თუკი თქვენ ინტენსიურად ადევნებთ თვალს ჩვენს პროგნოზებს, უკვე გეცოდინებათ, რომ 2018 წლის თებერვალი ე.წ. დაბნელებების კორიდორის პერიოდია.
ჩვენ უკან მოვიტოვეთ უკვე 31 იანვარს მთვარის სრული დაბნელება, თუმცა, როგორც ასტროლოგები ხუმრობენ, "დაბნელებები ყოველთვის წყვილ-წყვილად დადიან“. ამჯერად, ზუსტად ამ კვირას უწევს არანაკლებ მნიშვნელოვანი და რეზონანსული მოვლენა - მზის დაბნელება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში. სტატისტიკური მაჩვენებლებით თუ ვიმსჯელებთ, მთვარის დაბნელება შედარებით რთულად და ემოციურად ქალებს გადააქვთ ხოლმე, ხოლო მზის დაბნელებაზე ბევრად უფრო სენსიტიური კაცობრიობის ძლიერი ნახევარი ხდება. ამიტომ მამაკაცებისთვის გაცილებით უფრო რთული შეიძლება გამოდგეს ეს კვირა, ვიდრე ქალბატონებისთვის. ზოგადად კი, ორივე სქესის წარმომადგენლებს გირჩევთ - უახლოესი ერთი კვირა მაქსიმალური სიმშვიდითა და წინდახედულებით გაატაროთ. მართალია, დაბნელება 15 თებერვალს უწევს, მაგრამ უშუალოდ დაბნელებამდე ორი-სამი დღით ადრე უკვე შეინიშნება მისთვის დამახასიათებელი გავლენა. ადამიანებში მატულობს შფოთვა, ემოციურობა, ხშირად უმისამართო აგრესიის გამოვლენისკენ მიდრეკილებაც.
რაკი დაბნელება მერწყულის ნიშანში ხდება და ამ ეტაპზე მზესთან ერთად, მთვარე და მერკურიც ზემოხსენებულ ნიშანში იქნება განლაგებული, ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოესი ერთი კვირის მანძილზე განსაკუთრებით აქტუალური იქნება თემები, რომლებიც კოლექტიურ ურთიერთობებს, მეგობრებთან კომუნიკაციას, პირადი თავისუფლების გამოხატვას და საზღვრებს შეეხება. იყავით მაქსიმალურად დელიკატური, როცა საქმე სხვისი თავისუფლების თემას ეხება. ნუ შეეხებით სხვა ადამიანების დამოუკიდებლობას და ნუ გააკრიტიკებთ ნურავის განსხვავებული აზრებისა და შეხედულებების გამო. მეტი კომპრომისი გამოიჩინეთ თანამშრომლებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში. რაკი კვირა იუპიტერისა და მერკურის ნეგატიური ასპექტით იწყება, ნუ გასცემთ ზედმეტ დაპირებებს და აიღეთ საკუთარ თავზე მხოლოდ იმ ტიპის მოვალეობები, რომლებსაც დარწმუნებული ხართ, რომ სამომავლოდ უპრობლემოდ გაართმევთ თავს. ზოგადად, ეს კვირა დაუგეგმავი მოვლენებისა და ინციდენტების კვირა იქნება. მოსალოდნელია ასევე ფინანსური შეფერხებები და გაუგებრობებიც, რის გამოც სასურველია ნებისმიერ საკითხში იქონიოთ სათადარიგო გეგმა.
ამ კვირის მანძილზე ძალზე დიდია ალბათობა იმისა, რომ გაუგებრობებსა და ავანტიურულ სიტუაციებში აღმოჩნდეთ ჩათრეული. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიური იქნება 17 თებერვალი. ამასთან ერთად, მატულობს ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ალბათობები. შესაბამისად, რაკი კვირის მიწურულია და ბევრი ჩვენგანისთვის დამახასიათებელია, თავი ალკოჰოლის გარკვეული დოზით გავინებივროთ დამღლელი სამუშაო კვირის მერე, სასურველია, სიფრთხილით მოეკიდოთ სასმლის დოზას. გაგრძელება