ყოველთვის, როდესაც მსგავსი პოსტის წერას ვიწყებ, ფილმი "სექსი დიდ ქალაქში" მახსენდება და საკუთარი თავი ქერი ბრედშოუ მგონია, რომელიც წერს ქალებზე, კაცზე, სექსსა და დიდ ქალაქზე.
მეც მინდება, რომ ზუსტად მასსავით თავისუფლად ვწერო ყველაფერზე, მაგრამ მერე მახსენდება, რომ ჩვენ არც სექსი გვაქვს და არც დიდი ქალაქი. ჩვენთან ყველაფერი საშუალოა...
ჩვენს ქუჩებში საშუალო სიმაღლის მამაკაცები დადიან, საშუალო ხელფასით, უმეტესწილად, საშუალო განათლებით და დიდი წარმოდგენებით საკუთარ საშუალო... შესაძლებლობებზე.
ჩვენს ქალაქში საშუალო სიმაღლის შენობებია, მაღაზიებში საშუალო ფასებია და საშუალოსტატისტიკური ქართველი მამაკაცი ყველა ქალთან ოქროს შუალედური პრინციპით ურთიერთობს. ჩვენთან ორი ადამიანის ურთიერთობაში შუამავლის როლს, საშუალოდ, 4–5 ადამიანი ასრულებს.
არ გამომრჩეს და ქართველი ქალი საშუალოდ შიშველი და საშუალოდ ჭკვიანი უნდა იყოს.
ჩვენთან ცოლსა და ქმარს შორის სექსუალური აქტი, ბავშვის გაჩენამდე, საშუალოდ, კვირაში ორჯერ ხორციელდება, ბავშვის გაჩენის შემდეგ კი... უფრო საშუალოდ.
ერთადერთი, რაც ქართველებს საშუალო არ გვაქვს, ამბიციებია. ჩემი უშველებელი ამბიცია კი ასეთია: მინდა ვწერო საშუალო ქალაქში მცხოვრები ძალიან ლამაზი ქალების შესახებ, რომლებიც საშუალოსტატისტიკურ ქართველ მამაკაცებთან დიდ სიყვარულზე ოცნებობენ.
ქეთო პატარქალიშვილი