"სიახლოვეს ტრიალებს, რამდენჯერმე გინახავს. ჰკითხე - იქნებ რაიმე საიდუმლოს ინახავს..." - შენზეა საუბარი, ხო? - ჰკითხა მიამ მძღოლს, როგორც კი შენობის ნულ სართულზე იპოვა.
- ჩაიწერე მინიშნება! - უპასუხა მძღოლმა და გაუღიმა.
- მიკარნახე!
- თამაშში მხოლოდ ორი ფერია!
ბნელის და ნათელის ბრძოლა ძნელია.
გამარჯვებისთვის - მთავარი ფიქრია,
რიგითი იცავს! ცხენები მიქრიან...
- ეს უნდა გამოვიცნო?
- ალბათ...
მია მანქანაში ჩაჯდა და ჩაწერილი გამოცანა გადაიკითხა.
- "ცხენები მიქრიან", ვითომ დოღზეა საუბარი?.. მაგრამ რა შუაშია "რიგითი იცავს?"..
- სამწუხაროდ, მე ვერ დაგეხმარები...
- ვიცი და არც გთხოვ! უბრალოდ, ჩემთვის ვმსჯელობ... თამაშში მხოლოდ ორი ფერია... ბნელის და ნათელის ბრძოლა ძნელია... ჭადრაკია ალბათ... - და პასუხი როდის უნდა ვუთხრა?
- თვითონ გეტყვის...
- კარგი...
საღამო იყო, როდესაც მია სახლში დაბრუნდა. დედამ ახალი ამბავი დაახვედრა, - თეატრიდან რეზოს დაურეკავს, ეთო დასიდან წასულა და იმისთვის რეკავდა, რომ მიასთვის დაბრუნება ეთხოვა.
- მე მაინც ვერ ვხვდები, რატომ წამოხვედი თეატრიდან?..
- კარგი რა, დეე.. დავიღალე უაზრო როლებით...
- ყველა გამოჩენილი მსახიობი ეგრე იწყებდა...
- ექვსი წელია, ვიწყებ და რა ვერ დავიწყე? რა მჭირს ამისთანა?
- ჰოდა, რო დაიწყე, მაგიტომ გეუბნები, გოგო! მთავარი როლი ითამაშე და წამოხვედი...
- ეგრე იყო საჭირო!
- ვინმე შეგიყვარდა, დედა? არ დამიმალო!
- საიდან მოიტანე?
- ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევი... თითქოს გამოგცვალეს... აღარ გამოდიხარ ჩვენთან, არ გველაპარაკები... შეიკეტები შენს ოთახში და სულ ჩაფიქრებული ხარ!
- არავინ არ შემყვარებია! რო შემყვარებოდა, რატო დავმალავდი?
- რა ვიცი, დედი, იქნებ ცოლიანია ან რაღაც სხვა მიზეზით...
- ამოიგდე ეგ სისულელე თავიდან!
- სულ არავინ მოგწონს, დედიკო?
- არავინ! ყველა ერთმანეთზე უარესი მხვდება მე... ხო იცი, არა?
- და შავი ჯიპით რომ გაკითხავს სიმპათიური ბიჭი?
- ფანჯრიდან მიჭვრიტინებდი? - ყოჩაღ!
- შენც გეყოლება შვილი და გაიგებ... შენ არაფერს მიყვები და...
- ის, უბრალოდ, პირადი მძღოლია!
- პირადი მძღოლი?.. შენი?
- არა, სხვისი.. ვერ გაიგებ შენ!
- რატო, გაუგებარი ვარ? ეგრე მიცილებ ხოლმე შენ სულ თავიდან, მია! მე კიდე ვიცი, რომ ვიღაცაზე ფიქრობ...
მია სოფოს სატელეფონო ზარმა გადაარჩინა. დედასთან დიალოგი შეწყვიტა და თავის ოთახში განმარტოვდა.
