- შენ კიდევ აქ ხარ? - ჰკითხა სახლში დაბრუნებულმა ნინიმ ყოფილ ქმარს, რომელსაც მისი პირსახოცის ხალათი შემოეცვა.... როგორც ჩანს, იბანავა.
- აბა, სად ვიქნები? სადღაც წახვედი, დაიკარგე და თან გარედან ჩამკეტე...
- უი, სულ დამავიწყდა, გასაღები რომ არ გქონდა, სორი..
- არა, რა სორი... მაინც ვერ წავიდოდი ვერსად!
- ვითომ რატომ?
- ჩემს ბინაში ის ქალბატონია... მე კიდე მაგის დანახვა არ მინდა!
- ის ბინა იყიდე?.. არ ვიცოდი, შენი თუ იყო...
- ჰო, ვიყიდე... ძველი გავყიდე და დავამატე ცოტა. ისე, რა არის გოგო, საჭმელი რომ არ გაქვს სახლში... მოვკვდი მშიერი, ტოო...
- მოიცა, კვერცხს შევწვავ, მეც მშია...
- გაასწორებს... იმედია, ბუს კვერცხებს არ მაჭმევ!
- არა, არა... - ქათმისაა! - გაეცინა ნინის და სამზარეულოში გავიდა.
- რას ვიფიქრებდი, საკუთარი ქორწილის მეორე დღეს თუ შემწვარ კვერცხს შევჭამდი... ისედაც სულ შემწვარ კვერცხებს არა ვჭამ? - კარმაა, მაგის დედაც...
ნინი კვერცხს წვავდა და ნიკას ხმა მისაღები ოთახიდან ესმოდა.
- ეს რა არის, ტოო?..
- რა?
- ეს ზებუნებრივი რაღაცები... რად გინდა? სიმბოლიკით დაინტერესდი?
- აა, ეგ? - მანუსკრიპტია! უნდა გავშიფრო...
ნიკა სამზარეულოში შევიდა. ნინის მოკლე ხალათიდან ბანჯგვლიანი ფეხები უჩანდა და ძალიან სასაცილო სანახავი იყო. ხელში ფურცელი ეკავა.
- შენ ტყუილად იყურები შიგ, ეგ მაღალი ინტელექტისთვისაა გათვლილი!
- რატო ვითომ? გინდა გაგიშიფრო წამებში?
- მიდი, აბა!
ნიკა სკამზე ჩამოჯდა, სიგარეტს მოუკიდა და სერიოზული სახით დააკვირდა ფურცელს.
- ე.ი. ეს მოედანია, რუკის ნაწილი... მზე, ალბათ, ზაფხული ან დღე იქნება... კიბე - ან ასასვლელი იქნება, ან ჩამოსასვლელი...
- კაი კაცო, არ გამაგიჟო! - მართლაა?
- დამაცადე! ეს სამი გოგო ტრასის მეძავები არიან ვითოომ?..
- დღემდე სულ მიკვირს და ახსნა ვერ მოვუძებნე, რატომ შემიყვარდი?..
- რა რატო, გოგო? რატომ არ უნდა შეგყვარებოდი, ერთი ის მითხარი!
- მაგ მიზეზების ჩამოთვლა რო დავიწყო, დღეს ვერ მოვრჩები. მე კიდე მანუსკრიპტი მაქვს გასაშიფრი... შენ ის მითხარი, საერთოდ რას აპირებ? აქ ხომ არ იჯდები სულ?
- თუ გიშლი, წავალ...
ეს სიტყვები რომ წარმოთქვა, ნინიმ მის სახეზე ნაცნობი გამომეტყველება შეამჩნია. – "შრეკში" რომ კატაა - ისეთი.
- მე არ მიშლი, მაგრამ... ან ტანსაცმელი არ გინდა, ან რამეე?.. თუ ჩემი საცვლების ჩაცმასაც აპირებ?
- ვასკას ვთხოვ, გამომიტანოს რაღაცები... შენ მაინც არ მეუბნები სიმართლეს?
- რა სიმართლეს?
- ქორწილი რატო ჩაშალე...
