ფსიქო

როგორ გავშიფროთ მამაკაცები

როგორ გავშიფროთ მამაკაცები
მამაკაცის ზოგიერთი საქციელი ჩვენში ხშირად გაოცებას და უსამართლობის განცდას იწვევს. ამ შემთხვევაში აღშფოთება უშედეგოა, გაბრაზება კი - სისულელე! უმჯობესია, გავარკვიოთ ამგვარი ქცევის მიზეზები და ამავე დროს, დავისახოთ სტრატეგია - როგორ მოვექცეთ მას ამა თუ იმ სიტუაციაში.

1. ქმარი არ გიზიარებთ თავის პრობლემებს. იმის შესახებ, რომ მეუღლეს პრობლემები აქვს, მისი მიმიკის, უხეში ქცევის და გაღიზიანებით ხვდებით? არადა, რომ გაგანდოთ, რა აწუხებს - თქვენ მხარს დაუჭერდით და ანუგეშებდით... მაგრამ არა! შესაბამისად, მისი "პარტიზანული" დუმილი თქვენში გაბრაზებას იწვევს.

მეცნიერებმა ახსნა
მოუძებნეს ძლიერი სქესის ასეთ უცნაურ საქციელს. თურმე ქალებში უკეთ ფუნქციონირებს კავშირი ტვინის ნახევარსფეროებს შორის, ვიდრე მამაკაცებში. ამიტომ ქალები ნებისმიერ განცდებს უფრო სწრაფად აცნობიერებენ და მაშინვე აანალიზებენ.
კაცებს კი უფრო მეტი დრო სჭირდებათ იმისათვის, რომ გაიგონ, კერძოდ რამ ააფორიაქათ.

ასე რომ, ნუ მოუწყობთ საყვარელ მამაკაცს დაკითხვას. მოთმინებით აღიჭურვეთ და დაელოდეთ, სანამ თავად მოისურვებს გულის გადაშლას.

2. სიახლოვის შემდეგ მაშინვე იძინებს! ეს ბევრისთვის ნაცნობი სიტუაციაა. ისეთ მგრძნობიარე არსებას, როგორიც ქალია, სწორედ სექსის მერე სურს მოისმინოს საყვარელი მამაკაცისგან ალერსიანი სიტყვები, ქათინაურები... მაგრამ ამის ნაცვლად მას მხოლოდ მსუბუქი ფშვინვა ესმის, ესეც - უკეთეს შემთხვევაში. რა გულსატკენია!

მამაკაცის ამგვარი გამაღიზიანებელი საქციელის გამართლებას ფიზიოლოგები შეეცდებიან... მათ დაადგინეს, რომ მამრების, როგორც ცხოველებში, ისე ადამიანებში - ტვინში სექსის მერე გამომუშავდება ჰორმონ ოქსიტოცინის დიდი რაოდენობა, რომელსაც ძილისმომგვრელი ეფექტი აქვს.
აქედან გამომდინარე, განრისხება ბუნებაზე და მით უმეტეს, მასზე დამოკიდებულ მამაკაცზე - უაზრობაა. უმჯობესია, ჩაეხუტოთ მეუღლეს და ტკბილ ძილს მისცეთ თავი.

3. ხშირად გეკამათებათ იმაზე, რაც სულ ცოტა ხნის წინ მისთვისაც ძნელი გასაკეთებელი იყო. მაგალითად, შეიძლება მოგედავოთ, რომ ყიდვა არ იცით, ეკონომიას ვერ აკეთებთ ან დროულად არ გადაიხადეთ გადასახადები... მაშინ, როცა თავადაც შეეძლო ამის გაკეთება, მაგრამ არ გაახსენდა და ახლა ჯავრს თქვენზე იყრის. შესაძლებელია გაღიზიანდეს, რომ შეკითხვებს უსვამთ სხვადასხვა საკითხზე, რაც, მისი აზრით, აუცილებლად უნდა გესმოდეთ...

მამაკაცს ცუდი წარმოდგენა აქვს ქალის ცოდნის დონის შესახებ. მას ჰგონია, რომ მისთვის თვალსაჩინო და ნაცნობი სიტუაციები და საკითხები თქვენთვისაც გასაგები უნდა იყოს. ამიტომ აუხსენით, რაში ერკვევით და რა არის თქვენი კომპეტენცია... რათა მისი "დამოძღვრა" უშედეგო არ აღმოჩნდეს და მეტი აგრესია არ გაუჩნდეს.