- გოგო, იმ რეზიზე გავიგე რაღაცეები...
- ჰოო? - რეები აბა?
- მოკლედ, ხვალ, დილის 11 საათზე რუსთავშია რბოლა... ხოდა, წესით, ეგეც მონაწილეობს!
- ჯიგარი ხარ, სოფ...
- რას იზამ?
- წავალ და ვნახავ ერთი, ვინაა...
- წამოგყვე?..
- თუ მაგ სიკეთეს იზამ, კარგი იქნება...
- ცხრაზე გამოგივლი მანქანით! მეც დავინტერესდი რაღაც... იცი ხო, ეთო რო წავიდა?.. უფრო სწორად, რეზომ აიძულა, ფაქტობრივად... არაადეკვატური იყო...
- ჰოო, დაურეკავს რეზოს აქ...
- გოგო, დაბრუნდი რაა!.. მოკლედ, ამ თემაზე ხვალ ვილაპარაკოთ...
- კარგი. მოკლედ, 9-ზე დაბლა ჩამოვალ პირდაპირ...
- ოკეი...
ღამე, როდესაც ყველა დასაძინებლად დაწვა, მიამ ტრიქსტერს მისწერა.
- ჭადრაკი!
-
- რა?
- სწორი პასუხია!
- მერე რა ვუყო მაგ ჭადრაკს?
- იმისთვის, რომ ჯაჭვი გაგრძელდეს, შენ შემდეგი მინიშნება უნდა მოიპოვო... ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მოხვალ ჩემს სამალავამდე... იქ, სადაც ახლა ვარ!
- სამალავი?.. ვის ემალები?
-
- უცებ არ მითხრა!
- არ გეუბნები! მოკლედ, კვირას შენ იდგები ჭადრაკის დაფაზე...
- ანუ?
- იდგები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! მოძებნე გიგანტური ჭადრაკი, შეხვდი მოჭადრაკეს და ეთამაშე... თუ მოუგებ, მინიშნება შენია!
- მოიცა, მოიცა... მოჭადრაკე უნდა მოვძებნო და იმას უნდა მოვუგო პარტია, - მეე?.. ხუმრობ?
- ეს არის შენი ახალი დავალება!
- და სად ვიპოვო გიგანტური ჭადრაკი, რომელზეც სიარულს შევძლებ?..
- არ ვიცი - მე ახლა მივდივარ და შაბათამდე არ ვიქნები... შაბათს გვიან დავბრუნდები და მოგწერ!
- სად მიდიხარ?
- მივემგზავრები ერთი კვირით... ქვეყანა უნდა დავტოვო... კავშირზე ვერ გამოვალ!
- და რომ ვერ ვიპოვო ის დაფა და მოჭადრაკე? ან რომ ვიპოვო და წავაგო?
- მაშინ ჯაჭვი გაწყდება და ჩვენ ერთმანეთს დავემშვიდობებით!
- რა უსამართლობაა!
- მე ვიცი, რომ შენ ყველაფერს გაართმევ თავს! გაქვს ამის პოტენციალი... დროებით, წითელთმიანო
მია სასოწარკვეთილებამ მოიცვა. მიხვდა, რომ მთელი არსებით იყო ჩართული ამ უცნაურ თამაშში... მიხვდა, რომ ღრმად გულში ფიქრობდა ტრიქსტერზე... უნდოდა მისი პოვნა და ამისთვის ალბათ ბოლომდე იბრძოლებდა...
11 საათზე სოფომ მოაკითხა და რუსთავში წავიდნენ. რბოლა კარგა ხანს გაგრძელდა. მია და სოფო მოაჯირთან იდგნენ და ტრასას გადაჰყურებდნენ.
- ნეტა რომელია ის რეზი?..
რბოლა რომ დასრულდა, ქვემოთ ჩავიდნენ... მია ერთ-ერთ მრბოლელს მიუახლოვდა და მიესალმა.
