რეზიუმე: ანონიმური პროფილის მქონე უცნობი უკავშირდება ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულ სამ გოგონას და უცნაურ თამაშში ჩაითრევს, სადაც მათ სხვადასხვა ყოფითი სიტუაციიდან თავის დაძვრენა, საიდუმლოებების ამოხსნა და გარკვეული მინიშნებების პოვნა მოუწევთ იმისთვის, რომ მოძებნონ თამაშის მთავარი ინიციატორი - ტრიქსტერი.
მოთხრობის გმირების მსგავსად, ნებისმიერ მსურველ მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა, გააკეთოს ის, რასაც აკეთებენ მოთხრობის მთავარი გმირები... - ანუ ითამაშოს!
მკითხველისთვის განკუთვნილი დავალებები ეპიზოდებს P.S.-ის სახით დაერთვება.
* * *
მიას ეთოს ნაცნობი ბიზნესმენის დანახვისას მოულოდნელობისაგან ენა ჩაუვარდა. თავში ერთდროულად ათასნაირი ფიქრი უტრიალებდა. - ტრიქსტერი აშკარად იცნობს საიდანღაციდან ეთოს, ამ ირაკლისაც... ან იქნებ სულაც თვითონაა?.. ან იქნებ რეზია ტრიქსტერი და ეს ირაკლი სპეციალურად შემოიყვანა "თამაშში"? იქნებ ამით იმას ცდილობს, რომ მიას ყურადღება მრბოლელიდან ბიზნესმენზე გადაიტანოს?.. - კაცმა არ იცის!
ვინც უნდა იყოს ტრიქსტერი, ნამდვილად კარგად იცის, სიტუაცია როგორ ჩახლართოს და კვალი არიოს...
- ნერვიულობ? - ჰკითხა ირაკლიმ მიას და გაეცინა.
- არა! უბრალოდ, ძალიან ნაცნობი სახე გაქვს!
- არა მგონია, მიცნობდე... მე ზუსტად ვიცი, რომ პირველად გხედავ!
- საიდან იცი ზუსტად?
- იქიდან, რომ აქამდე რომ მენახე, ასე იოლად არ დაგავიწყდებოდი...
- თამამი განაცხადია!
ირაკლის ისევ გაეცინა და მანქანის კარი გამოაღო.
- კოდური სიტყვა არ უნდა მკითხო?
ეშმაკურად ჩაეკითხა მია და გაუღიმა.
- აუჰ, ჰოო... აი, ხედავ? შენ რომ დაგინახე, ეგრევე დამავიწყდა!
- არ მოეწონება შენს უფროსს ეს...
- ჩემი უფროსი რა შუაშია?
- ნუ, ხომ მიხვდი, ვისაც ვგულისხმობ! რა მნიშვნელობა აქვს, უფროსია თუ უმცროსი...
- სასაცილო ხარ! - კარგი გაგებით... შენ ალბათ იმას გულისხმობ, ვინც შენი თავი შემომთავაზა, ასე რომ ვთქვათ... რა ცუდად ჟღერს, - "შენი თავი შემომთავაზა"! - რაღაც, სხვა შესატყვისი ვერ მოვიფიქრე უცებ...
- არა უშავს! ჰოდა, რას ამბობდი, ვინ შემოგთავაზა ჩემი თავი?
ირაკლის გაეცინა.
- ჩემმა ერთმა ნაცნობმა! - დავიწუწუნე, რომ ყველა შეყვარებულით მოვა-მეთქი...
"მერე, წაგეყვანა ეთო" - გაიფიქრა მიამ, მაგრამ სხვა რამე უთხრა: - და რაო იმან, მე მოგიგვარებ მაგ პრობლემასო?
- დაახლოებით! - ისევ გაიცინა ირაკლიმ. - ასე მითხრა, აირჩიე როგორი გოგო გინდაო, - შავგვრემანი, ქერა თუ წითურიო...
- და შენ წითური შეარჩიე?
- აბა რა! - წითურები ჩემი სუსტი წერტილია! - თან, შენ ლამაზი ხარ და ძალიან საყვარელი...
- მადლობა!
- და ეს შაბიამნისფერი კაბა ძალიან გიხდება.
გზაში მეტი არაფერი უთქვამთ. რესტორანში პირველები მივიდნენ. ირაკლიმ მიასთვის მარტინი შეუკვეთა. ორივე მაგიდასთან დაჯდა.
რესტორანი საკმაოდ ძვირად ღირებული იყო... ფანტასტიკური დიზაინი ჰქონდა... ცოტა ხნის მერე მაგიდას წყვილი მიუახლოვდა - წითელ კაბაში გამოწყობილი ლამაზი ქერა გოგო და ძალიან კარგად ჩაცმული ბიჭი.
- მოხვედი, გიო?.. გაიცანით ჩემი საცოლე - მია! მია, ეს არის გიორგი, ჩემი კომპანიონი!
- სასიამოვნოა...