- არ ჩამიშლია-მეთქი, გითხარი უკვე... ვიღაცამ სპეციალურად გააჩალიჩა! გავიგებ სიმართლეს! შენ იმ ტიპის კოორდინატები დამიდგინე ერთი...
- ვისი? იმ პეტუხის?
- ჰო...
ნინიმ ჯიბიდან სურათი ამოიღო და ნიკას გაუწოდა.
- ეს ტიპია ნამდვილად თუ მეშლება?
- ეე... საიდან გააძრე ესა? შენ აღარ ხუმრობ, ხო იცი... - ეგაა, რა დამავიწყებს მაგის როჟას! რა ნაშა ცოლი ყოლია, ხედავ შენ?..
- ჰოდა, მაგ გოგოს ნახვა მინდა, - უნდა გავიცნო!
- მეც გამაცანი მერე...
- აბა, ახლა! რა შუაშია ის გოგო, დაუნი ქმარი თუ ჰყავს?
- ეჭვიანობ, გვრიტო? - გაიღიმა ნიკამ და სახეზე კმაყოფილება გამოეხატა.
- გვრიტი არა, კოლიბრი! - მიდი, მიდი... ჭამე ეგ კვერცხი და დამანებე თავი.
ვახშმის შემდეგ ნიკამ ჩაიცვა და ვასკასთან წავიდა. ნინიმ დრო იხელთა და კომპიუტერი ჩართო.
- ინტრიგანო...
- გისმენ, შავტუხა
- რა მიმართულებით ვიფიქრო?
- მარჯვნიდან მარცხნივ იფიქრე... ან პირიქით...
- კაი ახლა
- წიგნების მაღაზიაში უნდა მიხვიდე! იქ პატარა ნოველას ნახავ, რომელიც დაგეხმარება გაშიფვრაში... ოღონდ ნოველას ავტორი არ ჰყავს, არ იყიდება და არსად არ დევს!
- აჰა... ე.ი. გაკრულია რაღაც... რომელი მაღაზიაა?
ტრიქსტერმა მისამართი მისწერა. ნინიმ დრო აღარ დაკარგა და წიგნების მაღაზიაში გაიქცა. სულზე მიუსწრო, - იკეტებოდა. ნოველა იპოვა და მანუსკრიპტი მანქანაშივე გაშიფრა. კვირამდე კიდევ ორი დღე იყო დარჩენილი.
ნინიმ გადაწყვიტა, ბარემ მამა და ბებია მოენახულებინა და მათთანაც შეიარა.
საღამოს ცხრა საათი ხდებოდა, როდესაც მობილურზე უცნობი ნომრიდან ვიღაცამ დაურეკა. - მეგი აღმოჩნდა. გაბზარული ხმა ჰქონდა, მაგრამ მშვიდად საუბრობდა... ნინის შეხვედრა სთხოვა.
ნახევარ საათში ნინი ისევ იმ მისამართზე მივიდა, სადაც ბუს კვერცხები მიიტანა და კარზე ხელმეორედ დარეკა ზარი.
ნაცნობმა პატარძალმა გაუღო და უხალისოდ შეიპატიჟა.
- ყავას დალევ?
- არა, იყოს... - ნინი დივანზე ჩამოჯდა და ჩანთა ძირს დადო.
- მისმინე... რაღაც ძალიან დიდ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და მინდა, რომ გავერკვეთ...
- შენც იმას მეტყვი, რომ არავითარ ქერა გოგოს არ იცნობ?
- ქერა გოგოს?
- მე შეკრულები მეგონეთ... შენ და საბას ცოლი...
- საბას ცოლსაც იცნობ?
- ქორწილამდე ტორტების კომპანიიდან დამირეკეს და ფასდაკლებით შემომთავაზეს ტორტი... მერე მენეჯერს შევხვდი კაფეში, - ქერა გოგო იყო... ტორტი ამარჩევინა. ქორწილში, როცა ის ვიდეო გაუშვეს, ქერაც იქ იყო და მანაც დაინახა ყველაფერი...
- მერე?
- ვიდეო რომ დასრულდა, ტორტი შემოიტანეს, სადაც პატარძლის ფიგურას თოკი ეჭირა ხელში, რომელზეც ნეფე იყო ძაღლივით გამობმული...
