- შაქრით თუ უ...?
- უ...
- ok. ამ "ბლუზკას" მე ჩავიცვამ... ახალია?
- არა, უბრალოდ, არ მცმია არცერთხელ... არც ეს... - ჩავიცვა?
- wow, რატომ არ ვიცოდი? მანახვე, "მარკ სპენსერ...", რა ნაზია... ...ფერიც.
- დაცურავს ტანზე. ნატურალურია...
- ეტყობა. კარგი, დროზე გავიდეთ.
- სურათებს ჩავყრი "ფლეშზე" და "კოდაკში" გავიდეთ. რა იპოვის ოღონდ... არასდროს არ ვიცი, სად დევს. ვაიმე! "ფლეშკა"!
- რა არის?
- "ფლეშკა"!
- ჩემსას გათხოვებ.
- არა! "ფლეშკა", ვაიმე! რა მეცვა? არა, ჩანთა... არ მჯერა!
- ტეო!
- როგორ დამავიწყდაააააა! რაღაც მაქვს ჩაწერილი.
- მერე?
- არ მინახავს.
- ნუ დარბიხარ. ერთი წუთით, ნორმალურად იტყვი?
- რაღაც ჩავწერე და დამავიწყდა... სად არის, სად არის... "ფლეშკა", მპუ-მპუ... აქ იქნება...
- არ გადმოვარდე.
- არ არის! იქ ნახე... არა? ა, ვიცი. ჰააუ, არ არის... აი, აი... დავფიქრდე...
- იფიქრე, მიდი. - გადის სამზარეულოში.
- კატო, ვიპოვე! არცერთხელ ამდენი ხნის განმავლობაში... ერთხელ მაინც როგორ არ გამახსენდა?!
სასწრაფოდ შევაერთე, ემოციისგან გამაჟრჟოლა, ჩაიტვირთე, ჩაიტვირთე... ჯანდაბა! ნეტა რა იქნება? ან რაღა აზრი აქვს? არა, იქნებ აქვს?... აი... გაიხსნა... და... ყურები მიწუის.... სიცილისგან ცრემლები მომდის...
გქონიათ ასეთი მომენტი? რა დაცინვაა... ფლეში დაფორმატებულია! საიდან? როგორ მიხვდა? როდის მოასწრო? როგორ მოახერხა? ფლეში და-ფო-რმა-ტე-ბუ-ლი-ა! ...როგორც არ უნდა ვატრიალო... არა, ასე არ შეიძლება! "ვარეფრეშებ"... თავიდან ვაერთებ...
დაფორმატებულია! ვერ ვეგუები ასეთ გაცურებას, კიდევ ერთხელ... უკვე თითქმის მექანიკურად და უაზროდ ვიწყებ სხვა გზების ძიებას და ისე, უბრალოდ, დაფარული ფაილების გამოჩენას ვცდილობ...
ვეძებ, გამომდის - ვპოულობ! ერთადერთ "ვორდის" ფაილს. სკამზე ვეშვები... ერთი წუთით თვალებზე ხელს ვიფარებ... ...და მერე ვკითხულობ: "ეს აკვიატებაც მალე გაგივლის, ურჩხულო. შენ გარდა ვის შეუძლია, ასე ლაზათიანად გამოიყენოს საკუთარი და სხვისი ნაკლოვანებები ასამაღლებელ პლატფორმად...
ვიცი, იპოვი ამ დოკუმენტს, ასე უბრალოდ არ შეეგუები იმედგაცრუებას, ჩემო კრეატიულო კრეტინო. მე მოვეფერები ვინმე თბილხმიან არსებას ხავერდის კანითა და წყლისფერი თვალებით და არ ვიფიქრებ იმ ამორძალზე, თვალებით რომ ქვესკნელი დააქვს და ასე კარგად ახერხებს, იყოს მასხარა, ტუშგათხაპნილი კომედიანტი.
ალბათ, როდისმე დავამკვიდრებ მიმდევრობას შენი იდეოლოგიის მიხედვით და ამაში არ შემიშლის ხელს შენი გამოჩენით გამოწვეული ზიზღი. ზიზღი, რომ იყავი, ზიზღი, რომ აღარ ხარ... ამასობაში გაეხვევი იმის მკლავებში, ვისაც ზუსტად მაშინ დატოვებ, როცა სამუდამოდ თავისთან გიგულებს.
და ასე იქნება ყოველთვის, იმიტომ, რომ არც მე, არც მას, არც სხვას და არც შენ არ შეგვიძლია ფორმაში მოვაქციოთ და ერთ ადგილას გავაჩეროთ შენი ქაოსი, რომლის გარეშეც არ შეგიძლია. მშვიდობით! ერთადერთი, რაც მაბედნიერებს და შენთან ყოფნას ჯობია, უშენობაა.
