- ყავას დალევ?
- არაა, ჩაისტი ვარ!
- ერთი ყავა და ერთი ჩაი, თუ შეიძლება...
მიმტანი გოგო გვტოვებს და მეც უხერხულობისაგან ჩანთის სახელურს ვაწვალებ. ჰმ... - გაინტერესებთ, რატომ უხერხულობისაგან, ხომ?.. - ახლავე ყველაფერს აგიხსნით!
ახლა კაფეში ვზივარ და ჩემ მოპირდაპირედ მჯდომ მამაკაცს ვაკვირდები. - პირველად შევხვდი.
ჩემზე სულ ოდნავ მაღალია, ისე რა სიმპათიური... ქართული ცხვირით (თუმცა, რომელია ქართული ცხვირი, ჯერაც ვერ დავადგინე. - სომხურივით როა, ის, თუ "კურნოსა"? ადრე საქართველოს ისტორიის ლექტორმა გვითხრა ბავშვებს, ქართველები ქერა, ცისფერთვალება და აწეულცხვირებიანები იყვნენო... კაცმა არ იცის).
მოკლედ, "პივაზე" რომ წავა, ისეთია, ან დედა რომ გეტყვის, "შენი ფეხის ფრჩხილად არ ღირსო" და ნათესავები - "გოგო ჯობიაო", - აი, ეგ სიტუაციაა!
ჰო, ონლაინში გავიცანი... სულ სამჯერ მივწერ-მოვწერეთ და მერე შევხვდი. რა ვიცი, იქ საინტერესო ჩანდა და მგონი, შევცდი... ჯერ ერთი, - პირველად პატიჟებ გოგოს და ცარიელ ყავას სთავაზობ... მეორეც, თუ ფული არ გაქვს, ხომ შეიძლება, სადმე სკვერში შეხვდე? - თან ძლივს გამოვიდა ამინდი... მესამეც - კაფეს შესასვლელთან შევხვდი და ჩემით მომიწია კარის გაღება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯენტლმენობის არაფერი სცხია.
სავარაუდოდ, ახლა თავისი საუკეთესო თვისებების დემონსტრირებას ცდილობს და თუ ეს მისი საუკეთესო მხარეა, წარმომიდგენია, რა იქნება უარესი...
გონებაში ჩემი თაყვანისმცემლების წარმოსახვითი სიის კიდევ ერთ კანდიდატს ხაზი გადავუსვი და ცუდ ხასიათზე დავდექი... დაახლოებით ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, შენთვის არასასურველ ვითარებაში რომ ხარ და ერთი სული გაქვს, იქაურობას გაეცალო.
- არ გშიოდა?.. თუ გინდა, რამე შეუკვეთე!
- არა, მადლობა...
- რაღაც მოწყენილი მეჩვენები! ონლაინში უფრო მხიარული და გიჟი ხარ...
- შენ კიდევ - ფოტოგენური...
უნებურად წამომცდა!
- არ დაგევასე?
- არა, კიი... უბრალოდ, სურათებში სხვანაირი ხარ-მეთქი, ამის თქმა მინდოდა...
- შენ კიდე ზუსტად ისეთი ხარ, როგორიც სურათებში...
- ანუ?
- კაია რა.
- აჰა...
ჩემი განწყობა კიდევ ერთი - 40%-ით ჩამოვარდა ქვემოთ. უკვე ყველაფერი მაღიზიანებდა: - დაგვიანებული ჩაი, მისი რაღაცნაირი მზერა, ორი მობილური, რომელიც, სავარაუდოდ, ჩემ დასანახად დადო მაგიდაზე, მისი მარჯვენა ფეხის "წიკიანივით" კანკალი და თან, რაღაც ზედმეტად ბევრი ტანსაცმელი ეცვა!
- არ გცხელა?
- არაა, მე სითბო მიყვარს, კატასავით...
- "კატა შენ და ჯანდაბა..." - გამეფიქრა. მობილურს დავხედე. რაღა ახლა არ მირეკავს არავინ? - მოვიფიქრებდი რამეს და დროზე გავეცლებოდი აქაურობას!
