ამ თბილისში ხომ გარდამავალი სეზონი არ არსებობს! გაწელილი ზამთრიდან პირდაპირ ზაფხულში გადავდივართ და ზაფხულიდან ისევ ზამთარში. კარადაში დაკიდებულ გაზაფხული-შემოდგომის ტანსაცმელს ლამისაა ობი მოეკიდოს...
ვერ იქნა და ვერ შევეგუე ჩემი საყვარელი დროის, ზაფხულის გასვლას. გარეთ რომ გავდივარ, ძირს ჩამოცვენილი ფოთლების აკრეფა და ხის ტოტებზე მათი სტეპლერით მიმაგრება მინდება.
თხუთმეტ დღეში ერთი თვე გახდება, რაც მე და ირაკლი ერთმანეთს ვხვდებით! - კარგი არაფერი იფიქროთ! სექსი ჯერ არ გვქონია, უბრალოდ, ვხვდებით... ვერ იქნა და ვერ დავძლიე ბარიერი, რომ ჩემი მოსაზრება - "ქორწინებამდე სექსი აუცილებელია" - საქმითაც დავამტკიცო!
არადა, აქამდე ყველას ვუმტკიცებდი, რომ აუცილებელია. ვერც კი წარმოვიდგენდი, საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, ასეთ გაუბედაობას თუ გამოვიჩენდი. სამსახურში ირაკლის გამოგზავნილი გვირილები სულ - "მივცე-არ მივცეს" მარჩიელობაში დავპუტე...
ირაკლი არ მაჩქარებს! ყოველ შემთხვევაში, ახლა იდეალურად იქცევა! ყურადღებას (და საჩუქრებს) არ მაკლებს, სამსახურის მერე მაკითხავს... ან მართლა ძალიან მოვწონვარ, ან აზარტშია შესული და ასე ცდილობს, რაც შეიძლება მალე "მომიპოვოს".
ისე, რა სასაცილოა ეს გამოთქმა - "მომიპოვოს", თითქოს ოქროს თასი ვიყო.
სამსახურში ჩემმა გათხოვილმა დაქალმა - მაიკომ დამირეკა. მიკვირს, დილით არ გამაღვიძა. მხოლოდ მას შეუძლია, მაღვიძარას დაასწროს. ნეტა ბოლოს როდის გამოიძინა კარგად? ალბათ, შვიდი წლის წინ, სანამ კესუნას გააჩენდა.
- გოგო, როგორ ხარ?
- როგორც მკითხულობ!
- კაი, ხოო... შენც დაგერეკა ერთი...
- ისედაც სულ მე არ გირეკავ?
- ოჰოო... როდის აქეთ?
- როდის აქეთ და ამას იქით-აქეთ!!!
- კაი ხოო... მთავარია, რომ კარგად ხარ!
- კაი...
- რა კაი? კარგად ხარ, ანუ...
- კიი... შვიდზე ავდექი. ვასაუზმე ესენი, მერე ბავშვი წავიყვანე სკოლაში. მოვედი, სადილი გავაკეთე, სარეცხი შევტვირთე, ბავშვი გამოვიყვანე სკოლიდან, ვაჭამე, სარეცხი გავფინე, კესუნა ვამეცადინე, როგორც იქნა, მოვფსი და ახლა ყავას ვსვამ!
- ყოველთვის, როცა გისმენ, გათხოვება აღარ მინდება!
- და როდის გინდოდა რო?
- ახლა თითქოს მომინდასავით... ოდნავ...
- მოიცა, ქორწილში რომ ბიჭი მოგეწონა, რომ დაურეკე, კინოში რომ წაგიყვანა და ურთიერთობა რომ გაწყვიტე, მერე ანონიმურად რომ გწერდა და ისევ რომ შეხვდი, მაგან გითხრა რამე?
- მოკლედაც შეგეძლო გეკითხა, ირაკლიმო...
- შენც ხომ იცი, არ შემიძლია მოკლედ ლაპარაკი... ჰოდა, ამ საღამოს მოკიდე ხელი მაგ შენს ირაკლის და გამოიყვანე ჩვენთან!
- კარგი აზრია ვითომ?
- ცუდი რითია? გავიცნობთ მე და გია! ექვსისთვის გელოდებით ვახშამზე! "ოჯახურს" გავაკეთებ, ხაჭაპურს ამოვიტან და სალათას დავჭრი... ყველი-პური და კეთილი გულის ვარიანტში...
- კაი, არ იწვალო! ჩვენც წამოვიღებთ რაღაცებს!
- გელოდებით!
- პაკაა!!!
მაიკოს და გიას ჭიკჭიკა ზარი დაუყენებიათ. სადარბაზოში შემწვარი ქათმის სუნი იდგა.
- მოხვედით, ბავშვებო?
კარი მაიკომ გააღო. წინსაფარი ეკეთა და მარცხენა ხელში ხის დიდი კოვზი ეჭირა.
თხუთმეტი დღე საკმარისი აღმოჩნდა ირაკლის სახის მიმიკების შესასწავლად. მივხვდი, რაზეც ფიქრობდა ამ წუთებში.
- "ოჯახური" გადაიღე, ირაკლი! ცოტა მიმეწვა ხორცი, მაგრამ მაინც გემრიელია!
სუფრასთან ვიჯექი და მე მგონი, უკვე ირაკლის თვალით ვუყურებდი ყველაფერს! ჩემი ბავშვობის დაქალს, რომელთან ერთადაც ადრე უამრავი სიგიჟე ჩამიდენია! ახლა მისგან მხოლოდ "დედა" და "დიასახლისია" დარჩენილი. არავითარი პირადი ინტერესები...
