ჯერ არც ისე დიდი ვარ, რომ პატარ ბიჭებისკენ გამირბოდეს თვალები, მაგრამ ექსპერიმენტების მოყვარული ვარ და როდესაც ასაკით ჩემზე პატარა ბიჭმა პაემანზე დამპატიჟა, ცდუნებას ვერ გავუძელი.
უნდა აღვნიშნო, რომ იშვიათად ვნერვიულობ მამრობითი სქესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, სად გამევლო ზღვარი. ბუნდოვნად მახსოვს, მე როგორი ვიყავი 20 წლის ასაკში და არც ის ვიცოდი, როგორები არიან 20 წლისები ახლა.
მოკლედ, შეხვედრა დავნიშნეთ და ერთ-ერთ კაფეს ვესტუმრეთ. იცით, რით განსხვავდებიან პატარა ბიჭები დიდი კაცებისგან? ისინი გულწრფელები არიან. თავიდანვე გამომიტყდა, ძალიან ვღელავო და რა მნიშვნელობა აქვს ასაკს, როდესაც მამაკაცი შენი დანახვისას ღელავს? ეს ხომ ყველა შემთხვევაში სასიამოვნოა?
რაც შეეხება ჩემს შეგრძნებებს... შეიძლება 30 წლამდე ასაკის ბევრ ქალს სურს, იმაზე დიდი გამოჩნდეს, ვიდრე არის, მაგრამ მე მათ რიცხვს არ მივეკუთვნები. უნდა ვაღიარო, რომ პატარასთან შეხვედრამ იმის უსიამოვნო განცდა გამიჩინა, რომ უკვე დიდი ვარ... ბებერი არა, მაგრამ დიდი... როგორც ჩანს, ჩემს ასაკში სიგარეტი და პაემანი პატარა ბიჭებთან, ერთნაირი წარმატებით აბერებს.
ახლა კი პატარა ბიჭებსა და დიდ კაცებს შორის არსებულ განსხვავებებზე უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ:
1. პატარა ბიჭი ღელავს და განუწყვეტლივ საუბრობს, რაც ზოგჯერ უხერხულობის განცდას ტოვებს. დიდის შემთხვევაში, უხერხულობის განცდა დუმილის დროს დგება.
2. პატარა მაშინ თამამდება, როდესაც შენ აძლევ ამის უფლებას. დიდი კი ისეთ შეგრძნებას გიტოვებს, თითქოს დაბადებიდან თამამია.
3. პატარა ცდილობს, რომ უფრო დიდად წარმოჩნდეს. დიდი ცდილობს, რომ მის გვერდით პატარასავით იგრძნო თავი.
4. პატარა ცდილობს დაგაინტრიგოს, დიდი კი ცდილობს დაინტრიგდეს.
5. პატარა ურთიერთობების ერთგვარ გურუდ, მასწავლებლად აღგიქვამს. დიდს კი დიპლომი აქვს (თუმცა არ დაგვავიწყდეს, მათ დროს ჩაწყობები მოსული ამბავი იყო).
6. პატარა შეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე საათში დაგირეკავს. დიდი - მხოლოდ მეორე დღეს. პატარა დარეკვიდან რამდენიმე საათშიც დაგირეკავს. დიდი ისევ მხოლოდ მეორე დღეს.
7. პატარამ იცის, რა უნდა შენგან - რაც, ძირითადად, სანდომიანი და ნაზი კოცნაა ხოლმე. დიდმა არ იცის, რა გინდა
8. პატარას შენი სჯერა. დიდს - საკუთარი თავის.
9. პატარა ღელავს, როდესაც გხვდება. დიდი მაშინ ღელავს, როდესაც იცის, რომ პატარას უნდა შეხვდე (პოსტი გაქვს დასაწერი და იმიტომ)
10. დაბოლოს - პატარა რომ გაიზრდება, დიდი გახდება.
საბოლოოდ კი, საკულტო სერიალიდან ფრაზა მახსენდება : "სანამ პატარა ბიჭებს ხვდები, ყოველთვის დიდი იქნები" - მერე რა, რომ ჯერ არც ჭაღარები მაქვს და არც ნაოჭები. რადგან პატარა ბიჭმა პაემანზე დამპატიჟა, დროა, ეს ფრაზა კარგად გავიაზრო.
ქეთო პატარქალიშვილი