რეზიუმე: ანონიმური პროფილის მქონე უცნობი უკავშირდება ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულ სამ გოგონას და უცნაურ თამაშში ჩაითრევს, სადაც მათ სხვადასხვა ყოფითი სიტუაციიდან თავის დაძვრენა, საიდუმლოებების ამოხსნა და გარკვეული მინიშნებების პოვნა მოუწევთ იმისთვის, რომ მოძებნონ თამაშის მთავარი ინიციატორი - ტრიქსტერი.
მოთხრობის გმირების მსგავსად, ნებისმიერ მსურველ მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა, გააკეთოს ის, რასაც აკეთებენ მოთხრობის მთავარი გმირები... - ანუ ითამაშოს!
მკითხველისთვის განკუთვნილი დავალებები ეპიზოდებს P.S.-ის სახით დაერთვება.
* * *
- ლაშ, შენ ჭადრაკი იცი?
- კი, როგორ არა! - რაში გჭირდება, ნინ?
- შეგიძლია დღეს, 3 სთ-ზე წამომყვე სათამაშოდ? მე საერთოდ არ ვიცი და რომ არ მოვიგო ეს პარტია, არაფრით არ შეიძლება!
- მაზიანზე თამაშობ?.. შენც რაც იცი, ის გეთამაშა, გოგო... ჯოკერში ხო ხარ პელე?
- არა, ეს სხვა ბაზარია! - წამოხვალ?
- დღეს ანუუ?
- ჰოო...
- ვერანაირად, ნიი... დღეს გვიანობამდე მაგარი სარბენი მაქვს... ალექსას არ დაურეკე? - ეგეც მაგარი იგროკია...
- კიი... ყველას დავურეკე და არავის არ სცალია! შენ ბოლო ვარიანტი იყავი... კაი, არა უშავს... რამეს ვიზამ.
- ბოდიში რაა...
- კაი, არ გრცხვენია? რა ბოდიში...
ნინიმ ვერავინ ნახა, ვინც თამაშში დაეხმარებოდა და სათამაშოდ მარტო წავიდა. დახმარებაზე მძღოლმაც უარი უთხრა. ნინის ერთი გამოსავალიღა დარჩა, რომ იქვე, სკვერში ეთხოვა ვინმესთვის დახმარება.
ნინის დასახმარებლად ერთი ბიჭი და რამდენიმე გოგო შეიკრიბა. როგორც იქნა, მოჭადრაკეც გამოჩნდა. ახალგაზრდა, 30 წლამდე ასაკის ბიჭი იყო - სიმპათიური, უცნაური ვარცხნილობით.
კოდური სიტყვა იკითხა და თამაში დაიწყო. ძირითადად, ბიჭი მოთამაშე თამაშობდა. მას გოგონები ეხმარებოდნენ და ნინი უბრალოდ, თვალს ადევნებდა თამაშს. საბოლოოდ, ერთობლივი ძალებით ნინის მხარემ გაიმარჯვა. ნინიმ მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის ყველას და მინიშნების მოსასმენად მოჭადრაკეს მიუახლოვდა.
- იმისთვის, რომ მოხვდე საიდუმლო ოთახში, დაგჭირდება გასაღები, რომელიც ტრიქსტერმა დამალა. ჩაიწერე მინიშნება იმ ადგილის, სადაც დამალულია გასაღები...
მოჭადრაკემ პირველად ლადო გუდიაშვილის გრაფიკული ნახატი აჩვენა ნინის, შემდეგ ორი სიტყვა: - "სიახლოვეს", "ნანგრევები" და ბოლოს ფრაზა: -"ასტვაც! ინჩუ ჰამარ!"
ამის შემდეგ დაემშვიდობა და წავიდა. ნინი ისევ შოთამ წამოიყვანა სახლში.
- ჭკუის კოლოფო! კიდე აქ ხარ?
ნინის სახლში შესვლისთანავე ტელევიზორის ხმა მოესმა და თავის ყოფილ ქმარს გასძახა.
- დღეს წავალ და დაგასვენებ!