ნინიმ თავი ვერ შეიკავა და ხმამაღლა გაიცინა.
- ვაი, მაპატიე...
- ქერამ კამერა ამოიღო და გადაიღო... ღამით, შენ რომ ის ყუთი მომართვი... ვიფიქრე, რომ ორივე ერთად მოქმედებდით...
- რაც შეეხება ყუთს, მართლა აზრზე არ ვიყავი, შიგნით რა იდო და ვისთან მიმქონდა... უბრალოდ, გადამიხადეს და მეც გავაკეთე... ვიცი, დაუჯერებელია, მაგრამ...
- შეიძლება მართალი ხარ! ქერაც იგივეს ამტკიცებდა, რომ რაღაც გაუგებრობაში მოხვდა... თუმცა, რაღაც მიზეზით არაფერი არ მოყვა...
"ქერა ნამდვილად მოთამაშეა!" - გაიფიქრა ნინიმ და გული აუჩქარდა.
- მაგ გოგოს ტელეფონი ხომ არ გაქვს?
- კი, მაქვს...
- მომეცი და ვეცდები, გავარკვიო რამე...
- ნიკასი ხო არაფერი გაგიგია? სადაა?
- აა... ის... არაა... აზრზე არ ვარ!
- თუ რამეს გაიგებ, მეც შემატყობინე, კაი? ვიცი, არასწორად მოვიქეცი, მაგრამ...
- ცოტა აცადე და მერე გაარკვევთ ყველაფერს, ალბათ...
- შენ რეზის იცნობ?
- ვინაა რეზი?
- რეზი კვესელავა! - მრბოლელია... რატომღაც მგონია, რომ ეგ უნდა იყოს კავშირში ამ ყველაფერთან...
- მართლა?.. და სად ვნახო ეგ რეზი?..
- რუსთავში თუ გამოიჭერ, იქ გონკაობს... ტელეფონი აღარ მაქვს... ნომერი გამოიცვალა. ადრე ვხვდებოდი და... მერე რაღაც მოხდა, არ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი...
- კაი... თუ რამე გავიგე, შეგატყობინებ და შენც თუ გაიგე, შენც დამირეკე, ოკეი?
- კაი...
ნინი მეგის სახლიდან წამოვიდა. სალის ნომერი მობილურში შეიტანა... მთელი ღამე ფიქრობდა, ცდილობდა, ქორწილის ამბავი, თავისი თავი, მეგი და ქერა ერთმანეთთან დაეკავშირებინა, მაგრამ ამაოდ...
სალისთან დარეკვა რამდენჯერმე დააპირა, მაგრამ ბოლო წუთს თავი შეიკავა. წესების დარღვევა არ უნდოდა.
კვირას, სამის ნახევარზე, ნაცნობმა მძღოლმა მოაკითხა და იმ მისამართზე წაიყვანა, რომელიც ნინის უნდა გამოეცნო მანუსკრიპტის დახმარებით.
ძველი მიტოვებული შენობა აღმოჩნდა. ნინი მარტო შევიდა და მიმართულების მაჩვენებლებს გაუყვა. მანუსკრიპტზე გამოსახული ცხრავე სიმბოლო მოძებნა და მინიშნების მიხედვით იმოქმედა.
შემდეგ რაღაც ამოიკითხა და გაეღიმა...
- ოჰ, რა ინტრიგანი ვიღაცა ხარ! - ჩაილაპარაკა ჩუმად და მანქანისკენ გაემართა. მძღოლს მანქანა დაეტოვა და სადღაც გასულიყო... სავარაუდოდ, ისიც შენობაში იყო შემოსული.
გაგრძელება იქნება ორშაბათს
P.S. მკითხველს:
შაბათის (30 მარტის) ჩათვლით, იოსებიძის №49-ში, წიგნების მაღაზია "ბიბლუსში" მოძებნეთ ნოველა, რომელიც არ დევს და არ იყიდება!
კვირას, 3 საათზე მოდით იმ მისამართზე, რომელსაც მანუსკრიპტის გაშიფვრით შეიტყობთ.
მიმართულებას ავტორი მოგცემთ...
- ვითამაშოთ!
Trickster