- ჩემთვისაც! ეს კიდევ ჩემი საცოლე სალია! - გაიღიმა გიორგიმ. - სალ, ეს არის ირაკლი...
ქერამ თავი დააქნია და გაიღიმა. ცოტა დაბნეული ჩანდა... მიას პირდაპირ დაჯდა და ჩანთა ძირს დადო. მიამ უცებ მისი მედალიონი დაინახა და მოულოდნელობისაგან წინ გადაიხარა.
მისი რეაქცია არც სალის გამოპარვია. ჯერ თავის მკერდს დახედა, მერე მიას შეხედა და მისი მედალიონის დანახვაზე მზერა მასაც შეეცვალა. ამასობაში მაგიდას მესამე წყვილი მოუახლოვდა, - კრემისფერ კაბაში გამოწყობილი შავგვრემანი გოგო და მესამე, კოსტიუმიანი ბიჭი...
- ცოტა დაგაგვიანდა, ვაკო...
- ჩემი ბრალი არ არის, აი, ამან მალოდინა! -თქვა სიცილით და შავგვრემანს ხელით ოდნავ შეეხო მხარზე.
- ჰოო, ჩემი ბრალია! სარკეს ვერ მოვწყდი... - თქვა შავგვრემანმა და რატომღაც ქერას უცნაურად შეხედა.
- ჩემი საცოლე, - ნინი!
სანამ ბიჭები ერთმანეთის საცოლეების გაცნობით იყვნენ დაკავებულები, გოგოებმა ერთმანეთი კარგად შეათვალიერეს. სალის პატარა თვალის ფორმის მედალიონი ეკეთა, ნინის დიდი თვალის ფორმის... სამივენი მზერით ხვდებოდნენ იმას, რაზეც ახლა ფიქრობდნენ, მაგრამ სიტყვის დაძვრას ჯერჯერობით ვერცერთი მათგანი ვერ ბედავდა.
ბიჭები თავიდან ძალიან ზოგად თემებზე საუბრობდნენ. შიგადაშიგ გოგოებიც ერთვებოდნენ საუბარში. მერე თემა შეიცვალა.
- მე მაინც ჩემს აზრზე დავრჩები და ვიტყვი, რომ ღირს გარისკვა და ამაში რეკლამის ჩადება! - თქვა ირაკლიმ და მის ამ განცხადებას პოლემიკა მოჰყვა. სიტუაციით ნინიმ ისარგებლა.
- უკაცრავად, მე ცოტა ხნით დაგტოვებთ... გოგოებო, ხომ არ შემომიერთდებოდით? – როგორც იტყვიან ხოლმე, ცხვირების გასაპუდრად წავიდეთ?..
მიამ მაშინვე ჩანთას დასტაცა ხელი და ფეხზე წამოდგა. ქერამაც იგივე გააკეთა და სამივე დინჯად გაემართა ქალების ტუალეტისკენ.
საპირფარეშოში შევიდნენ თუ არა, მიამ კარი შიგნიდან გადაკეტა.
- მოთამაშეები ხართ? - როგორც იქნა, ამოთქვა ის შეკითხვა, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე არ ასვენებდა.
- ასეც ვიცოდი! - თქვა ნინიმ და სალის შეხედა. - შენი სურათი ვნახე განათებულ გვირაბში...
- მართლა? - ალბათ ამომივარდა! - მე კიდევ, მგონი, შენ გეძებდი... სახელოსნოშიც კი მოვედი და არ დამხვდი... მერე იმან დამირეკა და...
- აქ დიდხანს ვერ გავჩერდებით. ამიტომ, მოდით, უცებ ძირითადი ინფორმაცია გავცვალოთ! როგორც ვხედავ, თმის ფერით შევურჩევივართ... - მე სალი მქვია! გათხოვილი ვარ... თუ ვიყავი... უკვე აღარ ვიცი...
- მე ნინი, - განქორწინებული ვარ! მხატვარი...
- მე მია მქვია და არ ვარ გათხოვილი... ჩვენი სოციალური სტატუსებიც კი განსხვავებულია, თმის ფერისა არ იყოს...
- ნამდვილად! - რა იცით ტრიქსტერის შესახებ? მე ფეისბუქზე მომწერა, - მკითხა, მინდოდა თუ არა ჩემი ცხოვრების შეცვლა და... მერე მართლა შეცვალა რაღაცეები...
- მეც ფეისბუქით დამიკავშირდა და ნახატი შემიკვეთა! ჯობია, რომ დრო დავთქვათ, შევიკრიბოთ და ყველაფერზე ვილაპარაკოთ!
- კარგი აზრია! მანამდე კი ჩემს მოსაზრებას გაგიმხელთ... მგონია, რომ ჩვენი მედალიონები იწყობა!
სალიმ თავისი მედალიონი მოიხსნა და ხელისგულზე დაიდო.
- ეგ მეც მომივიდა თავში. - მიამაც მოიხსნა თავისი ხელის ფორმის მედალიონი და სალის გაუწოდა. სალიმ თავის მედალიონს ჯაჭვი მოხსნა და მიას მედალიონში ტრიქსტერის სიმბოლოს მიხედვით ჩასვა.