ნიკას ტანსაცმელი გამოეცვალა და დივანზე იჯდა.
- შენ გელოდებოდი...
- სად მიდიხარ?
- მეგი წავიდა ჩემი სახლიდან და... გათავისუფლდა ანუ... მისმინე, შენ ხომ არ გინდა იქ გადმოსვლა? ჩემთან?
- ჰა?.. რა მოგეჩვენა?.. ან რა შემატყვე, რომ მინდა?
- არა, რა ვიცი.. გკითხე რაა... ისე, მე და შენ ძაან უაზროდ დავშორდით. ფაქტობრივად, ამაზე არც გვილაპარაკია!
- აზრი არ ჰქონდა და იმიტომ... რა იყო, - დაგინებული გაქვს, რომ ცოლი მოიყვანო იმ სახლში და სულერთია, ახალი იქნება თუ ძველიი?
- ეგ რა შუაშია, გოგო... ვერ ხარ!
- შენ ვერ ხარ! მისმინე... ჭადრაკი როგორც გამიშიფრე, კიდე გამიშიფრე რა რაღაც...
- მოიცა, შენ ვერ გავიგე, რა პონტში ეძრობი საერთოდ? რეებს შიფრავ, ტოო? მაგას არ ჯობია, სექსით დავკავდეთ მე და შენ და ძველი დრო გავიხსენოთ?
- შენთან სექსს სომხური მინიშნების გაშიფვრა მირჩევნია!
- სომხურის? მაჩვენე ერთი, აბა...
ნინიმ ბლოკნოტი ამოიღო და მინიშნებები აჩვენა. გუდიაშვილის ნახატის ფოტო მობილურით ჰქონდა გადაღებული.
- რაღაც რელიგიური თემა იგრძნობა! ამ ნახატშიც და სომხურ სიტყვებშიც...
- მოკლედ, ამ ყველაფრით მისამართს უნდა ვიგებდეთ...
- აა, მისმინე... რაღაც ნანგრევებზეა საუბარი... სომხური ეკლესია რო ჩამოინგრა, ვითომ იის?
- სად ჩამოინგრა?
- დამავიწყდა, რა ჰქვია მაგ ქუჩას. დაგუგლე რა და ამოგიგდებს რაღაცას...
- კი, ეგრეც ვაპირებდი...
- კაი, წავედი მე და მადლობა ყველაფრისთვის! დივანზე ძილისთვისაც და კვერცხებისთვისაც...
- არაფრის... აბა, შენ იცი და დაელაპარაკე მართლა იმ გოგოს... რა ბავშვივით იქცევი...
- ჰოო რა! - პაჟივიომ ი უვიძიმ...
ყოფილმა ქმარმა, როგორც იქნა, დატოვა ნინის აპარტამენტები... ყოვლისშემძლე და ყოვლისმომცველი "გუგლის" დახმარებით ნინიმ ის ადგილი მოძებნა, სადაც გასაღები იყო დამალული და ტრიქსტერს მისწერა.
- ვიცი, რა ადგილიცაა და როდის წავიდე?
- ხვალვე შეგიძლია! შოთა წაგიყვანს...
- შენ ჩამოხვედი?
- შეიძლება არც წავსულვარ... რა ვიცი
- ჰო, კაცმა არ იცის, სად დადიხარ საერთოდ... ამერიკაში, აფრიკაში თუ ბულგარეთში...
- კაი შედარებები იყო ისე, შენ რაღაც ეჭვები ხომ არ გაწუხებს ამ ბოლო დროს?
- ეჭვები მხოლოდ შენთან მიმართებაში მაწუხებს მე, ისე არა... და რა საიდუმლო ოთახზეა საუბარი? სად მაგზავნი?
- ნუ ხარ სულსწრაფი! ყველაფერს გაიგებ თავის დროზე!
- და მე რომ ახლა მინდა?
-
- რაა? შენ ხომ ხარ წესების მტერი?.. და რომელ ლოგიკაში ჯდება ის, რომ მე წესები დამიწესო?..
