დავაკვირდი და მივხვდი, რომ ბევრმა ქართველმა მამაკაცმა არ იცის, რას ნიშნავს "ოფიციალური პაემანი" (გნებავთ, დეითი და გნებავთ, რანდევუ).
ხშირად პაემანს ირონიულადაც კი უყურებენ. ვერ ხვდებიან, რომ ეს მეგობართან ერთად "პივის" დალევისგან დიდად განსხვავებული რამაა. გარდა ამისა, კარგად არ იციან, რა უნდა გააკეთონ პირველ პაემანზე და რა არა.
ამის გამო დეითებზე არაერთხელ აღმოვჩენილვარ უხერხულ მდგომარეობაში. საღამოები დაუვიწყარი კი იყო, მაგრამ არა მათი ბრწყინვალების, არამედ მათი ხარვეზების გამო. ჰოდა, მამრობითებო, პაემანზე ყოფნისას:
1. არ იკითხოთ: ჩვენ ახლა პაემანზე ვართ, ხოოოო? და შემდეგ ამ კითხვას ბონუსად არ დააყოლოთ მოდებილო სიცილი, თითქოს პაემანზე ყოფნა კომიკური ან არასერიოზული რამაა.
2. პირველ პაემანზე აუცილებლად უნდა დალიოთ. ამიტომ კარგი იქნება, თუ მანქანით არ წახვალთ. ალკოჰოლი გაგხსნით და უფრო ადვილად შედგება კომუნიკაცია.
3. ბარემ მანქანის თემას შევეხე და პირველ პაემანზე არ გააკეთოთ მანქანა. ეცადეთ, რომ არც ბავშვი...
4. თუ ყველაფერი კარგად მიდის, გოგოც მოგწონთ და არ გინდათ, რომ საღამო დასრულდეს, ქალს არ ჰკითხოთ: კიდევ დალევ? პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ ეს კითხვა უხერხულობის განცდას აჩენს ქალში, მეორეც - დიახ, ქალი დალევს იმ შემთხვევაში, თუ მას მოსწონხართ და იმ შემთხვევაშიც, თუ არ მოსწონხართ (ალკოჰოლი დავიწყებაში დაეხმარება). ასე რომ, მიმტანს თავადვე უთხარით, რომ სასმელი გაიმეოროს. გარდა ამისა, მსგავსი საქციელი უფრო "დერსკად" წარმოგაჩენთ.
5. არ ილაპარაკოთ ქალზე მეტი. თუ თქვენი საუბრისას რამეზე კომენტარი გააკეთა, არ დააიგნოროთ და "ისევ ჩემსას მივერეკები" ამბავი არ ჩაიდინოთ. არც "კრავთა დუმილია" კარგი. ეცადეთ, ხშირად გააცინოთ პარტნიორი.
6. არ წახვიდეთ პაემანზე "ფუტბოლკით", რომელსაც აწერია "დოგი სთაილ ევოლუშენ" ან "დუ იუ ვონთ მი?" ან "აი ვონთ იუ" და ა.შ. ზოგადად, "ფუტბოლკებს" ნუ ჩაიცვამთ რა პაემანზე. უკვე დიდი ბიჭები ხართ და ცოტა სოლიდურად უნდა გამოიყურებოდეთ.
7. კომპლიმენტები არ დაიშუროთ და ეცადეთ, მხოლოდ თქვენს პარტნიორზე გაამახვილოთ ყურადღება. სხვა ქალებს თუ შეხედავთ, ამას აუცილებლად შევამჩნევთ. ამასთან, თქვენ ვერასდროს შეამჩნევთ, ჩვენ თუ სხვა კაცს შევხედავთ, მარა იტ'ს ოკ.
8. ანგარიში თავად გაასწორეთ და კარგი იქნება, ამ დროს სახე თუ არ შეგეკუმშებათ საფულეში არსებული თანხის "შეკუმშვის" პარალელურად :დ მე ღრმად მწამს, რომ როგორც მინიმუმ, პირველ დეითზე მამაკაცმა უნდა გადაიხადოს.
და მე საერთოდ მიცდია კაცის დაპატიჟება და თუ ეს კაცი ჩემი მეგობარი არაა და რეალურად მომწონს, მას შემდეგ, რაც მე ვეპატიჟები, აღარ მომწონს :დ ზუსტად არ ვიცი რატომ, მაგრამ რაღაცნაირად კნინდება ის ტიპი მერე ჩემთვის :დ თუმცა თქვენ იმის იმედი არ დაკარგოთ, რომ მხოლოდ მე ვარ ასეთი :დ გარდა ამისა, ეცადეთ, ქალმა არ დაინახოს, რამდენს იხდით. რამდენიც უნდა იყოს, მაინც უხერხულია.
9. პირველ პაემანზე სახლამდე მიცილება აუცილებელი არ არის. გზაში, როდესაც მარტოები ვართ, გატარებულ საღამოზე უფრო თამამად ვფიქრობთ და ეს საკმაოდ სასიამოვნო პროცესია. მაგრამ ტაქსში აუცილებლად ჩასვით. სთხოვეთ, რომ სახლში მისვლის შემდეგ დაგირეკოთ. ეს ძალიან თავაზიანი და ყურადღებიანი ტიპის ჟესტია. გარდა ამისა, გზაში ერთ აღფრთოვანებულ მესიჯს თუ დააწევთ, კარგი იქნება.
10. პაემნის მეორე დღეს დაურეკეთ, მოიკითხეთ და მეორე შეხვედრაზე შეუთანხმდით (თუ მოგეწონათ, რა თქმა უნდა) :დ ნუ ეს ყველამ უჩემოდაც იცით.
ქეთო პატარქალიშვილი