წკაპუნის ხმა გაისმა. ეს ორი ნაწილი ნინის მედალიონს შეუერთეს და შედეგად, ტრიქსტერის სიმბოლო მიიღეს.
- ეს რას უნდა ნიშნავდეს? - იკითხა გაკვირვებულმა მიამ.
- მთავარია, რაში დაგვჭირდება! - თქვა ნინიმ. მოკლედ, ხვალ, ასე, პირველი საათისთვის, მრგვალ ბაღთან შევხვდეთ... ჩემთან სახელოსნოში ავიდეთ და ყველაფერზე დავილაპარაკოთ! იქნებ მას სწორედ ეს უნდოდა, რომ ერთმანეთს შევხვედროდით...
- მაგრამ, მე რომ ვეცადე შენს ნახვას, სახელოსნოდან გამოსული არ ვიყავი წესიერად, რომ ტელეფონზე დამირეკა და მისაყვედურა... უფრო სწორად, გამაფრთხილა, - მეორედ აღარ გააკეთო ეგო...
- მაგისას რას გაიგებ! მთავარია, ჩვენ მივხვდეთ, საერთოდ ვინ არის და რა უნდა! მოკლედ, ახლა მაგიდასთან დავბრუნდეთ, სანამ რამე არ იეჭვეს იმათ... ეგ სამივე მაგისიანი იქნება!
გოგოები მაგიდასთან დაბრუნდნენ. ვახშამმა კარგად ჩაიარა. მია ფიქტიურ საქმროებს აკვირდებოდა და ფიქრობდა, ეს სამი მართლა იცნობდა ერთმანეთს, თუ უბრალოდ, ტრიქსტერის დავალებას ასრულებდნენ... იქნებ ესენიც, უბრალოდ, კარგი მსახიობები არიან...
- იმ მიგდებული შენობის ამბავი მაინც ვერ გავარკვიეთ, არა?
- ეგ, წესით, მაგრა უნდა გაკეთდეს... აუუ, რა იქნება, თავისი სახე რო დაუბრუნდეეს... ისლამური სტილის ნიშნებით... სახელსაც ეგრე დავუტოვებდი - "ქარავანსარაი" ან "ქარავან სრა"... მაგას ქვემოთ გვირაბები აქვს, - დაიკარგები...
- რა საინტერესოა! - თქვა მიამ და ხელი ირაკლის მხარზე ჩამოსდო.
- აქამდე რატომ არასოდეს გიხსენებია ეგ შენობა? ვგიჟდები ეგეთ ადგილებზე...
ირაკლი წამიერად დაიბნა, მაგრამ მიას ეშმაკობას მიუხვდა და გაეცინა.
- დალუქულია ახლა ეგ შენობა, საყვარელო... ვერ შეხვალ...
- სამწუხაროა! და სად არის ტერიტორიულად?
მიას კითხვაზე სალი და ნინიც სმენად იქცნენ.
- თბილისშია! - მარტინის ვინ გაიმეორებს?
ირაკლი მაგიდიდან სწრაფად ადგა და ბარისკენ გაემართა. სამივესთვის გასაგები გახდა, რომ იმ შენობის ადგილმდებარეობას ცოცხალი თავით არ გაამხელდა.
გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს. სამივე ერთი და იმავე რაღაცას ფიქრობდა - იქნებ ტრიქსტერის სამალავი მაგ შენობაშია...
ვახშმის დასრულების მერე ერთმანეთს დაემშვიდობნენ და მანქანებისკენ გაემართნენ. მია ირაკლიმ სახლამდე მიაცილა.
- მადლობა მშვენიერი საღამოსთვის...
- არაფრის.
- რაღაც, არ მინდა, რომ წახვიდე. ძალიან მინდა, კიდევ გნახო. თუ შენ წინააღმდეგი არ იქნები...
- ვნახოთ... მე ძალიან მინდა იმ შენობის ნახვა! თუ წამიყვან, შეგხვდები!
- ულტიმატუმი მომწონს... - გაეცინა ირაკლის.
- მათხოვე შენი მობილური...
მიამ ირაკლის ტელეფონში თავისი ნომერი აკრიფა და ზარი გაუშვა. შემდეგ დაემშვიდობა და სახლში ავიდა. კაბა გაიხადა თუ არა, ლეპტოპი ჩართო და "გუგლში" სიტყვა - "ქარავანსარაი" მოძებნა.
"ქარავანსარაი" სპარსული სიტყვაა და გზისპირა სასტუმროს, ფუნდუკს ნიშნავს. - ქარავან სრა, ან იგივე - ქარვასლა, ძველად ვაჭართა და ხელოვანთა სასტუმროს ფუნქციას ასრულებდა. აქვე იყო დუქნები, საწყობები, სადაც საქონელს ინახავდნენ და საჯინიბოები..."
გაგრძელება იქნება პარასკევს