- უკაცრავად, ერთ პიროვნებას ვეძებ...
- ვის? - ჰკითხა ბიჭმა და კასკა მოიხადა.
- რეზი კვესელავას...
- აა, რეზი დღეს დილით გაემგზავრა ბულგარეთში და კვირის ბოლოს ჩამოვა!
მიას კინაღამ ფეხები მოეკვეცა... გულმა ბაგა-ბუგი აუტეხა...
- უკაცრავად?.. ანუ დღეს დილით დატოვა ქვეყანა?..
- ასეა! უკაცრავად, მელოდებიან...
ბიჭი შებრუნდა და დიდი ნაბიჯებით წავიდა დანარჩენი მრბოლელებისაკენ, რომლებიც ერთად შეგროვილიყვნენ.
- რაო, გოგო, რა გითხრა?.. მია... - მიაა! რა გჭირს?
- ჰა?.. აა, არაფერი... ბულგარეთში წავიდაო...
ძლივს ამოილუღლუღა მიამ, რომელიც გაშტერებული იდგა და ადგილიდან ვერ იძვროდა...
"ნუთუ მართლა ის არის?.." - ეს აზრი გონებიდან არ გამოსდიოდა. კვირის დარჩენილი დღეები გიგანტური ჭადრაკის ძებნაში გაატარა და როგორც იქნა, ერთ-ერთ სკვერში იპოვა.
ტრიქსტერს არც შაბათს მოუწერია. მის ნაცვლად ამჯერად მძღოლმა მისწერა, თავისი პროფილიდან... რაც მიასთვის მოულოდნელი იყო...
"ესე იგი, შოთა ჰქვია მძღოლს... საინტერესოაა..."
როგორც შეთანხმდნენ, კვირას, 3-ის ნახევარზე მიას შოთამ მიაკითხა და იმ სკვერში წაიყვანა, რომლის მისამართიც მიამ გამოიცნო.
- შენ რატომ მომწერე? შაბათს თვითონ უნდა მოეწერა...
- ჰო, რეისი გადაიდო...
- სად იყო წასული, ხომ არ იცი?
- ვიცი, მაგრამ ვერ გეტყვი!
- რა თქმა უნდა...
ამით დამთავრდა მათი ხანმოკლე დიალოგი. მია გიგანტურ ჭადრაკთან მივიდა. ირგვლივ ცოტა ხალხი იყო... შესრულდა თუ არა სამი საათი, მან ახალგაზრდა ბიჭი დაინახა, რომელიც მისკენ სწრაფი ნაბიჯით მოდიოდა და თან მზერას არ აცილებდა.
ბიჭი დაახლოებით 30 წლის იქნებოდა... სიმპათიური იყო. მიას ყურადღება მისმა ვარცხნილობამ მიიპყრო, რომელიც რაღაცნაირად გამოირჩეოდა სხვა სტანდარტული ვარცხნილობებისგან... ამ ყველაფერთან ერთად, გემოვნებითაც ეცვა და მთლიანობაში, საკმაოდ ეფექტური შესახედი იყო...
არანაირად არ ჰგავდა მოჭადრაკეს. რამდენი მოჭადრაკეც მიას უნახავს, ყველა მათგანს სათვალე ეკეთა და თან რაღაცნაირად გამოიყურებოდნენ...
- კოდური სიტყვა? - ჰკითხა ბიჭმა და გაუღიმა.
- ფინტიკლუშკა! - უპასუხა მიამ და მასაც გაეღიმა.
- ძალიან კარგი, ფინტიკლუშკა!.. - აბა, ვითამაშოთ?
გაგრძელება იქნება პარასკევს
P.S. მკითხველს:
ჟურნალ "და ქალში" ნახე სამკერდე ნიშანი, ამოჭერი ფავორიტი, ჩაწერე შენი "ნიკი" და ითამაშე!
დაიხმარე Trick ster-ის გვერდი "ფეისბუქზე".