4. გაცივდა - ესე იგი, "კვდება". ამ საკითხში მამაკაცებს ბადალი არ ჰყავთ. მძლეთამძლე და ყოვლისშემძლე ოჯახის თავი უეცრად ისეთი უსუსური და დაუცველი ხდება...და რის გამო? - გაციებულია და სურდო აქვს ან კბილი სტკივა. მოკლედ, მისი საქმე "ცუდადაა"! არადა, ერთ ამბავს დაგაწევთ, თუ ექიმთან წასვლას შესთავაზებთ და შეიძლება ირონიულობაში და არაგულისხმიერებაშიც კი დაგადანაშაულოთ და, რაც მთავარია, მოითხოვს "უპრეცედენტო" მოვლასა და მზრუნველობას.

ავსტრალიელი სწავლულები ამტკიცებენ, რომ მამაკაცები უფრო მიდრეკილნი არიან გრიპისა და გაციებისკენ, რადგან უფრო სუსტი იმუნიტეტი აქვთ, ვიდრე ქალებს. ამიტომაცაა, რომ ჩვენთვის აბსოლუტურად "უწყინარი" სურდო და თავის ტკივილი მათთვის შეიძლება ნამდვილ ტანჯვად იქცეს.

ამიტომ, თუ ატყობთ, რომ მეუღლე თავს შეუძლოდ გრძნობს, ნუ მიიტანთ ეჭვს სიმულაციასა და მოვლენების გადაჭარბებაზე. უნდა, რომ საჭმელი ლოგინში მიართვათ? - აასრულეთ მისი "უკანასკნელი სურვილი". გაანებივრეთ. აბა, სხვა დროს როდისღა მიეცემა საშუალება, იყოს უსუსური და თან განებივრებული სითბოთი და მზრუნველობით? მიეცით საშუალება, თუნდაც მცირე ხნით ბავშვობაში დაბრუნდეს.

5. გიკრძალავთ საყვარელი სერიალის ყურებას. ესეც ერთ-ერთი პრობლემაა ქართველი ქალბატონების უმეტესი ნაწილისთვის. ჩვენთვის გაუგებარია მამაკაცების ეს საქციელი და მართალნიც ვართ: თუ არ მოსწონს - თვითონ არ უყუროს, მაგრამ ჩვენ რას გვერჩის. არადა, რა ძნელია, როდესაც რაღაც გაინტერესებს და მოუთმენლად ელი მოვლენების განვითარებას, ამ დროს კი მეუღლის დამცინავი რეპლიკები ისმის ან ზუსტად იმ მომენტში გეუბნებათ, რომ შია ან გასასვლელია და პერანგი გაქვთ გასაუთოებელი, ბავშვია მისახედი ან საერთოდ, სხვა არხზე რთავს ტელევიზორს...

იქნებ უბრალოდ ამით ყურადღებას იქცევს და თქვენს საზოგადოებაში ყოფნა სურს. დამეთანხმეთ, ჩვენც მიგვიძღვის რაღაც ბრალი ამაში, რადგან ბორანისა და შეჰრეზადას გადამკიდე, საკუთარ ქმრებს და შვილებსაც ვეღარ ვაქცევთ სათანადო ყურადღებას. ამიტომ ნუ გაბრაზდებით, მაშინ უყურეთ სერიალს, როცა მეუღლე შინ არ იქნება. მე ისიც გამიგია, რომ ზოგიერთი მამაკაცი სერიალის გმირებზეც და მსახიობებზე ეჭვიანობს. არ გჯერათ?

ამიტომ ნუ აჰყვებით პროვოკაციას. ნუ მოაკლებთ ყურადღებას სერიალების გამო და ყველაფერი თავისთავად მოწესრიგდება!

6. საკმარისია, საჭესთან გვერდზე დაგიჯდეთ - მაშინვე ჩხუბს და შენიშვნების მოცემას იწყებს. ეს ნამდვილი ტანჯვაა ქალისთვის, ყოველ მეტრში მითითება: "აქეთ გაუხვიე, ციმციმა ჩართე, ტარების აზრზე არ ხარ"... შემდეგ შუშის ჩამოწევა და სხვა მძღოლის მისამართით უწმაწური რეპლიკები... ამან ნამდვილად შეიძლება დააბნიოს ქალი საჭესთან და არამარტო ქალი...

მამაკაცის ამგვარი ქმედებები - პასუხისმგებლობის გრძნობის "გვერდითი მოვლენებია". მით უმეტეს, თუ მამაკაცი მიჩვეულია - ყველაფერი მის კონტროლში იყოს, მისთვისაც ძალიან ძნელია მშვიდად იჯდეს მანქანაში, რომელიც მისი მონაწილეობის გარეშე მოძრაობს.

მშვიდად მოეკიდეთ მის საქციელს და მთელი ყურადღება გზასა და მოძრაობის წესებზე გადაიტანეთ. ის მხოლოდ თქვენი "უსაფრთხოებისა" და "უვიცი მძღოლებისგან დასაცავად" იქცევა ასე!


იხილეთ ასევე: ასტროლოგიური გათვლებით რეალურად რამდენ ხანს გრძელდება სიყვარული
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93