოდის... პროექტის ერთ-ერთი მონაწილე...
- მე არავისთან არ შემიკრავს პირი! - რა ჰქვია იმ გოგოს?
- რა ვიცი, უკვე აღარაფერი არ ვიცი... ამერია ყველაფერი ტვინში...
მეგიმ სახეზე ხელები აიფარა... დაბნეული და განადგურებული იყო.
- რა ჰქვია-მეთქი იმ გოგოს?
- ნინი ჰქვია...
- შეგიძლია მაგ ნინის კოორდინატები მითხრა?..
- არ ვიცი, მაგრამ შემიძლია გავიგო...
- ჩემს ნომერს დაგიწერ და როგორც კი გაიგებ, მაშინვე დამირეკე... ახლა ის მითხარი, ვის შეიძლებოდა შენთვის ასეთი რამ გაეკეთებინა?
მეგი დაფიქრდა. არის ერთი ადამიანი, ვისაც არ ვეხატები გულზე... მაგრამ მე აქ ჩემზე და საბაზე სალაპარაკოდ მოვედი...
- ვიცი, რასაც ილაპარაკებ და მეზარება მოსმენა! შეგიძლია იმ ადამიანის ვინაობა მითხრა?
- შენ ეს რაში გჭირდება? ვერაფრით ვხვდები...
- მე ჩემი ინტერესი მაქვს! ტორტების კომპანიას უკავშირდება...
- ერთ ტიპს ვხვდებოდი ადრე... ახლო ურთიერთობა გვქონდა, მერე გადამიყვარდა და დავშორდი... უხეშად კი მომივიდა. უცებ გავწყვიტე ურთიერთობა და არც არაფერი ავუხსენი... საშინლად იყო გამწარებული და მემუქრებოდა!
- ვინ არის?
- რეზი ჰქვია! რეზი კვესელავა... მრბოლელია...
- აქ დამიწერე მისი ნომერი...
- ნომერი არ მაქვს, მაგრამ რუსთავში რბოლები რო იმართება ხოლმე, ყოველთვის მონაწილეობს...
ეს ამბავი რაღაცნაირად შენც გიკავშირდება, არა? როგორც მივხვდი...
- სწორედ მაგის გარკვევას ვცდილობ! კარგი... წავედი და იმ გოგოს საკონტაქტო ინფოს რომ გაიგებ, დამირეკე! ისე, ცოლიან კაცებთან ჩალიჩს არანაირად არ ვამართლებ, სხვას ალბათ გაუხარდებოდა, რაც დაგემართა... მაგრამ მე შენი ბოდიშები არაფერში მჭირდება! შენ არაფერს გაბრალებ... მე ქმარი დიდი ხნის წინ დავკარგე... - მშვიდობით!
სალიმ კაფე დატოვა და ქუჩაში გამოვიდა.
- "შეიძლება ის ტიპი იყოს ტრიქსტერი... უნდა შევამოწმო! ესე იგი, მრბოლელი - რეზი კვესელავა...
გაგრძელება იქნება ოთხშაბათს
P.S. მკითხველს:
დავალება მესამე:
დღეიდან (25 მარტი) შაბათის (30 მარტი) ჩათვლით, წიგნების მაღაზია "ბიბლუსში" (იოსებიძის №49-ში) იპოვით გასაღებს მანუსკრიპტისთვის.
მოძებნეთ ნოველა, რომელიც არ დევს და არ იყიდება.
Trickster