- შეყვარებული გყავს?
ვკითხე იმ იმედით, რომ "კის" მეტყოდა.
- არა! მყავდა და დავშორდი...
- გასაგებია...
- რა არის გასაგები?
- რომ გყავდა და დაშორდი, ეგ!
- ჰოო, რა... ვერ გავუგეთ ერთმანეთს!
- ააა...
როგორც იქნა, ჩაი და ყავაც მოგვიტანეს. დროზე ჩავცეცხლო და წავიდე აქედან! ლამის პირი გამომეწვა.
- ცქმუტავ თუ მეჩვენება?
- მეე?..
- ჰო, აბა მე?
- რავი, შენ არ გაგიჩერებია ფეხი მაგიდის ქვეშ მას შემდეგ, რაც მოვედით და... თავიდან მიწისძვრა მეგონა, იყო...
- ჰო, ეგ "წიკია" ჩემი!
- კიდევ ბევრი "წიკი" გაქვს?
- არა... რა ვიცი... არ მიფიქრია! დავფიქრდე?
- როგორც გინდა! მე რა ვიცი...
- არა, აშკარად გაღიზიანებული ხარ დღეს!
- ოოო, ნუ მაღიზიანებ ამ "გაღიზიანებული ხარ"-ით რაა... ვერ ვიტან!
აღარაფერი უპასუხია. სიგარეტს მოუკიდა უხალისოდ. წესით, უნდა მკითხოს, -"სუნი ხომ არ გაწუხებს?.." მაგრამ ჩემი ფეხები... - ისე, ფეხებზე გამახსენდა! – ნეტა, წინდებს ყოველდღე იცვლის? - თუ არა?.. ისე, ერთ რაღაცაში დავრწმუნდი ამ ჩემი გათხოვილი დაქალების შემხედვარე, - სანამ გათხოვდები, ყველა წვრილმანი და თვისება უნდა გამოიკვლიო, რადგან თავიდან ეს ყველაფერი არ ჩანს ხოლმე და მერე, როცა ნელ-ნელა იწყებს ამოსვლას ზედაპირზე, მაშინ ოოოოო.... - პირდაპირ აუტანელია!
როგორც იქნა, ჩაის "დამკაშიც" გავედი და საათზე დავიხედე. ახლა ისღა დამრჩენია, ცოტა მსუბუქად და უმტკივნეულოდ "დავახვევინო". - რა მოვიფიქრო?..
- აღარ მახსოვს, გითხარი თუ არა, რომ შვილი მყავს!
- რა გყავს? - თვალები ბუდიდან გადმოუცვივდა ლამის. ისეთი სახე მიიღო, ალბათ, "ბექგრაუნდში" ჩემს ჩაიზე დახარჯულ ფულს ითვლიდა და ნანობდა, რომ დამპატიჟა.
- რა კი არა - ვინ!
- შვილი გყავს? - აბა, გასათხოვარი ვარო?
- მერე ვაარ!..
- მოიცა, მოიცა... - ეგ როგორ? - ქალიშვილი ხარ და შვილი გყავს? მეღადავები?
- რა შუაშია ქალიშვილი?.. გასათხოვარი იმას ხომ არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ქალიშვილი იყო? შენ რო უცოლო ხარ, ვაჟიშვილი ხარ?
- აუუ, მერჩია, ეს ჩაი გადაგესხა და ეგ არ გეთქვა რაა... იმენა "თრილერი" ჩამიტარე...
- ვწუხვარ...
ვთქვი და როგორც შემეძლო, დამწუხრებული სახე მივიღე. არადა, გულში მიხაროდა. ცოტაც და დავემშვიდობებოდით ერთმანეთს... - ასეც მოხდა! ბოდიშებით დამემშვიდობა და მოგვიანებით მეგობრებიდანაც ამომშალა. - რა გაეწყობა! ყოველთვის ყველაფერი ისე ვერ მოხდება, როგორც ჩვენ გვინდა...