ფსიქო

რატომ გვიყვარდება კაცები, რომლებიც არაფრით ჰგვანან ჩვენს "საოცნებო პრინცებს"?

რატომ გვიყვარდება კაცები, რომლებიც არაფრით ჰგვანან ჩვენს "საოცნებო პრინცებს"?
ყველა ზღაპარი საოცნებო პრინცთან შეხვედრით, იდეალური სიყვარულის პოვნით სრულდება. მაშასადამე, ბავშვობიდან იდგამს ჩვენს, ქალების ქვეცნობიერში იდეალური კაცის შეყვარების იდეა ფესვებს და მთელი ცხოვრება ამ იდეის გავლენის ქვეშ ვექცევით. მაინც, როგორები არიან იდეალური კაცები? ისინი თავდავიწყებით შეყვარებულები, მონოგამები არიან. ყოველთვის ორიენტირებულნი - ასიამოვნონ, გააბედნიერონ საყვარელი ქალები. ამისთვის ყველაფერს აკეთებენ, უმიზეზო სიურპრიზებით დაწყებული, 9 მთისა და ზღვის გადავლით დასრულებული. ისინი არიან გმირები, რომლებიც მზად არიან, სამყარო გადაარჩინონ საყვარელი ქალის გასაბედნიერებლად, თავი გაწირონ და საჭიროების შემთხვევაში დაუპირისპირდნენ კიდეც მსოფლიოს.
მამაკაცურები, ძლიერები, მებრძოლები, რომანტიკულები, თავგადასავლების მოყვარულები, იდუმალები და ზომიერად მხიარულები. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა გარდატეხის ასაკში ყველა გოგონა, თავისდა უნებურად, იწყებს პრინცის ძიებას? ისინი ხვდებიან ბიჭებს, რომლებიც თავიანთ განწყობაზე ზრუნავენ, გადაცურავენ ცხრა მთასა და ცხრა ზღვასაც კი სატრფოსთან შესახვედრად, მაგრამ მხოლოდ საკუთარი თავისთვის, საკუთარი სურვილებისა და მიზნებისთვის. იქნებ ყველა კაცი ერთნაირია და ის, რაც ზღაპრებშია, არასოდეს ხდება რეალურ ცხოვრებაში? მაგრამ ქალები ყოველი იმედგაცრუების შემდეგ თავიდან ისახავენ იმედებს. ასე თუ ისე, არსებობს 3 თვისება, რომლებიც გაუცნობიერებლად ყველა მდედრს იზიდავს მამაკაცში.


შეუპოვრობა - დომინანტი კაცები მარტივად ახერხებენ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა გულის მონადირებას. როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა? საერთო მეგობართან ვიზიტის დროს მოიხიბლა თქვენით და მას შემდეგ შეხვედრას გთხოვდათ? ალბათ, პირველი შეხვედრის შემდეგ არ წყდებოდა თქვენს მობილურზე ზარები, შეტყობინებები... ან იქნებ ქუჩაში, სრულიად შემთხვევით დაგინახათ, როგორც ეს ფილმში "ციდან სამ მეტრზე", ან "უბის წიგნაკში" მოხდა? შესაძლოა, თქვენთან ურთიერთობის დაჟინებულ სურვილს არაადეკვატური, პროტესტული ქმედებებითაც კი გამოხატავდა. თქვენ უწყრებოდით ან გეცინებოდათ, მაგრამ სინამდვილეში, სწორედ მაშინ დაიწყეს თქვენს მუცელში პეპლებმა ფრენა. როგორი იდეოლოგიისა და მსოფლმხედველობის ქალიც უნდა იყოთ, თქვენ ქალი ხართ. მაშასადამე, გხიბლავთ საპირისპირო სქესისგან ის, რასაც მამაკაცურობას ეძახიან. შეუპოვარი ხასიათის გამოვლინებას მამაკაცის მხრიდან, ისევ და ისევ ჩვენდაუნებურად, ვაიგივებთ ცხრა მთისა და ზღვის გადაცურვასთან... მაგრამ ზღაპრებისგან განსხვავებით, სადაც პრინცები ამას პრინცესების გასაბედნიერებლად აკეთებენ, რეალურ გმირებს თავიანთი კეთილდღეობა ანაღვლებთ.

გვიჩნდება მცდარი წარმოდგენა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში, რაც უნდა მოგვინდეს და რაც უნდა ვთხოვოთ ამ ტიპის მეორე ნახევარს, ის ყველანაირ დაბრკოლებას გადალახავს ჩვენი, თუნდაც "ხუშტურების" შესასრულებლად და შეიძლება გაგვიკვირდეს კიდეც, როცა ღამის ოთხ საათზე მექსიკურად მოხარშული კარტოფილის მოსატანად არ წავლენ...