ფანტომ, გაქრი!"
ვერ გამეგო, რა უფრო აუტანელი იყო - ის, რომ უარმყო, ის, რომ ჩემზე ასე ფიქრობდა, ალბათ ვერასოდეს რომ ვერ შევხვდებოდი თუ?.. თუ რა? გამეღიმა. მე ამ ყველაფერზე უფრო მაღლა ვიდექი და ეს თომამ შეძლო. "კეთილი მგზავრობა მისურვე, ჩემო სიყვარულო!", -მივაწერე ფაილს.
სკამზე გადავწექი, ერთი წამით ცას გავხედე, მშვიდად ამოვისუნთქე და... დავაწექი ღილაკს "delete", "are you sure you want to send "white oleander" to the recyle bin?", მინდოდა თუ არა იმ ყველაფრის წაშლა, რისი ნაკუწის გაზიარებაც თქვენთვის ვეცადე? იმ ვერცხლისფერი უძირო ტბის, ჩვენი ურთიერთობა რომ მაგონებდა? ამ სიმბოლური ჟესტით ვშლიდი ყველაფერს ჩემში. კომპიუტერის შეკითხვას ვუპასუხე: "ნო"… …სევდით სავსემ, თვალზე აციმციმებული ვარსკვლავებით... გამოვედი - "back" და: "format"; "start"; გავიღიმე: "enter"! მორჩა! "კატო, ყავა დაასხი?"
*
"ხუთ წუთში გაფრინდება თვითმფრინავი. ჩემს ფოტოებზე მეტად მაწუხებს შიმშილი. როდის ჩამოატარებენ საჭმელს?" - მივაწერე ახალი ბლოკნოტის პირველ ფურცელს. "რა პატარა ყოფილა საქართველო ზემოდან, - ვფიქრობდი ღრუბლებში გახლართული. - პატარა, ამპუტირებული საქართველო... უნდა დავწერო ამაზე" (აწი ხშირად მომიწევს წერა იმაზე, რაზეც ვერ დაველაპარაკები თომას).
"მე ალბათ წავალ დასაბრუნებლად,
რომ ცივი ქროლვა დეკემბრის იგრძნო,
გაგიშორდები ფანტომი ნისლში
და ამ სურნელსაც ვერასდროს იცნობ...
ახლა ქარები ებრძვიან გრძნობებს,
თეთრ ოლეანდრას სურო აკვდება,
ცოტაც და, ღამე სასთუმალს გასლის,
განშორებასაც ცოტა აკლდება.
(სევდას ეტკინოს, არაფერია... თვითონ იზრუნებს საკუთარ თავზე).
*
ერთი კვირა გავიდა... დავდივარ პრაღის ქუჩებში, ვჭამ, ვიღებ და ვათვალიერებ ყველაფერს, რაც ვიზუალურად მიზიდავს. ქართველი გაცნობიერებული ფოტოგრაფების წყალობით და ჩემი რედაქციის სააგენტოს დახმარებით, ჩემმა ფოტოებმა მიაღწია მარკი ტომაშამდე და ვიცი, რომ თვალს არ დავახამხამებ, ისე დავრჩები ჩეხეთში, თუ მოლოდინი გამართლდა...
ენითაუწერელი სურვილის ძალის იმედი მაქვს, თორემ ახლოსაც ვერ მივალ ჩემს კონკურენტ პროფესიონალებთან. კატო სოფისა და მის დეიდას დაჰყვება და ცდილობს, ის საქმეები მოაგვაროს, რომლებიც მათ აქ დარჩენაში დაეხმარება. დედა მენატრება, მაგრამ არა სენტიმენტალურად. ვიცი, რომ ყველაფერი, რასაც გავაკეთებ, უკეთესობისკენაა. არც დრო და არც სურვილი უხასიათობისთვის არ მაქვს. მეტროდან ტრამვაიში, ტრამვაიდან ავტობუსებში, ავტობუსიდან ველოსიპედზე და ფეხით... დავხეტიალობ და ვტკბები.
ნავით ვლატავაზე გავცურე. ამ ქალაქის სილამაზეს ვერ ვიტევ: გოთიკა, ბაროკო, კლასიკა... ხიდები, ტაძრები, საათები... საღამო... ზარი ტელეფონზე და... ტომაშის სტუდიის კარებთან ვდგავარ: გრძელი ლურჯი მთლიანი თივთიკის დახურული კაბა, ვერცხლისფერი ბალეტკები პლატფორმაზე, უკრაინული ნაციონალური შარფი (წითელი ჭარბობს) და მუყაოს პაკეტი ხელში - მატარებლიდან გადმოვარდნილ მგზავრს ვგავარ. ვლოცულობ, ჩემი მწირი ინგლისური ვიმყოფინო და ხელით მიჭირავს კულონი, რომელიც ახლაც ყელზე მიკიდია...
*
კაბინეტის კარზე კუნდერას სურათი ჰკიდია. ვხვდები, რამხელა ძალა აქვს ქვეცნობიერს და იმასაც, თუ რატომ აქვს ჩეხ ფოტოგრაფს ფსევდონიმი ტომაში... როგორ შეიძლება ერთმანეთისთვის უცხო ადამიანების ბედი ასე სიმბოლურად ერთდებოდეს? თურმე შეიძლება.
- დაბრძანდით. ტეოდორა, ხომ?
- დიახ.
- თქვენი ფოტოები სუსტია. - ნეტა რატომ ველოდი სხვა რამეს?! - ჩემთან პროფესიონალები მუშაობენ. ისინი ტექნიკურ შეცდომებს, პრაქტიკულად, არასდროს უშვებენ.
- გასაგებია.
- თავადაც ხომ იცით, რომ თქვენი ნამუშევრები ფოტოგრაფიის უცოდინრობაზე მეტყველებს.
- მე მოყვარული ვარ.
- ვიცი, ამის გათვალისწინების მიუხედავადაც კი...
- კარგი, გასაგებია.
- რადგან აქ მოხვედით, ე.ი. ჩემგან ელით რაღაცას. ჰოდა, დამამთავრებინებთ?
- კი.
- მადლობა. უბრალოდ, არ არის სასიამოვნო, როცა მთელ შენს ცხოვრებას რაღაცას მიუძღვნი და ცდილობ, გააკეთო მაქსიმუმი, ვიღაც კი ასე უპასუხისმგებლოდ და არასერიოზულად გექცევა. თქვენთვის ასე მარტივია ის, რითაც ვსუნთქავ, არა?
- მე მომწონს ის, რასაც ვაკეთებ და მიყვარს ის, რასაც თქვენ ქმნით. მინდა გამოვხატო საკუთარი თავი და ამაში თქვენთან მუშაობა დამეხმარება. "არავის არ სურს რაღაცა გახდეს და ყველას უნდა, რაღაცა იყოს...", მე კი მინდა მასწავლოთ, როგორ გადავიტანო სწორად კადრზე გრძნობები.
- მე ასისტენტი მჭირდება და არა - მოსწავლე.
- გასაგებია.
- შინაარსობრივად ისეთი საშინელი არა. არის ერთი ან ორი სურათი, რომლებმაც შეიძლება თქვენით დამაინტერესოს. თუ რამეა, დაგირეკავთ, მაგრამ ვერ დაგაიმედებთ.
- მადლობა. ნახვამდის.
"კაფკას ქუჩაზე დავდივარ, მადლობა თბილისის ფორუმს გიდობისთვის. ცუდად მეძინა. ვცდილობ, თომაზე არ ვიფიქრო, იმდენად შეურაცხმყოფელია, რაც ბოლოს თქვა, რომ ძალიან არ მიძნელდება მასზე ფიქრის დაბლოკვა. ცოტა გახუნებული, აუღელვებელი, ოდნავ აპათიური და ჩვეულებრივია უიმისოდ ყოფნა.
ბექა არ მასვენებს..." - ჩანაწერი დღიურში. "ჩანაწერის გაკეთებას ვაპირებ, შენი ფოტო გამოცურდა ბლოკნოტიდან, ძირს დავარდა, მერე ავიღებ! გამოდის, რომ მაინც ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც დილით ნანახ მელოდრამაში და უშენოდ ცხოვრებას არათუ აზრი ეკარგება, აუტანელია!
ახლა, სანამ ყავის ნალექს ბოლომდე გამოვჭამ, დრო მეჩვენება ძალიან უძლურ და უსახურ დაავადებად, რომელიც კაცობრიობას შეყრია და ერევა. ალღოს ანაბარა მივუყვები გზას და არაფერს ვნანობ!" - ფოტო ავიღე და ქუჩის ურნაში ჩავუშვი.
საერთოდ არ მესმის სტერეოტიპული და კონკრეტული დამოკიდებულება იმ საკითხებისადმი, რომლებიც ვერ ამოუხსნიათ... მფლანგველი ხარ თუ ეკონომიური, დროც და ფულიც მაინც "მთავრდება". მირჩევნია, დრო არ ვფლანგო დროზე ფიქრში, რომ უცებ, ბახ! და: 00:00:00: ____________________________ დრო არ "მრჩება" წარსულზე ფიქრისთვის.
დროს ვიყენებ. "აქ" ყოფნით მაინც ადგილს ვაკავებთ და ბარემ იყოს ის ჩემი, საკუთარი... ბნელ პარტერში ნომრები გვერევა და გვგონია, ჩვენს ადგილზე ვსხედვართ, სანამ განათდება... მე გავამტყუნებ შენს მოკრულ იარლიყს." (ჯობია შენზე ვიფიქრო ზოგჯერ, ვიდრე სულ) ორი დღე გავიდა ფოტოგრაფთან შეხვედრიდან.
"ტკივილები ამოწურავენ ერთმანეთს და მხოლოდ მერე მისუსტდებიან, მიიძინებენ, არ გაქრებიან და მე ამას შევეჩვიე"... ვეცდები, ვუსმინო სამყაროს ჩურჩულს... დღეები გადიან... ისევ ზარი ტელეფონზე:
- გამარჯობა, ტეოდორას ვესაუბრები?
- დიახ.
- თქვენმა ფოტომ კონკურსში პირველი ადგილი აიღო. გილოცავთ გამარჯვებას! გთხოვთ, მობრძანდეთ დაჯილდოებაზე.
- რა ფოტომ? უკაცრავად, რომელ კონკურსში?
- პრაღის საერთაშორისო კონკურში. დაჯილდოება გაიმართება ხვალ, შვიდ საათზე, მარკი ტომაშის საგამოფენო დარბაზში. დამატებითი ინფორმაციისთვის მისამართზე, რომლიდანაც მეილი მიიღეთ.
- დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ.
- ნახვამდის.
*
არის მომენტები, რომლებიც პეწს მხოლოდ გაზიარების შემთხვევაში იძენს და უღიმღამოა, თუ არ უზიარებ ადამიანს, რომელიც შენთვის ასე ძვირფასია... მარკიმ ჩემი ფოტო დაუკითხავად გაგზავნა მოყვარულთა კონკურსზე, რომელსაც მის გარეშეც ვუმიზნებდი და მე გავიმარჯვე! შავ, დახურულ გრძელ კაბაში და მთამსვლელის უხეშ "ბათინკებში" გამოწყობილი დაჯილდოებაზე აჟიტირებულ კატოსთან ერთად მივედი.
გადმომცეს დიპლომი, ფულადი (მცირე) ჯილდო და მასტერ-კლასი გამოცდილი ფოტოგრაფებისგან. თავიდან სული მეხუთებოდა უცხო ენისგან, უცხო გარემოსგან, სნობებისგან, რომლებიც ფუჟერებწამოცმულნი მოდიოდნენ, მაგრამ მერე მაინც კომფორტულად ვიგრძენი თავი. იოლია ჩემს კუთხეში მოთავსება და იმ საგანზე ჩაბღაუჭება, რომელიც ყველაზე მეტად მიზიდავს და იქ ეს იყო შამპანურის ბოკალი.
- სისათუთე, უხეშობა, დრამატულობა, ნატურალიზმი და ინდივიდუალობა - ეს ის თვისებებია, რომლებიც შენს ფოტოში ამოვიცანი და კონკურსზე გავგზავნე. სწორად გამითვლია, მე ხომ მარკი ტომაში ვარ... - მომიახლოვდა შუახნის თავხედი ფიგურა.
- ძალიან დიდი მადლობა.
- ჯანდაბას შენი თავი!
- ბატონო?
- აგიყვან ასისტენტად. ბოლო-ბოლო, ვნახავ, მოჩვენებითია თუ არა შენი ინდხედვა.
- ეს ფოტო, ფაქტობრივად, ავტოპორტრეტია, წამზომით გადავიღე მე თვითონ... "ნიუ" მიზიდავს. - გაურკვევლად მომაჩერდა და დადუმდა. მე ვისარგებლე, - სურათზე მე ვარ, კი.
- არა!
- სახე არ ჩანს, მაგრამ ჯობია სიტყვაზე მენდოთ, ვერ გავშიშვლდები.
- კარგია. - თქვა აგდებულად, - ამ დღეებში დაგირეკავენ და ჩემთან მოდი. კარგია. - შემომხედა კიდევ ერთხელ და სასწრაფოდ გამეცალა.
- არავითარ შემთხვევაში! ამ ავადმყოფთან ფეხს არ მიადგამ!
- კარგი რა, კატო, პოზაა, ვერ ხედავ? მე ვიცი, რაც მინდა და ამან როგორც უნდა, ისე იბზრიალოს. ბოლოს და ბოლოს, სიტყვა ეთქმის... კატო! მისმენ? რა ხდება?
- რატომ "ნიუ"? - იკითხა მოშორებით მდგარმა მარკიმ.
- კატო, რა ხდება?
გაგრძელება ხუთშაბათს
თეკლა ლაზი