-
- მოიცააა... ინტრიგანოო... იმას ხომ არ უნდა მივხვდე საბოლოოდ, რომ წესები დავარღვიო?.. ასეაა?
- შენ ჩემგან პასუხს ელოდები ამ კითხვაზე?
- ეგრეა! წესები უნდა დავარღვიო...
- იცოდე, თუ ცდები... თამაშს გამოეთიშები. ასე რომ, კარგად იფიქრე! ხვალ შეგეხმიანები, გასაღები რომ გექნება!
- რომ მექნება თუ - თუ მექნება?
- ნებისმიერ შემთხვევაში მოგწერ ხვალ! აბა, შენ იცი, შავგვრემანო... ყურადღებით იყავი!
- ეჭვიც არ შეგეპაროს, რომ ვიქნები!
მეორე დღეს მძღოლმა ნინი ნანგრევებში წაიყვანა. კიდევ კარგი, რომ ფარანი წაიღო, თორემ ვერ დაინახავდა გასაღებს, რომელიც საგულდაგულოდ დაემალა ტრიქსტერს. ნინიმ გასაღები კისერზე ჩამოიკიდა, რომ არ დაკარგვოდა და მანქანაში დაბრუნდა.
- რა ქენი, იპოვე?
- კი... აი, ნახე, თუ გინდა!
შოთიკომ ნინის გასაღები გამოართვა და დაათვალიერა.
- როგორი პატარა გასაღები ჰქონია ტრიქსტერის სამალავს...
- ტრიქსტერის სამალავს? - ყურები ცქვიტა ნინიმ. - ესე იგი, საიდუმლო ოთახი -მისი სამალავია? ვაუუ...
- აუუ... ფუუ ჩემი... ეგ არ უნდა მეთქვა!
მძღოლი ძალიან განერვიულდა.
- წამოგცდა, ხოო? კაი, ნუ ნერვიულობ! - თევზი ვარ!
- მართლა?
- ჩემი იმედი გქონდეს! ერთი სიტყვაც არ წამომცდება!
- მადლობა...
- არაფრის! წავედით...
ნინიმ სახლში მისვლისთანავე კომპიუტერი ჩართო და ტრიქსტერს მისწერა.
- გასაღები ვიპოვე! შტო დალშე?
- მინიშნებას დაელოდე! მანამდე ერთი დავალებაც უნდა შეასრულო... შენს ანგარიშზე თანხას გადმოვრიცხავ, რომ გამოსასვლელი კაბა და ფეხსაცმელი იყიდო...
- გამოსასვლელი კაბა? - ცხოვრებაში მარტო ერთხელ მეცვა კაბა, - ჩემს ქორწილში და კარგი არაფერი მოუტანია. და სად მიშვებ მაგ კაბით?
- ხვალ საღამოს ერთი ახალგაზრდა მამაკაცი გამოგივლის და რესტორანში წაგიყვანს. ეს კაცი ბიზნესმენია და საქმიანი ვახშამი აქვს კომპანიონებთან. ყველა საცოლესთან ერთად იქნება... მის გარდა.
- და მე ვითომ მაგ ტიპის საცოლე ვარ? ინტერესნოო...
- ასეა! სავახშმოდ წახვალ. ძირითადად, კაცები ილაპარაკებენ...
- კაი, ბატონოო და რა ჰქვია მაგ ბიზნესმენს?
- ვაკო! მის გარდა, სავარაუდოდ, კიდევ ორი კაცი იქნება, თავიანთი საცოლეებით... ანუ სულ ექვსნი იქნებით!
- კარგი... გამოუშვი ფული - თანახმა ვარ!
გაგრძელება იქნება ორშაბათს
P.S. მკითხველს:
კვირას, 3 სთ-ზე... მინიშნებების მიხედვით გაშიფრულ ადგილზე შეძლებთ გასაღებების პოვნას! ის მოთამაშეები, რომლებიც წინა დავალებებს ესწრებოდნენ, ისარგებლებენ უპირატესობით და პირველები შევლენ სათამაშო ლოკაციაზე! ფორა - 5 წუთი!
ვითამაშოთ?
Trickster