ყველაზე ცუდი ამაში ის არის, რომ სურვილიც აღარ აქვს, თავს მიხედოს. მე თუ არ შევახსენე, თმასაც არ შეიღებავს...
- დეეეეეეეეეეე, მოვრჩიიიიიიიიი!!!
ტუალეტიდან კესუნამ დაიძახა და "იდეალური საღამო" დააგვირგვინა. ირაკლის შეშინებულმა გადავხედე. კედლის საათს მისჩერებოდა.
- "გაქცევაზეა!"
გავიფიქრე და ლიმონათი დავუსხი. ჯანდაბა, რა დამემართა! უკვე კაცივით ვიქცევი...
- მოვედი!.. ხომ არ მოიწყინეთ?
მაიკო მაგიდას დაუბრუნდა.
- არა... რა მოგვაწყენდა...
ჩაიბუტბუტა ირაკლიმ და ცალყბად გაიღიმა.
- ვაიმე, ესე იგი, ირაკლი... ქალის მოსვენება ხომ არ იქნება, რაა! ტუალეტში ყოფნასაც არ მაცდიან! საკმარისია შევიდე, რომ ხან გია მომიკაკუნებს, ხან კესუნა! - რას შვებიიი, რას შვებიი? საინტერესოა, რას უნდა ვშვებოდე ტუალეტში...
- ალბათ, ამ ყველაფრისაგან ისვენებ! ერთი ჩემი ნაცნობი ტუალეტში შეიკეტებოდა ხოლმე, წყალს მოუშვებდა და იდგა. ბავშვების ჭყივილს წყლის ხმა მირჩევნიაო... მხოლოდ ასე ვისვენებო...
უნებურად წამომცდა და ენაზე ვიკბინე. მაიკომ ქვედა ტუჩი გაბუტული ბავშვივით გამობურცა. ასე მაშინ აკეთებს, როცა რაღაც სწყინს ხოლმე.
- მესმის! ძნელია ეს ყველაფერი, მაგრამ რომ დაუკვირდე, ცხოვრებაში ამაზე ღირებულს ვერაფერს გააკეთებ! ბედნიერებაა, როცა უყურებ, როგორ იზრდება თვალსა და ხელს შუა შენი შვილი! ისე, თქვენ აპირებთ რამეს?
როგორც ჩანს, მაიკოს გამობურცული ტუჩი გიამაც შეამჩნია და სიტუაციის განმუხტვას შეეცადა. მე კიდევ, ყველაზე მეტად ამ კითხვის გაჟღერების მეშინოდა.
- მაგაზე ფიქრი ჯერ ძალიან ადრეა! სულ რაღაც თხუთმეტი დღეა, რაც ერთად ვართ...
- ირაკლი არც აპირებს ცოლის მოყვანას!
ვთქვი და სკამის საზურგეს მივეყრდენი. ირაკლიმ გაკვირვებით გადმომხედა.
- ეგ საიდან მოიტანე?.. იმ ფილმზე რომ ვთქვი რაღაც მაშინ, ეგ გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩემი ზარებისთვის აღარ გეპასუხა?.. როგორ ვერ მივხვდი! სულელო...
ბოლო სიტყვა ისე ალერსიანად წარმოთქვა, რომ სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. დაახლოებით ისეთივე შეგრძნება დამეუფლა, როგორც 13 წლის ასაკში, როდესაც დედამ პირველად ჩამაცვა ლიფი.
ჯერ კიდევ ძალიან ინფანტილური ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, რატომ იცინოდნენ ჩემს მკერდზე მიშტერებული ბიჭები, ფიზკულტურის გაკვეთილზე, როდესაც სახტუნაოზე ვხტუნაობდი. ადრე ხომ არაფერი არ მიხტუნავდა სხეულზე? ნუუ "პომპონებს" თუ არ ჩავთვლით ქუდზე.
ვახშმის შემდეგ ირაკლის მანქანაში ჩავჯექი.
სახლში უნდა წავეყვანე. მაკოცა და მკითხა, თუ წინააღმდეგი არ იქნები, გზად ჩემს ძმაკაცს გავუვლი, ვარჯიშს ამთავრებსო. რა თქმა უნდა, არა-მეთქი, ვუპასუხე და გაღიმებულმა ღვედი გადავიჭირე. კარგ ხასიათზე ვიყავი.
მე და ირაკლი ვახშამზე ვლაპარაკობდით, როდესაც მისმა ძმაკაცმა მანქანის უკანა კარი გააღო და ჩაჯდა. უკან მივიხედე, რომ მივსალმებოდი და მოულოდნელობისაგან თავზარი დამეცა.
იმასაც...
უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ბედისწერა გამუდმებით ბოროტად მეხუმრება. აბა, სხვა რას მივაწერო, რომ ირაკლის ძმაკაცი მაინცდამაინც მატარებლის კუპეში გაცნობილი სანდრო აღმოჩნდა, რომელიც პლაჟზეც შემხვდა, როცა შეყვარებულს მისდევდა.
როგორც ჩანს, ვარჯიშზე დაიწყო სიარული, რომ სუნთქვა არეგულიროს სირბილის დროს...
- სანდრო, გაიცანი ჩემი შეყვარებული - ანა!
p.s......................................... :)
ჟურნალი ”და ქალი”
(ოქტომბრის ნომერი)