იდუმალება - როცა შეყვარებული უქმეების თქვენთან ერთად გატარების ნაცვლად, პირობითად, მეგობრებთან ერთად ლუდის დალევას გადაწყვეტს, ბუნებრივია, განაწყენდებით, ურთიერთობის იმ ეტაპზე, როცა თქვენი გულის მონადირებას ცდილობდა, ხომ არ ახსოვდა მეგობრები და ლუდი?! მაგრამ მოგვიანებით გააანალიზებთ, რომ პირადი სივრცე ყველა ადამიანს სჭირდება და წყენა გადაგივლით. ამას მონატრებაც დაემატება და გული მალევე მოგილბებათ. "ნადირობის" შემდეგ ეტაპზე, როცა კაცი თქვენ გვერდით თავს მშვიდად გრძნობს, შესაძლოა მოიწყინოს, ხშირად საინტერესო საუბრების ნაცვლად უბრალოდ ჩუმად ისხდეთ და არაფერზე ილაპარაკოს. თქვენი შინაგანი ხმის ჩასახშობად, რომელიც არსებულ რეალობაზე ქადაგებს, აუცილებლად მოძებნით გასამართლებელ საბუთებს, "ალბათ, დაღლილია, ან არ უძინია...", "იქნებ პრობლემები აქვს, დათრგუნულია და ლაპარაკი არ სურს?!"... მაგრამ თქვენ ხომ ქალი ხართ, მაშასადამე, საყვარელი კაცის კომფორტის შესაქმნელად თავს არ მოაწყენთ ბევრი ლაპარაკით და მოეხვევით, ან მის გასამხნევებლად სახალისო ისტორიებს მოიგონებთ და არასდროს მოგბეზრდებათ მის გასაბედნიერებლად მხიარული მონოლოგები. ალბათ, დამეთანხმებით, ცოტათი საინტერესოც კია იდუმალი კაცები, არა?

წინააღმდეგობა - ორი ადამიანის ურთიერთობა მოსაწყენი შეიძლება გახდეს, თუ წყვილი ყველაფერზე მარტივად თანხმდება. ადამიანი ხომ სწორედ იმიტომ გვიყვარდება, რომ ისეთია, როგორიც არის, სხვებისგან განსხვავებული. აქ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ყველა კაცი ერთნაირი სულაც არაა. ყოველი ადამიანი ინდივიდია. მაშასადამე, პატივი უნდა ვცეთ საყვარელი ადამიანის ინდივიდუალიზმს. აბა, როგორი იქნებოდა ისეთ კაცთან ურთიერთობა, რომელსაც საკუთარი აზრი არ გააჩნია? შესაძლოა, იკამათოთ კიდეც, მაგრამ დაფიქრდებით და მიხვდებით, რომ შეუძლებელია, ყველა ერთ აზრზე იყოს. თავიდან, როცა წვრილმანებზე ვერ თანხმდებით, ეს სახალისოდ და საინტერესოდაც კი გეჩვენებათ, მაგრამ როცა მოგვიანებით აცნობიერებთ, რომ კამათმა, შეუთანხმებლობამ სისტემატური სახე მიიღო, მთელი ხიბლი მირაჟივით უჩინარდება.


ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანებს აქვთ დადებითი და უარყოფითი თვისებები, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ერთი და იგივე ობიექტი სხვადასხვა რაკურსით შეიძლება დადებითადაც აღვიქვათ და უარყოფითადაც. ურთიერთობის საწყის ეტაპებზე, ზემოთ ჩამოთვლილ თვისებებს რომანტიკულად, მომხიბვლელად აღვიქვამთ. ადრე თუ გვიან, აუცილებლად გვიწევს შევეჯახოთ რეალობას და მაშინ, როცა ჩვენი შეუპოვარი პრინცი არ თმობს პოზიციას, არა - თქვენ გასაბედნიერებლად, არამედ - საკუთარი პრინციპების გამო, როცა აღმოვაჩენთ, რომ ის, რასაც იდუმალებით ვნიღბავთ, სინამდვილეში მოწყენილობაა, ინდივიდუალიზმი კი აუტანელ სიჯიუტედ გარდაიქმნება, ვხვდებით, რომ ჩვენი საყვარელი კაცები არაფრით ჰგვანან ჩვენსავე შექმნილ "საოცნებო პრინცებს". პრინცები მხოლოდ ზღაპრებსა და ჩვენს წარმოდგენაში არსებობენ...
საოცნებო პრინცს, რომელიც არაფერს თმობს საყვარელი ადამიანის გაბედნიერებისთვის და მზადაა, სამყარო დათმოს ამავე მიზეზით, არასწორ ადგილას ვეძებთ. ასეთები არათუ კაცები, არამედ - ჩვენ, ქალები ვართ... თუ იქნებით ძლიერები, დაანგრევთ სტერეოტიპებს, რომლებიც თქვენში მიწის ქანებივით არის გაქვავებული და შეიყვარებთ კაცებს ისეთებს, როგორებიც ისინი არიან და არა ისეთებს, როგორებიც გინდათ, რომ იყვნენ, ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი და ლამაზი იქნება. 

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი